"შესაძლოა ჩვენ შორის ბევრი ინფიცირებული დადის" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ჩვენ შორის ბევრი ინფიცირებული დადის"

"ვისაც აქვს D ვიტამინის ნაკლებობა, მათ უფრო ხშირად და იოლად ემართება ინფექცია"

"ამ ვითარებაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი: 1. მთავრობისა და მას დაქვემდებარებული უწყებების მოქმედება; 2. მოსახლეობის შეგნება; 3. არსებობს თუ არა წამალი ან პროფილაქტიკური საშუალება ვაქცინის სახით, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული", - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ მსოფლიო კვლევების სიახლეებზე გვესაუბრება:

- ვითარება კარგი არ არის, მაგრამ არც მთლად კატასტროფულია. ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის მიდგომას, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პანიკის საფუძველი...

- აჭარაში ეპიდსიტუაციის აფეთქების მიზეზად რა მიგაჩნიათ?

- როცა ჩაქვის სასტუმრო "ოაზისში" გამართულ კონფერენციაზე დამსწრე დაავადებული პირი გამოვლინდა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დაახლოებით 300 კაცთან, მასთან ერთად მხოლოდ 5 კაცი მოათავსეს საავადმყოფოში, 15 კი გადაიყვანეს კარანტინში, კონფერენციის დანარჩენი მონაწილეები, რომელთაც აუცილებლად ექნებოდათ დაავადებულთან კონტაქტი (როგორც ცნობილია, ის მონაწილეების რეგისტრაციას ატარებდა), მესამე დღეს იქიდან გაუშვეს. არადა, ამირან გამყრელიძე ამბობს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, ყველა იმ დღიდანვე უნდა გადავიდეს იზოლაციაში ან კარანტინშიო და აპრილ-მაისშიც სწორედ ასე იქცეოდნენ, შემდეგ რატომღაც მოიხსნა ამის აუცილებლობა, ახლა ისევ ამას ითხოვენ...

პისიარ-ტესტით მეოთხე დღესაც შეუძლებელია ვირუსის გამოვლენა, ვინაიდან ჯერ ინფექციის მანიფესტაცია, ანუ ძლიერი გამოვლინება არ ხდება. პროტოკოლში წერია, თუ სიმპტომები არ არის, პისიარი მე-4, მე-8 და 21-ე დღეს უნდა გაკეთდეს (თუ სიმპტომებია, პირველ დღესვე).

კონფერენციის მონაწილე 200 თუ 150 კაცი მაშინვე წავიდა სასტუმროდან, შიშით არ დარჩნენ. როგორც ჩანს, ჩაქვში ჩასული იყვნენ როგორც კონფერენციაზე, ისე დასასვენებლად და, ალბათ, დარჩნენ ბათუმში - სასტუმროებში, კერძო სახლებში, ნაცნობ-მეგობრებთან... ზუსტად 8-9 დღე გავიდა, როცა დაიწყო შემთხვევების მატება. ვფიქრობ, ამიტომაც იფეთქა ეპიდემიამ...

მთელი მსოფლიოს მონაცემები ადასტურებს, რომ ინფიცირებულთა 40-დან 70%-მდე უსიმპტომოა. მაგრამ ყველას ხომ ვერ ჩავუტარებთ ტესტს? ამიტომ ბევრი ინფიცირებული დადის ჩვენ შორის...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: უსიმპტომოებში 2 კატეგორიაა და რატომღაც ამაზე არ ლაპარაკობენ: 1. კატეგორია, რომელიც დაინფიცირებულია, მაგრამ ორგანიზმი შეებრძოლება კოვიდინფექციას, მოერევა და ვირუსი გაქრება; 2. გადაცემის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. ვირუსის მატარებელი უსიმპტომო ავადმყოფები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი იმუნიტეტი ვირუსს ბოლომდე ვერ შეებრძოლა, ვირუსი ორგანიზმში დარჩა, მაგრამ ადამიანს სიმპტომები არა აქვს. არ არის გამორიცხული, მან ეს ვირუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში ატაროს და უამრავი ადამიანი დააინფიციროს.

ახალ ზელანდიაში ფული არ დაზოგეს და გააკეთეს მთელი მოსახლეობის 100%-იანი პისიარ-სკრინინგი. გამოავლინეს აბსოლუტურად ყველა ინფიცირებული და შემდეგ ყველას უმკურნალეს. მიუხედავად ამისა, მაინც გაიპარა ვირუსი - როცა 3 თვის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიღაც შორეულ სოფელში უცებ გამოავლინეს 6-7 ინფიცირებული, ერთი ოჯახის წევრები. მათ შორის ერთ-ერთი ვირუსმატარებელი იყო და ეს ტესტმა ვერ გამოავლინა. სხვათა შორის, ტესტებშიც არის როგორც ცრუდადებითი, ისე ცრუუარყოფითი პასუხები და ეს დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს.

საქართველოში ვერ ჩაატარებ მოსახლეობის 100%-იან სკრინინგს, იმიტომ კი არა, რომ სახსრები არ არის, სპეციალისტები არ ჰყოფნით. სკრინინგი იმ ძალებით რომ ჩაატარონ, რაც აქვთ, ამას 2 წელი დასჭირდება, რადგან ჩვენთან არ არსებობს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური (რომელიც სააკაშვილმა მოსპო). 12 წელი გავიდა და არავინ ფიქრობს მის აღდგენაზე.

- ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ საქართველოში შესაძლოა წლის ბოლოს დაინფიცირებულთა რიცხვი დღიურად 1000-მდე გაიზარდოს. ამასთან, მოსახლეობაში გაჩნდა კითხვები: გაზაფხულზე, მაშინ, როცა დღიურად 20-მდე შემთხვევაც არ იყო და ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები და რეგულაციები დააწესა, დღეს რატომ შეიცვალა მიდგომა? - ორი მომენტია: 1 - ეკონომიკა. თუ მიიღებენ დრაკონულ ზომებს, ისედაც დაქცეული ეკონომიკა საერთოდ განადგურდება; 2. როგორ უნდა ჩაატარო ასეთ პირობებში არჩევნები? დებულებებში წერია, რომ როცა ასეთ შეზღუდვებს დააწესებ, მაშინ არჩევნები აუცილებლად უნდა გადაიდოს; 3. თუ ინფიცირებულთა რიცხვი დაიწყებს კლებას, ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდება, ამიტომ მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ იქნება.

როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა მათ, ვინც სტაციონარში, კარანტინში ან იზოლაციაშია. ეს პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს მსოფლიოში, სადაც არჩევნებია. თუ ჯანდაცვის მინისტრს დავუჯერებთ, ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენ არ ვიცით, რა ჰქონდა მას მხედველობაში, ჯობს დაველოდოთ, რას იტყვიან და მერე შევაფასოთ.

- რას იტყვით საარჩევნო უბნებზე, რომლებიც დახურულ სივრცეში იქნება. ესეც ხომ არანაკლებ საშიშია და ამის გამო ელექტორატის დიდმა ნაწილმა შესაძლოა თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილეობისგან. - საარჩევნო უბანზე ეს უფრო ადვილი მოსაგვარებელია - იქ დისტანციაც შეიძლება იყოს დაცული, ამომრჩევლები რიგრიგობით შეუშვან, ან გააკეთონ ეს ღია სივრცეში. ამინდი თუ კარგი იქნება, სადაც ატარებენ არჩევნებს, ბაღებსა თუ სკოლებში, მათ აქვთ ეზოც და შესაძლებელია პროცესის იქ გადატანა.

- კარგი აზრია... ზამთარი - გრიპისა და ვირუსების სეზონი მოდის. რა შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, იმას, თუ ადამიანს გრიპი და კორონავირუსი ერთდროულად შეეყრება? ლოგიკურია, რომ საფრთხე ორმაგდება... - ამ შემთხვევაში ყველაზე საშიშია გრიპი, რადგან მსოფლიოს ამის გამოცდილება არა აქვს - არავინ იცის, როგორია გრიპის და "კორონას" ერთობლივი მოქმედება ორგანიზმზე.

საერთოდ, გრიპი მესამე დღეს იძლევა ძლიერ რეაქციას, კორონა - მეოთხე დღეს, ანუ თითქმის ერთდროულად. ჯერ არ არსებობს სამეცნიერო პუბლიკაციები. შეიძლება აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ თქვა, როგორი იქნება პროგნოზი.

გრიპი და კორონავირუსი ცალ-ცალკე მოქმედებენ, მათ ჯვარედინი იმუნიტეტი არა აქვთ და ორივემ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, გაზარდოს სიკვდილიანობაც... მაგრამ ეს ვარაუდია. ამ თვის ბოლოს იქნება სამხრეთ ამერიკიდან პუბლიკაციები, რომელთა საშუალებითაც წარმოდგენა შეგვექმნება, როგორი სიტუაცია იყო იქ ზამთრის სეზონზე.

- ამის თავიდან ასაცილებლად უპრიანია თუ არა გრიპზე აცრა? მას რამე უკუჩვენება ხომ არა აქვს და ასეთ შემთხვევაში, ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს? - პრობლემაა მათთვის, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი - მათზე როგორ იმოქმედებს გრიპის ვაქცინა, არავინ იცის. ვისაც არა აქვს "კორონა" გადატანილი, გრიპზე აცრა პრობლემა არ არის - ეფექტიანია ოთხბირთვიანი ვაქცინა და ეს დადასტურებულია, ოღონდ ახალი შემოსული, ახალდამზადებული და არა შარშანდელი ან შარშანწინდელი. ვისაც აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი, გადატანილი აქვს მძიმე დაავადება, არის მძიმე ონკოპაციენტი თუ სხვა, ანუ ვისაც ორგანიზმი დასუსტებული აქვს, მაშინ გრიპის ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს - უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები და თუ ადამიანს ეს უნარი დაქვეითებული აქვს, შეიძლება მძიმედ გადაიტანოს. არის უკუჩვენებები ნარკომანებშიც, აცრას გართულებები მოჰყვება.

- ვაქცინა ჯერ არ არის... წამალს რაც შეეხება, დიდ იმედს ამყარებენ "რემდისივირზე". როგორ ფიქრობთ, ეს პრეპარატია გამოსავალი? - "რემდისივირი" გამოიყენებოდა მალარიის სამკურნალოდ და დაახლოებით 30%-ში იძლევა შედეგს. ის მხოლოდ მძიმედ დაავადებულებში გამოიყენება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი კლინიკიდან გაწერეს. ჰქონდა თუ არა ვირუსი, არავინ იცის. დავიჯეროთ, რომ ჰქონდა, და მიუხედავად მსუბუქი ფორმისა, "რემდისივირსა" და "დექსამეტაზონს" აძლევდნენ, რითიც მძიმედ დაავადებულებს მკურნალობენ.

- როგორც ეპიდემიოლოგებმა გვამცნეს, 2-3 კვირაში საქართველოში დაავადების სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულებს გამოცდიან. - ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებს, ვინც ვირუსი გადაიტანა, აუღეს სისხლი და სპეციალური, მონოკლონური მეთოდით გაამრავლეს ანტისხეულები, რომელსაც დაავადებულს აძლევენ. ამის გამოცდა მსოფლიოში დიდი ხანია მიდის.

მაგალითად, იაპონიაში გამოშვებულია და რუსეთში უკვე იყიდება ძალზე ეფექტური პრეპარატი "ფავიპირავირი". მას რუსეთში უკვე აძლევენ ავადმყოფებს. არის სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ზოგიერთ კლინიკაში მძიმე პაციენტებში ულტრაიისფერი დასხივებითაც ებრძვიან ვირუსს - ბრონქებში შეჰყავთ ბრონქოსკოპი დასასხივებლად და ამით დეზინფექცია ხდება. ასევე მიმართავენ ქიმერული ანტიგენებით მკურნალობას.

არის ერთი პრობლემაც - ვისაც აქვს D ვიტამინის ნაკლებობა, მათ უფრო ხშირად და იოლად ემართება ინფექცია. არსებობს ასევე პრეპარატი "ლევილიმაფი" (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალება), რომელმაც კლინიკური გამოკვლევის მესამე ფაზა უნდა გაიაროს, და მასაც იყენებენ. ამბობდნენ, თითქოს დაავადებას რუსული "არბიდოლი" შველის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის.

იაპონელების გამოკვლევით, ვირუსთან საბრძოლველად უფრო ეფექტიანია "პლაქვენილის" ახალი ვარიანტი - "ნელსინავირი".

ვირუსის სამკურნალოდ წამალი აუცილებელია, რადგან შეიძლება ადამიანი იყოს კორონავირუსის მატარებელი და სხვებისთვის გადამდები. ამას მხოლოდ წამალი უშველის, ვაქცინა პროფილაქტიკაა, ვირუსის მატარებელ ადამიანს არ უშველის.

- თუ არის დადგენილი, რა კვალს ტოვებს ეს ინფექცია ადამიანის ჯანმრთელობაზე? - ვისაც უსიმპტომო ფორმა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ვირუსი სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს. გარკვეული პროცენტით, ის იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, ვითარდება ე.წ. ნეიროდეგენერაციული პროცესები, რამაც შემდგომში შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ისე არ არის, განიკურნა და ყველაფერმა ჩაიარაო. ადამიანი კიდევაც რომ განიკურნოს თავისით ან წამლით, შემდგომში მაინც საშიში და საყურადღებოა. "კოვიდი", ძირითადად, მოქმედებს გულზე, ფილტვებზე, ტვინსა და თირკმელებზე. უშვილობას რომ იწვევდეს, ასეთი რამ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ასე რომ, შესაძლოა მან დატოვოს ისეთი გართულება, რამაც დაამძიმოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- მუსირებს ისეთი აზრიც, რომ ვირუსი რაც მეტ ორგანიზმს გამოივლის, ნაკლებაგრესიული და ნაკლებად საშიში ხდება. - ესეც სადავოა, შეიძლება პირიქით მოხდეს. თუ ახალ ორგანიზმში რაღაც ინფექცია ხვდება, ის ახალ თვისებებს იძენს. მაგალითად, ბავშვებში და შესაძლოა ბავშვისგან გადადებული ვირუსი უფრო საშიში იყოს, ვიდრე მოზრდილისგან.

- პანდემიის მძვინვარების ჟამს სკოლების გახსნა გამართლებულად მიგაჩნიათ? - აქაც პოლიტიკური მომენტია - სკოლები რომ არ გახსნილიყო, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მძიმე ვითარებაა, ვერ მართავ პროცესს.

უკვე არსებობს სპეციალისტების ნაშრომი, სადაც ნაჩვენებია, რომ 13-14 წლამდე ასაკში დაავადება თითქმის არ მძიმდება, მაგრამ 14 წლის ზემოთ ისევე მიმდინარეობს, როგორც ყველასთან.

- რას ურჩევთ ჩვენს მოსახლეობას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობილი რეკომენდაციების გარდა, მოსახლეობას ვურჩევ მზეზე დიდხანს ყოფნას, D ვიტამინის შემცირების პროფილაქტიკის მიზნით ალკოჰოლის ნაკლებად მოხმარებას. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით აუცილებელია ყველანაირი ორგანული სურსათი, არანაირი ხელოვნური ნივთიერებები, სასმელები. სიგარეტს საერთოდ არ გირჩევთ, ვინაიდან ის იმუნიტეტს აქვეითებს.

იხილეთ ასევე: რა მოხდა სასტუმრო "ოაზისში"