"წელს მოდაში რადიკალური ცვლილებები არ არის" - კვირის პალიტრა

"წელს მოდაში რადიკალური ცვლილებები არ არის"

ავთანდილ ცქვიტინიძე: "ვთვლი, რომ ჯანმრთელობისთვის ჯობია, პირბადე აფთიაქში ვიყიდოთ, ვიდრე ჩვეულებრივი ქსოვილისგან შეკერილი, არაერთჯერადი გამოვიყენოთ - ეს ჩემთვის მიუღებელია!"

ბევრი ფიქრობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ერთფეროვნება მოდამ უნდა გააფერადოს. არის თუ არა წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის სეზონი ფერადი და რა ტენდენციებს გვთავაზობს მოდა? ჩვენ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ვესაუბრებით.

- ადამიანები ისე ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს და ემოციურ ფონს, რომ ვფიქრობ, თვითონვე დაადგინეს მოდის ტენდენციები. ეს არის პრაქტიკულობა, ნივთის საჭიროება, კომფორტი... დაიწყო ის ეტაპი, როდესაც ყველა გაუაზრებლად არ ირგებს ყველაფერს, რაც სეზონის მიხედვით არის აქტუალური, იცვამს იმას, რაც მოსწონს და ეს სწორია.

რაც შეეხება ფერთა გამას, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ძალიან გაღიავებულია, ქართულ რეალობას ნაკლებად მოერგება. ადამიანებს თითქოს განწყობაც არა აქვთ, რომ შუა ზამთარში, მაგალითად, ნათელი იასამნისფერი ან ვარდისფერი ჩაიცვან. ასე რომ, ალბათ, ისევ ჩვეულ ქართულ ტონალობას ავირჩევთ. შეგვიძლია აქსესუარად გამოვიყენოთ განსხვავებული, ტრენდული ფერი, მაგალითად, ღია იასამნისფერი, ვარდისფერი, ცისფერი. კარგად მოიკიდა ფეხი კანისფერმა - ე.წ. ბეჟმა თავისი გრადაციით და ტონალობებით. რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი ფერი წითელიც არ გვავიწყდება და ხშირად ვაძლევთ თავს ამ ფერის გამოყენების უფლებას, იმიტომ, რომ მაინც კლასიკურ ფერთა გამას შეესაბამება შავისა და თეთრის შემდეგ. მერე მოდის ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერთა გამა და ტონალობა ყოველთვის პოპულარულია.

- წელს შარვლის ფორმები როგორია? - შარვლის ფორმები ცოტა უფრო მამაკაცურია, დიდი უბით. არის მთლიანად სწორიც, რომელიც ქუსლს ფარავს. ასევე ძალიან აქტუალურია კოჭამდე სიგრძე, ოღონდ ზედა ნაწილი გაფართოებული უნდა იყოს, სათავე კი - ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში ტორსი ძალიან დაგრძელებულია. ის უხდება პიჯაკებს და სქელ დიდ ნაქსოვ ზედა ჩასაცმელს.

- ვარცხნილობა და მაკიაჟი როგორი უნდა იყოს შემოდგომა-ზამთარში?

- ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული.

- ფეხსაცმლის ფორმაზე რას გვეტყვით? - ოთხკუთხედი ცხვირი წინა სეზონებში და განსაკუთრებით ზაფხულში იყო აქტუალური, თუმცა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ეს ტენდენცია. მე ვთვლი, რომ ის ფეხს აუშნოებს და ასეთი მოდელი არ გამიკეთებია.

წელს ძალიან აქტუალურია სამხედრო ბათინკი და ჩექმა, უხეში ფორმის, გადიდებული ძირით, ასევე - კლასიკური კედები. რა თქმა უნდა, ოდნავ წვეტიან, კლასიკურ ფეხსაცმელს ვერასდროს ვერაფერი შეცვლის, ასე რომ, მაინცდამაინც ნუ გადავასხვაფერებთ ჩვენს გარდერობს, რადგან წელს მოდაში რადიკალური ცვლილებები არ არის.

სილუეტები ისევ და ისევ ქამრის ხარჯზე დავიწროვდა. არ არის ისე გამოყვანილი, რომ სხეულის ფორმები მკაფიოდ ჩანდეს, თუმცა მოდა ნელ-ნელა მიდის იქით, რომ ქალი სრულად დაუბრუნდეს ქალურ სილუეტს, მამაკაცი კი - მამაკაცურს. მეც მოვსინჯე ჩემი ძველი სილუეტები, რომლებიც თურმე ასე მონატრებიათ ქალბატონებს, თუმცა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ოდნავ თავისუფალი ტანსაცმელი მაინც ყველაზე აქტუალურ ტრენდად რჩება.

ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს კარგად ჩაცმა და მუდმივად ტრენდებს მივყვებით ხოლმე. თუმცა ახლა ტანსაცმელია თითქოს ნაკლებად საინტერესო გახდა.

- ეს პანდემიის შედეგია?

- უპირველესად პანდემიის შედეგია, რადგან ტანსაცმელმა, რომლითაც ასე ვიწონებდით თავს, ნელ-ნელა ფუნქცია დაკარგა. თუ აღარ გაიმართება ქორწილები, დაბადების დღეები, წვეულებები, შეკრებები, ახალი ტანსაცმლით საზოგადოებას სად უნდა გაეპრანჭო? თუმცა ეს შეზღუდვები აუცილებელია და ამას უნდა შევეგუოთ.

- ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ პირბადეების მოდაც დაგვჭირდებოდა... - ყველა დიზაინერმა თუ სააფთიაქო ქსელმა სხვადასხვა მოდელი შემოგვთავაზა და არცთუ უინტერესო, თუმცა ვთვლი, რომ ჯანმრთელობისთვის ჯობია, პირბადე აფთიაქში ვიყიდოთ, ვიდრე ჩვეულებრივი ქსოვილისგან შეკერილი, არაერთჯერადი გამოვიყენოთ - ეს ჩემთვის მიუღებელია.

- ახლახან კენზოს გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა... - ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ახლა მოდის სფეროს, ისევე როგორც კულტურის სხვა სფეროებს, ძალიან სერიოზული ეტაპი უდგას, თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს - ყველა დაუბრუნდება ნამდვილ შემოქმედებას, თავის ფესვებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და აღარ იქნება ეს გაურკვეველი კომერციული მუსიკა, კინო, მოდა, რომლებიც ერთმანეთში ისე აირია, რომ სანამ მომხმარებელი ერთხელ დაათვალიერებს მაღაზიას თუ ვებგვერდს, რაღაც თითქოს მოდური უკვე ძველდება. არ არის საჭირო ამდენი ინფორმაცია, ამდენი ტანსაცმელი...

- ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ჯერ კიდევ პანდემიამდე ეკოლოგიური მიზეზებით უარი თქვა ახალი ტანისამოსის შეძენაზე და, მაგალითად, "ოსკარის" თუ სხვა მნიშვნელოვან ცერემონიებზე ძველი სამოსით გამოცხადდა. ახლა თითქოს ეს უფრო მოდური ხდება... - დიახ, გეთანხმებით...

- მაგრამ ეს ტენდენცია ხომ თქვენს ბიზნესს აზიანებს?

- როცა შენს კოდს იცავ, შენს თავს არ ღალატობ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენს სამოსს შეიძენენ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთი დოზით, როგორიც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია...

ამერიკელი მწერალი არიანა ჰაფინგტონი "ოსკარის" დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე იმ კაბით გამოცხადდა, რომელიც მას 2013 წელს ეცვა, ამასთან დაკავშირებით კი თავის "ინსტაგრამზე" დაწერა: "როცა შენი რომელიმე ტანსაცმელი გიყვარს, ჩაიცვი ის კვლავ და კვლავ. ასე დროს, ფულსა და გარემოს რესურსებს დაზოგავ".

"ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე სცენაზე ნაცნობი კაბით გამოჩნდა ლეგენდარული მსახიობი ჯეინ ფონდაც - ელი სააბის წითელი კაბა მას 2014 წელს კანის კინოფესტივალზე ეცვა. 82 წლის ოსკაროსანი მსახიობი გარემოს ცნობილი დამცველია - ის თვეებია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ყოველკვირეულ აქციებს მართავს.

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ელიზაბეტ ბენკსმა 16 წლის წინანდელ კაბას შესძინა ახალი სიცოცხლე და წლევანდელი "ოსკარის" წვეულებაზე სწორედ ამ კაბით მივიდა. "ლამაზია და თან მიხდება... რატომ არ უნდა ჩამეცვა? მოდასა და სამომხმარებლო კულტურაში ბუნებრივი რესურსების გამოყენების შეზღუდვა აისახება კლიმატის ცვლილებაზე, წარმოებაზე, ოკეანეების დაბინძურებასა და ქალთა შრომაზე", - წერს თავის "ინსტაგრამზე" ელიზაბეტ ბენკსი.