"ჩემი გამოგონებების პარალელურად, რამდენიმე წელია ვფიქრობდი ამომეხსნა, როგორ აშენდა ეგვიპტის პირამიდები და..."
"ჩემი გამოგონებების პარალელურად, რამდენიმე წელია ვფიქრობდი ამომეხსნა, როგორ აშენდა ეგვიპტის პირამიდები და..."
როგორ შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები? ეს კითხვა ამოუხსნელი და მთავარი თავსატეხია მსოფლიო საოცრებების მკვლევარი მეცნიერებისათვის. დღემდე უცნობია, თუ როგორ და რა მექანიზმით, ან რა საშუალებით შენდებოდა ეს საოცარი ნაგებობი. შესაბამისად, არსებობს უამრავი  ჰიპოთეზა და მოსაზარება პირამიდების მშენებლობის მექანიზმებზე.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ გაუჩნდა ქართველ მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსს, სტუ-ს საპატიო დოქტორს, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას. თუ რაში მდგომარეობს მისი
მთავარი მიგნება და რამდენად რეალისტურია სხვა უკვე არსებული მოსაზრებებისგან განსხვავებით, ამის შესახებ თავად გვიყვება.

- ბატონო გოგი, როდის გაგიჩნდათ სურვილი, ამოგეხსნათ პირამიდის მშენებლობის საიდუმლო?
- 25 გამოგონებაზე ვფლობ პატენტს ტექნიკის სხვადასხვა სფეროში. ჩემი გონება სულ მიმართულია ახალ-ახალი გამოწვევებისკენ. ჩემი გამოგონებების პარალელურად, რამდენიმე წელია ვფიქრობდი ამომეხსნა, როგორ
აშენდა ეგვიპტის პირამიდები და მინდოდა ამის ალგორითმი წარმომედგინა. თავიდან ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ ამ საკითხს გენიოსები იკვლევდნენ. თუმცა, მაინც არ მასვენებდა ინტერესი და სხვა გამოგონებების პარალელურად, 24 საათი ვფიქრობდი და ვმუშაობდი ამ საკითხზე. უამრავი დღე გადამიბია ერთმანეთზე. სულ თავში მიტრიალებდა თუ რა მეთოდით ააგეს პირამიდები. ჩემთვის, როგორც ტექნიკურად მოაზროვნე ადამინისთვის, ეს იყო გამოწვევა, ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან, გეომეტრიულ ფიგურებთან. გავაკეთე 5 ნახაზი. მერვემდე რომ მივედი, შეუძლოდ ვიგრძენი თავი. ნახაზები ისე არის გაკეთებული, რომ ორდება და თვალს მიჭრელებდა. კარგა ხანი გავჩერდი მერვე ნახაზზე...  არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ეგპიტის პირამიდა რანაირიც არის მიწის ზევით, ისეთივეა ქვემოთაც და ჩემი ნახაზებით ზუსტად ასე იკვეთება. მახვილკუთხა სამკუთხედების გადადებით იქმნება უზუსტესი რომბი. ასეთ დროს არ გვაქვს ერთი მიკრონი ცდომილება.
თუ ისეთი ფიგურა არ დაიჭირე ფუნდამენტში, რომლითაც უზუსტეს სიმძიმის ცენტრს არ იპოვი, წლების განმავლობაში ეს ნაგებობა გადაიხრება, უზუსტეს სიმძიმის ცენტრს კი რომბის ფიგურა მაძლევს. ჩემს ნახაზებზეც ჩანს, რომბის ცენტრი და პირამიდის წვერი ემთხვევა ერთმანეთს.


ძალიან ბევრი მოსაზარება გაჟღერებულა  პირამიდების მშენებლობის მექანიზმებზე. ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, დიდი ზომის ქვები მშენებლებს სასურველ ადგილამდე რომ მიეტანათ, ხის მორებზე აცურებდნენ, ქვები კი მიბმული უნდა ყოფილიყო ადამიანებზე თოკით და წინ უნდა გაექაჩათ. ამავე დროს, რამდენიმე კაცს უნდა გამოეცალა ბოლო მორი, რომელსაც წინ დადებდნენ და ამგვარად ქმნიდნენ უწყვეტ რგოლს. ამ შეხედულების მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ  ნათლად არ იკვეთება, ქვების სიმაღლეზე გადაადგილება როგორ ხდებოდა.


ჰეროდოტე წერდა, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ გარკვეული მოწყობილობა, რომელსაც იყენებდნენ დიდი და მასიური ქვების ასაზიდად, მაგრამ მეცნიერებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს ვერანაირ მტკიცებულებას მსგავსი მოწყობილობის არსებობის შესახებ. თუმცა ჰეროდოტეს ამ ერთადერთ შემორჩენილ მასალაზე დაყრდნობით, ზოგიერთმა მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პირამიდების მშენებლობა მიმდინარეობდა ქანქარა მექანიზმების გამოყენებით, მაგრამ ზოგიერთი ლოდის ზომა და მასა გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ქანქარა მექანიზმის გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა მათი სიმაღლეზე ატანა და ამასთანავე დაეცვათ ის გეომეტრიული ფორმები, რომლებიც პირამიდების უნიკალურობის ძირთადი მახასიათებელია.
არქეოლოგ იანის გურდონის აზრით, ეგვიპტელები პირამიდის ასაშენებლად იყენებდნენ გადასაადგილებელ სისტემას. ეს გადასაადგილებელი სისტემა შედგებოდა ცენტრალური იარუსისა და გარშემორტყმული კიბეების ორი წყებით, რომლებიც შეიცავდა ბოძისებრ ხვრელებს. ეს ხვრელები უნდა სჭეროდა ხის ძლიერ ბოძებს. ქვის ლოდებს სავარაუდოდ ხის მარხულებზე აწყობდნენ და ბოძების ირგვლივ შემოხვეული თოკების სისტემით ახდენდნენ ქვების გადაზიდვას.

- რადიკალურად ეწინააღმდეგება თუ არა თქვენი ჰიპოთეზა, ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის შესახებ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლის შესახებაც მეცნიერები ამ დრომდე საუბრობდნენ? რაში მდგომარეობს თქვენი მეთოდის უნიკალურობა, რამდენად რეალურია ვიფიქროთ, რომ  ზუსტად ამგვარად შეიძლება აეშენებინათ ეს გასაოცარი ნაგებობა?
- არავის ვეწინააღმდეგები. პირიქით, ამდენი შრომა აქვთ მეცნიერებს ჩადებული ამ საკითხში და მათ მასალებს აქტიურად ვეცნობი. მე სულ სხვა გზით წავედი. ჩემი ეგვიპტის პირამიდების კერძოდ, ხეოფსის დიდი პირამიდის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმი არა მარტო ქვის ლოდების წყობისა და სიმაღლეზე აზიდვის ტექნოლოგიზეა, არამედ წარმოვადგენ მექანიზმს ამ ტექნოლოგიების განსახორციელებლად. ჩემი ტექნოლოგიისა და მექანიზმის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ პირამიდის საფეხურების ფორმირებამდე მშენებლები სავარაუდოდ ახდენდნენ ხარაჩოთა სისტემის ფორმირებას. ხსენებულ სისტემას გააჩნდა დახრილი პანდუსების რამოდენიმე წყვილები. ამასთანავე, პანდუსების წყვილებიდან თითოეული დახრილი იყო საპირისპირო კუთხით, რომელთაგან, ერთი განკუთვნილი იყო მიწის პირიდან პირამიდის პირველი საფეხურისკენ ანუ შიგა მიმართულებით ქვის ლოდის გადასაადგილებლად, ხოლო მეორე პირამიდის პირველი საფეხურიდან უკვე გარე მიმართულებით სიმაღლეზე გადასაადგილებლად. პანდუსების წყვილები შესაძლოა ფორმირებული ყოფილიყო ფიცარნაგის ფორმით და გამაგრებული ყოფილიყო ხის საყრდენი ძალებით. სიმაღლეზე გადასაადგილებელი პანდუსებიდან ასაშენებელი პირამიდის მიმართულებით ფორმირებული იყო ბილიკები, ისევე, როგორც პანდუსები კონფიგურირებული იყო ფიცარნაგის ფორმით და გამაგრებული იყო საყრდენი ძელებით. ბილიკების რაოდენობა შეესაბამებოდა ასაგები პირამიდის საფეხურების რაოდენობას, ამასთან, სიმაღლის მიმართულების ყოველი მომდევნო ბილიკის სიგრძე მეტი იყო წინაზე და ამგვარი კონსტრუქციული ხარაჩოთა სისტემის ცენტრალურ ნაწილში აფორმირებდა პირამიდის ფორმის წარმოსახვით სივრცეს. ქვის ლოდების გადასაადგილებელი მექანიზმი კი შეიცავდა პანდუსებზე გადაადგილების შესაძლებლობების მქონე ურიკებს (მარხილებს), რომლებიც გვარლ-ბლოკური სისტემით დაკავშირებული იყო ერთი მხრივ ჩარჩოთა სისტემის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულ საყრდენთან და მეორე მხრივ ამძრავ კვანძთან. ძირითადი ამძრავი მექანიზმი შესაძლოა მოქმედებაში მოყვანილიყო მუშახელის მეშვეობით, ანდა ფორმირებულიყო წყლის ბორბლის სახით, რადგან პირამიდის გარშემო ნახსენებია და არსებობს არხების სავარაუდო კვალიც.


გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოსაზრებით, ქვის ლოდების მიწის პირიდან პანდუსებზე გადასაადგილებელი ურიკები ცენტრალური საყრდენის გავლით შესაძლოა დაკავშირებულიყო ერთმანეთთან გვარლ-ბლოკური სისტემით, რათა სინქრონიზებულიყო ერთი ურიკის დატვირთვის მდებარეობიდან მეორე ურიკის დატვირთვის მდებარეობისკენ გადაადგილება, რაც იმავდროულად მცირედით, მაგრამ მაინც ხელს შეუწყობდა დატვირთული ურიკის გადაადგილებაზე დახარჯული ძალის შემცირებას.

- თუ გააცანით თქვენი ჰიპოთეზა ეგვიპტის პირამიდების აგების მექანიზმებზე,  სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს? იზიარებენ თქვენს მოსაზრებას?

- არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის მათემატიკოსები ესწრებოდნენ განხილვებს, არამედ იყვნენ მოწვეული სტუმრებიც. ჩემს მიერ გამოთქმულ ჰიპთეზას რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორებმა: ალექსი კირთაძემ, შაქრო ტეტუნაშვილმა, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ვახტანგ კვარაცხელიამ,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტმა ალქესანდრე მესხმა და ევროპის მათემატიკური საზოგადოების წევრმა, ამერიკის მედიტერანული კვლევების ასოციაციის წევრმა გია კვაშილავამ.

მათი აზრით, ჩემ მიერ შემუშავებული მშენებლობის კონსტრუქციული პრინციპი, ტექნოლოგია და მექანიზმი ყველაზე რეალისტურია და არ ეწინააღმდეგება აქამდე დაგროვილ და გაზიარებულ ცოდნას, პირიქით, შესაბამისობაში მოდის საუკუნეების განმავლობაში აღმოჩენილ არტეფაქტებთან და არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებთან.

- ამბობთ, რომ ქართველმა მეცნიერებმა დადებითად შეაფასეს თქვენი ჰიპოთეზა. ხომ არ გეგმავთ ამ საკითხზე მუმუშავე უცხოელ კოლეგებს გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები? როგორც აღნიშნეთ, მსოფლიოში არაერთი მეცნიერია ამ საკითხით დაინტერესებული...
- ჩვენ ვაპირებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გავაკეთოთ ანიმაცია, რათა პრაქტიკულად უფრო თვალსაჩინო გახდეს რაზე ვსაუბრობ და მექანიზმი როგორ მუშაობს. ასევე გვსურს, შევქმნათ მაკეტი. ანიმაციას რომ გავაკეთებთ, ნახაზთან ერთად, მერე ვგეგმავ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანო ჩემი მეთოდების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალთან და ვეგმავთ იქ გამოვაქვეყოთ ჩემი ჰიპოთეზა.

(სპეციალურად საიტისთვის)

მამუკა მაცაბერიძე
14 ოქტომბერი 2020 12:26
გოგის მიერ შექმნილი ახალი ცოდნა(სამშენებლო და სხვა მრავალ დარგში) უნდა იმპლემენტირდეს სამივე საფეხურის სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები