"ეს იტალიელი მეუბნება, არ მიკვირს, თქვენს ქვეყანას ასე რომ უჭირს, რაც მე საქართველოში ვნახე, კიდევ კარგად მოსულა აქამდეო" - კვირის პალიტრა

"ეს იტალიელი მეუბნება, არ მიკვირს, თქვენს ქვეყანას ასე რომ უჭირს, რაც მე საქართველოში ვნახე, კიდევ კარგად მოსულა აქამდეო"

"ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოებისა და დალაპარაკების შიში გაუჩნდათ. ქუჩაში თუ დაგინახეს, რომ ნიღაბი არ გიკეთია, მოპირდაპირე მხარეს გადადიან... ახლა უკვე უნიღბოდ სიარული ღია სივრცეშიც ისჯება, ჯარიმა 500-დან 3000 ევრომდეა"

მანანა ჯინჭარაძე იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენელია, რომელიც თითქმის 10 წელია, ემიგრაციაში ცხოვრობს. ის დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- იტალიაში შემოდგომა-გაზაფხულზე ხშირია სტიქიური მოვლენები, მაგრამ წელს მაინც განსაკუთრებულად მძიმე შემოდგომა დაგვიდგა - უცებ აცივდა, იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და საფრანგეთის მოსაზღვრე რეგიონებში წყალდიდობა დაიწყო. მდინარეებიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად წალეკა პიომონტე, ვალდა, ოსტა და ლიგურიის რეგიონის ქალაქები და სოფლები. ჩაინგრა რამდენიმე ხიდი, სანაპიროსთან ახლოს მდებარე სახლები და ინდუსტრიული ნაგებობები მეწყერმა ჩაიტანა. ჩამოინგრა საფრანგეთთან დამაკავშირებელი გვირაბი. წყალმა და მეწყერმა გაანადგურა კვების ობიექტები, აფთიაქები, მაღაზიები, მანქანები. არის მსხვერპლიც - ორი ფრანგი ტურისტის ცხედარი ზღვამ გამორიყა, 18-ს კი ისევ ეძებენ... კოვიდის" შემდეგ ეს უდიდესი დარტყმაა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

მსოფლიოში მომხდარმა კატაკლიზმებმა და "კოვიდ-19"-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა იტალია, როგორც იტალიელები ამბობენ, "მუხლებზე დააყენა". უმძიმესი სანახავია იტალია ტურისტებისა და ქუჩაში ხმამაღლა მოლაპარაკე ძველი თაობის იტალიელების გარეშე. ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოებისა და დალაპარაკების შიში გაუჩნდათ. ქუჩაში თუ დაგინახეს, რომ ნიღაბი არ გიკეთია, მოპირდაპირე მხარეს გადადიან.

აგვისტოში ერთადერთ მწვანე ზონად გამოცხადებული ულამაზესი სარდინია მთლიანად "გაწითლდა", რადგან იქ უამრავი ტურისტი ჩავიდა, მერე კი სამხრეთ იტალიაშიც იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. დღეს ნეაპოლის რეგიონი მეორე ლომბარდიად მონათლეს. მოკლედ, მეორე ტალღა თითქმის ყველა რეგიონში ერთნაირად მძვინვარებს. წინა კვირას 2700-ს მიაღწია ინფიცირებულთა რიცხვმა.

პანდემიის დროს იტალია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიიღო როგორც გარდაცვლილი და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით, ასევე - ეკონომიკური მაჩვენებლებით. 12 მილიონი იტალიელი უმუშევარი დარჩა. პირველადი დახმარების შემდეგ ევრობანკის მიერ გამოყოფილი 208 მილიარდი სახელმწიფო სესხი ჯერაც არ მიუღიათ. იტალიის ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო და უფასოა და გადამხდელების შეტანილი თანხით ფინანსდება, ამიტომაც ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა. პანდემიის ბოლო პერიოდში ბევრ რეგიონში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწიეს ხალხს, ზოგიერთ რეგიონში პროდუქტი დაარიგეს, ტოსკანში კი დახმარება საერთოდ არ გაუციათ. იმატა სუიციდის ფაქტებმა, დღე არ გავა, სასტიკი მკვლელობა არ მოხდეს. ამ ზაფხულს ერთი შემზარავი ამბავი მოხდა. ახალგაზრდა ქალი ქმართან განშორების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და დიდი ქალაქიდან სიცილიაში დაბრუნდა, 4 წლის ბიჭიც თან წაიყვანა. გზატკეცილზე მანქანა გააჩერა და იქვე ახლოს მდებარე მინდორზე გადავიდა. მეორე დღეს ის გარდაცვლილი იპოვეს, ბიჭუნას კი ვერსად მიაგნეს. 18 დღის განმავლობაში პოლიცია, ჯარი ეძებდა ბავშვს. ბოლოს მოსახლეობაც ჩაერთო ძებნაში და მე-18 დღეს 75 წლის ყოფილმა პოლიციელმა ბუჩქებში ტანსაცმლის ნაგლეჯი იპოვა. აღმოჩნდა, რომ უყურადღებოდ მიტოვებული ბიჭი ღამით გარეულმა ტახმა ბუნაგში შეათრია... აი, ასეთ მძიმე ამბებს ვიგებთ, რასაც ემატება ახალი რეგულაციები, რომლებიც ყოველდღიურად მკაცრდება. ახლა უკვე უნიღბოდ სიარული ღია სივრცეშიც ისჯება, ჯარიმა 500-დან 3.000 ევრომდეა.

- ამ ყველაფერს საქართველოში არჩევნების ციებ-ცხელება დაემატა.

- არჩევნები ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის, რადგან ბინძური ხერხებით წარმართავენ პოლიტიკურ კამპანიებს და ამ სიბინძურეს ყველაზე მეტად ემიგრანტები სუნთქავენ. ჩემი პოსტები ორივე მხარის მიმართ ძალიან კრიტიკულია.

- "ნაციონალების" სიის სათავეში ბუბა კიკაბიძის მოქცევას როგორ შეხვდით? - 5 წლის ვიყავი, როცა ბუბა პირველად ვნახე. ერთ კლინიკაში ერთ ექიმთან მოვხვდით. მე ვტიროდი, მან კი გამიცინა. მეც გამეღიმა... ამის მერე რამდენჯერმე მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "რასიაში" დავესწარი მის კონცერტს და ეს ნამდვილი ფეიერვერკი იყო. ბუბა ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის მოღიმარ ბუბა კიკაბიძედ დარჩება და მას ვერანაირი პოლიტიკა ვერ შეცვლის.

- როგორია თქვენთვის იტალიიდან დანახული საქართველო?

- ამ ათ წელიწადში წამის მეასედიც კი არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე. ჩემი ცხოვრება იქ დავტოვე, აქ მხოლოდ ცოცხალი ადამიანი ვარ, რომელიც რეფლექსებით ცხოვრობს. საქართველოს გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. შეიძლება ჩემი ქვეყანა დაულაგებელია, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ რაც უფრო მეტ ქვეყანაში ვმოგზაურობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ერი ვართ.

- აუცილებელი იყო ემიგრაციაში წასულიყავით? - შეიძლებოდა არც წავსულიყავი, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ძალიან მძიმე ტრაგედიები გადავიტანე.

კარგი სამსახური მქონდა, მერე ერთი დაწესებულების დირექტორობასაც მთავაზობდნენ, მაგრამ პოლიტიკური შეხედულებების გამო მაინც წამოსვლა გადავწყვიტე. მაშინ ყველაფრისგან გაქცევა მინდოდა, ახლა კი ვნანობ, რომ წამოვედი და ჩემი შვილიშვილები უჩემოდ იზრდებიან.

არის კიდევ ერთი და უმთავრესი რამ - ქართველებს ძალიან მოსწონთ ევროპული ხელფასი და შორიდან დანახული ცხოვრება, მაგრამ არასდროს ფიქრობენ, ეს ცხოვრება როგორ მოვიდა. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით... ოჯახში, სადაც ვმუშაობდი, ცოლ-ქმარი პროფესორია და იტალიის ელიტურ საზოგადოებას ეკუთვნის. ერთ დღეს ეს პროფესორი ქალი მეუბნება: - არ მიკვირს, თქვენს ქვეყანას ასე რომ უჭირს. რაც მე საქართველოში ვნახე - სუფრები, სახლები, რესტორნები და რასაც ვხედავ, შენ როგორ იყენებ წყალს, გაზს, ელექტროენერგიასა და ფინანსებს, ეს ქვეყანა კიდევ კარგად მოსულა აქამდეო. ეს სიმართლეა...

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ჩვენ შორის ბევრი ინფიცირებული დადის"