"ნაზი არასოდეს ვყოფილვარ, სულ სპორტზე დავდიოდი. დედა განიცდიდა და მიშლიდა, გაუხეშდებიო, მაგრამ..."
26-10-2020
"ნაზი არასოდეს ვყოფილვარ, სულ სპორტზე დავდიოდი. დედა განიცდიდა და მიშლიდა, გაუხეშდებიო, მაგრამ..."
"სკოლიოზიან ხალხს შტანგებს რომ ვაწევინებთ და ფიტნესკლუბებიდან ხერხემლის თიაქრით ვისტუმრებთ, დანაშაულია!"

საქართველოში იზრდება ფიტნესკლუბებისა და შესაბამისად, ფიტნესინსტრუქტორთა­ რიცხვი. როგორც ირკვევა, ამ უკვე პრესტიჟულ პროფესიაში რიგითი ინსტრუქტორის გასამრჯელო ხშირად მინისტრის ან მისი მოადგილის გასამრჯელოს­ - საშუალოდ 3.000 ლარს უტოლდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიაც ჩვენში წესად დამკვიდრებული პარადოქსების რიგში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ფიტნესინსტრუქტორები არ გვყავს, საქართველოში ამ პროფესიის შემსწავლელი­ კურსები არ არსებობს. ჩვენც თურმე სულ სხვა პროფესიის ადამიანებს­ ვანდობთ ჯანმრთელობას.
რაც მთავარია, არც მათ იციან, რომ შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდნენ. იაკუტურ ჭიდაობასა და ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონმა ვალიტა­ გორელჩანიკმა­ ამ სფეროში პრობლემები­ მაშინ დაინახა, როცა თბილისის ფიტნესკლუბებში შეაბიჯა, რის შემდეგაც ფიტნესინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი­ სკოლის დაარსება გადაწყვიტა, პასუხად კი ჯანყი მიიღო, საიდან გაჩნდა ეს
არამკითხეო...

- თბილისელი ვარ, ქართველი დედი­თაც და მამითაც. გორელჩანიკი ჩემი უკრაინელი მამობილის გვარია. მე მოსკოვში დავიბადე, სკოლაშიც იქ ვსწავლობდი და მერე თბილისში დავბრუნდით...­ ბოლო 9 წელიწადი უკრაინაში ვცხოვრობდი, სადაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. როდესაც სპორტში ტრავმა­ მივიღე, რუსეთში ფიტნესინსტრუქტორის პროფესია შევისწავლე და სამშობლოში ჩამოვედი­. ჩვენგან განსხვავებით, მათ ფიტნესინსტრუქტორების კვალიფიციური სკოლა აქვთ, ამ საქმეში უცხოეთს არ ჩამოუვარდებიან. ზოგჯერ მეკითხებიან, რაში გჭირდებოდა ეს განათლება, როცა შეგეძლო თბილისში ფიტნესმწვრთნელად ისედაც გემუშავაო, მაგრამ ასე არ არის - თუ ამ სფეროში ჩაუხედავი ხარ, შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობა შეურყიო... როდესაც დავრწმუნდი,­ რომ თბილისის ფიტნესკლუბებში არავინ არაფერი იცის, სკოლის გახსნა გადავწყვიტე, მაგრამ იმხელა­ წინააღმდეგობას შევეჯახე, მათ შორის ყველაზე დიდი კლუბებისგანაც, რომ სამსახურის დატოვებამაც კი მომიწია. რატომ, დღემდე არ ვიცი.


სამწუხაროდ, არც ერთ ფიტნესკლუბში არ გეკითხებიან, რა გაწუხებთ, რომ ვარჯიშები ამის მიხედვით შეგიდგინონ, არადა, ეს აუცილებელია. სკოლიოზიან ხალხს შტანგებს რომ ვაწევინებთ და ფიტნესკლუბებიდან ხერხემლის თიაქრით ვისტუმრებთ, დანაშაულია.

- რატომ არიან ფიტნესის შემსწავლელი სკოლის წინააღმდეგი ამ სფეროში დასაქმებულები?
- კლუბების პატრონები ამბობენ, ინსტრუქტორები,­ რომლებიც კვალიფიციურ განათლებას მიიღებენ, უფრო მეტ ხელფასს მოითხოვენ, ვიდრე აქვთო, ფიტნესინსტრუქტორები­ კი დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი კარგად იციან. მაგრამ კაცმა, რომელმა იცის ბაყაყის გაჭრა, შეიძლება ადამიანებს ოპერაცია გაუკეთოს?!

- იმ ბავშვის ჭირვეულობას ჰგავს, სწავლა რომ არ სურს და გაიძახის, ყველაფერი ვიციო.
- არსებობს კითხვარი, რომელიც ამ ცოდნას ამოწმებს. როდესაც მწვრთნელი ხუთ კითხვასაც ვერ გასცემს სწორ პასუხს, როგორ უნდა ანდო ადამიანის ჯანმრთელობა?! არადა, ელემენტარული საკითხებია. მაგალითად, ვარჯიშისას როგორ უნდა დადგა ქუსლი, როგორ უნდა გაკეთდეს ბრუნი, სხეულის რომელ ნაწილებზეა საჭირო დაყრდნობა და ა.შ. საქმე იქამდეა მისული, რომ წონის კორექციის საკითხს ე.წ. ფიტნესინსტრუქტორები ინტერნეტიდან ამობეჭდილი დიეტებით წყვეტენ და სულ არ აინტერესებთ, მომხმარებლის კუჭი ან ღვიძლი ამას როგორ აიტანს.

- საკვირველია, რომ არც მომხმარებელს აქვს დიდი პრეტენზია მწვრთნელის­ არჩევისას. ბევრისთვის მთავარია, წონაში დაიკლოს.
- მომხმარებელმა არ იცის, რომ მისი მწვრთნელი მაღალკვალიფიციური უნდა იყოს, მისი სხეულის სასიკეთოდ მართვა შეეძლოს. ჩვენ დღეს 30 ფიტნესკლუბი გვაქვს და ხომ არ შეიძლება ყველგან საფრთხე იყოს?! მიხარია, რომ ფიტნესკლუბების წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორღაც მივაღწიე, რომ ფიტნესსკოლის შექმნის­ იდეის შესახებ მთავრობაში მოესმინათ.

- მართლა? მსგავსი თემების მოსმენა მთავრობაში ეზარებათ.
- მთელი ცხოვრება სპორტში ვარ, ამ სფეროში უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი მყავს და ისინი დამეხმარნენ...

- ამ ხალხმა თუ იცის, რომ თქვენ კარგი დიზაინერიც ხართ და არაერთი გამოფენაც გაგიმართავთ?
- რამდენიმე გამოფენაზე მე და ჩემმა პარტნიორმა მართლაც ვიმუშავეთ. პროფესიონალი მხატვარი არა ვარ, ჩემი მხატვრობა ტანსაცმლის ესკიზებით შემოიფარგლება. ისე, ხელოვნება ძალიან მიყვარს.

- ერთი შეხედვით ნაზი ხართ, მაგრამ თქვენი კუნთები მამაკაცს შეშურდება...
- ნაზი არასოდეს ვყოფილვარ, სულ სპორტზე დავდიოდი. დედა განიცდიდა და მიშლიდა, გაუხეშდებიო, მაგრამ დღემდე სპორტით ვარსებობ და კვირაში რამდენჯერმე ვვარჯიშობ.

- ცხადია, თაყვანისმცემლებს ისეთი მოსწონხართ, როგორიც ხართ...
- შეიძლება, მაგრამ თაყვანისმცემლების სიმრავლე არ მაინტერესებს. ერთგული ვარ იმ ადამიანის, რომელიც მიყვარს.

ნინო მახარაძე
29 ოქტომბერი 2020 01:44
ვალიტა დიდებული ადამიანია! ერთხელ მასაჟი გამიკეთა თავის 1 ოთახიან ბინაში! მე მსგავსი არ მინახავს-იქვე ჩამეძინა სადაც მიკეთებდა! დილით ჩიტივით წამივხტი.. ვალიტაა იატაკზე ეძინა( აღარ გამაღვიძა) არ ვიცი მას თუ ახსოვს ეს ამბავი.. კიევიდან რაც წავიდა აღარ მინახავს !.. ძალიან გამიხარდა მისი წარმატებები!❤️

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები