რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება დედაქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით - კვირის პალიტრა

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება დედაქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით როგორია საწოლების დატვირთვის დინამიკა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში გვაქვს ინფიცირებულების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება. ახლა, სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. არსებული კლინიკები, რომლებიც კოვიდინფეციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლომდე კოვიდინფქციის მართვაში სრულად იქნებიან ჩართულები.

რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ამ ეტაპისთვის 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი. ამის მიუხედავად, ამ კლინიკების ბაზაზე მოხდება სასუნთქი აპარატების დამატებაც",-განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება. მისივე თქმით, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.

"ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება - პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი სახის მობილობის შეზღუდვას, ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ამ პრობლემის ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ისე ღონისძიების დაცვის ხარისხს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილის შორის ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება", -აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო