"რას შვრებით, თავი დაანებეთ-მეთქი, ერთი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა..." - რატომ გამოუცხადა ვარშავის პოლიციის უფროსმა ქართველ ბიჭს მადლობა
"რას შვრებით, თავი დაანებეთ-მეთქი, ერთი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა..." - რატომ გამოუცხადა ვარშავის პოლიციის უფროსმა ქართველ ბიჭს მადლობა
ნუკრი დავითაშვილი უკვე რამდენიმე წელია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. რამდენიმე კვირის წინ ვარშავის პოლიციის უფროსმა, პაველ დობროჯეიმ მას მადლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ნუკრიმ უპრეცედენტო სიმამაცე გამოიჩინა და ბოროტმოქმედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმაც და გაბედული მოქალაქეობრივი საქციელისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა თანამემამულეს. ჩვენ პოლონეთში დავუკავშირდით ნუკრის და მომხდარის შესახებ უფრო დაწვრილებით ვკითხეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"წარმოშობით ბაღდათიდან ვარ, მაგრამ მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და მეც იქ ვიზრდებოდი 11 წლამდე. მერე ჩამოვედით საქართთველოში, დაახლოებით 3-4 წელი ვიცხოვრეთ მანდ და კვლავ საზღვარგარეთ წავედით. თითქმის 3 წელია, რაც პოლონეთში ვცხოვრობ, ჩემს ძმას სამშენებლო ფირმა აქვს და მასთან ჩამოვედი სამუშაოდ..."

"ასეთია ქართული სისხლი, როცა უსამართლობას
ხედავ, როცა ათი კაცი ერთს ურტყამს, ვერ ისვენებ. იმ დღეს ჩემს ძმასთან მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. ჩიხიდან გავდიოდით და ამ დროს დაინახა, როგორ სცემდა ორი ადამიანი ერთ ბიჭს. - ნუკრი, მგონი, პატარა ბიჭს ურტყამენო, მითხრა. მაშინვე გავაჩერე მანქანა, ერთი ზევიდან იყო მოქცეული და სახეში წიხლებს ურტყამდა. რას შვრებით, თავი დაანებეთ-მეთქი, - ვიყვირე. ერთი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა..."

"ვისაც სცემდნენ, ასე, 20 წლის იქნებოდა, ყური ნახევრამდე მოჭრილი ჰქონდა მაკრატლით, მეორე თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული, აყაჩაღებდნენ. ჩანთა უკვე წაერთმიათ და ფეხსაცმელებიც გახდილი ჰქონდა, ეტყობა, იმასაც ართმევდნენ..."

"ჩემი წასვლისთანავე პოლიცია მისულა და ორივე თავდამსხმელი დაუკავებია. დამიკავშირდნენ და მითხრეს, მივსულიყავი. ვერ მივხვდი, რატომ დამიბარეს და როცა მიზეზი გავიგე, მესიამოვნა..."

"მე და ჩემი ძმა თავის ცოლთან ერთად, სასეირნოდ ვიყავით და იქ გავიცანით ერთმანეთი შემთხვევით, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, ერთ კვირაში შევხვდით. ჩემი მეუღლე პოლონელია, ვიოლეტა ჰქვია, დაახლოებით ერთ თვეში ბავშვს ველოდებით..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 15 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები