"ქართულ რეალობაში სიძე-სიდედრზე უამრავი ანეკდოტი დადის... ჩვენს რეალობაში სიდედრიც ვარ და სიმამრიც"
"ქართულ რეალობაში სიძე-სიდედრზე უამრავი ანეკდოტი დადის... ჩვენს რეალობაში სიდედრიც ვარ და სიმამრიც"
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ორ შვილს ზრდის. იურისტმა წლების წინ იშვილა გოგონა, მოგვიანებით კი ბიჭი. ცნობილი იურისტი "კვირის პალიტრას" შვილებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

- თქვენ ოჯახი არასოდეს შეგიქმნიათ და ალბათ ერთ-ერთი პირველი იყავით, როცა მარტოხელა ახალგაზრდა ქალმა წლების წინ პატარა გოგონა იშვილეთ. მას მერე დიდი დრო გავიდა და მარიამი უკვე გაგითხოვდათ, ისიც ცნობილია, რომ 2 წლის წინ 7 წლის ირაკლი იშვილეთ და ახლა მას ზრდით, გვიამბეთ თქვეს შვილებზე, ოჯახზე
-
მარიამი დაოჯახდა. ძალიან კარგი სიძე მყავს, ქართულ რეალობაში სიძე-სიდედრზე უამრავი ანეკდოტი დადის, მაგრამ ჩვენს რეალობაში არის ახალი ანეკდოტი, მე სიდედრიც ვარ და სიმამრიც, რადგან იცით, რომ მარტოხელა დედა ვარ და ფუნქციურადაც ორივე როლს ვითავსებ, მაგრამ არამგონია ეს იყოს საშიში ან ჩემი სიძისთვის ან ჩემი ქალიშვილისთვის.
ბექა წულაია ჩემთვის სიძე კი არ არის, ჩემი შვილია, ზრდასრული ვაჟი, რომელიც შევიძინე და ჩემი ოჯახის წევრი გახდა. ის ფოლკლორულ ანსამბლის "იბერიას" სოლისტია, შესანიშნავად მღერის და ძალიან პოპულარულია ეს ჯგუფი ახალგაზრდებში. შევეცდები ამ ახალგაზრდა ოჯახს ყველანაირად დავეხმარო რომ ისინი წელგამართულები იყვნენ, ამ მძიმე ცხოვრების პირობებს გაუძლონ და შედარებით მსუბუქად გადაიარონ ის.

რაც შეეხება ირაკლის, ის უკვე 10 წლის არის. ჩამოვიყვანე სოფლიდან, მოუწევს ცოტა ხნით სკოლის გაცდენა, მაგრამ ვფიქრობ მისთვის და მისი მომავალი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს დღეები, როდესაც ჩემთან ერთად შეხვდება ამომრჩეველს. იმიტომ რომ მგონია ამ შეხვედდრებზე ბევრ სასიკეთო რამეს ისწავლის და მასაც აუმაღლდება თვითშეფასება. ის გახდება მოქალაქე და გაიგებს მოქალაქეებისთვის რატომ არის სააარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი და რა არის დემოკრატია. თუ ამას ადამიანი ბავშვობიდან ეზიარება, მგონია კარგი მოქალაქე დადგება. მეც გამიჭირდებოდა ირაკლის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან მივეჩვიე და მისთვისაც ძნელი იყო სოფელში მარტოობა. ამიტომ ახლა ერთად ვივლით შეხვედრებზე. ბავშვი ორი წელი რუსთავში მინდობით აღზრდაში იყო. მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილი ჰყავს, ახლობლები არ ჰყავდა, ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან წამოვიყვანე გურიაში, სოფელ შუხუთში. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და კარგი დედა- შვილი ვართ.

ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა, აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. ბუნებასთან ახლოს ყოფნა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, მით უფრო ბავშვობაში, ამიტომ ის კარგად შეიგრძნო. იცის, რომ, ეს არის მისი ოჯახი, მისი სახლი, უყვარს შინაური ცხოველები, ფრინველები და ეს მესაკუთრული გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდან ჰქონდეს ადამიანს. მგონია რომ ჩვენი უკვე დიდი ხნის დედა-შვილი ვართ, თუმცა ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა. ახლა მე მგონი არც მას და არც მე არ წარმომიდგენია ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე.

- ალბათ პირველი იყავით, როცა მარტოხელამ წლების წინ იშვილეთ მარიამი და ეს უცხო იყო მაშინ საზოგადოებისთვის, ხალხის დამოკიდებულება როგორი იყო?
- ეს მოხდა ჯერ კიდევ 2000 წელს, მაშინ საჯაროდ ადამიანები არ აცხადებდნენ რომ ნაშვილები ჰყავდათ ბავშვი. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვიყავი მარტოხელა, არ გავთხოვილვარ, ბევრი ადმიანი მიცნობდა, იცოდნენ რომ არ მყავდა მეუღლე და ეს ბავშვი საიდან გაჩნდა, ეს კითხვა დაისმებოდა. ბუნებრივია ვერ მოვისულელებდი თავს და ვერ მოვიგონებდი რაღაც ისტორიებს. არ მქონდა არც არჩევანი და ღიად ვთქი, რომ მე ვიშვილე პატარა მარიამი და მისი დედა გავხდი. ეს კი იწვევდა ადამიანების გაოცებას და სხვადასხვა რეაქციებს, მაგრამ ძალიან მალე დაიძლია. მახსოვს, 2000 წელს მერი კობიაშვილმა გააკეთა გადაცემა ამ თემაზე და მითხრა, შენ არ მალავ ამას და მოდი გადაცემაშიო. სექტემბერში გავიდა ეს გადაცემა და წლის ბოლოს მან მითხრა, ამ გადაცემის შემდეგ 28 ოჯახმა იშვილა ბავშვიო. ამ ადამიანებს გაუჩნდათ მოტივაცია. რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც ნაშვილები ჰყავდათ ბავშვები, განიცდიდნენ და არ იცოდნენ, როგორ ეთქვათ შვილებისთვის ეს ამბავი, ვუთხარი, მოეყოლათ მათთვის ჩემი და მარის ამბავი, ხომ ვართ კარგი დედა-შვილი, ეს ბავშვი მე ვიშვილე, ეს მან იცის, მაგრამ, ჩვენ მაინც ძალიან კარგი დედა-შვილი ვართ და ეს არაფერს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში. 6 წლის იყო მარიამი ეს ამბავი რომ ვუთხარი. მას თავის და-ძმებთან ურთიერთობა თავიდანვე ჰქონდა. ყოველთვის ვამბობ, ღმერთმა მისცა ადამიანს და-ძმები და მე რა უფლება მაქვს ისინი ერთმანეთს დავაცილო და ერთმანეთი დავუკარგო. პირიქით, ყოველთვის ხელს ვუწყობდი, სანამ პატარები იყვნენ, რომ ერთმანეთი ენახათ. მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ. დაბადების დღეებზე აუცილებლად დავდიოდით, ახალ წელს აუცილებლად ჩამოდიოდნენ ჩვენთან. ახლა ყველა სრულწლოვანია და ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. (იხილეთ სრულად)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები