"არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება... დე­კემ­ბე­რი იქ­ნე­ბა ურ­თუ­ლე­სი... დიდი რიგები იქნება" - რას ამბობს გაეროს გენმდივნის ქართველი მრჩეველი - კვირის პალიტრა

"არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება... დე­კემ­ბე­რი იქ­ნე­ბა ურ­თუ­ლე­სი... დიდი რიგები იქნება" - რას ამბობს გაეროს გენმდივნის ქართველი მრჩეველი

პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ მიმდინარე წლის აპრილში AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა: "მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება". მისი რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზი დღევანდელ რეალობასთან ახლოსაა. როგორ შეაფასებს პანდემიის პირობებში გავლილ რამდენიმე თვეს, არსებულ ვითარებასა და შეზღუდვებს და რა პროგნოზები აქვს სამომავლოდ? - ამაზე გიორგი ფხაკაძე AMBEBI.GE-ს კვლავ ესაუბრება.

- ბოლო ორი დღეა, საქართველოში ინფექციის თითქმის 1000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი სიტყვები ახდა?

- ეს მარტო ჩემი სიტყვები არ იყო, მე ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ, მეცნიერი ვარ. მარტის თვეში წასრულ გამოცდილებასა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოთვლები კეთდებოდა. როცა პირველი დასკვნები ვნახე, თითქმის დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ ჩემი, როგორც მეცნიერის გამოცდილებიდან ვიფიქრე, რომ ალბათ, იქნებოდა ის სცენარი, რაზეც ჩვენ მაშინ ინტერვიუში ვისაუბრეთ - რომ ზაფხულისთვის პანდემია, საქართველოს ჩათვლით, მთელ მსოფლიოში ჩაცხრებოდა, მატება კი დაიწყებოდა ოქტომბრის შუა რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში. დავინახეთ, რაც მოხდა ზაფხულში - წესებს არავინ იცავდა და სამწუხაროდ, ოქტომბერზე მართალი აღმოვჩნდი.

მეორე ტალღა იქნება უფრო რთული, უფრო ძლიერი და ამას ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს, როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური, ამასთანავე, სხვა თანმხლები დაავადებების დატვირთვაც. შესაბამისად, სიმძიმეს დავინახავთ ნოემბერში და არა - ოქტომბერში; დეკემბერი იქნება ურთულესი თვე და იმედია, შემდეგ ჩვენ შევძლებთ აფეთქების შებოჭვას და საბოლოო ჯამში, შემთხვევები ნელ-ნელა ქვევით დაიწევს, თუმცა ეს რადიკალური ვარდნა არ იქნება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საქართველოში სიკვდილიანობა გაიზრდება და ამას უამრავი მიზეზი აქვს.

- პირველ რიგში, შეგიძლიათ გაუმხილოთ ჩვენს მკითხველს, მაშინ ეს კალკულაციები რაზე დაყრდნობით გაკეთდა?

- გლობალურ დონეზე ბევრ კოლეგასთან ვარ კონტაქტში და როდესაც სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, იქ იყო როგორც ეკონომიკური, ასევე - ჯანდაცვის კალკულაცია, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი. ვხედავდით, რომ სურათი ძალიან მძიმე იყო - ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობა, მეორე მხრივ კი გვაქვს ეკონომიკა. საუბარი იმაზეა, რომელია ამ ორს შორის მთავარი - ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა? ის ქვეყანა, რომელმაც პრიორიტეტი ჯანმრთელობას მიანიჭა, ეკონომიკას კლავს და პირიქით, ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკა დააყენა წინ, ჯანმრთელობას აზიანებს. თუმცა, ის ქვეყნები, ვინც ჯანმრთელობას აიღებენ პრიორიტეტად, მოკლევადიან პერსპექტივაში, 1-2 წლის განმავლობაში წამგებიან პოზიციაში იქნებიან, რადგან ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან, მაგრამ გრძელვადიანში, 3-5 წელიწადში, მოგებულები დარჩებიან; ხოლო ვინც ეკონომიკას ანიჭებს უპირატესობას, მოკლევადიან პერიოდში, 1-2 წლის განმავლობაში მოგებულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი წაგებული იქნება.

თითქმის მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები მართავენ ქვეყნებს, არჩევნების ციკლი დაახლოებით 4-წლიანია, შესაბამისად, პოლიტიკოსები ძალიან მოკლევადიან შედეგებზე ფიქრობენ. ეს კალკულაციაშიც იყო ჩადებული, რომ ვინაიდან ძალიან ბევრ ქვეყანაზე არჩევნების გამო პოლიტიკური ზეწოლა იქნებოდა, პრიორიტეტი ეკონომიკაზე გაკეთდებოდა. უკვე მთელ მსოფლიოშია ამგვარი საუბარი: "რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მომკლავს თუ შიმშილი?!" როცა ეს სასაუბრო თემა ხდება, პოლიტიკოსები უყურებენ, რა მიმართულებით წავიდნენ და მიდიან იქ, სადაც ჩვენ - მთელი მსოფლიო ვართ. ძალიან მარტივი კალკულაციით, მთელი მსოფლიო 40 დღით ერთ დღეს რომ დაკეტილიყო, კორონა დამარცხდებოდა და ახლა მხოლოდ ცუდი მოგონება იქნებოდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით ვერც გლობალურად, ვერ - რეგიონულად.

კონკრეტულად, კალკულაციებში აღებული იყო 1918-19 წლის ე.წ. ესპანური გრიპის კალკულაციები, ასევე, შAღშ-ის, MEღშ-ის და სხვა გრიპების აფეთქებების. იყო რამდენიმე გამოთვლა: პირველის თანახმად, ტალღა მაღლა ჯერ ნელა ავიდოდა, შემდეგ ისევ ნელა ჩამოვიდოდა; მეორე, სწრაფად აიწევდა და მერე დავარდებოდა; "ესპანური გრიპის" კალკულაციებზე დაყრდნობით კი, სამი ტალღა იქნებოდა. პირველმა ორმა არ იმუშავა, ამიტომ ახლა მეორე ტალღაში შევდივართ - როცა ამას ვამბობთ, ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რეალობაა. მეორე ტალღა უფრო მძიმე, რთული და მწარე იქნება ბევრი მიმართულებით, მის შემდეგ უკვე ქვემოთ ჩამოვალთ და მერე გვექნება მესამე, წესით და იმედია, ბოლო ტალღა.

- თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში სიკვდილიანობა გაიზრდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს - კონკრეტულად, რა მიზეზებს გულისხმობთ?

- რამდენიმე თვის წინ ძალიან მკაცრად გავაკრიტიკე ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო. ძალიან მარტივი მოთხოვნა მქონდა - დადონ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ნოზოლოგიების მიხედვით - ანუ, რისგან გარდაიცვალა ადამიანი. ეს მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ, რა არის განსხვავება, რა იყო ადრე და სად ვართ ახლა. მაგალითად, ვთქვათ, რომ ვიღაც ქალბატონი გარდაიცვალა ზემო აჭარაში, ექიმმა თქვა, პნევმონიით გარდაიცვალაო. ჩვენ ვიცით, ის ქალბატონი პნევმონიით გარდაიცვალა თუ კოვიდით? ეს პირველი პრობლემაა, სიკვდილიანობის სტატისტიკა არასწორია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასეა, არც ერთი სტატისტიკა არ არის ზუსტი, რადგან პოლიტიკური ინსტრუმენტია ყველა მთავრობაში. მეორეა სუფთა პროფესიონალიზმის ნაკლებობა. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ თანამედროვე სტატისტიკაზე ჯერჯერობით არ გადავსულვართ.

მეორე ინფორმაცია, რასაც ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, ისაა, რომ ესა თუ ის პირი თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალაო. ეს წინადადება და თანმხლებ დაავადებებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტურად არასწორი და არაპროფესიონალურია, რადგან იმ ადამიანს რომ არ ჰქონოდა კოვიდი, ის ხომ არ გარდაიცვლებოდა? ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ორგანიზმი ებრძოდა კოვიდის ვირუსს, იმუნური სისტემა ჰქონდა დაქვეითებული და ა.შ. ანუ ფაქტობრივად, კოვიდმა მოკლა და არა - თანმხლებმა დაავადებებმა. ესეც ძალიან კარგადაა დასალაგებელი.

რაც შეეხება სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზებს, მეორე ტალღას ვხვდებით დაქვეითებული იმუნური სისტემით, რადგან ზაფხული მეტ-ნაკლებად ვერ გავატარეთ ისე, როგორც იყო საჭირო და შესაბამისი ნატურალური ვიტამინები ვერ მივიღეთ... კი, მზე და D ვიტამინი გვქონდა, ჩვეულებრივი ვიტამინები, ხილი და ბოსტნეული ნაკლები იყო, რადგან შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად, პრიორიტეტები. ჩვენი იმუნური სისტემა ასევე დაქვეითდა იმიტომ, რომ არის სტრესის ქვეშ, კოვიდის დროს ჩაკეტილები ვიყავით, შემდეგ ეკონომიკურმა პრობლემებმა იმოქმედა ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ასევე, სირთულეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადებები. კარანტინის დროს და მას შემდეგ ბევრი ქრონიკული დაავადება გამწვავდა - იმას, რასაც მაგალითად, პატარა ოპერაცია სჭირდებოდა, ახლა უფრო მძიმე ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება. ასევეა ეკონომიკური მდგომარეობა - ხალხი ცდილობს, ეკონომია გააკეთოს იმავე კვებაზე, წამლებზე, ვიტამინებზე და შესაბამისად, რაციონი, თუნდაც ხილი და ბოსტნეული შემცირებულია. ეს ყველაფერი დაგროვდა ერთად და მივიღეთ, რომ ახლა ყველანი რისკის ქვეშ ვართ, სხვა ვირუსებიც შემოდის, რომელიც დამატებითი სიმძიმეა და იმას მივიღებთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ იქნება მზად. სწორედ ამის გამო იქნება ჩვენი მეორე ტალღა ძალიან რთული.

ამას ემატება ისიც, რომ ჯანდაცვის სისტემაში ბევრ ქვეყანაში დიდი ცვლილებები არ მოხდა, მათ შორის საქართველოცაა. გაგრძელება