"მე და დათომ 10 უბედნიერესი წელი გავატარეთ ერთად, 16 წლის წინ გარდაიცვალა..." - კვირის პალიტრა

"მე და დათომ 10 უბედნიერესი წელი გავატარეთ ერთად, 16 წლის წინ გარდაიცვალა..."

"ურთულესი გზა გავიარე, მტერსაც ვერ გავიმეტებ ასეთი ტკივილისთვის"

მეგობრები კეთილსინდისიერ, სამართლიან ადამიანად ახასიათებენ და მიიჩნევენ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებული - ადამიანის ჯანმრთელობაა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე. მის გვერდით ყოფნა, გარშემო მყოფებს სიმშვიდის განცდას ანიჭებს. "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში პროფესიით ექიმი, დავით ტვილდიანის სახელობის ექსპერიმენტულ უნივერსიტეტ "აიეტისა" და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე - შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი გახლდათ.

როგორც ცნობილია, მარიამ ჯაშმა "ქართული ოცნებიდან" წამოსვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად დააფუძნა პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი". ძირითადად, მოახლოებულ არჩევნებსა და პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, თუმცა ვერც მის დიდ პირად ტკივილს - აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, დავით გოდერძიშვილთან ურთიერთობას ავუარეთ გვერდი...

- მე და დათომ ძალიან ახალგაზრდებმა შევქმენით ოჯახი, ის 22 წლის იყო, მე - 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ დათოც პატარა იყო, ყველა პირობა შემიქმნა პროფესიული განვითარებისთვის. დაქორწინების პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ სტუდენტს ყველანაირად მიწყობდა ხელს. რომ არ ყოფილიყო დათო ჩემ გვერდით, დაოჯახების მერე ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. პრაქტიკულად მან გამიხსნა გზა პროფესიული წარმატებისკენ. წარმოუდგენლად ძლიერი, პრინციპული და მზრუნველი იყო. მასთან ერთად ჩემი ცხოვრება ყვავილებით სავსე გახლდათ. სიურპრიზები უყვარდა, ძალიან ლამაზად შეეძლო რაიმეს შეფუთვა და მორთმევა. ვფიქრობ, ნებისმიერი წარმატებული ქალის ზურგს უკან აუცილებლად დგას მზრუნველი მამაკაცი... მე და დათომ 10 უბედნიერესი წელი გავატარეთ ერთად, მის გვერდით ყოველი დღე ლამაზი და საინტერესო იყო. 16 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს დღემდე ვგრძნობ.

- როგორ გაიცანით, როგორ დაუკავშირეთ მას თქვენი მომავალი?

- მეგობრის ქორწილში გავიცანი. ოჯახის წევრები და მეგობრები "ტულას" ეძახდნენ. სწრაფად განვითარდა მოვლენები. ექვს თვეში დავქორწინდით. სულ ვამბობ, გამიმართლა, რომ უდიდესი სიყვარული ვიპოვე დათოს სახით... ორი შვილი გვყავს - დეა და ირაკლი გოდერძიშვილები, რომლებიც დღეს სტუდენტები არიან. უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, რომელიც ჩვენ შეგვეხო, ვცდილობ, გავაგრძელო ცხოვრება და განვახორციელო ჩემი და დათოს ერთობლივი ოცნებები. როცა რამის გადაწყვეტა მინდა, ვფიქრობ, რას იზამდა დათო?.. მგონია, მისი ყველაზე მთავარი სურვილი შევასრულე - ჩვენი შვილები განათლებული და კეთილი ადამიანები არიან. დათოს წასვლის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ძალა სწორედ მათ მომცეს. მაშინ უფროსი 7 წლის, უმცროსი კი 4-ის იყო. დიდი ოჯახის, როგორც ჩემი, ასევე დათოს მშობლების, საერთო სამეგობროს უდიდესი თანადგომით, ასევე, ჩემი სამსახურის წყალობით შევძელი, შვილებისთვის ღირსეული მომავალი შემექმნა. ურთულესი გზა გავიარე, მტერსაც ვერ გავიმეტებ ასეთი ტკივილისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იმ ურთულეს პერიოდში ოჯახთან, მეგობრებთან და სამსახურთან ერთად, ძალების მოკრებასა და სიცოცხლის გაგრძელებაში ეკლესია დამეხმარა. ჯვრის მონასტრის მრევლი ვარ. სულიერება, რომელიც ჩვენს წმინდა ტაძრებშია, ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

- თქვენი მეუღლე თავად რას საქმიანობდა? - იურისტი იყო, ეკონომიკური განათლებაც ჰქონდა და საგადასახადო სისტემაში მუშაობდა. გამორჩეულად კარგი და ისეთივე ძლიერი პროფესიონალი იყო, როგორიც მეუღლე, მეგობარი, ადამიანი...

- როგორ დაიღუპა? - მაპატიეთ, ამაზე საუბარი არ შემიძლია. ჩემი ოჯახი, ისევე როგორც ჩემ გარშემო ბევრი ადამიანის ოჯახი, არაპირდაპირად იყო იმ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს 2003 წლიდან შეეხო. ჩემი მეუღლე 2004 წელს გარდაიცვალა.

- მკაცრი დედა ხართ? - არა, ვცდილობდი, მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ჩვენ თითქოს ერთად გავიზარდეთ. ვფიქრობ, შვილებთან ურთიერთობისას, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი პატარები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილები პირველ რიგში, კარგი ადამიანები, შემდეგ კი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. აინტერესებთ ის პროფესიები, რომლებიც აირჩიეს. დეა მეექვსე კურსის სტუდენტია, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ისიც გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით აპირებს კარიერის გაგრძელებას. ირაკლი ბერლინის უნივერსიტეტში ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობს, მესამე კურსის სტუდენტია. თანამედროვე სამყაროს სპეციალობას ეუფლება. დღემდე ვმეგობრობთ, ვფიქრობთ, სირთულეების გადატანა შევძელით.

- პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვიტეთ? - დიდ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია არასდროს მქონია. ჩემთვის საინტერესო და მშობლიური პროფესია ავირჩიე. დედაც მედიკოსია და მედიცინა ბავშვობიდანვე საინტერესოდ მეჩვენებოდა. როდესაც წამოვიზარდე, გავიაზრე, რომ ჩემი ინტერესის სფერო უშუალოდ კლინიკური მედიცინა კი არა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება იყო. შესაბამისად, ჩემი მთავარი გამოცდილება გლობალურ ჯანდაცვასა და გაეროს სისტემაში 12-წლიან მუშაობას უკავშირდებოდა. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე პალესტინაში საგანგებო მისიის დროს, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით მუშაობისას. 2006-დან 2010 წლამდე კი გაეროს ბავშვთა ფონდის, ნიუ-იორკის სათავო ოფისში ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ გაეროში მუშაობამ საშუალება მომცა, საქართველოში 27 მილიონის გრანტები შემომეტანა და 2002 წლიდან, შიდსის უფასო მკურნალობაში ჩემი წვლილი შემეტანა. მეამაყება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სრულიად მორღვეული იყო, იუნისეფმა იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების საშუალება მომცა.

- რა განცდა გქონდათ, როდესაც ძალიან ახალგაზრდას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიცია შემოგთავაზეს?

- ბედნიერი ვიყავი. მე და დავით სერგეენკო ერთ დღეს მივედით სამინისტროში. მანამდე ერთმანეთთან პროფესიული გადაკვეთა არ გვქონია, თუმცა, ერთად მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება შევძელით: სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის ჩ ჰეპატიტის პროგრამები. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ასობით ბავშვის დახმარების საშუალება მომცა. ასევე ძალიან გამიხარდა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" შემომთავაზა, საქართველოს პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი. როგორც ნებისმიერი სხვა თანამდებობა, ჩემთვის ესეც ხალხის სამსახურში ყოფნის ახალი შესაძლებლობა გახდა. რა თქმა უნდა, პატივად მივიჩნიე, როდესაც კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობა მერგო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ტექნიკური და კონკრეტული დარგის რეფორმების, პროგრამების სტრატეგიული ხელმძღვანელობა უფრო საინტერესო იყო. 7 წელი ვიყავი "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, შემდეგ კი უბრალოდ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. რატომ? იმიტომ, რომ უკვე შეუძლებელი გახდა მათთან თანამშრომლობა. ადრეც მქონდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამას ყოველთვის გუნდის შიგნით ვამბობდი. 2019 წელს უკვე არჩევნის წინაშე დავდექი: ან ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა მეცრუა, ან გუნდი დამეტოვებინა. თანამოაზრეებთან ერთად რთული, მაგრამ სწორი გზა ავირჩიე. არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც ხალხისგან მანდატი აქვს მონიჭებული, მორალისა და პროფესიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ წავიდეს. საარჩევნო პროპორციულ სიასთან დაკავშირებული საკითხი ჩემსა და "ქართულ ოცნებას" შორის წყალგამყოფი აღმოჩნდა. არაფერს ვამბობ პროპორციული სისტემის ავ-კარგიანობაზე, ჩემთვის პრობლემა გახდა ის, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა.

- იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დეპუტატები, რომლებმაც მოსამართლეების სკანდალისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო დატოვეთ მმართველი გუნდი, შემდეგ ბრძოლას ერთად გააგრძლებდით. რატომ აღმოჩნდით სხვადასხვა პარტიაში?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. მეც დიდი სურვილი მქონდა, რომ შემდგომი პოლიტიკური ბრძოლისთვის ძალები გაგვეერთიანებინა. ამ მიზნით კონსულტაციებიც გავმართეთ, მაგრამ ზოგიერთმა ჩვენმა თანამოაზრემ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაზე საერთოდ უარი თქვა, ზოგთან უბრალოდ, რიგ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. მაინც მიხარია, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირება შევძელით.

- რა ამოცანების წინაშე დგას თქვენი ახალშექმნილი პოლიტიკური გუნდი და რისი იმედი გაქვთ, როდესაც ამბობთ, რომ მთავრობას არც "ნაციონალურ მოძრაობას" შეუქმნით და არც "ქართულ ოცნებას"? ასევე გამორიცხავთ თანამშრომლობას სხვა დანარჩენ ოპოზიციასთან. გჯერათ, რომ დამოუკიდებლად შეძლებთ ახალი მთავრობის დაკომპლექტებას? - ჩვენ წინაშე არსებულ ამოცანებს ორ ნაწილად გავყოფ: ერთი ტრადიციული ბარიერია, რომელიც ყველა ახალშექმნილ პარტიას ხვდება; ეს გახლავთ ფინანსური რესურსის სიმწირე, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია - ჩვენს სარეკლამო კლიპსაც კი ვერსად ნახავთ, ძირითადად, სოციალურ მედიას ვეყრდნობით. ნომერი მეორე პრობლემა პანდემიის შედეგად შექმნილი გარემოა. განსაკუთრებულად დაგვაზარალა კორონამ, სამი ლიდერი - ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და გედი ფოფხაძე - ორ-ორი კვირით გამოეთიშა საარჩევნო კამპანიას. რაც შეეხება ახალი მთავრობის დაკომპლექტებას: ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იქნება. საკონსტიტუციო რეფორმამ ბევრ ახალ პოლიტიკურ სუბიექტს მისცა პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა. მგონია, რომ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული მსჯელობა მანამდე უნდა გადაიდოს, ვიდრე ხმების დათვლის პროცედურები არ დასრულდება და კონფიგურაციას არ ვნახავთ. დღევანდელი მოცემულობით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გარდაუვალი იქნება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას კოალიციასთან დაკავშირებით - კოალიციას შევქმნით მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ, ეს გამორიცხულია. თუ "ქართული ოცნებისთვის" ჩვენი ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდება, ძალზე მკაფიო მოთხოვნებსა და პირობებს წამოვაყენებთ, რომელთა შორისაც იქნება: უზენაესი სასამართლოს წევრების ხელახალი არჩევა, სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება, სოციალური პოლიტიკისა და უსახლკარობის რეფორმის გატარება. ამ საკითხებში შეთანხმების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" მთავრობის შექმნას შესაძლებლად მივიჩნევთ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ამაზე წამოვლენ. ფაქტობრივად, წინასწარ ვიცით, რომ თანამშრომლობა ვერ შედგება. შესაბამისად, დავრჩებით ოპოზიციაში და გვექნება გადამწყვეტი ხმა საიმისოდ, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ. ერთხელ უკვე შევძელით და ჩვენი 7 ხმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დროს, ქვეყანას ავაცილეთ როგორც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, ისე საერთაშორისო დონეზე იმიჯის კიდევ ერთხელ დაზიანება. ჩვენი ხმა, ჩვენი მანდატი ყოველთვის იქნება საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე.

ხათუნა ბახტურიძე ჟურნალი "გზა"