"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი შეფასებით, „ეს საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა“.

„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"