"ჩვენ ერთად შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ერთად შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ"

ოკუპაცია ყოველთვის იქნება ჩვენი წინსვლის, განვითარების ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი. ამიტომ, ჩვენ ერთად შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელოში განაცხადა, სადაც "ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ოკუპაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ამ პროექტს დავიწყებთ და გავაკეთებთ. აქ უნდა იყოს ასევე სპორტული ცენტრი, რომელსაც დავიწყებთ და ავაშენებთ. ამ ყველაფერს ჩვენ 2021 წელს დავიწყებთ. ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის დიდ გამოწვევას ვეძახით, ეს არის ოკუპაცია. სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების ან საქართველოს წარმატება, ეს აფხაზეთის წარმატებაა. ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიას სამშობლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ოკუპაციას ვერასდროს დავივიწყებთ. ყოველთვის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანებას უნდა მივაღწიოთ. შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე, ეს ოკუპაცია ყოველთვის იქნება ჩვენი წინსვლის, განვითარების ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი. ამიტომ, ჩვენ ერთად შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ. ამისთვის გვჭირდება ქვეყანაში სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის გვჭირდება 31 ოქტომბერს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"