"ეს რა ცხოვრებაა, როდესაც ერის ნახევარი არსებობის შესანარჩუნებლად არის გაქცეული, ნახევარი­ - სულს ღაფავს. ორივე ნახევრის უმრავლესობა კი..." - კვირის პალიტრა

"ეს რა ცხოვრებაა, როდესაც ერის ნახევარი არსებობის შესანარჩუნებლად არის გაქცეული, ნახევარი­ - სულს ღაფავს. ორივე ნახევრის უმრავლესობა კი..."

"ამას წინათ ვუსმენდი ქალბატონ სახალხო დამცველს. ბრძანა, - თუ ადამიანი უზრდელობას სჩადის, ეს ხომ მისი უფლებაა, გააკეთოს, რაც უნდაო! თურმე უზნეობას ზღვარი აღარ უნდა ჰქონდეს და ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მოეპრიანება. აი, რა უკუღმართობასთან გვაქვს საქმე! თუ აქამდე მივედით, ის საყრდენიც ხომ გამოგვეცლება, რასაც ადამიანობა, ღვთისადმი მოკრძალება ჰქვია. და მაშინ როგორღა უნდა ვიცხოვროთ?"

ყოველი თაობის ცხოვრების წესს ის ღირებულებები განსაზღვრავს, რომელიც მისსავე ეპოქაში ყალიბდება. მაგრამ ნებისმიერი ერის ცხოვრება მხოლოდ ერთი ეპოქა კი არა, ეპოქათა ტკივილიანი ცვლილებაა. თუკი ამ ცვლილებათა გასაყარზე მარადიულ ღირებულებათა შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ერი დაიღუპება. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ღირებულებათა ცვლილებების ზღვარზე დიდი მსხვერპლის ფასად გადიან და მარადიულის შენარჩუნებას ახერხებენ. ეს ადამიანები ჩვენი დროის სიმდიდრესაც წარმოადგენენ. მათგან ერთ-ერთს, მწერალს, პუბლიცისტს და მთარგმნელს, ლერი ალიმონაკს, 80 წელი შეუსრულდა.

- არასოდეს მცოდნია, რა უნდა მეკეთებინა, რომ ხელისუფალი მესიამოვნებინა და მატერიალური კეთილდღეობა მეძია. ალბათ შესწავლაც არ მოვინდომე, რადგანაც ჩემი მთელი ცხოვრება სულიერების გაწირვისა და მისი უარყოფის პროტესტი იყო. მათ შორის, ტერენტი გრანელის ცხოვრებისაც. ამიტომ ვიკვლევდი 20 წელიწადი. ეს დიდებული პოეტი იყო სწორედ სიმბოლო უსამართლოდ უარყოფილი ადამიანისა. მაშინაც ასე მეუბნებოდნენ, - გაჩერდი, რა დროს ტერენტი გრანელია, ვის სჭირდებაო! ლაო ძის "დაო დე ძინი", "უპანიშადები" იმიტომ ვთარგმნე, რომ ამ მიმართულებით ვაკუუმი იყო ქართულ ლიტერატურაში. პირველს 6 წელიწადი მოვანდომე, მეორეს - 30. რატომ? ვიცოდი, რომ ყოველთვის დგება დრო, როდესაც დაკარგული ზნეობის დასაბრუნებლად დიდი გარჯაა საჭირო. თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც მოვიდა დრო.

- ლაო ძის ქრისტემდე ექვსი საუკუნით ადრინდელი ფილოსოფია გასაოცრად დღევანდელია: "როდესაც მინდვრები გადახრიოკებულია, ბეღლები გამოცარიელებული, სამეფო კარი კი ზეობს და დიდებულნი ფუფუნებაში ყელამდე ჩაფლულან, ეს ავაზაკობაა"... - მარადიული ღირებულებები ყოველ ეპოქაში არსებობს, რადგანაც არსებობს ადამიანი და სიკეთე, მაგრამ გააჩნია, ეპოქა და ამ ეპოქის ადამიანები მათ როგორ მიუდგებიან.

საბჭოთა ეპოქაშიც იყო ღირებულებათა დევალვაცია. მაგრამ იყო ხალხი, არისტოკრატიის ნაშთები, რომელმაც სულიერების გადარჩენა შეძლო. ქართულმა მწერლობამ და ხელოვნებამ იტვირთა ეს მისია.

ახლა კი ღირებულებების განადგურების ახალი ეპოქა დადგა. ეპოქა, რომელმაც მოიტანა მასკულტურა - ზედაპირული კულტურა, რომელიც მასებს მოსწონთ. მოსწონთ ზედაპირული მწერლობა, მხატვრობა, თეატრი და ა.შ. კულტურა, რომელსაც არ აქვს სიღრმე. ისმის კითხვა, თუ რატომ მოსწონს ეს კულტურა ხალხს. იმიტომ, რომ სანამ ეს კულტურა გაბატონდება, მანამდე სულიერ ღირებულებათა მიპარვით ხელიდან გამოცლა ხდება. ასე იყო ჩვენთანაც. როგორც ჩათვლემილ ბავშვს გამოაცლის დედა ხელიდან სათამაშოს, ჩვენც ისე გამოგვაცალეს ტრადიციები, რომელიც დრომოჭმულად გამოვაცხადეთ (არადა, დრომოჭმული ტრადიციები ისედაც ძალდაუტანებლად იცვლება) და, რაც დაგვრჩა, იმის ლამის ადმინისტრაციული წესით გაუქმება დავიწყეთ. ასევე, თავად სამშობლოს ცნებაც...

- რაც ალბათ გლობალური მოვლენების დამსახურებაა.

- დიახ. მესმის, რომ მსგავსი მოვლენები მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ისტორიაში ბევრია ამგვარი პროცესი, საიდანაც გამოსვლას დიდი დრო სჭირდებოდა. მაგრამ ამჟამად საქმე უკვე კრიტიკულად არის. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ღირებულებებს ვიბრუნებდით, რწმენა გვეხმარებოდა. რწმენა, რომელიც გაერთიანებული იყო ცოდნასთან (ჩვენი საკაცობრიო სასულიერო მოღვაწეები გავიხსენოთ); მაგრამ ახლა უკვე რწმენა და ცოდნა ერთმანეთისაგან განცალკევდა - მოგეხსენებათ, მრევლის დიდ ნაწილს წარმოდგენაც არა აქვს სახარებაზე. და მეორე: ჩვენ დღეს რწმენას არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებელობით გვაცლიან. ერთ მაგალითს მოვიყვან. ამას წინათ ვუსმენდი ქალბატონ სახალხო დამცველს. ბრძანა, - თუ ადამიანი უზრდელობას სჩადის, ეს ხომ მისი უფლებაა, გააკეთოს, რაც უნდაო! თურმე უზნეობას ზღვარი აღარ უნდა ჰქონდეს და ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მოეპრიანება. აი, რა უკუღმართობასთან გვაქვს საქმე! თუ აქამდე მივედით, ის საყრდენიც ხომ გამოგვეცლება, რასაც ადამიანობა, ღვთისადმი მოკრძალება ჰქვია. და მაშინ როგორღა უნდა ვიცხოვროთ? თუმცა, აბა, ეს რა ცხოვრებაა, როდესაც ერის ნახევარი არსებობის შესანარჩუნებლად არის გაქცეული, ნახევარი - სულს ღაფავს. ორივე ნახევრის უმრავლესობა კი არსებობისთვის რას აღარ კადრულობს. ამიტომაც დავემგვანეთ აქაფებულ ზღვაში გემიდან გადმოგდებულ ნაფოტს, რომელმაც არ იცის, ტალღა საით წაიღებს.

მაგრამ ვიცით მაგალითები, როდესაც ჩვენს დღეში მყოფმა ერებმა ამგვარ სიტუაციაში გადარჩენა მოახერხეს. მაგალითად, იაპონიამ, რომელიც დღეს საოცარი ქვეყანაა თავისი ტრადიციებით და ტექნოლოგიებით. ერთ დროს კი, როცა უცხოელებში გათქვეფა დაემუქრათ, ქვეყანა ხანგრძლივი დროით ჩაკეტეს, მხოლოდ ჩინურ სავაჭრო გემებს მისცეს საზღვრების გადმოლახვის უფლება. ჩვენ კი ყოველივე უცხოურს, არა სასარგებლო და ქვეყნის განსავითარებლად აუცილებელ, არამედ ბრმა მიმბაძველობას ვირჩევდით მუდამ. XVII საუკუნის გრავიურები რომ დავათვალიეროთ, როგორ ვბაძავდით თუნდაც სპარსულ ყოფას, უხერხულობის განცდა გიჩნდება. მაგრამ როგორც ვთქვი, მაინც ვახერხებდით სარწმუნოების დახმარებით გადარჩენას. ეს, ენასთან ერთად, ერთ-ერთი საძირკველი იყო, რომელიც გვიბორკავდა ხელ-ფეხს, სხვებში გავთქვეფილიყავით.

ახლა ვნახოთ, რა ხდება ჩვენს მშობლიურ, ქართულ ენაში. არასოდეს დაკვირვებიხართ, როგორ მეტყველებს უმრავლესობა პარლამენტარებით დაწყებული, არასამთავრობოებითა თუ ჟურნალისტებით დამთავრებული? სად აკეთებენ მახვილებს?! რა მდარედ გამოთქვამენ აზრებს? და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამერიკას ვბაძავთ, ინგლისს ვბაძავთ, ფრანგებს ვბაძავთ... ამ დროს ინგლისია თუ ამერიკა, თავისი დროის საათით აგრძელებენ ცხოვრებას, მათ ჩვენი მიმბაძველობა არაფრად სჭირდებათ, ჩვენ კი ენას ვიმახინჯებთ. ამ დროს მშობლიური ენა ყველაფერია, ის არის ჩვენი ერთადერთი საყრდენი.

- "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს". - ახლა მესამე ფაქტორიც: არასოდეს შეგიმჩნევიათ, როგორი ხალისით და რისთვის აგზავნიან მშობლები შვილებს უცხოეთში? ძირითადად იქ დასარჩენად - კეთილდღეობისა და კომფორტისთვის.

წარმოგიდგენიათ? მშობლები მზად არიან, შვილები უცხოეთის გიგანტურ სივრცეებში გასაქრობად გასწირონ! დაუნანებლად იმეტებს შვილს უცხო სივრცეებში უკვალოდ გასაქრობად. კიდევ კარგი, ბევრი ახალგაზრდა, მშობლებისაგან განსხვავებით, ასე არ ფიქრობს. ამიტომ არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი მოურიდებლად - ეს ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ, "გამჩუქებელ" მშობლებს აპატიონ ეს წარმოუდგენელი სისუსტეები და საკუთარ თავთან ერთად ქვეყანაც დააყენონ ფეხზე.

მიხარია, რომ არიან ახალგაზრდები, რომლებშიც ამის პოტენციას ვხედავ. ამას წინათ მეგობარმა დამირეკა, - ბუკინისტებთან ვდგავარ. ერთი გოგონა შენს ლაო ძის ყიდულობსო. მერე ეს გოგონაც დამალაპარაკა. მისმა გონიერებამ მომხიბლა.

- თუმცა, დღეს ეს ახალგაზრდობა არა კულტურაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის მაგალითს იღებს მხოლოდ. მე, მაგალითად, შემრცხვა, როდესაც პანდემიის გამო ხელოვნების მოღვაწეებს დახმარებაც კი არ მისცეს, რადგანაც მათ თურმე "თვითდასაქმების" დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. - თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ, თუნდ მწერლები, გეტყვით:

ჩვენ ვცხოვრობთ პენსიით, ანუ მეც ზუსტად იმდენივე პენსია მაქვს, რამდენიც ყოფილ ვიგინდარას. პენსიით როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, როგორ უნდა მიმართოს მედიცინას, რომელიც კატასტროფულად ძვირია?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კულტურა არაფრად სჭირდება, იმასაც კი ვერ ხვდებიან, რამდენად დამღუპველია ეს ქვეყნისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი წიგნები არ იბეჭდება, მაგრამ მწერალი, რომელიც საკუთარი წიგნის ღირებულების მხოლოდ 10-15%-ს იღებს, წიგნის გამოცემის გარეშე ვერ იარსებებს.

ამას წინათ მივმართე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ერთ-ერთი წიგნის დაფინანსებისთვის. არც კი მიპასუხა. სამაგიეროდ, ყველა ვხედავთ, როგორ ზრუნავენ საკუთარ კეთილდღობაზე სახელმწიფოს სხვა "მოღვაწეები". მახსოვს, როდესაც ბრწყინვალე მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს, მედალი მისცეს, დავწერე, - ამ კაცს მარტო "ჟეშტი" რას უშველის-მეთქი! ასე არ შეიძლება. სულიერებას, კულტურას მთელი ქვეყანა უნდა ამოუდგეს გვერდით.