"მთვარის მოახლოების გამო კატასტროფას არ უნდა ველოდოთ" - კვირის პალიტრა

"მთვარის მოახლოების გამო კატასტროფას არ უნდა ველოდოთ"

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიწისძვრები ჰაიტიზე, ჩილეში, პაკისტანში, თურქეთსა და სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიაში მთელი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. პანიკას ამძაფრებს ამერიკული კოსმოსური სააგენტო  NASA-ს მკვლევარ რიჩარდ გროსის განცხადება დედამიწის ღერძიდან კვლავ გადახრის შესახებ, რამაც მისი ბრუნვა უფრო დააჩქარა და ამიტომაც დღე-ღამის ხანგრძლივობა შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტს ისევ მოსალოდნელია სტიქიური უბედურება. რა არის სიმართლე და რა საინფორმაციო საშუალებებისა და ე.წ. სამეცნიერო ჯგუფების ფანტაზიის ნაყოფი, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ქართველ გეოფიზიკოსებს ესაუბრა.

თამაზ ჭელიძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: - ყოველ 18 წელიწადში ერთხელ მთვარე დედამიწას უახლოვდება. ეს ჩვეულებრივი ციკლური, პერიოდული პროცესია. პანიკა დაიწყო იმით, რომ ვიღაც ასტროლოგმა (ასტროლოგებს არ ვაკუთვნებ ზუსტი მეცნიერების სტატუსს), და არა ასტრონომმა, რომ გაიგო, მთვარე დედამიწას უახლოვდებაო, გადაწყვიტა, ხალხი შეეშინებინა და განაცხადა, რომ შესაძლოა მიზიდულობის ძალის გაზრდის გამო დაიწყოს მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა და ა.შ. ამ მოვლენას ასეთი კატაკლიზმები რომ მოჰყვებოდეს, დედამიწა ყოველ 18 წელიწადში ერთხელ უნდა ინგრეოდეს. უამრავი ასეთი ციკლი გადავიტანეთ და, ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა.

მთვარე იწვევს გეოფიზიკური მოვლენების გააქტიურებას, მაგრამ არა ისე, რომ პანიკას მივეცეთ.

მთვარის გავლენა უფრო სუსტია, ვიდრე დედამიწის სიღრმეში მოქმედი ე. წ. ტექტონიკური დაძაბულობა, რაც იწვევს მიწისძვრებსა და ვულკანების ამოფრქვევას, ამიტომ მთვარის მოახლოების გამო კატასტროფას არ უნდა ველოდოთ. მეორე მხრივ, არსებობს თეორიები, თითქოს შეიძლება მოხდეს ე.წ. ტრიგერირება, ანუ პროვოცირება. თუ მიწისძვრა მომზადებულია, შესაძლოა, მცირე დამატებულმა ძალამაც მისცეს ბიძგი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიწისძვრა ცოტა ხანში მაინც მოხდებოდა, ამ მოვლენამ ის მხოლოდ დააჩქარა. ასე რომ, ტრიგერირების გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ არც იმის მტკიცებაა მართებული, თითქოს ის აუცილებლად გამოიწვევს კატასტროფას. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ იაპონიის მიწისძვრა პროვოცირებულია მთვარის მოახლოებით.

- რა მოვლენებს იწვევს მთვარის მოახლოება?

- მთვარის გავლენის შედეგია დედამიწაზე ოკეანეთა და ზღვათა მიმოქცევები. მიმოქცევებს  დედამიწის მყარი ქერქიც განიცდის და ის ძალიან მცირე მანძილით წაინაცვლებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მოძრაობები უმნიშვნელოდ აჩქარდეს, თუმცა, ვიმეორებ, კატასტროფა მოსალოდნელი არ არის.

- უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ 19 მარტს ბუნებრივი კატაკლიზმებია მოსალოდნელი...

- ეს, ალბათ, საყოველთაოდ ცნობილი 2012 წლის შესახებ წინასწარმეტყველების გამოძახილია. რაც მთავარია, ასტრონომები და მეცნიერები აცხადებენ, რომ საქმე არც ისე ცუდად გვაქვს.

- დედამიწის ღერძიდან გადახრაც არაფერს ნიშნავს?

- დედამიწის ღერძი 25 გრადუსით არის გადახრილი და ახლა იაპონიის მიწისძვრამ ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაზარდა. ეს ძირეულ გავლენას ვერ მოახდენს ვერც კლიმატსა და ვერც სხვა მოვლენებზე. ვიმეორებ, არაჩვეულებრივი არაფერი  ხდება.

ეს ყველაფერი კატასტროფული გვეჩვენება რამდენიმე მიზეზის გამო: მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მომენტალურად გადასცემენ ინფორმაციას მთელ მსოფლიოს და, ბუნებრივია, ხალხიც რეაგირებს. ამასთან, ბუნებრივი მოვლენები კი არ გახშირდა, მათი ეფექტი გაიზარდა, რადგან გაჩნდა დიდი ქალაქები უზარმაზარი ინფრასტრუქტურებით და, რა თქმა უნდა, მიწისძვრის დროს ნგრევა და მსხვერპლი უფრო მასშტაბურია.

ადამიანი დასახლდა იმ ადგილებში, სადაც ადრე ნაკლებად ან საერთოდ არ სახლობდა. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მსგავსი მიწისძვრა რომ განმეორდეს, მისი ეფექტი, მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი გაცილებით მეტი იქნება, რადგან სან-ფრანცისკო ერთი საუკუნის განმავლობაში გაცილებით გაიზარდა.

- ითქვა, რომ დედამიწის ღერძის გადახრამ დღე-ღამის შემცირება გამოიწვია.

- დიახ, მიკროსეკუნდებით. ესეც ისეთი უმნიშვნელო ეფექტია, რომ პანიკის ატეხა საჭირო არ არის. ამას ქარები, დინებები, მიზიდულობის ძალები იწვევს. არსებობს მიწისძვრაზე გაცილებით ძლიერი ეფექტებიც, რომლებიც დედამიწის დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ახდენენ ზეგავლენას.

- აქვს თუ არა დედამიწას უნარი, ღერძზე ისევ გასწორდეს?

- სხვადასხვა მიწისძვრამ, შესაძლოა, საწინააღმდეგოდ გადახაროს და კომპენსირება მოხდეს.

- დიდი ხანია ვრცელდება წინასწარმეტყველება, თითქოს იაპონია წყლით დაიფარება და ეს კუნძულები აღარ იარსებებს. მეცნიერული კვლევები იძლევა თუ არა ამის თქმის საფუძველს?

- ოკეანის დონის მატება უფრო რეალური რამ არის, ვიდრე ის, რასაც ახლა ვითომ წინასწარმეტყველებენ. თუმცა, წყლის დონე უცებ არ იწევს, ეს გლობალური დათბობის შედეგია, რომელსაც ადამიანი იწვევს თბოსადგურებით, CO2-ის გამოყოფით და ა.შ. ატმოსფეროში იწყება სითბური აირების დაგროვება, ეს კი ყინულის დნობას განაპირობებს. მაგალითად, წყნარი ოკეანის კუნძული კირიბადი ოდესღაც წყლით დაიფარება, ამიტომ უკვე ფიქრობენ, სად უნდა გადაასახლონ კუნძულელები, თუმც ეს არ მოხდება ხვალ-ზეგ. ყველაფერი ეს მეცნიერული გათვლებით არის ნაკარნახევი.

ტემპერატურა მართლაც მატულობს. შესაბამისად, პოლარული მყინვარები დნება. გამოანგარიშებულია, რა ზომის ყინულის დადნობა რამდენად ასწევს წყლის დონეს.

- ატომური ელექტროსადგურები უწყობს ხელს თუ არა გლობალურ დათბობას?

- ატომური ელექტროსადგური იმ მასშტაბისა არ არის, რომ გლობალური დათბობა გამოიწვიოს. უფრო საშიშია რადიაციული ნივთიერებების გაჟონვა. როგორც ამბობენ, იგი არ გასცდება იაპონიის საზღვრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან არასასიამოვნოა.

- ცუნამის პროგნოზირება იყო შესაძლებელი?

- როდესაც მიწისძვრის კერა ოკეანის ფსკერზეა, ძალიან ხშირად ცუნამიც წარმოიქმნება. გააჩნია, როგორია მიწისძვრის მექანიზმი. თუ მიწისძვრის დროს რღვევის ერთი მხარე აიწევს, ცხადია, ამას წყლის დონის აწევა მოჰყვება და გაჩნდება ცუნამის ტალღა, რომელიც რაც უფრო უახლოვდება ნაპირს, მით იზრდება.

ცუნამის ტალღის სიჩქარე დაახლოებით 800 კმ/სთ-ია, თვითმფრინავის სიჩქარით მოძრაობს.

იაპონიის სანაპიროსთან, საიდანაც მიწისძვრის კერა 130 კმ-ში იყო, ტალღამ ნაპირს ათ წუთში  მიაღწია. ამ დროში ვერაფერს მოასწრებ. რამდენიმე საათის შემდეგ ცუნამი უკვე ამერიკისკენ, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნებისკენ მიდიოდა, მაგრამ იქ ტალღა უფრო სუსტი იყო და გარიდებაც შეიძლებოდა.

- მიწისძვრის პროგნოზირება კვლავაც შეუძლებელია?

- ეს ძალიან საინტერესო საკითხია. მე ჯერ ვერ მივაგენი ინფორმაციას, რომ იაპონელებს ჰქონოდათ მიწისძვრის პროგნოზი. არადა, უამრავი ხელსაწყო ჰქონდათ განლაგებული ოკეანის ფსკერზეც კი და იმედი ჰქონდათ, პროგნოზს გააკეთებდნენ, თუმცა ფაქტია, ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა ან ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის გახმაურებული.

- ეს წელი, ალბათ, განსაკუთრებულია იმითაც, რომ რამდენჯერმე დაბნელდება მზე და მთვარე. ესეც ხომ არ იქნება მიზეზი იმისა, რომ წელიწადი რთული გამოდგება გეოფიზიკურად?

- ვფიქრობ, ამაშიც არაფერია განსაკუთრებული, რადგან ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა.

საბედნიეროდ, საქართველოში არც მასშტაბური მიწისძვრებია მოსალოდნელი და არც წარღვნა გვემუქრება. საქართველოს ტერიტორიაზე ცუნამის წარმოქმნა გამორიცხულია.

თუმცა გასაგებია მღელვარება იმის გამო, რომ ქართველები გაფანტული არიან მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, ყველას გვაინტერესებს, სად რა მოხდება. დედამიწა ცოცხალი პლანეტაა. მთვარე მკვდარია, შესაბამისად, იქ ასეთი მოძრაობები არ არის.

რადგან დედამიწაზე ვცხოვრობთ და არა მთვარეზე, უნდა შევეგუოთ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები იყო და იქნება, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ თავდაცვა,

ვაშენოთ კარგი სახლები და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის, თუნდაც ისე, როგორც იაპონელებმა გააკეთეს, რაღა თქმა უნდა, რამდენადაც შეეძლოთ.