"ჩვენი ხელისუფლებისა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა... ეკონომიკის გაუდაბნოება აწყობს როგორც ივანიშვილს, ისე კრემლს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ხელისუფლებისა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა... ეკონომიკის გაუდაბნოება აწყობს როგორც ივანიშვილს, ისე კრემლს"

"ამ წინასაარჩევნოდ ქვეყნის უსაფრთხოება ერთი პარტიის მეორის მიმართ მანიპულირებულ ზიზღში იწირება"

პოეტი რატი ამაღლობელი კარტოგრაფების საქმეს ხელისუფლების წინასაარჩევნო ბანალურ ტრიუკს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმე არჩევნების შემდეგ აღარ იქნება აქტუალური და სხვა საქმეებივით თაროზე შემოიდება.

- ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს პატრიოტული და ღირსების თემით ჩვენი მანიპულირება? ეს საქმე წინასაარჩევნო ბანალური ტრიუკია, რომელსაც ხშირად იყენებს ხელისუფლება. როგორც ჩანს, მტერმაც კარგად შეგვისწავლა, იცის ჩვენი დამოკიდებულება დავითგარეჯის მიმართ და დროც შესაბამისი შეარჩია. აქ მე ვხედავ როგორც ვიწროპარტიულ, ისე რუსეთის ინტერესებს. ეს მტერი გასაგებია, მაგრამ როდესაც ამას სჩადის ხელისუფლება და პოლიტიკოსთა ძალაუფლების შენარჩუნებას მეცნიერები ეწირებიან, გახსენდება ის ტექნოლოგიები, როგორითაც იკერებოდა მაგალითად, ფოტოგრაფების საქმე.

არ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ვიწროპარტიულ ინტერესებს შესწირო როგორც უბრალო ადამიანები, ისე ქვეყანა და მისი უსაფრთხოება. დაუშვებელია, პატრიოტული თემებით ითამაშო შენი მოსახლეობის გრძნობებზე.

სასამართლო ის სფეროა, სადაც პროფესიული ღირსების ერთი მაგალითიც არ ყოფილა. ეს კორუფციული თამაშის წესები არსითა და იდეით კორუფციულია და გარიგებაზე ორიენტირებული, რაც არ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ გარეჯი გქონდეს. საერთოდ, ისტორია გქონდეს. ყველაფერს ღირსეულად დაცვა სჭირდება.

- ოპოზიციის აზრით, კარტოგრაფების დაკავება ვიღაცამ მათი დემონიზაციის სურვილით სცადა. მეორენი ამბობენ, რომ შესაძლოა გაიზარდოს ბრალდებულთა წრე და საქმე წინა რეჟიმის მაღალჩინოსნებამდეც მივიდეს. - ეს თემა არჩევნებამდე იქნება აქტუალური, მერე კი ისევე ჩაქრება, როგორც სხვა გახმაურებული საქმეები, როგორიც არის პაატა ბურჭულაძის თემა თუ კაბელების საქმე. გამოძიებით რამე დადგინდა? ტრაქტორების საქმეზე მივიღეთ შედეგი?

კარტოგრაფების საქმე მხოლოდ ციკლური, ფაზაზე, დროზე, საარჩევნო წელიწადზე ან რაიმე ტიპის პოლიტიკურ პროცესზე გათვლილი დევნაა. ეს ორი ადამიანი მათი თამაშის, მანიპულაციის ჯოკერია.

გამოდის, საბჭოთა კავშირის შემდეგ ადამიანებთან დამოკიდებულებაში სისტემურად არაფერი იცვლება. ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებაც და ყველაფერი პრივატიზებულია, ყველა საზოგადოებრივი სიკეთე ერთი კაცის ხელში, ან სხვა ქვეყნების ინტერესშია. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ეჭვები. დავითგარეჯის საკითხში როგორც მოიქცა სახელმწიფო და როგორც იქცევა, რა საფრთხის წინაშეც აყენებს ჩვენს ურთიერთობას ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მომავალს, აჩენს კითხვას: გვაქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოება? ამ წინასაარჩევნოდ ქვეყნის უსაფრთხოება ერთი პარტიის მეორის მიმართ მანიპულირებულ ზიზღში იწირება. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლა და როცა არ არის საუბარი იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსი, როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, როცა ამას არ აკეთებ და ამ გზით მიდიხარ, კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით არჩევნებამდე.

- დავითგარეჯის, ჩვენი ეროვნული იდენტობის სიმბოლოს თემას რატომღაც ყველა ხელისუფლება აკონსერვებდა. გამოსავალი რაშია - რუკებში თუ პოლიტიკურ ნებაში? თქვენი აზრით, არსებობს კომპრომისული ვარიანტი? - იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადავჭრათ, საჭიროა პოლიტიკური ნება და ბერკეტების გამოყენება საჭირო დროსა და საჭირო რაოდენობით.

- ეროვნული ღირებულებებით მანიპულაციები ვის ინტერესებს ემსახურება? - ჩვენი ხელისუფლებისა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რაც არა მარტო დავითგარეჯის, არამედ ბევრ სხვადასხვა საკითხშიც იკვეთება. ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუციების დეგრადირება თუ ეკონომიკის გაუდაბნოება აწყობს როგორც ივანიშვილს, ისე კრემლს. მათ სურთ საქართველოში მუდმივად ქაოსი იყოს. რაც უფრო ღარიბი იქნება რეგიონში საქართველო, მით უფრო იოლად დაისაკუთრებს მას ივანიშვილი, შეინარჩუნებს ძალაუფლებას და იოლად ეტყვის მსოფლიოს, ხედავთ, ეს არის ომების, ჩამორჩენილი ეკონომიკის, კრიმინალის ქვეყანა და ნუ შეწუხდებით, რამენაირად ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავსო. შეთანხმებულად თუ შეუთანხმებლად, ბევრ რამეში ემთხვევა ჩვენი ხელისუფლებისა და რუსეთის პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესები.

- რაშია გამოსავალი?

- ერთადერთი გამოსავალი პასუხისმგებლობით აღსავსე კოალიციური მთავრობაა, სადაც იქნება არაერთი ლიდერი და მხოლოდ ერთ კაცს არ დაემორჩილება ყველა.

- ივანიშვილიც და უმრავლესობის სხვა ლიდერებიც გარანტირებულ მოგებასა და 63%-ზე ლაპარაკობენ. რა აძლევთ მათ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? - მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, ვნახოთ... ეს არჩევნები ვიღაცის აბსოლუტური გამარჯვებით არ უნდა დამთავრდეს, გამოსავალი დაბალანსებული პარლამენტი, კოალიციური მთავრობა და ურთიერთკონტროლია.

- ირაკლი კობახიძემ ბრძანა, ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუისო და დასძინა, გახარია იქნება ის პრემიერი, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაძლევს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, რის შემდეგაც ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპით განვითარდებაო. - მის გამონათქვამებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე არსად მინახავს კობახიძე - არც სააკაშვილთან ბრძოლის დროს, არც გარეჯისა და არც არაფრისთვის ბრძოლაში. ის პირდაპირ დასვეს თანამდებობაზე ვიღაცა მდიდარი კაცის ლაქიად. დასანანი ის არის, ასეთი ახალგაზრდები უცებ რომ ხდებიან ვიღაცის პაიკები.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ისევ ორპოლუსიანობის წინაშე არ დავდგეთ? - ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს არა დიდ მონსტრებს, არამედ ისეთ პარტიებს, რომლებიც არც "ოცნებაა", არც "ნაცმოძრაობა" და არც მათი სატელიტები, ანუ დანარჩენს. "ნაცმოძრაობაც" და "ოცნებაც" ერთი ჯოხის ორი მხარეა. არჩევანი გააკეთონ ოპოზიციურ, ოღონდ შუალედურ პარტიებზე - ესაა ჩემი პოზიცია.