"რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო" - გამოცხადდება თუ არა მეორე დიდი "ლოკდაუნი" - კვირის პალიტრა

"რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო" - გამოცხადდება თუ არა მეორე დიდი "ლოკდაუნი"

"მთელმა მსოფლიომ ისწავლა, რომ ნიღაბი და დისტანცია კარგად იცავს და სხვა შეზღუდვები აღარ არის აუცილებელი"

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფექციის ასეთი მაღალი მაჩვენებელია და მოსახლეობას ყოველდღიურად პირბადეების გამოყენებისა და დისტანციის დაცვისაკენ მოვუწოდებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ბათუმში რამდენიმეათასიანი შეკრება იმართება... კოვიდპრობლემებზე მინდოდა საუბარი, თუმცა, ახლა ეს პრობლემა პოლიტიკის ნაწილი გახდა და ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძესთან ჩემი ინტერვიუც ვერ იქნება მხოლოდ სამედიცინო თემასთან დაკავშირებული.

- ბატონო პაატა, სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი ჩვენი ინტერვიუ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულმა ხალხმრავალმა შეკრებამ ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა...

- რამე რომ ვთქვა, იტყვიან, პოლიტიკაში ერევაო, ამიტომ არაფერს ვიტყვი! მე მგონი, ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რაც უნდა მეთქვა.

- როგორც ეპიდემიოლოგმა, ისე შეაფასეთ ეს ფაქტი. რა შეიძლება მოჰყვეს ამას და რამდენ ხანში მოვიმკით ამ აქტივობის შედეგს? - შედეგს დაახლოებით 10 დღეში დავინახავთ. რამდენი ხანია, ვიხვეწებით, ყველგან ნიღაბი და დისტანცია გამოიყენეთო, თუმცა ყველამ ნახა, ბათუმში რაც ხდებოდა.

- ექიმების მიერ ასეთი აქტივობის მხოლოდ დაგმობა საკმარისია?

- ექიმებმა მეტი რა უნდა ვქნათ?

- მაშინ გკითხავთ, მთავრობას რა უნდა ექნა... - წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცას რომ ეთქვა, თუ შეიძლება წესრიგი დაიცავითო, რა ამბავი ატყდებოდა?! ეს პოლიტიკური ზეწოლააო, არ იტყოდნენ?!

- რომ არ თქვან, მხოლოდ ცალმხრივად სვამს კითხვებსო, სხვაგვარადაც ვიკითხავ... რვა თვის განმავლობაში კუბოებით გვაშინებდნენ, არადა, მაშინ ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი, ისიც მხოლოდ ერთხელ, 41 იყო, ახლა ლამის 1000-მდე ავიდა ინფიცირებულთა რაოდენობა და მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ვჯერდებით.... როდის ვიქცეოდით სწორად, მაშინ, თუ ახლა? - ახლავე აგიხსნით. ჩვენ მთელი გაზაფხული ხომ გავიარეთ ისე, რომ როცა მსოფლიოში იყო პირველი ტალღა, ჩვენ თითქმის პირველი ტალღაც არ გვქონია! რატომ არ გვქონდა პირველი ტალღა? იმიტომ, რომ ყველაფერი გაკეთდა - აკრძალვები იყო დროული, ხალხიც ემორჩილებოდა ამას. მაშინ, როცა არავინ არაფერი იცოდა ამ ვირუსის შესახებ. ეს ხომ გავაკეთეთ? თან - ძალიან კარგად, მაგრამ ასეთი ღონისძიებები მთელი ცხოვრება ხომ ვერ გაგრძელდება? ქვეყანა ხომ უნდა ამუშავდეს? მთელმა მსოფლიომ ისწავლა, რომ ნიღაბი და დისტანცია კარგად იცავს და სხვა შეზღუდვები აღარ არის აუცილებელი. თვითონ უნდა მიხედო თავს - ნიღაბი გაიკეთო, დისტანცია დაიცვა და იმუშაო.

- მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველას არ გამოსდის. არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლით, შესაძლოა, ოთხნიშნა რიცხვს მივაღწიოთ. სხვაგვარი რეაგირება ხომ არ არის საჭირო? - ზოგ ქვეყანაში ბრუნდება შეზღუდვები, თუმცა ცდილობენ, ეს შეზღუდვები ისეთი იყოს, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს. ჩვენც ამ ღონისძიებებს მივყვებით, ანუ ვცდილობთ, წერტილოვანი შეზღუდვებით გავიდეთ ფონს ისე, რომ თან ქვეყანა განვითარდეს.

- და რა შედეგს გვაძლევს ეს პოლიტიკა? - ეს ჩვენც იმავე შედეგს გვაძლევს, რასაც მთელ მსოფლიოს, ოღონდ იმათ მეორე ტალღა აქვთ, ჩვენ კი, პრაქტიკულად - პირველი.

- ყველაზე მტკივნეულ საკითხზე გკითხავთ - 41 წლის ქალბატონის გარდაცვალებაზე, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, "კოვიდ-19"-ით გამოწვეული თრომბოემბოლია შეიძლებოდა ყოფილიყო. - სანამ არ იქნება გამოკვლევის შესახებ სამედიცინო კომისიის დასკვნა, ჩემთვის ძალიან ძნელია რამის თქმა... თითოეული სიკვდილი არის ტრაგედია. სხვათა შორის, თრომბოემბოლიით, შესაძლოა, საავადმყოფოშიც გარდაიცვალოს პაციენტი. ამ საკითხზე ჩემზე უკეთეს კომენტარს კლინიცისტები გააკეთებენ.

- ტესტებზეც გკითხავთ - პასუხები იგვიანებსო, წუხან ჩვენი მოქალაქეები. - ევროპაში მერამდენე დღეს იგებენ ტესტის პასუხს? კარგი ახლა, ნუ მოგვთხოვენ, რომ ყველაფერში ვაჯობოთ მსოფლიოს. ძალიან ადვილი სანახავია, მილიონ მოსახლეზე სად რამდენი ტესტი ტარდება. ეს მონაცემები ინტერნეტშია და ყველას შეუძლია ნახოს. ნახონ, საქართველო ამ მონაცემებით რომელ რიგშია, რამდენ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე მეტ ტესტს ვაკეთებთ მილიონ მოსახლეზე!

ძალიან ძნელია გარდაცვალებაზე საუბარი, მაგრამ იქაც ნახონ, მილიონ მოსახლეზე რამდენია გარდაცვლილი. ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ ნაკლებია ჩვენთან.

- არის პრეტენზიები კლინიკაში მოხვედრასთან დაკავშირებითაც... - გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, რატომ გვაწვენენ ყველას საავადმყოფოშიო? ახლა ვამბობთ, რომ საავადმყოფოში უნდა დაწვეს მხოლოდ მძიმე პაციენტი და ახლა ამაზე გვაკრიტიკებენ! ჯერ ჩამოყალიბდნენ კრიტიკოსები, რას გვსაყვედურობენ და მერე მათ კლინიცისტები უპასუხებენ.

- ძალიან დიდ იმედს ვამყარებდით "რემდესივირზე", თუმცა ითქვა, რომ მის იმედად ვერ ვიქნებით. რა ვქნათ? - არაფერი. ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ დისტანცია.

- კოვიდთან ბრძოლის რვა თვის თავზე ისევ ნიღბის ამარა დავრჩით? - ნიღაბი და დისტანცია. ჩემზე უკეთესად ენტონი ფაუჩიმ თქვა, ხუთი პრინციპი ჩამოთვალა: ნიღაბი, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებისთვის თავის არიდება, მცირე შეკრებები, რომელსაც ვერ ავცდებით, ოღონდ - ღია სივრცეში, და ხელების ჰიგიენა. ასე შეგვიძლია კორონავირუსს ვებრძოლოთ.

- არაერთი პროფესიონალი, მაგალითად, გიორგი ფხაკაძე, ამბობს, რომ საქართველოში გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ? - გიორგის ვიცნობ, ძალიან კარგი პროფესიონალია. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ საქართველო აკეთებს იმას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე უფრო მისაღებია.

- თავიდან ძალიან ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩვენი მთავრობა უჯერებს ექიმებს. ახლაც გიჯერებენ თუ აღარ? - ყველა გადაწყვეტილება მიიღება ჩვენი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით.

- კორონავირუსის სიმპტომების დაწყებამდე რამდენი დღით ადრეა ინფიცირებული გადამდები? - პაციენტი კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ორი დღით ადრე შეიძლება იყოს გადამდები, კლინიკური ნიშნების დაწყებიდან 13 დღის შემდეგ კი ის გადამდები აღარ არის. თუ პაციენტი უსიმპტომოა, ის 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები.

- არიან ჩვენ გარშემო ადამიანები, ვინც ეს დაავადება გადაიტანა და მათგან ბევრი საინტერესო რამ გვესმის. რა არის დადგენილი, განკურნების შემდგომ რა კვალს ტოვებს "კოვიდ-19" ორგანიზმში? - ამაზე უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული. აღმოჩნდა, რომ ვირუსმა შეიძლება ორგანიზმის ბევრ სისტემაზე იმოქმედოს. მათაც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა დაავადება, შესაძლებელია, რაღაც პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ორგანოს პრობლემები დარჩეს.

- კარგა ხნის გამოჯანმრთელებულებმა მითხრეს, რომ ვერ გრძნობენ, რას ჭამენ, მეხსიერების პრობლემებსაც უჩივიან... - გემოს დაკარგვა ხშირია. ზოგს ცოტა ხნით, ზოგს კი უფრო დიდი ხნით უგრძელდება.

- იმედი გვქონდა, რომ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინა გვექნებოდა. - ტრამპსაც აქვს იმედი, რომ წლის ბოლოს ვაქცინა იქნება. მოდი, რეალისტები ვიყოთ - არა მგონია, გამოცდილი და ხელმისაწვდომი ვაქცინა ზამთრის ბოლომდე ან გაზაფხულამდე იყოს ჩვენთან.

- ოპოზიციური პარტიები არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ. თქვენ, როგორც ექიმი, ხედავთ ამის აუცილებლობას?

- თუ ქუჩაში დავდივართ, სამსახურში, არჩევნებზე რატომ არ უნდა მივიდეთ? მით უმეტეს, რომ ნიღაბი და დისტანცია ყველგან ერთნაირად ეფექტიანია.

- როგორც ითქვა, ადრე თუ გვიან კორონავირუსს ყველა გადაიტანს, ზოგი - განმეორებითაც... - ეს არასწორი მიდგომაა! მთავარია, ჩვენ ნიღაბი გამოვიყენოთ და დისტანცია დავიცვათ.

- რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობისა არ სჯერა და იმათ, ვისაც მისი პანიკურად ეშინია? - ეს ორი უკიდურესობაა... პანიკა არასდროს არის სასარგებლო, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას.

იხილეთ ასევე: დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რას ამბობენ ქართველი სპეციალისტები