"ქარმა ჩემი ცისფერი კაბის აფრიალება ბევრჯერ მოასწრო" - კვირის პალიტრა

"ქარმა ჩემი ცისფერი კაბის აფრიალება ბევრჯერ მოასწრო"

ამქვეყნად ბევრი რამ იცვლება, მაგრამ არა სილამაზით ტკბობის ბედნიერება. არასოდეს შეგიმჩნევიათ, ჩვენივე წამოძახილი, რა სილამაზეაო! როგორ ჩამოგვფერთხავს ხოლმე მხრებიდან სიმძიმეს, როგორ გვასაჩუქრებს პატარ-პატარა სიხარულით. სულხან ნამიჭეიშვილის ფოტოს ნახვისას სწორედ ეს განცდა დამეუფლა, მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, გმადლობთ ამ სიმშვიდის მონიჭებისთვის, რა ლამაზი ფოტო გადაგიღიათ, მისი ამბავი მიამბეთ-მეთქი. ალბათ, იმ ფოტოზე მეკითხებით, "ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი" რომ ჰქვია, კი ბატონოო.

სულხან ნამიჭეიშვილი: - ფოტოგრაფი ვარ და მეც მაქვს ფოტოები, რომლებიც მაბედნიერებს. ეს ფოტოც ასეთივეა. ერთმა ჩემმა საოცარმა ფოტოპერსონაჟმა, "ერისიონის" მოცეკვავე ლიკა წიფურიამ დამირეკა, ლამაზი თემა მაქვს, ერთ-ერთი კომპანია ფოტოკონკურსს აცხადებს და ხომ ვერ დამეხმარები ფოტოსესიის ჩატარებაში, უკვე ვიცი, სად უნდა წავიდეთო და გორის წისქვილები დამისახელა. რა თქმა უნდა-მეთქი. ამ გოგონას ისეთი პლასტიკა და ენერგია აქვს, აბა, როგორ არ დავთანხმდებოდი.

ერთ ცხელ დღეს გორშიც წავედით და მთელი დღე ვიმუშავეთ. ძალიან ცხელოდა, ნიავი არ იძვროდა და თანაც გიგანტური წისქვილები კადრში არც ისე ადვილად ეტეოდა. სამაგიეროდ, ლიკას მოძრაობებს ისეთი პლასტიკა ჰქონდა, ისე მაგიურად ცეკვავდა, დაღლა ვერ მოგვერია. გადაღების ფერებს საღამომდე ვარჩევდით - დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზეს და ცას სულ სხვადასხვა ფერი აქვს და ამისთვის საღამოს მზესაც დაველოდეთ. ყველაფერი გამოგვივიდა და დაღლილობის ნაცვლად რაღაცნაირი სიმსუბუქე წამოგვყვა "ქარის წისქვილების" ველიდან.

ლიკა წიფურია: "ერისიონის" მოცეკვავე: - არა მგონია, ვინმე ბევრს ფიქრობდეს სიტყვების მისტიკურ ძალაზე, მაგრამ ეს ძალა, ალბათ, მართლაც არსებობს. როდესაც ერთ დღეს ინტერნეტით ფოტოკონკურსი ვნახე, სწორედ ეს განცდა გამიჩნდა. კონკურსს "ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი" ერქვა. როგორც კი ეს ოთხი სიტყვა ამოვიკითხე, უცნაური რამ დამემართა: უეცრად გონებაში ამომიტივტივდა სცენა, სადაც სიტყვები გაცოცხლდებოდა. ეს იმდენად მძაფრი შეგრძნება იყო, რომ სასწრაფოდ ვიშოვე ცისფერი ქსოვილი, ავიღე ნემსი და მე, რომელსაც ჭრა-კერვაზე წარმოდგენა არა მაქვს, კაბა შევკერე. ამის შემდეგ დავურეკე სულხანს, ხომ არ შეგიძლია გორში, "ქარის წისქვილებთან" ფოტოსესია ჩავატაროთ-მეთქი. სულხანს არაერთხელ გადაუღია ჩვენი ანსამბლი. მოკლედ, წარმოიდგინეთ, ველი გიგანტური წისქვილებით, სადაც გამხმარ ბალახზე წისქვილიდან წისქვილამდე ფეხშიშველა დასდევ ნიავს, ის კი ისე მოულოდნელად ჩადგება, გაოგნებულს გტოვებს. თუმცა მაინც არ ვემდური, ჩემი ცისფერი კაბის აფრიალება ბევრჯერ მოასწრო.

- ალბათ, თქვენც ბევრჯერ მოასწარით სიცხეში ცეკვა. - კლასიკური გაგებით ეს ცეკვა არ იყო, იყო მოძრაობა, მე რაღაცნაირად ბუნებას ვუერთდებოდი. ამ განცდას ვერ აღვწერ, მხოლოდ გეტყვით, რომ საოცარ სიმშვიდეს განიჭებს.

- ბუნებასთან ერთიანობის განცდა რომ გვაკლია, სწორედ იმიტომ გვაქვს ამდენი სტრესი და პრობლემა. ამ ფოტოზე კაბის ფერი იმდენად ორიგინალურად არის შერწყმული ცასთან, თითქოს მხატვარს ორივე ერთად დაუხატავს. - ჩემი კაბის ფერი ცისას რომ შეერთებოდა, ამ მომენტს მთელი დღე ველოდით. სულხანმა იცოდა, რომ ეს ფერი "მოვიდოდა" და მშვიდად იყო.

- თქვენი ფოტო კონკურსზე საუკეთესოდ აღიარეს. - ასეა. მადლობა ამ კონკურსის ორგანიზატორებს, რომლებმაც ამ ფოტოს ენერგია ამოიკითხეს. გული დამწყდა, რომ კონკურსს მხოლოდ ერთი ფოტო სჭირდებოდა. იმ საღამოს ამ ფოტოებზე ისეთი ჰარმონია აისახა, რომ კიდევ უამრავ ადამიანს დაატკბობს სილამაზით.