"არ ვაპირებ გაჩუმებას!" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ გაჩუმებას!"

ბარაკ ობამას პირადი ფოტოგრაფი საგამომცემლო სახლსა და პრეზიდენტის ფოტოს ავტორს პლაგიატში ადანაშაულებს...

"ანა უილდინგის ფოტოებს რაფაელსა და ლეონარდო დავინჩისთან გავაიგივებდი. ობამას კლასიციზმი - ასე მინდა ვუწოდო ამ სრულიად განსხვავებულ ფოტოებს".

შერვუდომენსი, ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრეზიდენტი

ანა უილდინგმა ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას თეთრ სახლში 2015-2017 წლებში იმუშავა. ფოტოგრაფთა დიდი ჯგუფის რამდენიმე წევრს ობამების ოჯახის ოფიციალურ და ოჯახურ გარემოში გადაღება ყოველდღიურად ევალებოდა. სწორედ ამ პრივილეგირებულ ფოტოგრაფებს შორის იყო ანა უილდინგიც. 2019 წელს მისმა გამოფენამ კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. უნიკალური, დახვეწილი და კლასიკური სტილი - ასეთი იყო მათი შეფასება.

2020 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა, რომ გამოიცემოდა ბარაკ ობამას მემუარები - Promised Land. წიგნის ყდაზე გამოსახული ობამას ფოტო ძალიან ჰგავს ანას გადაღებულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სხვა ავტორი ჰყავს. ამ ფოტომ მედიასა და ამერიკის ფოტოგრაფთა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია... 19 სექტემბერს ფოტოგრაფმა თავის ინსტაგრამგვერდზე დაწერა: "უამრავი ადამიანი მეკითხება, ობამას მემუარების ყდაზე შენი ფოტოაო? მინდა გითხრათ, რომ ეს არის პლაგიატი!"

დაირღვა თუ არა საავტორო უფლებები და ვის ადანაშაულებს ცნობილი ფოტოგრაფი პლაგიატში? - ამ კითხვებზე ანა უილდინგი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად პასუხობს.

- 2019 წელს ჩემი გადაღებული ობამას შავ-თეთრი და ასევე ოჯახურ გარემოში გადაღებული სხვა ფოტოები გამოვფინე, რომლებმაც ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა. ფოტოები გაეგზავნა ობამას ფონდს, საგამომცემლო სახლ Penguin Random House-ს, ობამას გარემოცვას. ობამას მემუარების გარეკანის ფოტო ჩემი გადაღებული ფოტოთი ინსპირირებული სურათია. ალბათ, ჩემი ფოტო აჩვენეს ფოტოგრაფს და უთხრეს, რა სტილით და რაკურსით უნდოდათ ობამას გადაღება. ეს არის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა. როგორც ჩანს, საგამომცემლო სახლი არ არის სათანადოდ გარკვეული საავტორო უფლებებში. ერთადერთი სამართლიანი საქციელი იქნება, თუ ამ ნამუშევრისთვის შესაბამის საფასურს გადამიხდიან.

ობამას გარემოცვას ან გამომცემლობას რომ ეთხოვა ჩემთვის ფოტო, რომელიც 2017-ში იყო გავრცელებული, დიდი სიხარულით მივცემდი გამოყენების ლიცენზიას. თუ სტუდიური ფოტო სურდათ, არც ეს იქნებოდა პრობლემა... ეს ძალიან საწყენი და მავნებლური ქმედებაა ჩემი ბრენდის მიმართ, რაც გამომცემლობასა და პრეზიდენტ ობამას გარემოცვას არაპროფესიონალებად წარმოაჩენს. გადაღების ჩემებური სტილი ცნობილია ამერიკასა და მსოფლიოში. ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მიშელ ობამას სიტყვებს გავიხსენებ: "არ შეწყვიტოთ პროტესტი, არ შეწყვიტოთ სოციალური მედიის გამოყენება იმისათვის, რომ თქვენი აზრი გამოხატოთ და თქვენი ხმა სხვებს მიაწვდინოთ. არც მე ვაპირებ გაჩუმებას!"

- რას გირჩევთ თქვენი ადვოკატი, როგორ შეძლებთ სიმართლის დამტკიცებას? - მე არ ვაპირებ სასამართლოში ჩივილს, არც სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების გასტუმრების საშუალება მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ მეგობრულად შევთანხმებულიყავით. იმედი მაქვს, კომპენსაციას მომცემენ. დროა, სამართლიანად მომექცნენ და ეს შეცდომა გამოასწორონ. უკვე ველაპარაკე იურისტებს. მათი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ყდაზე ჩემი ფოტოს გადაკეთებული ვერსია გამოქვეყნდა, ან ეს იყო კოპირება. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ბრალდებულს 75 000-დან 150 000-მდე დოლარს აკისრებს, თუმცა, როგორც გითხარით, მიუხედავად ამისა, სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ.

ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩემთვის პატივი იყო ობამების პირადი ფოტოგრაფობა. წლების შრომა და წვალება დამჭირდა ამის მისაღწევად. თეთრ სახლში მოხვედრა ისეთი იოლი არ არის, როგორც ხალხს შორიდან ჰგონია.

- თეთრ სახლში მუშაობის პერიოდზე მოგვიყევით... - თეთრ სახლში მუშაობის დაწყების პირველ პერიოდში კაცი ფოტოგრაფების მხრიდან მუდმივად ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. რასისტულ რიტორიკას იჩენდნენ ობამების, განსაკუთრებით კი მიშელ ობამას მიმართ. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ პირველ ლედის წარმოვაჩენდი, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს პოპკულტურაც და კლასიკაც, არის გემოვნებიანი და აქვს სტილის შეგრძნება, წარმოვაჩენდი მის უშუალო და თბილ დამოკიდებულებას ხალხისადმი, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებოდა. მაშინდელმა ჩემმა ფოტოებმა ამ ცვლილებას ხელი შეუწყო.

თეთრ სახლში იყვნენ ისეთი ფოტოგრაფებიც, რომელთაც არ ადარდებდათ, როგორ გამოიყურებოდა მიშელი და მართლაც უვარგისი კადრების გავრცელება შეეძლოთ.

- საინტერესოა თქვენი კოლეგების აზრი ობამას ახალი მემუარების ყდასთან დაკავშირებით... - უამრავი გამოფენა მქონია და ჩემმა ნამუშევრებმა ყველგან მოწონება დაიმსახურა. ბევრი კოლეგა მირეკავს და თანადგომას მიცხადებს. ბევრ ჩემს კოლეგა ფოტოგრაფს არც აინტერესებს და სათანადოდ არც აფასებს ქვეყნის სამსახურში ყოფნას. ვთვლი, რომ როდესაც თეთრ სახლში მუშაობ, შენს ქვეყანას ემსახურები.

მე მყავს მეგობარი, რომელიც კენედის ცნობილი ფოტოების ავტორია და წარსულში მასაც დაახლოებით ასეთი რამ შეემთხვა - მისი ფოტოების კოპირება სცადეს, მანაც კომპენსაცია მოითხოვა და სასამართლოს ჩარევის გარეშე მიაღწია სამართალს. მეც ამის იმედი მაქვს. დროა, შეწყდეს მსგავსი ქმედებები! ჩემთვის ობამების გადაღება დიდი პატივი იყო და გაჩუმებას არ ვაპირებ.