"საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 ათას საწოლზე მეტის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

როგორც ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რისკი, რომ დადგება მომენტი, როდესაც საწოლფონდი და კლინიკური სექტორის რესურსი ახალი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს.

„მთლიანად საჭიროების შემთხვევაში, რეალური რესურსი, თუმცა ესეც შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, არის 6 ათას საწოლზე მეტი. იმ პოტენციალის, რაც ქვეყანას აქვს, მხოლოდ ნაწილია გამოყენებული იმიტომ, რომ დღეს მეტი საჭირო არ არის.

რისკები არის, რომ რაღაც მომენტში, შესაძლოა, თუმცა ეს არ გვინდა დავუშვათ, რომ დადგეს მომენტი, ანუ გვყავდეს რაღაც ისეთი რაოდენობა ახალი ავადმყოფების, როდესაც ქვეყნის ეს ძალიან დიდი საწოლფონდი და ძალიან სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი მაინც ვეღარ აუვა. თეორიულად ასეთი პერიოდი შეიძლება დადგეს, ასეთი პერიოდები იდგა და დგას მთელ ევროპაში. ინგლისში 44 ათასი კაცი მოუკვდათ და მათგან 4 ათასი ბინაზე იმიტომ, რომ არ იყო საწოლები საკმარისი რაოდენობით და ვერ ახდენდნენ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.

შვედეთში მთელი ამ პანდემიის მანძილზე ასეთი წესი მოქმედებდა: 65 წელს გადაცილებული ასაკის, მათ შორის მძიმე ავადმყოფები, არ მიეყვანათ კლინიკებში იმიტომ, რომ არ ჰყოფნიდათ საწოლფონდი. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში, რომ მსგავსი რამ გაჟღერდეს და ვინმემ თქვას, რომ 65 წელს ზევით ავადმყოფისთვის სახელმწიფო ხელებს იბანს და მას საწოლები აღარ აქვს? ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ საქართველო ჯერჯერობით ამასთან ახლოს არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"