"მარტო ვარ და შანსებსაც ვუტოვებ გოგონებს, მაგრამ ცოტას..." - კვირის პალიტრა

"მარტო ვარ და შანსებსაც ვუტოვებ გოგონებს, მაგრამ ცოტას..."

"სიამოვნებით ჩავიდოდი საქართველოში, დიდ სცენასა და კონკურსებზეც სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, მაგრამ ისინი არ დგამენ ამ ნაბიჯს"

"ჯორჯ გურენი", იგივე გიორგი გურგენიშვილი, უკვე ცამეტი წელია საბერძნეთში ცხოვრობს. მისი ოჯახის ემიგრაციის მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომი გახდა. ამ თემაზე საუბარი არ უყვარს და მიაჩნია, რომ მის ცხოვრებაში დრამა დასრულდა და ახლა ბედნიერებით ტკბობის დროა.

- ბევრმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ აგვისტოს ომი შემეხო, რომ გორელი ვარ, მაგრამ ასე არ არის - კასპიდან გახლავართ და აგვისტოს ომის დროს გორში ვიყავი. დროა დასრულდეს ამაზე საუბარი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. უმჯობესია, ბედნიერებით დავტკბე და თქვენც, ჟურნალისტებმა ამ ბედნიერებაზე წეროთ. ჩემი ცხოვრება ზღაპარს ნამდვილად არ ჰგავს, დღევანდელი მდგომარეობა დიდი შრომის შედეგია. დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი მძინავს, სულ ვმუშაობ. პირველად თეატრალურზე ვაბარებდი და იმის გამო, რომ ბერძნულს აქცენტით ვლაპარაკობდი, ვერ ჩავირიცხე. გარდა ამისა, უნდა ჩარიცხულიყო 14 სტუდენტი, ცამეტი ბერძენი და ერთი უცხოელი. ბევრი იყო ჩამოსული სირიიდან და მათ მხარს ანჯელინა ჯოლი უჭერდა. ის ერთი უცხოელი სწორედ სირიელი გახდა. მაშინ ვიმღერე პირველად და მომეწონა. მივხვდი, ეს არის ჩემი საქმე, სცენაზე უნდა ვიდგე.

- პირველი ემოცია, როდესაც სცენაზე დადექით, როგორი იყო? - მახსოვს, ძალიან შევრცხვი. სამი კვირის დაწყებული მქონდა სიმღერა, როცა სცენაზე გამოვედი და აბსოლუტურად სხვა ჟანრი შევასრულე ქართულად. იმდენად არ მომეწონა ის შესრულება, რომ წავაშლევინე და ვითხოვე, არსად გასულიყო.

- კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ? - ძალიან კრიტიკული ვარ, თუმცა ბედნიერი გახლავართ იმ ყველაფრით, რაც მაქვს. ცხოვრების უმადური ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ. წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. თუ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკას შეეშვები, წარმატების მწვერვალზე ვერასოდეს ახვალ.

- წარმატების მწვერვალზე არ ხართ? ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გიცნობენ და გყავთ ფანები, თქვენი სიმღერები ტრიალებს რადიოებში და მეტი რა უნდა უნდოდეს მომღერალს?! - როგორც გითხარით, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. მაქსიმალისტიც გახლავართ. მეტი შემიძლია და რატომაც არ უნდა გავაკეთო?! რატომ ევროპის რამდენიმე და არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში?!. თუ გაქვს შესაძლებლობა და ნიჭი, აუცილებლად უნდა გამოიყენო შენს სასარგებლოდ. ამჟამად ჩემი სიმღერები ტრიალებს გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და თურქეთის რადიოებსა და ტელევიზიებში. კიდევ ბევრ სხვა ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება.

- რატომ "ჯორჯ გურენი"? - საბერძნეთში ყველას უჭირდა ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა, გვარის გამოცხადების შემდეგაც კი პირდაპირ სცენიდან მეუბნებოდნენ, რა გრძელი და რთული გვარი გაქვსო! ამიტომ შევამოკლე.

- ხშირად კრიტიკა ისმის თქვენი სახელისა და გარეგნობის მიმართ, როგორ რეაგირებთ ამაზე? - უკვე აღარ მაქვს რეაქცია, იმუნიტეტი გამოვიმუშავე და გავითავისე, რომ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი".

- საოცარი ცვლილებაა თქვენს გარეგნობაში, ესეც მარკეტინგული გათვლა იყო? - რა თქმა უნდა, ჩემს ვიზუალსა და ჩაცმაზე ბევრი ადამიანი ზრუნავს. დაიანა ვასილიადუ არის ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს, სწორი ვიზუალი რომ მქონდეს. მართალია, ქართველს აღარ ვგავარ, მაგრამ მე მომწონს. ბავშვობიდან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.

- რა გახდა თქვენი წარმატების მიზეზი? - განსხვავებული ხმის ტემბრი. ყველა სხვა მომღერლისგან გამორჩეული ხმის ტემბრი მაქვს, ასევე, ვიზუალიც და დაუღლელი შრომა.

- რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით? - რომ არა მომღერალი, ალბათ მსახიობი ვიქნებოდი, იმიტომაც ვაბარებდი თეატრალურზე. ჩემს ოჯახში ყველა ხელოვანი იყო და ვერც ჩემს შემთხვევაში იქნებოდა სხვანაირად.

- არასოდეს გამოდიხართ სცენაზე საქართველოს სახელით. რატომ? ნიშნავს ეს იმას, რომ სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო? - სადაც მივდივარ, ყველგან აღვნიშნავ, რომ ქართველი ვარ, საქართველოზე ვუყვები ყველას და ვცდილობ, მათ ჩვენი ქვეყანა გავაცნო. საქართველოს სახელით ვერ ვიმღერებ, რადგან არანაირი დაინტერესება არ არის, არავის მივუწვევივარ და არ უთხოვია, საქართველოს სახელით მივიღო მონაწილეობა რომელიმე კონკურსში. საბერძნეთი კი მაქსიმალურად იყენებს ქვეყნის წარმოსაჩენად ჩემს რესურსს. სიამოვნებით ჩავიდოდი საქართველოში, დიდ სცენასა და კონკურსებზეც სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, მაგრამ ისინი არ დგამენ ამ ნაბიჯს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ფანებთან და რა გაღიზიანებთ მათგან? - არსებობს ჩემი ფანკლუბი, სადაც 21 000 ადამიანია გაწევრებული. ყველა მათგანი მიყვარს. რომ არა ისინი, დაბეჯითებით ვიტყვი, ის არ ვიქნებოდი, ვინც დღეს ვარ. ისინი მაძლიერებენ და მეტის კეთების სტიმულს მაძლევენ. ისევე როგორც ფანები, მტერიც საჭიროა, ფეხზე მყარად რომ იდგე და ტონუსში იყო, რადგან მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ.

- რა ხდება პირად ცხოვრებაში? აქვთ თუ არა შანსი გოგონებს?.. - ჩიტზე უფრო თავისუფალი ვარ და მომწონს ეს თავისუფლება. ასე რომ, ჩემს პირადში სერიოზული არაფერი ხდება. მარტო ვარ და შანსებსაც ვუტოვებ გოგონებს, მაგრამ ცოტას (იცინის). მომწონს მარტო ყოფნა, ამიტომაც უახლოეს მომავალში სერიოზულს არაფერს ვგეგმავ.

- ძალიან კარგად ხატავთ... - ხატვა კარგი თერაპიაა. თუ ცუდად ხარ და სულიერად გიჭირს, უნდა ხატო - მიხვდები, რომ უკეთესად ხარ. ხატვის დაწყების მიზეზი მამის გარდაცვალება გახდა: ძალიან ცუდად ვიყავი და როდესაც ვხატავდი, თავს უკეთ ვგრძნობდი. ერთ ნახატში ჩემი ერთ-ერთი კლიპიც გავაცოცხლე.

- თქვენმა ნახატმა ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, ამის შესახებაც გვითხარით. - ამ კონკურსში 2500 მონაწილე იყო. პირველი ადგილი დავიკავე და საპრიზო თანხა 4.500 ევრო ავიღე. დავხატე ბიანკა ბალტი, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდშიც კი თამბაქოს ეწეოდა. ამ ნახატით მწეველი ქალების წინააღმდეგ გავილაშქრე და მივანიშნე, რომ სილამაზე მარადიული არ არის.

- უახლოესი გეგმების შესახებ მოგვიყევით. ხომ არ გეგმავთ მსოფლიო ტურნეს? - მინდა მონაწილეობა მივიღო "ევროვიზიაში", მაგრამ რომელი ქვეყნის სახელით გამოვალ, ჯერ არ გადამიწყვეტია. ვიცი, რომ საქართველოს სახელით არ გამოვალ. ახლა სხვა ეტაპზე ვარ. კონკურსის გარეშე თუ მოხდება ჩემი წარდგენა და ამას რომელიმე ქვეყანაც დათანხმდება, იმ ქვეყნის სახელით გამოვალ. დისკზე მუშაობასაც ვაგრძელებ. მსოფლიო ტურნეს რაც შეეხება, ამაზეც ვფიქრობთ.

- რაზე ოცნებობთ? - ერთიან საქართველოზე. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, ერთ დღეს ყველა ერთიან, გაბრწყინებულ საქართველოში დავბრუნდეთ.

- დასასრულს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდათ? - მინდა, მოვუწოდო ქართველ ჟურნალისტებსა და ტელევიზიებს, ნუ აქცევენ ტელევიზიებს სამგლოვიარო დარბაზად, ქვეყანა ძაძებში ნუ გახვიეს და ისედაც დამწუხრებული საზოგადოება უარესად ნუ დაამწუხრეს! ხომ არ შეიძლება სულ სიკვდილსა და გაჭირვებაზე ვილაპარაკოთ! დაუთმეთ ეკრანები ხელოვან ხალხს და გამოაცოცხლეთ საზოგადოება, იქონიეთ ეთიკა და ნუ აყენებთ ეკრანიდან ხალხს შეურაცხყოფას, ეს დანაშაულია.

ფიქრია რობაქიძე ჟურნალი "გზა"