"გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს" - კვირის პალიტრა

"გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს"

ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება და სპეციალისტები ნარცისიზმით იყვნენ შეპყრობილი, ახლა კი "უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ, ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი".

"დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. დაავადების გავრცელების პრევენციაზე აბსოლუტურად უარი თქვით. არანაირი სისტემური ღონისძიება არ მიუღიათ, დანაშაულებრივი შეცდომა იყო, როდესაც 15 სექტემბრისთვის არ ჩაიკეტა აჭარა და მიგრაციული პროცესები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის არ შეწყდა. ტურისტული სეზონი დასრულებული იყო და დღემდე არ არის ეს გაკეთებული. თუნდაც, შესასვლელ-გამოსასვლელებში სიცხე გაეზომათ. ნახეთ ევროპაში რა ხდება, ცხადდება ლოკალური ლოქდაუნები, კომენდანტის საათი, აჭარა უნდა ჩაეკეტათ და ეს რომ გაეკეთებინათ, ბევრად უკეთესი სურათი გვექნებოდა.

ამის ნაცვლად, დღეს გველაპარაკებიან ეკონომიკის ინტერესებზე, სად არის ამ ქვეყანაში ეკონომიკა? მომხმარებელი ქვეყანა ვართ, არანაირი ეკონომიკა ჩვენ არ გვაქვს, მარტო ვჭამთ, წამალს ვიღებთ და მეტი არაფერი. ეს ეკონომიკა მაინც იმუშავებს და ვერ ჩაიკეტება. უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. ნარცისიზმით და თავისი უნიკალურობის ტკბობით იყვნენ შეპყრობილი გინდ ხელისუფლება და გინდ შესაბამისი სპეციალისტები. ნარცისიზმით ტკბობაში გაატარეს ეს პერიოდი და დღესაც იხტიბარს არ იტეხენ, წუთებს და საათებს ითვლიან, რომ სიკვდილის შიში არ დაბრუნდეს მთელი ძალით", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო