"ზოგადად, სიურპრიზებს ვხვდები ხოლმე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე" - კვირის პალიტრა

"ზოგადად, სიურპრიზებს ვხვდები ხოლმე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე"

არქივი, 2020-10-20

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის ორიგინალური ვიდეო გავრცელდა. ქრისტინე ბებერაშვილისა და ვაჟა გულიაშვილის სიყვარულის ისტორია 2 წლის წინ დაიწყო და ულამაზესი, ორიგინალური ხელის თხოვნით დაგვირგვინდა. ვიდეო, სადაც ვაჟა ქრისტინეს სიტყვის გამოცნობას სთხოვს, სოციალურ ქსელში მალე აიტაცეს. წყვილის ბედნიერება ათასობით ადამიანმა გაიზიარა, მათ სიყვარულზე კი ქრისტინე გვესაუბრა:

- 24 წლის ვარ, ვაჟა ჩემზე 1 წლით უფროსია. ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, მე-10 კლასში ვიქნებოდი, როდესაც სასკოლო ღონისძიებაზე ვაჟა გავიცანი. ისე მოხდა, რომ მას შევუყვარდი, მაგრამ მე გრძნობები არ მქონდა და უარი ვუთხარი. ამით გაბრაზებულმა, მახსოვს, ძალიან დიდი შეტყობინება მომწერა, ვიჩხუბეთ და ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა - 5 წლით ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.

ერთხელაც მეგობრის წაქეზებით სოციალურ ქსელში გამომიწერა და კვლავ აღვადგინეთ ურთიერთობა. მაშინ ცოტათი ცუდი პერიოდი მქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ კარგ დროს სწორ ადგილას გამოჩნდა. ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა და ვღელავდი, თუმცა შეუმჩნევლად ეს კონტაქტი სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. მას მერე მომკიდა ხელი და ყველგან დამატარებს. ყოველთვის ყველგან ჩემ გვერდით არის.

ვფიქრობდი ხოლმე ჩვენს ხელახალ შეხვედრაზე, თუმცა რამეს თუ წამოვიწყებდით, ნამდვილად არ მეგონა. ურთიერთობის პირველ პერიოდში თავადაც გაკვირვებული დავდიოდი, რადგან ეს გრძნობა შეუმჩნევლად გადაიზარდა რაღაც მეტში. ვაჟა მაშინაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, თბილი, მოაზროვნე და პირველ რიგში, მხიარული. უბრალოდ, მაშინ რაღაც არ გამოვიდა. ურთიერთობის დაწყებიდან მალევე სამეგობრო გამაცნო და, ფაქტობრივად, უჩემოდ არსად დადიოდა. ასე გავხდით შეყვარებულები და გარშემო დიდი სამეგობროც შემოვიკრიბეთ.

- რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებს, როდესაც 5-წლიანი განშორების შემდეგ ერთად გნახეს?

- ამას ვერც ისინი წარმოიდგენდნენ. მახსოვს, პირველად, 5 წლის მერე, ერთად წავედით ღონისძიებაზე - "ღამე მუზეუმში" და გოგონებს რომ ვუთხარი, ვაჟას შევხვდი-მეთქი, დიდხანს არ მიჯერებდნენ. მას შემდეგ, ყოველ წელს დავდივართ ამ ღონისძიებაზე. შეყვარებულებმა 2 წელსა და 4 თვეს ვიარეთ, ახლა ვაჟა უკვე საქმროა და ეს სიტყვა ჯერ უცნაურად მხვდება ყურში.

- მოგვიყევი ვიდეოზე, როგორ მოხდა ყველაფერი?

- ეს ამბავი, დაახლოებით, ორი კვირით ადრე დაიწყო, როცა ჩემმა მეგობარმა გააჟღერა იდეა, 1990-იანების სტილში წვეულება მოვაწყოთო. ეს სტილი ძალიან მიყვარს და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, არაფერზე დავეჭვებულვარ და ენთუზიაზმით შევუდექით მზადებას. სოციალურ ქსელში შევქმენით ჯგუფი, დავამატეთ ყველა მეგობარი, შემდეგ იპოვეს სახლი. ზოგადად, სიურპრიზებს ვხვდები ხოლმე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე. 26 სექტემბერს ყველანი "დრესკოდის" თანახმად გამოწყობილები შევიკრიბეთ. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ბევრი რამ ვითამაშეთ. ვაჟას გოგონები გაუფრთხილებია, ქრისტიმ ბევრი არ დალიოს, მერე უარი არ მითხრასო და გოგონებიც ჩუმ-ჩუმად მაკონტროლებდნენ.

მორიგი თამაშის დროს, როდესაც მე მინდოდა მთელი გულით სიტყვის ახსნა, ვიჭიდავეთ და მაინც ვაჟამ მაჯობა, დაიჟინა, მე აგიხსნიო. მაგ მომენტშიც ვერაფერს მივხვდი და შემდეგ მან ამიხსნა ეს "სიტყვა". როგორც აღმოჩნდა, სტუმრების ნაწილმა ყველაფერი იცოდა, ნაწილისთვის კი - სიურპრიზი იყო.

ადრე, დაოჯახებაზე გვისაუბრია, ეგ საკითხი გავლილი გვქონდა, თუმცა ხელის თხოვნის მომენტი მაინც მოულოდნელი და ემოციური გამოვიდა.

- ახლა რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

- უკვე აქტიურად შევუდექით ბინის რემონტის ალიაქოთს, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ვწყვეტთ. ვაღიარებ, ცოტა ომებიც გვიწევს. ვკინკლაობთ გემოვნებაზე, დიზაინსა და რემონტზე. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადი ყოფილა.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ხელის თხოვნის შემდეგ?

- უკვე იმდენად აქტიურად ვართ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩართულები, რომ დიდი სხვაობა არ არის ძველ და ახალ დროს შორის, უბრალოდ, სტატუსი შეიცვალა. ვაჟაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ვერ ჩერდება ერთ ადგილას, სულ მოძრაობაში უნდა იყოს, რაც უნდა ვიომოთ, მაინც სულ მითვალისწინებს. კეთილია, უზომოდ კეთილი.

- როგორ გგონია, სად იქნებით 10 წლის შედეგ?

- რამდენიმე დღის წინ ვუსვამდით ერთმანეთს სწორედ ამ კითხვას, თუმცა დარწმუნებით ვერ ვპასუხობ. ალბათ, პატარ-პატარა ოცნებების ახდენით მივალთ სასურველ შედეგამდე, ჯერ გრძელვადიანი გეგმები არ გვაქვს.

იხილეთ ვიდეო

(სპეციალურად საიტისთვის)