"დანაშაული იმდენად საზარელია, რომ უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს" - კვირის პალიტრა

"დანაშაული იმდენად საზარელია, რომ უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს"

გოგი გვახარიამ დაწერა ბლოგი "რადიო თავისუფლების" საიტზე. ბლოგს ასეთი სათაური აქვს: "დავცინოთ, აუცილებლად დავცინოთ". ამჯერად გოგი დასცინის ცენტრალური არხების გასართობ შოუებს. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მაიას "პროფილს" და "ნანუკას შოუს" (თუმცა გვახარიას არა აქვს გადაცემის სახელი დაკონკრეტებული).

გოგი ასე ამთავრებს ბლოგს: "უნდა დავცინოთ! დავცინოთ არა იმდენად ამ აგრესიული უხამსობის მაყურებელს, არც იმდენად ამ შოუს შემქმნელებს, რამდენადაც პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც თავად იღებს მონაწილეობას ამ სიყვითლეში, ვინც ვერ ხვდება, რომ საკუთარი თავის, თუ საკუთარი საქონლის "კარგად გაყიდვა" არაფერია იმასთან შედარებით, რასაც "არას" თქმა ჰქვია... და, რაც მთავარია, დავცინოთ იმათ, ვისაც მართლა ჰგონია, რომ მარაზმი, რომელმაც ქართველი საზოგადოება "ტელევიზორის ერად" ჩამოაყალიბა, მართლა მოსწონს ხალხს".

ძალიან არ მოეწონებათ ასეთი მიდგომა ხსენებული შოუების შემქმნელებს. განსაკუთრებით კი, მათ შორის ყველაზე ძალოვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ამიტომ მეც ვიფიქრე, რა მოხდებოდა, თუ იგი აქეთ შეუტევდა გვახარიას. აი, როგორი მომავლის სურათი (მოდელირებული "ქრონიკაც" ხომ "იმედის" შექმნილია) წარმოვიდგინე:

"იმედის" მაუწყებლობა წყდება. ეკრანზე ჩნდება საქართველოს მტრების ვერაგობით აღშფოთებული, მაგრამ მაინც საოცრად კეთილშობილური გამომეტყველების მქონე ახალგაზრდა დიქტორი კაცის სახე. ის გვამცნობს:

KvirisPalitra.Ge"ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ ახლახან დასრულდა კრიმინალური პოლიციის, სოდ-ის, კუდ-ის, გარემოს დაცვის ინსპექციისა  და ქალაქის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია საქართველოს მტრების წინააღმდეგ. გაუვნებლებულია ძალზე საშიშ დამნაშავეთა  დაჯგუფება, რომელსაც სათავეში ედგა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირი, კინოკრიტიკოსის ნიღაბს ამოფარებული გიორგი, იგივე გოგი გვახარია".

აქ კადრში ჩანს, როგორ გამოჰყავთ ბორკილებდადებული გოგი ავტომატიან–ნიღბიანებს. დიქტორი განაგრძობს:

"წლების წინ გვახარიამ შექმნა დაჯგუფება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იდეოლოგიური დივერსიების მოწყობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, გვახარია და მისი დამქაშები აწარმოებდნენ მიზანმიმართულ კამპანიას ქართველი ერის კარგ ხასიათზე მოყვანის, მათთვის იმედის ნაპერწკლის ჩასახვის ბოლო შანსის - "ნანუკას შოუს" წინააღმდეგ.

მათ გეგმებში შედიოდა ამ შესანიშნავი შოუს დისკრედიტაცია, ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ნანუკა ამ დუხჭირ დროში ჩვენი რუხი ცხოვრების გაფერადებას კი არ ცდილობს, არამედ არის  უგემოვნო  ნუვორიში, რომელიც თავისას ისწორებს. გვახარიას დაჯგუფებას კარგად ორგანიზებული სტრუქტურის სახე ჰქონდა; სტრუქტურისა, რომლის მეთაურიც თავად გვახარია გახლდათ. გთავაზობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალას, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ამუშავებენ ბანდის ახალ წევრებს".

აქ ეკრანზე ჩანს ფარული კამერით გადაღებული კადრები. ვხედავთ გვახარიას, რომელიც ეუბნება ფარულკამერიან ტიპს:

"მთავარია, დავცინოთ, დავცინოთ ნანუკას, გაიგე?!... ამიტომ დაწერე რამე ისეთი დამცინავი და სარკასტული, რომ დაიბოღმონ ეგენი... მაგათ დაცინვის ეშინიათ".

დიქტორი განაგრძობს:

"სამწუხაროდ, ბოროტმოქმედებმა მოახერხეს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიო "თავისუფლებაში" შეღწევა."

აქ ეკრანზე ჩნდება საზმაუს უფროსი გიორგი ჭანტურია. მას დაბნეული გამომეტყველება აქვს:

"არც კი ვიცი, რა გითხრათ, ჩემს დაუდევრობას გამართლება არა აქვს. გვახარიას პროექტი არაა საზმაუს მიერ წარმოებული. მე უამრავი  საქმე მქონდა და ამ მიმართულებით ყურადღება შევასუსტე. როგორც იცით, ახალი არხით - "პიკით" - ჩვენ გვინდა რუსების დამარცხება საინფორმაციო ომში და რაოდენ სავალალოა, რომ ამ რთულ დროს, როცა მტერი 40 კილომეტრშია, ჩვენ ზურგში გვირტყამენ დანას, ახორციელებენ რა იდეოლოგიურ დივერსიებს არა მარტო ნანუკა ჟორჟოლიანის, არამედ მთელი ქართველი ერის წინააღმდეგ".

კადრი იცვლება და ჩანს "იმედის" ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქუჩაში დგას. გოგონა ამბობს:

"აი, ჩვენ ვიმყოფებით გოგი გვახარიას საცხოვრებელ სახლთან. აქ ხშირად ტარდებოდა დანაშაულებრივი დაჯგუფების შეკრებები, რომლებზეც იგეგმებოდა მორიგი ტერორისტული აქტები ხალხის წინააღმდეგ".

კადრში ჩანს მეზობელი ქალი. იგი ოდნავ შეღებული კარიდან ელაპარაკება ჟურნალისტს:

"წყნარი კაცია გოგი. მშვიდად ცხოვრობს. უბრალოდ, ამ ბოლო დროს ახალგაზრდები იკრიბებოდნენ მასთან ხშირად. ერთხელ ნაგვის გადასაყრელად გამოვედი და გოგის სტუმრები ჩამოდიოდნენ კიბეებზე. ხელში ნანუკას ცვილის თოჯინა ეჭირათ, სულ დაჩხვლეტილი იყო ნემსებით. ასეთი ლაპარაკიც შემომესმა: "გაიგეთ, გოგიმ რა გვითხრაო?! უნდა დავცინოთ ნანუკასო"... - აქ მეზობელი ქალი ბრაზდება, - არა, რა სჭირს ჩვენს ნანუკას გოგისნაირების დასაცინი?! ეგ ერთადერთი გოგო თუ გვილამაზებს ცხოვრებას, გენაცვალე.

კადრი ინაცვლებს სტუდიაში, სადაც დიქტორის გვერდით ზის თავად ნანუკა, რომელსაც საოცრად მშვიდი და კეთილშობილური გამომეტყველება აქვს. ნანუკა ამბობს:

"იცი, რა მინდა ვთქვა?! მე ახლა ძალიან ცუდად ვარ, ძაან... სულაც არ მინდა, რომ ეს ადამიანები ციხეში ჩასხდნენ. არც ერთი შოუ არ მიღირს იმად, რომ თუნდაც  დამნაშავე ციხეში იჯდეს. თუმცა ხანდახან გიწევს ისეთ რაღაცებთან შეგუება, რაც არ გსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა ქართველი ხალხისთვის. ეს ადამიანები არა მარტო ჩემი შოუს რეიტინგის დაგდებას ცდილობდნენ...

ეს არაა პრობლემა... ისინი შეეხნენ  ყველაზე სანუკვარს, რაც დაგვრჩა - იმედს ნათელი მომავლისა. მათ არ უნდოდათ, რომ ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩაში გასულ ადამიანს, ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელსაც არა აქვს აუცილებელი წამლის ფული და ხშირად შია კიდეც, ეცქირა ჩემი შოუსათვის. არ უნდოდათ, რომ თქვენ გენახათ შემდეგი რამ:  ჩვენს გვერდზე არსებობს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. აი, ამას, დედა მომიკვდეს, არ ვაპატიებ არავის! მძიმეა ეს ჩემთვის, მაგრამ მე მოვითხოვ, რომ ტერორისტები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, რათა ვერავინ გაბედოს წმიდათაწმიდაზე -ერის იმედზე ბინძური ხელის აღმართვა!"

ამის შემდეგ კადრში კვლავ დიქტორი ჩანს. როგორც ცნობილი ხდება, პროკურატურა მოითხოვს ბოროტმოქმედთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებას - მათთვის  "ნანუკას შოუს" ყველა გამოშვების იძულებით ჩვენებას. სახალხო დამცველი, "ჰუმან რაიტს ვოჩი" და "ამნისტი ინტერნეიშენელი", რა თქმა უნდა, ეთანხმებიან სამართალდამცავებს - დანაშაული იმდენად საზარელია, რომ უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს, თუმცა მაინც გამოთქვამენ იმედს, რომ ჰუმანური ქართული სასამართლო შეცვლის მას (ანუ სასჯელის ზომას) და ტერორისტებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

შალვა რამიშვილი