"რომ დავკრძალე, ბავშვი ტიროდაო. დღემდე არ მასვენებს, რას ნიშნავდა ეს სიტყვები... 41 წელია ჩემს გოგონას ვეძებ" - კვირის პალიტრა

"რომ დავკრძალე, ბავშვი ტიროდაო. დღემდე არ მასვენებს, რას ნიშნავდა ეს სიტყვები... 41 წელია ჩემს გოგონას ვეძებ"

81 წლის ზეინაბ ჯანაშია მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. სამი შვილის დედამ წლებია, მოსვენება დაკარგა და მუდმივად აწუხებს კითხვა, 1979 წელს წალენჯიხის სამშობიაროში ექიმებმა გოგონა ხომ არ გაუშვილეს? ეს ეჭვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ტელევიზიით არაერთი დედა-შვილის ისტორია მოისმინა, მოისმინა ამბები ადამიანების, რომლებმაც წლების შემდეგ ერთმანეთი იპოვეს. ახლა ისიც ამ იმედს ებღაუჭება და ფიქრობს, რომ თვითონაც იპოვის გოგონას. იგი დარწმუნებულია, რომ ექიმებმა მოატყუეს.

ზეინაბ ჯანაშია:

- არ ვიცი, საუბარი როგორ დავიწყო, როცა ამ საკითხს ვეხები, ძალიან განვიცდი. სულ მაწუხებს ეჭვი, რომ სამშობიაროში შვილი მომპარეს და გამიშვილეს. ორი შვილის დედა ვიყავი, როდესაც მესამეზე დავორსულდი, მოუთმენლად ველოდებოდი შვილის დაბადებას. მაშინ მე და ჩემი მეუღლე წალენჯიხაში ვცხოვრობდით. მე წალენჯიხის პირველ სკოლაში ფილოლოგად ვმუშაობდი, ჩემი მეუღლეც იქვე მუშაობდა და ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. 1979 წლის 5 მარტს წალენჯიხის სამშობიაროში გოგონა შემეძინა, ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. ბავშვი რომ დაიბადა, მისი ტირილიც გავიგონე. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ჩემი პატარა, არაჩვეულებრივი ბავშვი ცოტა ხნით ვნახე, რომ დავხედე, ძალიან ჰგავდა ჩემს უფროს გოგონას. მას ხშირი თმა ჰქონდა და კისერთან ნაკეცებიც კი უჩანდა. სიხარულით ცას ვეწიე, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩდა. ბავშვი სამშობიარო ოთახიდან ტირილით გაიყვანეს და მას მერე არ მინახავს. პალატაში ველოდებოდი, როდის მომიყვანდნენ ჩემს პატარას. მაშინ ამდენი გამოცდილება და ინფორმაცია სად იყო? არავინ არაფერს მეუბნებოდა, რომ ვკითხულობდი, პასუხს არ მცემდნენ. რძე მდიოდა, მითხრეს ჯობია, მკერდი შეიკრაო და მაგრად შემიკრეს მკერდი. მერე მკერდი დამიჩირქდა და ბევრი ვიწვალე. მესამე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა, - დღენაკლული იყოო. ექიმი რუსი იყო. დღემდე ჩამესმის მისი მეგრულად ნათქვამი სიტყვები, რომ დავმარხე, ბავშვი ტიროდაო. დღემდე არ მასვენებს, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მერე იმ საავადმყოფოში 10 დღე გავატარე. მაშინ დიდხანს აჩერებდნენ ნამშობიარევ ქალს სამშობიაროში და იქიდან ხელცარიელი გამოვედი. ყველა დედისთვის მძიმეა იმ აზრთან შეგუება, რომ შვილზე, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებ და რომლის დაბადებას ასე მოუთმენლად ელოდები, გეუბნებიან, ცოცხალი აღარ გყავსო. ცარიელი ხელებით შევაბიჯე სახლში, სადაც ჩემი ორი შვილი მელოდებოდა. ეს გოგონა ჩემი მესამე სიხარული უნდა ყოფილიყო. მართლა ყურჩამოყრილი დავბრუნდი შინ. სხვა გზა არ მქონდა, ნელ-ნელა ვეგუებოდი იმას, რომ შვილი გარდამეცვალა.

ექიმის და ექთნის სახელები დღემდე მახსოვს. ვფიქრობ, მათ გააქრეს ჩემი ბავშვი. მაშინ რატომ მითხრა ეს სიტყვები, - შენი ბავშვი ტიროდა, ისე დავმარხეთო. ვფიქრობ ეს მინიშნება იყო, რომ შვილი გამიშვილეს. ძუძუც კი არ მომაწოვებინეს, მაშინ ხომ ვნახავდი, რომ ჯანმრთელი შვილი მყავდა. როგორც კი დაიბადა, იტირა, თქვეს, ფილტვები გაეხსნაო. ეტყობოდა, ძლიერი ბავშვი რომ იყო. არც ბავშვის ცხედარი უნახავთ ჩემი ოჯახის წევრებს, არავინ დაგვანახა ცხედარი. მაშინ დასაკრძალად არც ატანდნენ ოჯახებს და არც ჩვენ მოგვითხოვია. მერე, შემდეგ წლებში გაირკვა, რომ ბავშვებს იპარავდნენ სამშობიაროებიდან და დედებს შვილებს უყიდდნენ, მათ კი ეუბნებოდნენ, შვილი გარდაგეცვალაო. ისე, ეჭვები სულ მქონდა, შინაგანად სულ ვფორიაქობდი, მაგრამ რას ვიზამდი? მას მერე, რაც წლების განმავლობაში ტელევიზიით არაერთ დედა-შვილზე ვნახე გადაცემა, არაერთი საოცარი ისტორია მოვისმინე, ეჭვები უფრო გამიმძაფრდა და მოსვენება დავკარგე. ამ გადაცემებმა კიდევ უფრო მეტად შემაფხიზლა. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემმა რძალმა, რომელიც თბილისში, ოქროს ბირჟაზე მუშაობს, იქიდან დამირეკა და მითხრა, - ახლა ოქროს ბირჟაზე ერთი გოგო შემოვიდა და გავოცდი, ისე ძალიან ჰგავდა დოდოს (დოდო ჩემი უფროსი გოგონაა). შენ რომ შვილს ეძებ, მგონი, ის იყო. რომ წავიდა, მერე გავაანალიზე ყველაფერი, გამახსენდა შენი მონათხრობი და, მგონი, შენი შვილი ცოცხალიაო. მას მერე უფრო დავკარგე მოსვენება, ძალიან გთხოვთ, იქნებ შვილის პოვნაში დამეხმაროთ.

- ახლა რამდენი წლის იქნება თქვენი შვილი? - ის დაიბადა 1979 წლის 5 მარტს, წალენჯიხის სამშობიაროში, დღეს 41 წლის იქნება. არ ვიცი, შეიძლება შეუცვალეს კიდეც დაბადების თვე და რიცხვი, მაგრამ იქნებ ვინმეს ეცნოს ეს ამბავი, იქნებ იცოდეს ჩემმა გოგონამ, რომ ნაშვილებია, იქნებ ისიც ეძებდეს ბიოლოგიურ დედას?! ერთ წელიწადში ჩვენ წალენჯიხიდან წამოსვლა მოგვიხდა და მარტვილში დაიწყო ჩემმა ქმარმა მუშაობა. მერე აქ გადმოვსახლდით. მას მერე იმ სამშობიაროსთან შეხება არ მქონია. ჩემი მეოთხე შვილი - ვაჟი ახლა 40 წლისაა და ჩემი გოგონა, რომელსაც ვეძებ, მასზე ერთი წლით უფროსია. ჩემმა ბიჭმა მითხრა, მივხედავ ამ საქმესო, მაგრამ ჯერჯერობით მასზე არაფერი ვიცით.

- რაიმე საეჭვო გარემოება ხომ არ უძღვოდა ამ ამბავს წინ, ხომ არ შემოგთავაზეს ბავშვის გაშვილება? - არა, მაგას ვინ მეტყოდა - ქმარი მყავდა და გადასარევი ოჯახი მქონდა, კარგი შვილები მყავდა! მგონია, გაიძვერობით მომპარეს შვილი. ეჭვებს, როგორც გითხარით, ის გარემოებები მიჩენს, რაც მაშინ ექიმმა მითხრა - ტიროდა და ისე დავმარხეო. როდის იყო, ცოცხალ ბავშვს მარხავდნენ და მეორეც, ჩემი რძლის ნათქვამი, რომ ძალიან მიამსგავსეს გოგონა ჩემს უფროს შვილს. მართლა საოცრად ჰგავდა თავის უფროს დაიკოს ჩემი შვილი და დარწმუნებული ვარ, ის დღეს ცოცხალია. დედის ინტუიციაც ამას მკარნახობს. რამდენმა ვინმემ იპოვა თავისი დედა, რამდენმა ვინმემ იპოვა შვილი და ძალიან მინდა, მეც ვიპოვო. პირველივე წუთებში რომ ამეტეხა განგაში, ეგებ, მაშინვე მეპოვა ჩემი გოგონა, მაგრამ დავიჯერე ექიმების სიტყვები, ეჭვი არ შემპარვია, რომ ამისთანა ვერაგობას ვინმე ჩაიდენდა, მაგრამ ეს წლები იმდენი სასწაული ამბავი მოვისმინე, მჯერა, რომ მეც ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ, რომ მეც მომტაცეს შვილი. ძალიან მინდა, მოვძებნო. ახლა ისეთი დაუძლურებული ვარ, დამოუკიდებლად გადაადგილებაც მიჭირს, ახლა უკვე ბრძოლაც არ შემიძლია. შვილები მპირდებიან, რომ დამეხმარებიან, მაგრამ იქნებ თქვენი დახმარებითაც გამოჩნდეს ვინმე და ეცნოს ვინმეს ეს ისტორია და მაპოვნინოს ჩემი გოგონა, რომელიც უკვე 41 წლის იქნება. გთხოვთ, დამეხმარეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)