"პოეტს ქალი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ მეფე-ქალს..." - რას წერს რუსული გამოცემა "ვეფხისტყაოსანზე", მის ავტორსა და თამარ მეფეზე
"პოეტს ქალი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ მეფე-ქალს..." - რას წერს რუსული გამოცემა "ვეფხისტყაოსანზე", მის ავტორსა და თამარ მეფეზე
რუსულ ჟურნალ “დომაშნი ოჩაგ“-ში (“Домашный очаг“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პოემა მშვენიერი ქალბატონის პატივსაცემად // მეფე თამარი და შოთა რუსთაველი: პოეტს ქალი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ მეფე-ქალს საპასუხო გრძნობის გამოვლენის უფლება არ ჰქონდა", რომელშიც დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის თამარ მეფისადმი სიყვარულის ამბავია გადმოცემული.

"შოთა"
შოთა რუსთაველი უბრალო ოჯახიდან არ იყო, მისი მშობლები ცნობილი და შეძლებული ადამიანები იყვნენ და შვილს მშვენიერი განათლება მისცეს. შოთამ რამდენიმე ენა იცოდა, სწავლობდა საბერძნეთში,
ზეპირად შეეძლო ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებათა მოყოლა, კარგად ერკვეოდა ღვთისმეტყველებაში და მშვენიერი ორატორი იყო. მაგრამ ხშირად ხდება - როცა ბევრი რამ იცი, ბევრი საწუხარიც გაქვს. შოთა სულ უფრო ხშირად ფიქრობდა საეროდან სასულიერო ცხოვრებაში გადასულიყო... და ამ დროს მას შეხვდა.

თამარი
თამარ მეფე მამის ერთადერთი მემკვიდრე იყო,
ძმები არ ჰყავდა. იგი ქვეყანას ისე მართავდა, რომ ვერავინ ბედავდა მისდამი უპატივცემულობა გამოეჩინა. თამარი - რკინისებური ნების ქალი, დაუნდობელი იყო მექრთამეების, ხაზინის ქურდებისა და ადგილობრივი ტირანების მიმართ, მაგრამ იგი იმავდროულად დიდსულოვანი და ჰუმანური მმართველიც იყო. ბრძენი ქალის მმართველობამ სახელმწიფო ეკონომიკურად ააყვავა, ისტორიული ურთიერთმტრობა ჩაცხრა, მეფემ ხალხის საძულველ ჩინოვნიკებს პოსტები ჩამოართვა... მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ თამარი სახელმწიფოს ძლიერ, პატიოსან და ჰუმანურ მმართველს წარმოადგენდა.

ცნობილია ისიც, რომ თამარი იშვიათი სილამაზის ქალი იყო: მას მშვენიერი ფიგურა ჰქონდა, ტანწერწეტა, მუდამ სახე უღიმოდა და ირგვლივ სინათლეს და სიკეთეს აფრქვევდა. მისი ცოლად შერთვა საქართველოს ახლომახლო და შორს მდებარე სახელმწიფოებიდან ბევრ სასიძოს სურდა - სპარსელ შეიხებს და ბიზანტიელ უფლისწულებს...

მაგრამ თამარს [ტრადიციის მიხედვით, ქართველმა დიდებულებმა] ყველაზე უარესი პრეტენდენტი შეურჩიეს - რუსი მთავარი იური, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი.

თამარის პირველი ქორწინება
თავდაპირველად თამარს ეგონა, რომ ერთმორწმუნე ქმართან უფრო ახლოს იქნებოდა - სულიერადაც და პრაქტიკულადაც. მაგრამ სამწუხაროდ, მისი იმედი არ გამართლდა: იური მხოლოდ ორ რამეს აღმერთებდა - ლოთობას და გარყვნილებას. თამარი ქმრის ამორალურ ქცევას ორი წელი ითმენდა, შემდეგ კი - გასცილდა. იურის ეწყინა, თავისი მომხრეები შემოიკრიბა და ყოფილ მეუღლეს აჯანყება მოუწყო, მაგრამ თამარი, ყველა ღირსებასთან ერთად, ნიჭიერი მეომარიც იყო: მისმა ჯარმა აჯანყება ჩააქრო, იური კი სამარცხვინოდ დაბრუნდა რუსეთში.

სიყვარული ერთი ნახვით...
თამარი პირადი ცხოვრების მოუგვარებლობის გამო მოწყენილი არ იყო, მას უამრავი სახელმწიფოებრივი საქმე ჰქონდა. მისი მმართველობის ეპოქას ქართველები “ოქროს საუკუნეს“ უწოდებენ: თამარმა შემოიღო სავალდებულო განათლება, მფარველობდა და ხელს უწყობდა მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას, სამეფო კარზე ბრძენკაცებსა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს იწვევდა... სწორედ იმ დროს გაიცნეს ერთმანეთი თამარმა და შოთამ. მისი დანახვისთანავე შოთა მოხიბლული დარჩა: სულ თამარზე ფიქრობდა, სიყვარულით დამონებულს არც სმა და არც ჭამა აღარ შეეძლო... ბოლოს მან დიდებული ეპოსი "ვეფხისტყაოსანი" დაწერა, რომელშიც თავისი უპასუხო სიყვარული აღწერა.

მეორე ქორწინება
თამარს სიამოვნებდა პოეტის რაინდული თაყვანისცემა, მაგრამ იცოდა, რომ ქმრად არ გამოადგებოდა. იგი თავისი ბავშვობის დროინდელ მეგობარზე გათხოვდა, ოს უფლისწულ სოსლანზე (მას საქართველოში დავითს ეძახდნენ). სოსლანი კარგი მეომარი, კეთილშობილი და სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი იყო, რომელსაც ცოლი ნამდვილად დიდი გრძნობით უყვარდა. თამარსაც სიამოვნებდა მასთან ყოფნა. შესაძლოა, ქმრისადმი დიდი სიყვარული არ ჰქონდა, მაგრამ იგი მეუღლეს უდიდეს პატივს სცემდა და მისი ერთგული იყო, საერთო მიზნის - ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად. მათ ჯერ ვაჟი, შემდეგ კი - გოგონა გაუჩნდათ.

ასეთ ვითარებაში პოეტიც კი, რომელიც ოცნებებისა და ილუზიების სამყაროში ცხოვრობდა, იძულებული გახდა,  საკუთარი თავის წინაშე ეღიარებინა, რომ მეტად თამარზე აღარ უნდა ეფიქრა.
შოთა პალესტინაში გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა ჯვრის მონასტერში. სიცოცხლის ბოლომდე ის და თამარი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მაგრამ არის ერთი საინტერესო მომენტი...

იქ, მარადიულობაში...
არქეოლოგებს დღემდე ვერ მიუკვლევიათ თამარ მეფის საფლავისთვის, მაგრამ გავრცელებული ხმებით, თითქოს ვატიკანში მიაკვლიეს დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, თამარმა ანდერძი დატოვა - როცა მოვკვდები, პალესტინაში, ჯვრის მონასტერში დამასაფლავეთო.
ჩვენს სააქაო ცხოვრებაში, სადაც ყოველთვის ყველაფერი რთულია, მეფე ქალმა საკუთარ თავს პოეტის მიმართ სიყვარულის გამჟღავნების უფლება არ მისცა.... მაგრამ მას ვერავინ შეუშალა ხელი იმქვეყნიურ ცხოვრებაში შოთა მარადიულად ჰყვარებოდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
ნინო
22 ოქტომბერი 2020 16:21
მადლობა სიმონ კილაძეს...საინტერესოა ძალიან
ხათუნა
22 ოქტომბერი 2020 13:48
ცხადია ასე , ამ ლეგენდაზე გავიზარდეთ და აქ ჩვენთვის ახალი არაფერია ... მაგრამ ქართველებს ეს არ გვაკმაყოფილებს და ისევ ჩვენ თუ შევურევთ თაფლში შხამს: ლევან ბერძენიშვილის ერთ-ერთ ლექციაში მოვისმინე სრული გაცამთვერება თამარის პიროვნების და მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის... მისგან დაიწყო საქართველოს დაქცევაო ერთი სიტყვით რომ ვთქვათ...
მედეა
22 ოქტომბერი 2020 10:02
დიდებული მონათხრობია, გმადლობთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები