"დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო" - სალომე ზურაბიშვილი ქუთაისი უნივერსიტეტის გახსნაზე - კვირის პალიტრა

"დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო" - სალომე ზურაბიშვილი ქუთაისი უნივერსიტეტის გახსნაზე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც იყო თავის დროზე, 1918 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა - მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც მეცნიერებისა და უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში. ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში მსგავსი მასშტაბების უნივერსიტეტის გახსნა სამაგალითო საქმეა, რომელსაც გამბედაობა სჭირდება.

„ასეთ ნაბიჯს სჭირდება მომავლის რწმენა, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისა და ხვალინდელი დღის რწმენა. ეს იმ გამძლეობისა და გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე.

შემთხვევით არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. გასულ საუკუნეს ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალური ძალების გადმოსვლამ თბილისში, განაპირობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება. დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს უნივერსიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგების საწინდარიც იქნება.

„ახალგაზრდებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ეძლევათ აქ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ. მე მჯერა, ასევე, რომ ეს უნივერსიტეტი იქნება ამ რეგიონში ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის, დიდი შერიგების საწინდარი იქნება, რამეთუ კეთილმეზობლობა არის ჩვენი ქვეყნების, კავკასიის რეგიონის ერების ბედისწერა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება.

ქუთაისი თავისი საზოგადოებით, წარსულით, ქალაქური კულტურით, გახსნილობითა და განუმეორებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი მშვიდობიანი კავკასიის ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც უნარი შესწევს გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების. არის ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა ეტაპი, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის მეცენატებზე და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვქვს ისტორიაში მსგავსი მეცენატობისა, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში, ჩვენი კულტურისა და განათების განვითარება დიდწილად მათზე იდგა. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, „ფონდ ქართუს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში. ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ამ უდიდესი შენაძენს. დაე ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეციერებისთვის,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"