მტერთან შებმა არ დასცალდა - კვირის პალიტრა

მტერთან შებმა არ დასცალდა

"ძალიან სასიამოვნოა, რომ "კვირის პალიტრა" დროდადრო წერს ქართველი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც ბოლოდროინდელ ომებს შეეწირნენ. იქნებ უფრო ხშირად გვიამბოთ მათ შესახებ.

ჩემს 11 და 9 წლის ვაჟებს უხარიათ საგმირო ამბების წაკითხვა და ელოდებიან, როდის მივუტან გაზეთს; მერე სათუთად ინახავენ იმ გვერდს, რომელიც კიდევ ერთი გმირის შესახებ იუწყება და მეკითხებიან, მამა, ჩვენ რომ გავიზრდებით, საქართველოს კიდევ დასჭირდება ომი? მაშინ ჩვენც გავხდებით ასეთები? ომისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს გმირები ჩემი ვაჟების კაცურად, გმირული სულით აღზრდაში მეხმარებიან მარადიული სასუფევლიდან. "კვირის პალიტრის" საშუალებით მადლობას ვუხდი ომში დაღუპული ბიჭების მშობლებს. ჩემმა ბიჭებმა მთხოვეს, "კვირის პალიტრამ" იქნებ ედნარ დიასამიძის შესახებ გვიამბოსო.

პატივისცემით, შოთა წიკლაური. თბილისი."

ედნარ დიასამიძე სენაკის მეორე ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო. მამისგან მემკვიდრეობით ერგო სამხედრო საქმის სიყვარული. დედით ნაადრევად დაობლებული ძმები ედნარი და მალხაზი მამასთან იზრდებოდნენ. მამა პოლიციელი იყო და სამაჩაბლოს პირველ ომში მონაწილეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთანავე მალხაზი ფრონტის შუაგულში გადაისროლეს, ედნარი კი სენაკის სამხედრო ბაზაზე დატოვეს. გაიოზ მოსეშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც სიკვდილის წინ ნახა ედნარი. დაჭრილებს დასტრიალებდა თავს და მათ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა.

გაიოზ მოსეშვილი, სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი ოფიცერი: "გორი რომ დაბომბეს, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სენაკსაც დაბომბავდნენ... ღამის 12 საათი სრულდებოდა, რუსები სენაკთან ახლოს ჩვენს საჰაერო სივრცეში რომ შემოვიდნენ. მთაზე ჩვენი "სტრელა" იდგა;

გაისროლა, მაგრამ არ  გავარდა - დანესტიანებული ყოფილა. რუსებმა საჰაერო მანათობელი ბურთები გადმოყარეს. ქვედანაყოფი გაფრთხილებული იყო, შენობებში არ გაჩერებულიყვნენ, რადგან დაბომბვისას ნანგრევებში ჩაიხოცებოდნენ. ყველამ  მოვასწარით გამოსვლა და გაშლა, მაგრამ გვერდით ბაზაზე 3000 კაცი ჰყავდათ მოყვანილი, უმრავლესობა რეზერვისტი იყო. რუსებმა ბაზის ერთ ნაწილში ჩამოყარეს ბომბები; ზოგი მაშინვე აფეთქდა, ზოგი არა, ძირითადად, კასეტური ბომბები იყო და დათვალიერებაზე რომ დავდიოდით, მაშინ ფეთქდებოდა.

გადაწყდა, დაჭრილები ედნარს უნდა წაეყვანა საავადმყოფოში. წუხდა, ეს რა ომია, ეს მუხანათობაა და ბიჭები უბრძოლველად გვეღუპებიან; ლაჩრულად რომ გვბომბავენ, ერთი პირისპირ შეგვებანო. რეზერვისტები შეშინებული და აკანკალებული იყვნენ; ნაწილში ჯოჯოხეთი ტრიალებდა.

ბაზის დაბომბვის შემდეგ რუსებმა სადგურის ტერიტორია დაბომბეს. სწორედ მაშინ მოჰყვა ჩვენი სამხედრო მანქანა ცეცხლში. ედნარი ერთი საათი რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყეთ... საავადმყოფოში რომ მივედი, 15 გარდაცვლილი დავითვალე. სახე ყველას დამახინჯებული ჰქონდა, ვერავის ვცნობდი. ედნარი დაზიანებული ხელით ვიცანი; სასწავლო წვრთნების დროს წამალი აუფეთქდა და თითები დაუზიანდა.

მაშინ  ძალიან დაღონდა, ვაითუ, ჯარისთვის აღარ ვივარგოო. კაცი, რომელსაც ბევრი გმირობის ჩადენა შეეძლო, თვალსა და ხელს შუა, არაფრის გამო მოგვიკლეს. დაჭრილები, რომლებიც ედნარს საავადმყოფოში მიჰყავდა, გადარჩნენ. ერთ-ერთი, ლაშა რევია, იხსენებს, რომ დაბომბვის დროს ედნარი მას გადაეფარა. მეტი არაფერი მახსოვს, საავადმყოფოში მოვედი გონსო. ხშირად ვფიქრობ, რომ ბიჭებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ, მტერთან შებმა არ დასცალდათ და მტრის ჯავრი გაჰყვათ იმ ქვეყნად."

ედნარს ორი ვაჟი დარჩა - გიორგი და მამუკა. მათ იციან, რომ გმირი მამა  ჰყავთ და ამიტომ ისე უნდა მოიქცნენ, მისი სახელი არ შებღალონ.