სამმა დღემ სულხან-საბას ხელნაწერი დაგვაკარგვინა - კვირის პალიტრა

სამმა დღემ სულხან-საბას ხელნაწერი დაგვაკარგვინა

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო: მამამისი, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ; დედა, თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული.

სამეფო ოჯახში უახლოესი ნათესავები ჰყავდა, მეგობრობდა კიდეც უფროს მამიდაშვილებთან - ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). განათლება მართლაც ბრწყინვალე მიიღო როგორც საერო, ისე სასულიერო. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა ტახტის მემკვიდრის, ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ ჯანიშინის (შემდგომში ვახტანგ VII) დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.

1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში (ქართველები სასანწკას ეძახდნენ).

მისი რუსეთში გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი ისეთივე სევდიანია, როგორიც მისივე ხელნაწერის ისტორია.

სულხან-საბას "სიბრძნე-სიცრუისას" ხელნაწერი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელისათვს უჩუქებია. სამახსოვრო წარწერაც კი გაუკეთებია... ეს ხელნაწერი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვიდრე რევოლუცია არ მოხდა და ბაგრატიონ-მუხრანელები არ დააწიოკეს. 22 კაცი ემსხვერპლა რეპრესიებს. ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელმა - ნიკო ბურმა შვილები: ნატალია, ირინე და ალექსანდრე ნათესავ ქალთან - თავად ვაჩნაძის ასულთან ერთად ბათუმიდან თურქეთში გაამგზავრა.

გემზე საშინელება ტრიალებდა, ყველას ჩხრეკდნენ, ძარცვავდნენ. ბაგრატიონთა დიდი ბრილიანტი პატარა ალექსანდრეს პირში ჩაუდეს და ასე გადაარჩინეს. კიდევ სამი ძვირფასი რამ გაჰქონდათ უცხოეთში ბაგრატიონ-მუხრანელებს: "სიბრძნე-სიცრუისას" ხელნაწერი, ლუდოვიკო XIV-ისეული სამაჯური, რომელიც ქართლის მეფისათვის - ვახტანგ VI-ისათვის გამოუტნევია საფრანგეთის მეფეს და მარიამ ციციშვილისეული 16 პატიოსანი თვლით მოოჭვილი საყურე.

პარიზში ბრილიანტი გაყიდეს, კაფე გახსნეს, რომელიც მალევე გაკოტრდა. უკიდურეს სიდუხჭირეში ყველაფრის დაგირავება მოუხდათ, მათ შორის სულხან-საბას ხელნაწერისაც. პროცენტი ვერ გადაიხადეს. დაინიშნა საჯარო ვაჭრობა. ნიკო ბურის უფროსი ქალიშვილი - ნატალია თვალს ადევნებდა, ვინ შეიძენდა ფასდაუდებელ ნივთს, რომ გამოსყიდვა შესძლებოდა. ერთმა ინგლისელმა იყიდა. გავიდა დრო. ნატალია ცოლად გაჰყვა მდიდარ ფრანგს, გვარად ტურანჟეს. მაშინვე მისწერა ინგლისელს, წიგნის გამოსყიდვა მინდაო. ძალიან დიდი თანხა მოითხოვა ინგლისელმა. დანიშნეს შეხვედრა.

ნატალიას სულ სამი დღით დააგვიანდა ჩასვლა. ინგლისელმა შინ არ შეუშვა: - მადამ, თქვენ დაიგვიანეთ. დღეც შეიცვალა და წიგნის ფასიცო...

დღეს ამ წიგნის ფასი იმხელაა, რომ სახელმწიფოსაც კი გაუჭირდება შესყიდვა...

ბაგრატიონების დინასტია

მუხრანელი ბაგრატიონები XVI-XVII საუკუნეებში დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მუხრან-ბატონები იყვნენ ქართლის მთავრები, ვახტანგ ბაგრატის ძე, ქაიხოსრო ბაგრატის ძე, ვახტანგ (V) თეიმურაზის ძე, ქვეყნის ბევრი სხვა საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, ქეთევან წამებული...

ერეკლე II-ის სიძე, კრწანისის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარსარდალი იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1755-1601) გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. მუხრანელთა ყიზლარის შტოს განეკუთვნება შესანიშნავი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი. გმირული და საინტერესო ბედი ჰქონდა ვახტანგ VI-ის ძმასა და გიორგი სააკაძის სიძეს თეიმურაზ მუხრან-ბატონს, რომელიც 1825 წელს მარაბდის ბრძოლაში დაიღუპა.

მუხრან-ბატონთა პატივისცემა სულხან-საბამ იმით გამოხატა, რომ უძვირფასესი ხელნაწერი აჩუქა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელს.

ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებთ

სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისას". წავიკითხოთ და კიდევ ერთხელ ვინატროთ სიბრძნე და შეძლება სულხან-საბას ხელნაწერის საქართველოში დასაბრუნებლად...