"ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა" - როგორ ეხმაურებიან "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა" - როგორ ეხმაურებიან "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას "ფეისბუკში"

21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გუშინდელ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "მწარე სიმართლე ერთია - კრიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია, რომელთანაც სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა..."

დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი: "სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ...? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და "აორთქლდება", ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ.... ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?"

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი: "ამასაც "გაგებით მოვეკიდოთ"?

ისე სუსის კონტრტერორისტული ცენტრი არ უნდა ატარებდეს სპეცოპერაციას ასეთ დროს? შსს რატომ?"

ირაკლი ოქრუაშვილი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი: "ღარიბაშვილს ხომ არ უთქვამს ატამი და მანდარინი რა ღირს ან ის ბოთე გომელაური ხომ არ გამოჩენილა, ბაღი მაქვს დასაბარი.

ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვაქვს.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ ის ფული რაც იმ კაცს გადაუხადეს ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გაიცა"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: "ჯერ არავის უთქვამს, ეს ნახევარი მილიონი ბიძინამ გადაიხადა, ადამიანები გადაარჩინა და შემოხაზეთ 41-იო?"

მამუკა გამყრელიძე, "ძალა ერთობაშია" წევრი: 1. მძარცველი პროფესიონალი სამხედრო ან ძალოვანია;

2. გეგმა კარგად მომზადებული. გათვლილი დეტალურად, მათ შორის წასვლაც;

3. არ ვიცით დადასტურებულად ჰყავდა თუ არა თანამონაწილეები ბანკში, მძევლებში, ძალოვანებში;

4. მოთხოვნილი თანხა ზუსტად არის გათვლილი. ცოტა ქეშის ორგანიზება მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს და რაც მთავარია, ადვილი სათრევია თუ ტყით აპირებ გაქცევას;

5. გამოდევნების ოპერაცია ცუდად ჩატარებული მგონია. შეიძლება ვცდები. რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლებოდა წასვლის სავარაუდო გზების გათვლა, დრონებით თვალთვალის ორგანიზება, დასახლებულ პუნქტებში და გზებზე პოსტების დაყენება, ტყეში ძაღლებით დადევნება და ა.შ. შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მაშინ მძარცველი უკვე დაკავებული უნდა ყოფილიყო. უჩინმაჩინი არ არის და პროვინციაში დამალვა ბევრად რთულია ვიდრე დიდ ქალაქში.

იხილეთ ასევე: "მძარცველმა გალდავას უთხრა "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე და 4 მძევალი მჭირდებაო. რაზეც იმან უპასუხა, მე ჩაგბარდებიო"