რა მოხდა სასტუმრო "ოაზისში" - კვირის პალიტრა

რა მოხდა სასტუმრო "ოაზისში"

"ამაზრზენია კოლეგების მიმართ ზიზღით გაჟღენთილი რიტორიკა, რომ კონფერენციაზე თურმე დასასვენებლად ჩასული 200-100 კაცი მოგვიანებით შეესია მთელ აჭარას და ეპიდაფეთქება გამოიწვია. გრცხვენოდეთ, ბატონო ალექსანდრე, თქვენ და იმ პირებს, რომლებმაც ეს ზღაპრები მოიგონეთ"

"კვირის პალიტრას" დაუკავშირდა სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით თელია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორსა და საერთაშორისო ექსპერტ ალექსანდრე პაპიტაშვილთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ("შესაძლოა ჩვენ შორის ბევრი ინფიცირებული დადის", 12-18 ოქტომბერი, 2020) ეხმაურება. მასში რესპონდენტი აჭარაში ეპიდვითარების აფეთქების მიზეზებზეც საუბრობდა, რასაც ზემოთ ხსენებული ასოციაცია არ ეთანხმება. ამ და კოვიდინფექციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე დავით თელიას ვესაუბრეთ.

- აჭარაში ეპიდვითარების აფეთქების მიზეზად ზოგიერთი ჩაქვში გამართულ ექიმთა კონფერენციას ასახელებს, რასაც თქვენი ასოციაცია არ ეთანხმება. რას უკავშირებთ იმას, რომ კონფერენციიდან რამდენიმე დღეში აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა?

- ეს რეალობას აცილებული ბრალდებაა. ჩვენს ქვეყანაში ახალ შემთხვევათა მატების ტენდენცია პირველად ივლისში დაფიქსირდა, როცა 7-დან 15 ივლისამდე შემთხვევათა რაოდენობა გაორმაგდა (15-დან 33-მდე), აგვისტო-სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი გაათმაგდა, შესაბამისად, 100-ის და 1000-ის ნიშნულებს ასცდა. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნებოდა ყველა ქვეყანაში, რაც, სავარაუდოდ, დასვენების სეზონს დაუკავშირეს და თუ ასეა, აჭარა რომ ამ მხრივ ყველაზე მიმზიდველი რეგიონია ჩვენს ქვეყანაში, საკამათო არ უნდა იყოს.

ისიც ფაქტია, რომ დღესაც კი მთელ მსოფლიოში შემთხვევათა ზრდის ფონზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესია, თუ არ ჩავთვლით ტაჯიკეთს, ლესოტოს, სოლომონისა და კომოროს კუნძულებს და კიდევ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყანას. აჭარაში შემთხვევათა გახშირების დაკავშირება ექიმთა კონფერენციასთან უფრო სუბიექტურად განწყობილი პირების სურვილებით და არამეცნიერული ლოგიკით აიხსნება.

- ბატონმა ამირან გამყრელიძემაც ბრძანა, ჩემს კოლეგებს მეტი სიფრთხილე მართებდათო... ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე არავინ დაობს, თუმცა ეპიდემიის დროს 400-კაციანი შეკრება, ალბათ, დიდ რისკზე წასვლა იყო. - უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა ამირანმა ეს განაცხადა პოსტ ფაქტუმ და არა კონფერენციის დაწყების წინ... რაც შეეხება მონაწილეთა რაოდენობას, დარეგისტრირებული იყო არა 400, არამედ 350 კაცი, რომელთაგან დარგობრივ სესიებს მონაცვლეობით ესწრებოდა მხოლოდ 40-50 მონაწილე, რადგან სწორედ ამ რაოდენობაზე იყო გაშლილი ზღვის პირას ღია, უზარმაზარი საკონფერენციო სივრცე.

რაც შეეხება სიფრთხილეს, ჩვენ 3-ჯერ ოფიციალური წერილით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, შევხვდით მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტროსგან მივიღეთ დასტური და რეკომენდაციები, დავიწყეთ კონფერენციის მომზადება. კონფერენციის აღმასრულებელი დირექტორი წინასწარ ჩავიდა ჩაქვში, რათა სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაწვრილებით გაევლო ყველა, მათ შორის, სასტუმროში დაწესებული რეგულაციების დაცვის საკითხები. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის, 1000 ნიღაბი შევიძინეთ და დავურიგეთ მონაწილეებს; შეძენილ იქნა ასევე რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა საშუალება და აქსესუარი. კონფერენციის მეორე ეტაპზე, ჯანდაცვის მინისტრისგან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გადავედით ონლაინრეჟიმზე. სასტუმროს ტერიტორიაზე დაფიქსირებული შემთხვევის შემდგომ, იმავე დღეს, შესაბამისმა სამსახურებმა საოცარი ოპერატიულობით ჩაატარეს არა მარტო კონფერენციის მონაწილეთა, არამედ სასტუმროში ასობით დამსვენებლის PCR-ტესტირება, რის შედეგადაც ინფიცირებული არ გამოვლენილა.

ბატონ ამირან გამყრელიძესთან კონსულტაციის შემდგომ, დეტალურად იქნა ინფორმირებული კონფერენციის ყველა მონაწილე განმეორებითი ტესტირების აუცილებლობისა და თვითმონიტორინგის საკითხების შესახებ. ამჟამად არა გვაქვს არავითარი ინფორმაცია არც დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან და არც ჯანდაცვის სამინისტროსგან კონფერენციის რომელიმე მონაწილის დაინფიცირების შესახებ.

- როგორ შეაფასებთ ეპიდვითარებას საქართველოში? თქვენი სიტყვებია: "გვეგონა, ომი მოვიგეთ, მაგრამ მოვიგეთ რამდენიმე ბრძოლა". როგორ ფიქრობთ, დიდი დანაკარგით ხომ არ მოვიგებთ კორონასთან ომს, როცა სტატისტიკა დღითი დღე შემაშფოთებელია? - ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე მსჯელობა არ არის ჩემი და მით უმეტეს, ბატონი ალექსანდრე პაპიტაშვილის საქმე. ჩვენ არა ვართ კომპეტენტურები ამ საკითხში. ეპიდემიოლოგია ურთულესი მიმართულებაა და სწორედ ასეთ სპეციალისტებს ეკუთვნით ეს შეკითხვა და არა მათ, ვინც სარგებლობს შექმნილი ვითარებით და ამგვარად ცდილობს თავის წარმოჩენას. შედეგიც სახეზეა: სრული ქაოსი მთელ მსოფლიოში, ფეიკწამლები, ფეიკნიუსები, გასაღებული უმაქნისი მედიკამენტები, გამდიდრებული კომპანიები, "გმირები", "დამნაშავეები", დეზორიენტირებული და შეცდომაში შეყვანილი ექიმები და საზოგადოება.

რაც შეეხება "ომებს, კაცობრიობას ის უკვე დიდი ხანია გაჩაღებული აქვს ბუნებასთან. ილუზია, რომ ინფექციები გასული საუკუნის მეორე ნახევარში დავამარცხეთ, ილუზიად დარჩა, რადგან ისტორიას არ ახსოვს არც ერთი ინოვაცია, რომელსაც მოგვიანებით კაცობრიობა ახალი გამოწვევების წინაშე არ დაეყენებინოს. ახლაც ანალოგიურ სიტუაციაში ვართ. ვინ იფიქრებდა, რომ ვაქცინაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში ასეთ პრობლემასთან პირისპირ დავდგებოდით. დაბნეული, შეშფოთებული ვართ, ათას ხავსს ვეჭიდებით და მოუთმენლად ველით კორონასთან გამკლავების სხვადასხვა საშუალებას. ასეთი საშუალება, ადრე თუ გვიან, გამოიძებნება, თუმცაღა, დიდი ალბათობით, განსაზღვრული პერიოდის შემდგომ ყველაფერი თავიდან დაიწყება; სავარაუდოდ, ამ პრობლემას საბოლოოდ ბუნებრივად და/ან ხელოვნურად სტიმულირებული ჩვენი იმუნური სისტემა რამდენიმე ათეულ ან ასეულ წელიწადში დაასრულებს...

- და მაინც, რა არის იმუნური სისტემა და რატომ უნდა გვქონდეს მისი იმედი? - იმუნური სისტემა უჯრედების და მოლეკულების ორგანიზებული ერთობლიობაა, რომელიც ამოიცნობს და ანეიტრალებს გენეტიკურად უცხო ანტიგენებს, დაავადებულ, დაზიანებულ, სახეშეცვლილ ან მკვდარ უჯრედებს. ამ ფუნქციას იმუნური სისტემა ნატიური (თანდაყოლილი) და ადაპტაციური (შეძენილი) დაცვის მექანიზმებით ახორციელებს. ნატიური სისტემა უზრუნველყოფს ინფექციაზე სწრაფ რეაგირებას და წინ უსწრებს ადაპტაციური სისტემის აქტივაციას (მაგ. ანტისხეულების პროდუქციას); ის ასევე ეხმარება ამ უკანასკნელს თავისი ფუნქციის შესრულებაში. ნატიური პასუხი ყალიბდება ასობით და ათასობით წლის განმავლობაში და საბოლოოდ გენეტიკურად დეტერმინირებული ხდება, რამეთუ იცავს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანობაში სახეობას. ეს გახლავთ ის სისტემა, რომელიც, ადაპტაციურისგან განსხვავებით, რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდა. სამწუხაროდ, დღესაც ასეთი ვითარებაა, რადგან ძირითადად ლაპარაკია ანტისხეულებზე და მხოლოდ ანტისხეულებზე. რეალურად კი იმუნური სისტემის ამ ორივე კომპონენტის ერთობლივმა ფუნქციონირებამ გადაარჩინა კაცობრიობა იმ ინფექციებისგან, რომლებთანაც ჩვენს წინაპრებს მრავალი საუკუნის განმავლობაში უხდებოდათ თანაცხოვრება, ყოველგვარი წამლების და ვაქცინების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არათუ კოვიდის, მომავალში განვითარებული ნებისმიერი ეპიდემიისა და პანდემიის "განაჩენი" წინასწარ გამოტანილია. ისინი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დამარცხდებიან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი იმუნური სისტემა დაამარცხებს და, რასაკვირველია, მეცნიერული მონაპოვარიც.

თუმცა არსებობს ერთი დიდი "მაგრამ": ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჭკვიანურად მოვიქცევით - დავანებებთ თავს გარემოს უმოწყალო და უგუნურ განადგურებას...

თუ მოვიპოვეთ "კოვიდის" ვაქცინა, შესაძლებელი იქნება დაავადების შედარებით მოკლე დროში პროფილაქტიკა. რაც შეეხება კაცობრიობის კორონისგან სამუდამოდ თავის დაღწევას, ეს მისია იმუნურ სისტემას უნდა მივანდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის სწრაფად მოახდენს რეაგირებას ამ ვირუსზე. დღეს მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვა უალტერნატივოა.

მინდა მოსაზრება გამოვთქვა ჩვენი პატივცემული მასმედიის შესახებაც. ვითარების მეტისმეტად დამძიმება, პანიკისა და დაბნეულობის წახალისება საზიანოა. გაუმართლებელი იყო ჩOVID-პრობლემების განხილვაში ამდენი ადამიანის ჩართულობაც. განა სწორია, როდესაც დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროგნოზირებისა და პრევენციის საკითხებს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რეანიმატოლოგები, ალერგოლოგები, ენდოკრინოლოგები და კიდევ ვინ იცის, რამდენი სპეციალობის პირი განიხილავს...

სამწუხაროა, რომ მხოლოდ ექიმს ევალება ჰიპოკრატეს ფიცით გაწერილი ვალდებულებების შესრულება, ჟურნალისტს კი არ ეკისრება პასუხისმგებლობა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე, ჰგონია, ეს სიკეთეა, რომელიც უნდა "დადო და გაიარო".

- ითქვა, რომ მედიკოსს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბევრთან ჰქონდა კონტაქტი. რამდენჯერ ჩაუტარდათ პისიარტესტი მონაწილეებს და სულ რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა? - კონფერენცია გაიხსნა 30 აგვისტოს და დაინფიცირებული ექიმი სასტუმრო "ოაზისში" იმავე დღეს, გვიან საღამოს ჩამოვიდა, რის გამოც ვერ დაესწრო კონფერენციის გახსნასა და პირველ დღეს დაგეგმილ სესიებს; კონფერენციას დაესწრო მხოლოდ 31 აგვისტოსა და 1-ლ სექტემბერს. მან გაიარა თერმოსკრინინგი და არ აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება ან სხვა რომელიმე სიმპტომი. გვიან საღამოს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ წინა დღეებში მასთან კონტაქტში მყოფ პირს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დაუყოვნებლივ გადავიდა თვითიზოლაციაში, დარეკა შესაბამის სამსახურებში და გაიყვანეს სასტუმროდან. იმ მომენტისათვის მას აღენიშნებოდა მხოლოდ მსუბუქი ტემპერატურა (სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე). ვირუსის პირველი სიმპტომები მას გამოუვლინდა 4 სექტემბრის საღამოს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კონფერენციაზე დასწრების პერიოდში ის არ იყო, ან მინიმალურად გადამდები იყო (როგორც წესი, ადამიანი გადამდები ხდება პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე). ამასთან, მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა 4-5 კაცთან. ტესტირებისა და იზოლაციის შემდგომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს, მათ შორის, მასთან ერთად ნომერში მყოფის ჩათვლით. ექიმების უმრავლესობას კონფერენციაზე ჩამოსვლამდე ჩატარებული ჰქონდა ტესტირება. ბატონი პაპიტაშვილის განცხადება კონფერენციის 5 მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანის, ხოლო 15 პირის კარანტინში მოთავსების შესახებ სიცრუეა. კარანტინში გადაიყვანეს მხოლოდ 4 კაცი, საავადმყოფოში - მხოლოდ ერთი, თავად ინფიცირებული.

ამაზრზენია კოლეგების მიმართ ზიზღით გაჟღენთილი რიტორიკა, რომ კონფერენციაზე თურმე დასასვენებლად ჩასული 200-100 კაცი მოგვიანებით შეესია მთელ აჭარას და ეპიდაფეთქება გამოიწვია. გრცხვენოდეთ, ბატონო ალექსანდრე, თქვენ და იმ პირებს, რომლებმაც ეს ზღაპრები მოიგონეთ. ასოციაციის წევრები უზომოდ აღშფოთებული ვართ ჩვენი კოლეგის ასეთი საქციელით და უფლებას ვიტოვებთ ბატონ პაპიტაშვილს დავუსვათ რამდენიმე შეკითხვა: იქნებ აგვიხსნას, რა კავშირშია მისი პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობა ეპიდემიოლოგის, კლინიკური იმუნოლოგისა და ინფექციონისტის საქმიანობასთან და რამდენად მართებულად მიაჩნია, რომ სპეციალობით მეან-გინეკოლოგმა, პრაქტიკულად კი ექოსკოპისტმა, თავს უფლება მისცა ასე მკვეთრად ასცდენოდა საკუთარ კომპეტენციას; რატომ ეგონა, რომ საზოგადოებისთვის ასეთი გაყალბებული ინფორმაციის მიწოდება, საკუთარი კოლეგების, პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსებების შელახვა უპასუხო დარჩებოდა; შეუძლია თუ არა წარმოგვიდგინოს თუნდაც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რაზედაც ღაღადებს, საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია და ხომ არ არის ეს მისი სურვილების, ფანტაზიის ან იქნებ კიდევ უფრო სერიოზული მიზეზის ნაყოფი; რატომ ჩათვალა, რომ დღეს, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც "ოაზისის" საქმის შესახებ ინფორმირებულია მინიმუმ 5 ორგანიზაცია, ვინმეს შეიძლება აზრად მოსვლოდა დაემალა და შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება...

დასასრულ, ყველაზე მთავარი შეკითხვა: იქნებ გვიპასუხოს ბატონმა პაპიტაშვილმა, შემთხვევით ხომ არ ატარებდნენ ის და მისი ასოციაცია ჩვენი კონფერენციის პარალელურად, ზუსტად იმავე რიცხვებში, ქობულეთის სასტუმრო "ჯორჯია პალასის" დახურულ დარბაზში ანალოგიურ სამედიცინო კონფერენციას?