"სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე, ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა" - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე - კვირის პალიტრა

"სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე, ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა" - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საინტერესო ისტორიას იხსენებს საკუთარი სტუდენტობის პერიოდიდან:

"სტუდენტი რომ გავხდი 18 წლის ვიყავი. ასკანიდან ჩამოვედი, დეიდებთან, მელიქიშვილზე, მიმიჩინეს ერთი კუთხე. ჩემს შენახვას სოფლიდან ვერ შეძლებდნენ, რამე უნდა მეღონა. თერთმეტი ნომერი ტროლეიბუსით დავდიოდი უნუვერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს უშნო, დიდი რკინის ჯიხური იდგა გზის პირას, ქალები წავკისიდან ჩამოტანილი ყვავილით ვაჭრობდნენ. ერთი კვირა იყო გასული, რაც სტუდენტურ ცხოვრებასთან შეგუებას ვცდილობდი, მივადექი მოფუსფუსე მეყვავილეებს და გავეცანი, ვუთხარი, რომ სოფელში ხშირად ვაკეთებდი სამგლოვიარო გვირგვინებს და თუ თანახმა იქნებოდნენ, ვაჩვენებდი რა შემიძლია.

დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ ჩემს შეთავაზებას მაგრამ ჯიხურის უკან, ჩრდილში დალაგებული ძმერხლის და შქერის ტოტებისკენ მიმითითეს. კატაბარდას ღერო მოვგრიხე, ხავსის გუნდა მივამაგრე, ჩიტავაშლას ტოტი და წვრილი ჟაბო მიხაკი ჩავამაგრე, არაუშავს გამოვიდა, გავიტანე და დახლზე დავდე. ათი წუთი არ იქნებოდა გასული მანქანა გაჩერდა, სქელ სქელი ქალბატონი გადმოვიდა, ბევრი ოქრო ეკეთა და გვირგვინი შეიძინა, მგონი 15 ლარად, გამიხარდა. იმ დღესვე მომცეს ყოფილი საყვავილე მაღაზიის გასაღები, მიწისქვეშა გადასასვლელში, მივალაგე, გურიიდან თხილის წკნელი, კრიფტომერია, ხავსი, გამშრალი ჰორტენზიები, ღომის თავთავი, სიმინდის ფუჩეჩი ჩამოვიტანე და შევუდექი საქმეს.

მალე დავატყვე ხელი, უბანმაც უცებ გამიცნო. ლექციებიდან მოსულს მხვდებოდა სია, რკინის კედელზე მაგნიტის ნატეხით მიმაგრებული: "ერთი ცალი 10 ლარიანი გვირგვინი იებით. ერთი ცალი 25 ლარიანი, თეთრი ვარდით (ძალიან პრეტენზიული ქალია), 2 ც თაიგული ერთი დედოფლისა, ერთი მეჯვარისთვის მისართმევი, ლეილას გოგო გათხოვდა.. და მისთანები". ქალები მეტისმეტად საყვარელი, უბრალო, მაგრამ გულიანები გამოდგნენ, შვილივით შემიყვარეს, მივლიდნენ, შრომას მიფასებდნენ და ზრუნავდნენ ჩემზე... დეიდა დოდო და მარიამი.

შვიდი წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, კაცმა არ იცის რამდენი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული შევკარი. ძალიან ბევრი ვისწავლე ამ ორი მშრომელი ქალისგან. საოცარი ალღო ქონდათ, მანქანა რომ გაჩერდებოდა, წამოავლებდნენ თაიგულს ხელს და გამოეგებებოდნენ მყიდველს... არ მახსოვს, ერხელ მაინც შემცდარიყვნენ და მუშტარს ეთქვას არა ეს არ მინდა, რასაც მთავაზობთ სხვა მაჩვენეთო, სულ მიკვირდა, ამას როგორ ახერხებდნენ და როგორ ცნობდნენ ვის რა, როდის და როგორ... ახლაც მიკვირს.

მარიამი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დეიდა დოდო დიდი ხანია აღარ მინახავს, რკინის ჯიხურიც რახანია აღარ დგას ვაკის პარკის წინ...

დღეს გრილი დღე იყო და საქმეს ვეშურებოდი, ცინერარიების გაბარდულ ბუჩქებს ვსხლავდი, თავზე დოდო დეიდა დამადგა, ცოტა მოხრილა, მოფუმფულებულა, თმები შეუღებავს და ხელები აღარ ქონდა ისე გაუხეშებული როგორც მაშინ... შვილიშვილებმა მოიყვანეს ჩემთან. როგორ გავიხარე, როგორ... ყველაფერი ვაჩვენე, ბაღი და სათბურები დავათვალიერებინე, ბევრი მეფერა და ვეფერე... წასვლისას მითხრა სულ არ მიკვირს, მაშინვე გეტყობოდა, რომ არ მოისვენებდიო... მიდი, მიდი მიხედე, სტუმარი გელოდება, აი ეს ოლიანდრის აყვავებული ბუჩქი შესთავაზე მყიდველიაო ჩუმად მითხრა... შვიდივე ოლიანდრი წაიღო თავისი ბაგების ეზოს ჭიშკართან დასარგავად ბატონმა გოჩამ... დეიდა დოდოს გაეღიმა...".

წყარო