"მაშინვე იწყებენ ამ წამლების მომარაგებას და უკონტროლოდ სმას" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ კორონავირუსს სახლში ვმკურნალობთ
"მაშინვე იწყებენ ამ წამლების მომარაგებას და უკონტროლოდ სმას" - რა უნდა ვიცოდეთ, თუ კორონავირუსს სახლში ვმკურნალობთ
"ბევრი თავს იკავებს "112"-ში დარეკვისგან და სიმპტომებს მალავს, რომ ვინმემ არ გაიგოს ან საავადმყოფოში არ წაიყვანონ. დღეს კლინიკაში ძალით არავის აწვენენ"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის ძალიან გაიზარდა. როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, პიკს ნოემბრის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილს­ ესაუბრა.

- ბატონო ოთარ, მთავარი კითხვით დავიწყებ, რომელიც ხშირად ისმის ოპოზიციონერთაგან. ისინი ეპიდემიოლოგებსა და მთავრობას ადანაშაულებენ, რომ სიტუაციის სადავე მიუშვეს. როცა დღეში 40
ინფიცირებული გვყავდა, სახლში დარჩენას მოგვიწოდებდნენ, ახლა კი გაიძახიან, ეკონომიკა რომ არ გაჩერდეს, ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრებაო. თქვენც ფიქრობთ, რომ სიტუაცია მიშვებულია?

- სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ეს ეპიდემიის უკონტროლო ზრდა არ არის, ხდება პრევენცია და მონიტორინგი.

- რა შემთხვევაში შეიძლება
დაერქვას სიტუაციას უკონტროლო?
- ეს ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რა რესურსის გამო­ყოფა შეუძლია ქვეყანას. მსოფლიო და ჩვენი სტატისტიკით, შემ­თხვევათა 15%-მდე მძიმეა, აქედან 1-2% - კრიტიკულად მძიმე. ეს თითქოს პატარა ციფრია, თუმცა­ გააჩნია, რა რაოდენობის მიხედვით არის დათვლილი და რა მოცულობის არის ის კლინიკური სერვისები, რომელიც ამ რაოდენობის ხალხს სჭირდება. ამ 15%-ს სჭირდება კრიტიკული მეთვალყურეობა. დანარჩენი ინფიცირებულების 50%-მდე ამ დაავადებას უსიმპტომოდ გადაიტანს, ხოლო 35% - შედარებით მსუბუქად.
ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა ვითარებას თავისუფლად უმკლავდება.

- რამდენი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში დაერქმევა სიტუაციას უკონტროლო?
- რიცხვის დასახელება რთულია, მაგრამ იმის მიხედვით, რა მოცულობის საწოლფონდი გვაქვს და როგორი კლინიკური მენეჯმენტის მობილიზებაა შესაძლებელი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როდის იქნება რაოდენობა კრიტიკული­. არსებობს დაავადების განვითარების სხვადასხვა­ მოდელი და ჩვენ ყველა მოდელის­ მიხედვით ვიჭერთ თადარიგს. მთავარი საწოლების ხელმისაწვდომი რაოდენობაა კრიტიკული და მძიმე პაციენტებისთვის.

უნდა გავითვალისწინოთ, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მსუბუქი ფორმა მეტია, ვიდრე მძიმე,­ თუმცა შესაძლოა მომავალში მძიმე ფორმებიც გახშირდეს.
ჯერ ეს დაავადება საზოგადოებ­რ­ივად უფრო აქტიურ ფენებში­ ცირკულირებს, რომლებიც მეტ კონტაქტს ამყარებენ, რისკ­ჯგუ­ფების წევრები კი შეძლებისდაგვარად ემალებიან ამ დაავადებას.

- იმ ქვეყნებში, სადაც ლოკდაუნი გამოცხადდა, ინფექციის კონტროლი ყველგან შესანიშნავად მოხერხდა, ამის მაგალითი საქართველო იყო პირველი ტალღისას. ახლა ისრა­ელმა სრული ჩაკეტვა გამოაცხადა,­ საფრანგეთმა - ნაწილობრივი. კორ­ეასა და ჩინეთშიც ლოკდაუნების საშუ­ალებით ინფექცია შესანიშნავად გააკონტროლეს... საქართველომაც უნდა იფიქროს ლოკდაუნზე?
- ჩაკეტვა ეფექტური ღონისძიებაა, თუმცა მუდმივად ეს შეუძლებელია. შედეგიანია წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, ინფექციის დროული დიაგნოსტიკა და დაავადებულთა იზოლაცია ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით.
მუდმივი შეზღუდვებისას ეკონომიკა ჩამოიშლება და სიტუაცია ძალიან გართულდება. სწორედ ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ აირჩია სწორი კურსი - ინფექციის კონტროლს მისცა კეროვანი შეზღუდვების სახე.

- თუმცა, საზოგადოება ფიქრ­ობს, რომ შეზღუდვის ეს ფორმა­ დროის მოგებაა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მაინც ჩაკეტავენ­ ქვეყანას.
- ეს შეხედულება, ცოტა არ იყოს, უტრირებულია. არჩევნებს ვერ დავუკავშირებთ შეზღუდვების გამკაცრებას ან შემსუბუქებას.­ მთავარია, როგორ გავრცელდება ინფექცია.
სიტუაცია უკონტროლო არ უნდა გახდეს. თუ ამის საშიშროებას დავინახავთ, უფრო მკაცრი მეთოდების გამოყენებაც შეიძლება.

- სახლში თუ კოვიდსასტუმროში მკურნალობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს...
- ამ დაავადებას ხშირად ახასიათებს უსიმპტომო ან იოლი მიმდინარეობა და ასეთ შემთხვევაში ორგანიზმმა თვითონ უნდა დაამარცხოს დაავადება. ნებისმიერი­ დაავადების მიმდინარეობისას ადამიანის იმუნურ სისტემას აქვს მნიშვნელობა. რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს "კოვიდ-19"-ის დამარცხების შესაძლებლობა, ერთადერთი საშუალებაა, ვიყოთ ადამ­იანის იმუნიტეტის იმედად და დავეხმაროთ მას, რომ ეფექტურად­ იბრძოლოს ვირუსის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, დაავადებულთა 85% წარმატებით ებრძვის ვირუსს. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩანს, ვირუსიც შესუსტდა,­ შეეჩვია ადამიანის ორგანიზმს და აღარ არის ისეთი აგრესიული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახლში მკურნალობა სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დავზოგოთ კლინიკური სექტორი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უვითარდებათ მძიმე ფორმა.

ხშირად ისინიც კი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ, მაგრამ სწორად მკურნალობენ, ადვილად უმკლავდებიან ვირუსს. კორონავირუსი თითქოს ორგანიზმის სუსტ წერტილებს ეძებს და იქ ურტყამს, მაგრამ თუ ასეთი ადგილი ორგანიზმში ცოტაა და ადამიანი აკონტროლებს თავის­ ჯანმრთელობას, მას "კოვიდ -19"-ის გართულების საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

ბევრი თავს იკავებს "112"-ში­ დარეკვისგან და სიმპტომებს მალავს, რომ ვინმემ არ გაიგოს ან საავადმყოფოში არ წაიყვანონ. დღეს კლინიკაში ძალით არავის აწვენენ. აღარ არის ის პერიოდი, რომელსაც მსოფლიო ვირუსის შეკავების ფაზას უწოდებდა და ჩვენც მსოფლიოს სტრატეგიას მივყვებით. მოწინავეები ვართ იმით, რომ შეკავების ფაზაში ინფექციის გავრცელება ყველაზე დიდი ხნით შევაკავეთ. დღეის მდგომარეობით, რომელსაც ადაპტაციისა და შეგუების ფაზა ჰქვია, აღარ არის მძლავრი ლოკდაუნები რეკომენდებული. შეკავების ფაზა ეფექტური იქნებოდა, დროულად რომ შექმნილიყო კარგი ვაქცინა.
დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას - სახლში მკურნალობა უსაფრთხოა მანამ, სანამ პაციენტს რამდენიმე საგანგაშო სიმპტომი არ გამოუვლინდება.

- მაგალითად?
- ტემპერატურის ძლიერი მატება, რომელიც არ ექვემდებარება­ სიცხის დამწევ საშუალებებს, სასუნთქი სისტემის დაზიანება, ძლიერი სისუსტე გონების კარგვის ეპიზოდებით, ჰაერის უკმარისობა, კიდურების ან მთელი სხეულის ძლიერი ტკივილი. თუ ასეთმა სიმპტომებმა იჩინა თავი, სასწრაფოდ უნდა დავრეკოთ "112"-ზე. ნურავინ იტყვის, რომ არ პასუხობენ, პასუხობენ, ან თუ ვერ გიპასუხეს, აქეთ დაგირეკავენ. გარდა ამისა, სახლში ყოფნის დროს მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება და ზომიერი მოძრაობა, რათა თრომბები არ წარმოიქმნას.

- ამ ვირუსს ახასიათებს თრომბოემბოლიის განვითარება. სახლში ამას თავი როგორ უნდა ავარიდოთ?
- დიახ, ამ ინფექციისთვის დამახასიათებელია თრომბოემბოლიური გამოვლინებები, მაგრამ მოულოდნელად და უმიზეზოდ - არა. ის ადამიანები, ვისაც ასეთი­ მიდრეკილება აქვთ, კლინიკებში, ექიმების მეთვალყურ­ეობით მკურნალობენ. ზოგი პრევენციის მიზნით თვითნებურად ინიშნავს­ სხვადასხვა პრეპარატს, მაგრამ სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღება არ შეიძლება! ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, მაგალითად, სისხლის გათხელება, შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა...

- პრევენციის მიზნით D ვიტამინსაც ხშირად იღებენ.
- შეშინებული ადამიანები როცა გაიგებენ, რომ კორონავირუსს რომელიმე მედიკამენტი შველის - არადა, სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცით, რა შველის - მაშინვე იწყებენ ამ წამლების მომარაგებას და უკონტროლოდ სმას.
ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტის მიღება­ სახიფათოა. კვლევებმა აჩვენა, რომ ვისაც D ვიტამი­ნის დეფიციტი აქვს, მის ორგანიზმში ეს დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, მაგ­რამ ამ ვიტამინის დოზის გადაჭარბებაც უკუეფექტს იძლევა.

- მართალია, რომ სისხლის ჯგუფი გადამწყვეტია, რა სირთულით­ წარიმართება კორონავირუსი?
- ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული კავშირი სისხლის ჯგუფსა და დაინფიცირებას შორის არსებობს, თუმცა ეს უდავო ჭეშმარიტება არ არის. არის ვარაუდი, ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, შედარებით იშვიათად ემართება ეს ვირუსი, მაგრამ ეს ჯერ მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

- ქვეყნის მთავარი ეპიდემიო­ლოგები ამბობენ, რომ ჯერ დაავადების პიკი წინ გვაქვს.
- პიკი ჯერ არ დამდგარა. ეს მოსალოდნელია ნოემბრის მეორე ნახევრიდან ან ცოტა მერეც.

- როდის ჩაბარდება კოვიდზე საუბარი და ციებ-ცხელება წარსულს?
- თუ ვაქცინა გამოჩნდება, ალბათ, მომავალი წლის ბოლოსთვის, თუ არადა, ეს ვირუსი დედა­მიწაზე, ალბათ, რამდენიმე წელიწადი იტრიალებს.

- ვაქცინას ხომ გაზაფხულზე ველოდებით?..
- ვაქცინას კი ველოდებით, მაგრამ შეიძლება იყოს და სამწუხაროდ, შეიძლება,­ არც იყოს, რადგან ზოგიერთმა­ ვაქცინამ მოსალოდნელი შედეგი ვერ აჩვენა, ის მედიკამენტები კი, რომელთა­ იმედიც გვქონდა, დღეს ეფექტიანად აღარ ითვლება­.
დღეისათვის ეფექტური ღონის­ძიებები ამ ვირუსის წინააღმდეგ არის პირბადის გამოყენება, ჰიგიენისა და დისტანციის დაცვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, შევძლებთ დაინფიცირების რისკის გაკონტროლებას და ინფექციის გავრცელების მასშტაბის შემცირებას. მერე კი დადგება დრო, როცა ჩვენი პოპულაცია აჯობებს ვირუსების პოპულაციას, რადგან ჩვენ უფრო მაღალგანვითარებული ორგანიზმები ვართ, ვიდრე - ისინი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები