"დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... მივდივართ ციცაბო მთაზე, მივაგენით დათვის ბილიკს...სტრესში ვართ" - რა "ისტორია" გადახდათ თავს მოგზაურებს ხევსურეთში - კვირის პალიტრა

"დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... მივდივართ ციცაბო მთაზე, მივაგენით დათვის ბილიკს...სტრესში ვართ" - რა "ისტორია" გადახდათ თავს მოგზაურებს ხევსურეთში

სამთო ველომოგზაური ირაკლი ჩარგეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ხევსურეთში, ველოტურისას თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს, რა დროსაც მოგზაურებს გზა დაეკარგათ და ღამის გათენება სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მოუხდათ. მათ სამძებრო ღონისძიებებს სამაშველო სამსახური და პოლიციაც ახორციელებდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა:

"ჩვენ გადავრჩით!

მოგზაურობის თვალსაზრისით იდეალური წელი გამოდგა 2020, ისეთი ადგილები ვნახე პირველად, რაც დიდი ხნის სურვილად მქონდა, ვიმოგზაურე ველოთი მთებში, გამოვიარე დაღლა, შიმშილი, დალეწვა და ა.შ. მაგრამ დავაგროვე ძალიან კარგი მოგონებები, შესაბამიად, ფოტოებიც, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად ყველაფრისა, ხდება ისეთებიც, რაც ცდება "თავგადასავლის" ფარგლებს და სახუმარო აღარაა, შესაბამისად გულშემატკივარ ახლობელ ადამიანებს ანერვიულებს, თანაც ძალიან. მინდა მოგიყვეთ ჩემი თვალით დანახული ამბავი, რაც გადაგხვდა 20-21 ოქტომბერს მე, დავით ჩოხელს (Georiders - Mountain Biking tours in Georgia-ს დამფუძნებელი) და პაატა ანჯაფარიძეს სამთო ველო ტურისას ხევსურეთში.

დაწყება

სამშაბათს დავიძარით თბილისიდან ხევსურეთისკენ, რათა გადავსულიყავით უკანა ფშავში საცალფეხო ბილიკებით. დათვიჯვრის უღელტეხილის პიკიდან დავიწყეთ ჩვენი ველო ტური. ტური დაიწყო იდეალურად - საოცარი ხედები, საოცარი ბილიკები ექსტრემალური ადამიანებისთვის, საოცარი ამინდი და მოკლედ, საოცარი ყველაფერი.

ბედნიერება - > "პი**ცი"

საოცრებებმა გაგვიტაცა, ენერგია უსაზღვროდ გვაქვს, ყველგან შევძლებთ გავლას, ისე მივემართებით, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ბილიკი უბრალოდ გაწყდა, სოფელი ჩანს წინ და მთაზე სახლები, შანსი არაა, უნდა გადიოდეს ბილიკი, დათომ დრონი ააფრინა და დავათვალიერეთ გარემო, აშკარად ჩანს ბილიკი და ჯერ ძალიან ბევრი დროა დარჩენილი დაღამებამდე, თანაც ფანრები გვაქვს და დაღლას არავინ ვგრძნობთ.

შევუდექით საკმაოდ დახრილ მთაზე, ბილიკის გარეშე ჩასვლა მდინარემდე, მდინარე კი ზუსტად იმ სოფლამდე მიდის საითკენაც გეზი გვაქვს, გაჭირვებით, მაგრამ მოვახერხეთ ამ მთაზე ჩასვლა და გავუყევით მდინარეს, ვინაიდან მდინარის სათავე არ იყო ღრმა და წყაროს უფრო გავდა, სამწუხაროდ, მდინარის კალაპოტის ერთ ადგილას კლდეები დაგხვდა, გავლა დიდი რისკი იქნებოდა, გადავწყვიტეთ გვერდის ავლა ტყით, რომელიც ციცაბო ფერდზე იყო გადაჭიმული. ზემოდან კი ბილიკი ჩანდა ამ ტყეში, მოგვიწია პირდაპირ, ვერტიკალურად ტყეში ასვლა, ბილიკის მსგავსი ვიპოვეთ.

ტყე

დაიწყო ჩვენი კოშმარი - დაუსრულებელი გაუვალი ტყე. ბილიკი არ არსებობს, მივდივართ ციცაბო მთაზე, სიმაღლეს ვკრეფთ და მდინარესაც ვცილდებით, იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ბილიკს და როგორმე გავალთ, რადგან სოფელი ძალიან ახლოს არის. მივაგენით დათვის ბილიკს და გავუყევით "არხეინად", როცა ვხედავდით დათვის ნაკვალევს (ფუნა, დათხრილი თათებით, სპეციფიკური ბუნტყლები) ვხვდებოდით, რომ "სწორად" მივდიოდით. პაატას თან ქონდა გარმინის საათიც და ველოკომპიუტერიც, ორივე ნავიგაციის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა და ყველანაირი რუკის აპლიკაცია, რაც კი არსებობს. თუმცა ბილიკი არ ჩანს რუკებში.

მალევე დაღამდა და საშინლად შევნელდით, ვნერვიულობთ, რომ ვერ ჩავალთ იმ დღეს სამშვიდობოს ან/და უარესი, საერთოდ ვერ გავაღწევთ. ღამის ორამდე ტყეში ვიჯახირეთ, წვიმს და უკვე არ აქვს აზრი სიარულს, ველოები დავტოვეთ და მოვძებნეთ კოცონის დასანთები ადგილი, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა ფერდობზე. სანთებელა მხოლოდ მე აღმომაჩნდა, რომელიც თილისმასავით დამაქვს (დედაჩემის ნაჩუქარი). ცეცხლი დავანთეთ ველოსიპედის კამერის დახმარებით, რადგან არაფერს ეკიდებოდა ცეცხლი.

ღამე

საშინლად ცივა, ყველანი სტრესში ვართ, უკაცრიელი ადგილია, ჩირებზე და სნიკერსებზე ვართ მხოლოდ, საჭმელი ერთი ბუტერბროტი დაგვრჩა, ტერფები გვტკივა სიარულისგან, ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს კარვის, საძილე ტომრის და პარალონის არ ქონაა. ტელეფონი არსად იჭერს, ვერავის შევატყობინებთ, სად ვართ, ერთი ადამიანიც არ შეგხვედრია გზაში. ნისლი ჩამოწვა და ეტაპობრივად წვიმს, ცხოველის ხმაც კი არ გვესმის. გონებაში ქაოსია, ყველაფერზე ვფიქრობ...

დღე საოცრად დაიწყო და ვერც კი ვხვდები, როგორ აღმოვჩნდი "აქ". კოცონი მალევე ქვრება, რადგან ხმელი ტოტები დავწვით, მორები კი დამპალია და არ იწვის. ნახევარი საათით შევძელი დაძინება მხოლოდ. გამოღვიძება სიზმარს გავდა, ვერ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი.

ოთხშაბათი ღამე გადავიტანეთ, ცეცხლმა გვიშველა და იმ ერთმა სანთებელამ, ახლა დროა დავსახოთ ახალი გეგმა, ნისლის გამო დღეც არაფერი ჩანდა, თუმცა მალევე გადაიყარა და გამოჩნდა რელიეფი, ტყიდან გაღწევა გვინდა, ყველაზე კარგ ვარიანტად მდინარე გვეჩვენება, გადავწყვიტეთ ველოების ჩაყვანა მდინარემდე და თუ გაუვალი იქნებოდა ველოთი, დავტოვებდით მდინარესთან და ფეხით გავიდოდით სამშვიდობოს, რადგან ველოების თრევა დიდი რისკი იქნებოდა მშიერზე, გამოუძინებელზე და დაღლილზე.

დავეშვით ტყეში, მაგრამ მთა უფრო იწყებდა დახრას და ფიზიკურად ვერ ჩავიდოდით. გადავწყვიტეთ დრონის აფრენა ტყიდან, რაც არც ისე მარტივი საქმეა ხშირ ტყეში. ვიპოვეთ შედარებით ცარიელი სივრცე, დრონი ხელით უნდა დამეჭირა აფრენა/დაჯდომისას, რადგან სწორი ადგილი არ იყო. პირველი აფრენა წარუმატებელი გამოდგა, ხეებში გაიჭედა დრონი, საბედნიეროდ, ქვემოთ და შევძელით ჩამოხსნა, მეორე აფრენამ გაამართლა, მაგრამ დრონმა ცუდი ამბავი მოგვიტანა, წინ უშველებელი კლდეა...

ბევრი აღარ გვიფიქრია, ველოებს ვტოვებთ, თუმცა დათოს გამძლეობამ და ძალამ შეძლო ერთი ველოს წამოღება. ამასობაში შუადღეა, უამრავი დრო დავკარგეთ ტყეში ბობღვაში. კოშმარ სიზმარს გავს, რომ გარბიხარ და ვერ გარბიხარ, ჩვენ ტყიდან გავდიოდით და ვერ გავდიოდით.

გაუვალი ტყის დასასრული

ველოების გარეშე სიარულმა იმედი მოგვცა, გადავწყვიტეთ, ავსულიყავით ალპურ ზონაში და ასეც მოვიქეცით, როგორც იქნა, გავედით ტყიდან და გადაიშალა ულამაზესი ხედები, თუმცა ხედებს არავინ უყურებდა სილამაზის გამო, ჩართულია გადარჩენის რეჟიმი, სულ მცირე ტერფი სწორად დევს მიწაზე დგომისას და გაშლილი სივრცეა. მდინარის გადაღმა მთაზე ფერმა ჩანს. მალევე მწყემსებიც გამოჩნდენ ცხენებთან ერთად. თუმცა ძალიან შორს არიან და ჩვენი ხმა ვერ გაიგეს. რომც გაეგოთ ვერაფრით გვიშველიდნენ. თუმცა ცივილიზაციის დანახვა ერთგვარი მოტივაციაა.

გადავწყვიტეთ მთიდან ჩასვლა ქვემოთ ხევისკენ, დათომ იყოჩაღა და საიმედო გზა ნახა, მარტივად დავეშვით, მალევე ადამიანის გაკეთებული ბილიკი დავინახეთ, ეს უკვე გადარჩენა იყო, თუმცა წინ გრძელი გზა გველის, მდინარემდე ჩავედით, მდინარეს კი ბილიკი გვერდზე მიუყვება, რაც კიდევ უფრო იმედის მომცემი აღმოჩნდა.

სოფელი

მივაღწიეთ სოფელს, საითკენაც გეზი გვქონდა დასაწყისშივე. თუმცა სოფელი უკაცრიელი აღმოჩნდა, ნასახლარებით. სამანქანო გზამდე კიდევ ბევრია სავალი, მაგრამ უნდა მივიდეთ, რომ დარეკვა შევძლოთ, დათო წინ წავიდა, რადგან ველოსიპედით იყო, მე და პაატა გავუყევით ფეხით ბილიკს, გზაში დაგვაღამდა, დათომ მოახერხა ჩვენზე 2 საათით ადრე ჩასვლა იმ პუნქტამდე, სადაც ტელეფონი იჭერს. ჩვენ კი მთვრალებივით, ქანცგაწყვეტილები, ბოლო ენერგიით მივაბიჯებდით მისტიკურ ხეობაში საცალფეხო ბილიკზე, საბოლოოდ გამოჩნდა სოფელი, უკვე ვიცით რომ გადავრჩით, სოფელში ტელეფონი არ იჭერდა, სამაგიეროდ სამანქანო გზა ამოდიოდა. გზაზე გავედით, ველოდებით მანქანას, ძალიან მალე გამოჩნდა ჩვენი პიკაპი.

დახვედრა

როგორც აღმოჩნდა, გვეძებდა სამაშველო ჯგუფი, პოლიცია, ოჯახი, ყველა. გუშინ რო არ ჩამოვსულიყავით, დღეს ვერტფრენი უნდა წამოსულიყო საძებნელად. სამაშველო ჯგუფი წამოსული იყო, თუმცა, ნისლის გამო, ვერ გააგრძელეს გზა. ჩვენ კი ენერგია გამოცლილებმა მაშინვე ამბების მოყოლა დავიწყეთ, როგორც "თავგადასავალის", მაგრამ ყველა ანერვიულებული და გაკვირვებულია და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დავბრუნდით ცოცხლები. ჩვენზე მეტად ახლობლებმა ინერვიულეს. ალბათ იმიტომ, რომ ნერვიულობა და პანიკა დაგვღუპავდა იმ ტყეში და მხოლოდ ცივი გონებით ვმოქმედებდით.

ფოტოები

მცირედი პოზიტივით დავასრულებ წერას, უსაოცრეს და ულამაზეს ადგილებში ვიარეთ, ვცდილობდი ბევრი გადამეღო, თუმცა მალევე აღარ მცხელოდა ფოტოებისთვის. ასე თუ ისე, ძალიან საინტერესო და ლამაზი კადრები შემრჩა.

დასკვნა

დედას მადლობა სანთებლისთვის".