"მეტისმეტი ჰუმანურობის ბრალია, რომ ეს მკვლელები და სამშობლოს მოღალატეები ამდენს ბედავენ" - კვირის პალიტრა

"მეტისმეტი ჰუმანურობის ბრალია, რომ ეს მკვლელები და სამშობლოს მოღალატეები ამდენს ბედავენ"

"დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვას, "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებიაო"

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარცევნო უბნებზე ხალხმრავლობა შეინიშნება. ზოგი საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე მისვლას... ამ სიტუაციაში ორმაგად საყურადღებოა ქართული კულტურისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების აზრი, მათი პოზიცია. ჩვენი სტუმარია საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ვესაუბრეთ...

- ბევრი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლებლობები ამოწურა, რომ ცვლილებების დროა. თქვენ როგორ ხართ განწყობილი ახლა, როცა არჩევნები კარს მოგვადგა?

- შეიძლება ქვეყანაში ბევრი რამ არის შესაცვლელი და გასაკეთებელი, მაგრამ ერთ რამეში ვერავინ შემედავება - 2012 წელს ჩვენ გადავრჩით, რადგან "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებიდან გავისტუმრეთ.

გვეუბნებიან, წარსული უნდა დაივიწყოთო, მაგრამ იმ წლებს როგორ დაივიწყებს ხალხი, რომელსაც შვილებს თვალწინ უხოცავდნენ?! ეს ისეთი მძიმე წლები იყო, რომ ვერავინ დაივიწყებს. ამას კიდევ ერთი ცოდვაც დაემატა - თურმე როგორ ყიდდნენ ქართულ მიწებს!

- დავითგარეჯის ამბავს გულისხმობთ? - დიახ. იმას კი არ ამტკიცებენ, რომ რუკები არასწორია, არამედ იმას, რომ ეს რუკები ვიღაცამ მოსკოვიდან ჩამოიტანა... უპატიებელი დანაშაულია, როცა ადამიანები მშობლიურ მიწას და საზღვრებს ყიდიან! "ნაცმოძრაობა" არის რევანშისტული ძალა, რომელმაც მარტო დავითგარეჯა კი არა, ახალგორი და კოდორის ხეობაც გადასცა მტერს. ამის გამოც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ - მე სწორედ ამ თხოვნით მივმართავ პროკურატურას. კანონით უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის.

- თუმცა მთავრობას ბევრი აკრიტიკებს, ახლა, როცა რეგიონში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა, ამ თემის წამოწევა არ ღირდაო...

- მესმის, მაგრამ ეს განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ამბავია და ყველას უნდა გაეგო. მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა, რა ძალასთან აქვს საქმე.

ღმერთმა დაიფაროს, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მგონი, ნახევარ საქართველოს გაწყვეტენ. მათ რევანშის სურვილი აწვალებთ. ციხის კადრებზე რომ ამბობენ, დადგმულიაო, არ არის დადგმული! როცა მახსენდება, ჩემმა ოჯახმა რა გადაიტანა "ნაციონალი" ფაშისტების მმართველობის დროს, მირჩევნია, მშიერი ვიყო, ვიდრე ეს ჯალათები უკან დაბრუნდნენ.

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ჯალათების და მკვლელების უკან დაბრუნებას აღარ დაუშვებს. "ქართული ოცნების" მთავარი დანაშაული ის არის, რომ ამ ძალას ჰუმანურად მოექცა, ჰოდა, ე.წ. კოაბიტაცია ახლა უკან შემოუბრუნეს - აქეთ ეძახიან მკვლელებს და მოღალატეებს!

მე არ ვამტკიცებ, რომ დღეს საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ ქუჩაში გასვლის რომ არ გვეშინია, რომ არ გვხოცავენ, ქონებას არ გვართმევენ და ჩვენს ნაშრომს სხვის სახელზე არ აფორმებენ, ეს ცოტას ნიშნავს? გაიხსენეთ 7 ნოემბერი, "იმედში" შევარდნა... თქვენ გგონიათ, მაგათ ქვეყნის ბედი აღელვებთ? რევანში სწყურიათ. არც მალავენ, იმუქრებიან - მოვალთ, დაგიჭერთ და ყელში ამოგადენთ ყველაფერსო...

- "ოცნების" შესახებაც უნდა ვთქვათ... რა გააკეთა მან ამ რვა წლის განმავლობაში? - დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვას, "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებიაო. ბევრი რამ გაკეთდა - ქალაქი გალამაზდა, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მართალია, პრობლემაც ბევრია, მაგრამ უფასო ჯანდაცვა მიღწევა არ არის?

ცოტა ხნის წინ მამა დამეღუპა და გაოცებული ვიყავი: - საავადმყოფოში ერთი თეთრი არ გადამიხდია! ორი კვირა რეანიმაციაში იწვა და უფასოდ მკურნალობდნენ. რამდენი უფასო ოპერაცია გაკეთდა! ამ რვა წელში ძალიან ბევრი თეატრი და კულტურული დაწესებულება გარემონტდა, დამშვენდა და გალამაზდა...

- ეკონომიკის დასუსტებაზე, ლარის გაუფასურებასა და კორონავირუსის გავრცელებაზე რას იტყვით?

- კორონავირუსმა მთელი დედამიწა საგონებელში ჩააგდო. ამ ვირუსს მთელი მსოფლიო და მათ შორის - საქართველოც მოუმზადებელი შეხვდა. გიკვირთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ამხელა პრობლემას ვერ გაუძლო? ჩვენ ბუნებრივი აირი და ნავთობი არ გვაქვს, ჩვენი მთავარი შემოსავალი ტურიზმი იყო და პანდემიამ სწორედ ამ სფეროს დაარტყა.

და ვინ ლაპარაკობს კორონავირუსის გავრცელებაზე? მთელი საქართველოს მასშტაბით რომ მოკრიბეს თავიანთი ამომრჩევლები და ბათუმში ჩაიყვანეს, ხომ ნახეთ, იქ რა ხდებოდა?! მე მგონი, ესეც განზრახ გააკეთეს. მათ სიტუაციის დაძაბვა სურთ და ყველას არწმუნებენ, რომ მთავრობა ხალხს არ პატრონობს. როგორ, ხელისუფლებას საშუალება აქვს და თავის ხალხს ფინანსურად არ ეხმარება? ეს არის იმ პატარა ადამიანების დადგმული სცენარი, რომლებსაც თავიანთი სამშობლო სძულთ.

- თქვენი აზრით, ამ რთულ სიტუაციაში რა არის გამოსავალი?

- გამოსავალი ისევ ერთმანეთის გაფრთხილება და სიყვარულია. როგორმე უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, ექიმებს ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ - პირბადით ვიაროთ და დისტანცია დავიცვათ... ხომ არ შეიძლება, სულ ჩასაფრებული იყო და ყველგან ცუდს ეძებდე?!

- კი, მაგრამ ოპოზიციაც რომ ამავეს ამბობს? - ამბობენ, მაგრამ როგორ იქცევიან? როცა აჭარაში ამდენი ხალხი შეაგროვეს, არ იცოდნენ, რომ ეს რეგიონი წითელ ზონად იყო გამოცხადებული? სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების დანაშაული - მეტისმეტი ჰუმანურობის ბრალია, რომ ეს მკვლელები და სამშობლოს მოღალატეები დღეს ამდენს ბედავენ, მეტიც - აქეთ დაგვცინიან. ისინი ჯალათები არიან, ჯალათები კი ციხეში უნდა ისხდნენ.

- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა: რას ურჩევდით საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს? - ყველა ადამიანს თავისი გემოვნება და არჩევანი აქვს. გაიძახიან, არჩევნებს გააყალბებენო, მაგრამ ეს ტყუილია! საარჩევნო უბანზე მისული ყველა ადამიანი თავის თავთან მარტო დარჩება და სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სხვათა შორის, მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისაც მესმის, რადგან ეს მათი არჩევანია, ჩვენ თუ ვაკრიტიკებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გვძულს. ჩვენ ყველა ადამიანის არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ არა მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ეს მკვლელი რეჟიმი უკან დააბრუნოს. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩვენ ეს ჭირი დავამარცხეთ. არ შეიძლება საქართველო იმ ჭაობში დაბრუნდეს, საიდანაც ვეღარასოდეს ამოვა!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.

ხათუნა ჩიგოგიძე