ჭიჩოს უკანასკნელი მოჰიკანი - კვირის პალიტრა

ჭიჩოს უკანასკნელი მოჰიკანი

"როცა 1660 მეტრ სიმაღლეზე ავდიოდით, გზაში მოხუც კაცს წამოვეწიეთ, ფუტკრის ცარიელი სკა ჰქონდა აკიდებული და მხნედ მიაბიჯებდა. გამოველაპარაკეთ. ხევისბერი ვახტანგ ჩოლოგაური ვარო, გაგვეცნო... ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა. არის სოფლები, სადაც თითო ან 2 მოსახლეა, სახლები ნასახლარებადაა ქცეული. საშინელი პირობების მიუხედავად, 85 წლის მარტოხელა ხევისბერი ჯიუტად არ ტოვებს მშობლიურ ადგილებს. ის ჭიჩოს ერთადერთი მკვიდრია", - გვიყვება სევდანარევი აღფრთოვანებით თადარიგის პოლკოვნიკი დიმიტრი ქართლელიშვილი:

- პერიოდულად დაცლილ სოფლებში ავდივართ. ბოლო დროს უკანა ფშავის ხეობაში გახლდით. ჩვენი ექსპედიცია 5-კაციანი იყო: მე, ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი, ფშაველი ახალგაზრდა თორნიკე გორელაშვილი, ლექსო თვალაძე და ვახტანგ ხიზანიშვილი (ვისი წინაპრებიც იმ ადგილებში სახლობდნენ). ჩვენი დანიშნულების ადგილი ამჯერად სოფელი ჭიჩო იყო, რომელსაც ძველად კელესი ერქვა. ვიცოდით, ჭიჩოში ერთადერთი მოსახლე 85 წლის მარტოხელა ხევისბერი ვახტანგ ჩოლოგაური ცხოვრობს. სამწუხაროდ, მას მეუღლე და შვილი გარდაცვლილი ჰყავს და ჯიუტად არ ტოვებს მშობლიურ ადგილებს.

წყაროებში წერია, რომ მეფე ერეკლეს ამ სოფლიდან 107 მოლაშქრე ჰყოლია. მაშინ თითო კომლიდან თითო მოლაშქრე გამოჰყავდათ. გამოდის, ჭიჩოში მეფე ერეკლეს დროს 107 ოჯახი სახლობდა. ბოლშევიკებმა მთლიანად მოშალეს სოფლები და მოსახლეობა ბარში ჩამოასახლეს.

ჩვენი ექსპედიციის წევრ ვახო ხიზანიშვილის წინაპრები ჭიჩოდან გომბორში ჩამოსახლებულან და მან გადაწყვიტა წინაპრების საცხოვრებელს დაუბრუნდეს. ხევისბერმა გვიჩვენა მისი წინაპრების ნასახლარები, სახლის კედლებიღაა დარჩენილი, მაგრამ ვახომ თქვა, აღვადგენ და პირველი მოსახლე ვიქნები, ვინც მამაპაპისეულ კერას დაუბრუნდაო. მართალია, საცხოვრებელი პირობები არ არის, გზა, ელექტროენერგია, წყალი, ყველაფერი გასაყვანია, მაგრამ ყველანი თუ მოვინდომებთ, სოფელი აღორძინდება. ნასახლარები, ტიპური ფშაური სახლები დაგვხვდა. ბატონ ვახტანგსაც სიპი ქვით ნაგები სახლი აქვს.

- როგორ ცხოვრობს მარტოხელა ხევისბერი ცხრა მთის იქითა სამყაროში? - პენსიის ასაღებად შუაფხომდე 20 კილომეტრს ფეხით გადის. წარმოიდგინეთ, მის ეზოში დათვები დაბაჯბაჯებენ. როცა მოხუცდა, საქონელს ვერ უვლიდა, გაყიდა და ტრანსპორტის საშუალებად ვირი დაიტოვა. ერთ მშვენიერ დღეს გამოდის გარეთ და რას ხედავს - დათვი მის ვირს ტორავს. ვახტანგს ჯოხი აუღია და გაუგდია. ვკითხე, თოფი ხომ გაქვთ, რატომ არ მოკალით-მეთქი, მითხრა, რას ამბობ, შვილო, ჩემს პირუტყვს კი ჭამდა, მაგრამ ისიც ღვთის გაჩენილია და როგორ მოვკლავდიო. გვითხრა, დატორილ ვირს იარებზე ერბო წავუსვი და, ალბათ, განიკურნებაო.

კაცს ჭიანჭველასთვის არ დაუდგამს ფეხი. გავკადნიერდი და შევბედე, ნუთუ 85 წლის განმავლობაში ცოდვა არ ჩაგიდენიათ, ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ-მეთქი და მიპასუხა, ცოდვა როგორ არა მაქვს, შვილო, ერთხელ ბალახს ვთიბავდი, უნებლიეთ ცელი ჩიტის ბუდეს წამოედო და ბარტყი შუაზე გადაჭრა. დედა ჩიტი ისე დამტრიალებდა თავს, ცრემლები წამომივიდა, ალბათ, ეს ცოდვა საიქიოს გამყვებაო. უკეთილშობილესი ადამიანია, მართლაც ცოცხალი მინდია, რომელიც ცოდვად იმას თვლის, ჩიტი რომ შემოაკვდა. მას ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ენა ესმის.

- ადამიანებთან კონტაქტი თუ აქვს? - ერთი ძმისშვილი ჰყავს, ნუკრი, რომელიც ბიძას ყურადღებას აქცევს, როცა ამინდებია, მიაქვს ფქვილი, პროდუქტი. მოხუცი მეფუტკრეობას ეწევა, აქვს ხეხილი. აკეთებს ჩირსაც, მითხრა, პანტას ვახმობ და კომპოტს ვსვამ ზამთარშიო. თვითონაც ჩადის ბარში, ცვლის და ყიდის რაღაცებს.

თხოვნის მიუხედავად, ნუკრის ბარში არ მიჰყვება, ამბობს, აქ უნდა აღვესრულოო, თან მოწყენილი გვეუბნება, მარტო ვარ, ერთადერთი მეღა ვასოფლებ ჭიჩოსო. ვახტანგ ჩოლოგაური მაღალმთიანი სოფლის უკანასკნელი მოჰიკანია და სანამ ცოცხალია, ნაპერწკალი ცეცხლად უნდა ვაქციოთ და ფშავი ავაღორძინოთ.

სოფლამდე სამანქანე გზა არასდროს მიდიოდა და არც ახლაა. უკანა ფშავში, არაგვის მარცხენა მხარეს, ჭიჩოს გარდა, არც ერთი სოფელი აღარ არის. ჭიჩოში ბევრი სალოცავია - ჭიჩოს პირცეცხლიანი, მამამთავარი, დედა ღვთისმშობელი, ადგილის დედა, პირის და ფუძის ანგელოზი, თამარ მეფის სალოცავი, კელესის ღელე... ისინი მთის ტიპური სალოცავებია. ფშავლები ამ სალოცავებში ყოველ წელს მიდიან საეკლესიო დღესასწაულებზე. ვინაიდან იქ ქრისტიანობა და წარმართობა შერწყმულია, ფშავლები საკლავს კლავენ. წესია ასეთი - ბეჭი და ქადის ნაჭერი ხევისბერს უნდა დაუტოვონ, მას ყველა მოკრძალებით ექცევა...

სოფელში ჩვენი ძღვენით ავედით, სუფრასაც შემოვუსხედით და ხევისბერი ვათამადეთ. თავი მე-18 საუკუნის 80-იან წლებში მეგონა, ისეთი ლექსიკით ლაპარაკობდა, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდა და ილოცებოდა. ვინანე, ნეტავ ჩამეწერა-მეთქი. სუფრის წევრები სათითაოდ გვადღეგრძელა და მის სალოცავებს შეგვავედრა.

- ბარად რაც ხდება თუ იცის?

- ისტორიკოსი ვარ და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.

ხევისბერმა თქვა, შვილო, საქართველოს აქამდე მტრობდნენ მამაძაღლები და ახლა ის მამაძაღლები ძაღლის შვილებად იქცნენო. ხანდახან ტელევიზორს რთავს ხოლმე, ბატარეებზე აქვს.

ხევისბერს დავპირდი, სანამ ჩამოთოვს, ჟურნალ-გაზეთებს ამოგიტანთ-მეთქი.

უკანა ფშავის ხეობას რომ გადახედავ, თითქოს გუშინ ჩაევლოს ხეობაში თემურ-ლენგს, ტირილი მოგინდება. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ და ავაღორძინოთ საქართველოს სოფლები.