შურისმაძიებელი მგლები ზუგდიდის სოფლებს შეესივნენ - კვირის პალიტრა

შურისმაძიებელი მგლები ზუგდიდის სოფლებს შეესივნენ

"ღმუილის ხმა გავიგონე, მაგრამ თუ დღისით მგელი იქნებოდა, რას ვიფიქრებდი"

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეშფოთებულია - ბოლო რამდენიმე კვირაა მგლები შემოესივნენ. მტაცებელი დღისითაც შედის ხალხის კარ-მიდამოში და საქონელს იტაცებს.

რამდენიმე ხნის წინ მგლები სოფელ ურთას, ახალსოფელსა და ნარაზენსაც შეესივნენ. მტაცებლები თითქმის ყოველღამ შედიან გომურებში და პირუტყვს გლეჯენ.

მერაბ მებონია, ანაკლიის მცხოვრები: - მგლები ყოველთვის იყვნენ, თუმცა ახლა ძალიან მომრავლებულია. ბოლო ერთი თვეა მხოლოდ ჩვენს ქუჩაზე 10 ძროხა მაინც დაგლიჯეს. ადრე ღამით მოდიოდნენ, ახლა კი დღისითაც დაიწყეს საკარმიდამო ნაკვეთებში შემოსვლა.

ჩემს მეზობელს სახლის ახლოს ნაკვეთში ჰყავდა დეკეული დამწყვდეული და მგელმა ყელი გამოაჭამა. ღმუილის ხმა გავიგონე, მაგრამ თუ დღისით მგელი იქნებოდა, რას ვიფიქრებდი და არც გავსულვარო, მითხრა. რამდენიმე საათის მერე უნახავს ყელგამოღადრული.

ამბობენ, აქაურმა მონადირემ მგელს ლეკვი მოუკლაო და სახლის ახლოს დაუმარხავს. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას ამოთხრილი მიწა შეუნიშნავს, ეტყობა, მგელმა სუნით მიაგნო. ამას ვუკავშირებთ მგლების შემოტევას, შურს იძიებენო, თორემ ადრეც ხომ იყვნენ, მაგრამ სახლში არ გვიცვივდებოდნენ.

"გაგვაფრთხილეს, ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ, მგლები თავს არ დაესხანო"

ინო ანუა, სოფელ დარჩელის მცხოვრები: - ტრასაზე შევნიშნე, დაოთხილი გარბოდნენ. ჯერ ძაღლები მეგონა, მაგრამ მათ დანახვაზე ქუჩის ძაღლები რომ დაფრთხნენ, მაშინღა მივხვდი, რომ მგლები იყვნენ, ზომით ძაღლზე დიდები არიან და ფერითაც განსხვავებული.

90-იანი წლების შემდეგ უამრავი ფაბრიკა-ქარხანა და სანერგე მეურნეობები დაიკეტა და დროთა განმავლობაში დაინგრა, რასაც ტურების მომრავლება მოჰყვა. ღამით ქალებივით კივიან, მაგრამ მგლის ყმუილი იშვიათად მომისმენია, ახლა კი ძალიან გახშირდა და ზარალიც გვაქვს.

გაგვაფრთხილეს, ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ, თავს არ დაესხანო. აქვე ფეხბურთის სტადიონია, სადაც ბავშვები თამაშობენ, გარშემო კი ტყე და ძეძვნარია, ამიტომ შიშით ბავშვებს მოედანზე სათამაშოდ აღარ ვუშვებთ.

თუ მგელი თქვენს უსაფრთხოებას ემუქრება

კარლო ამირგულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი:

- ჩვენთან ძირითადად რუხი მგელი ბინადრობს, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა ეს იყოს მგელძაღლი, ანუ მგლისა და ძაღლის ნაჯვარი, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული არ არის. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის თანახმად, თუ მტაცებლის თავდასხმა ფიქსირდება და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მათ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის შინაურ ცხოველს ემუქრება, დაზარალებულ მოქალაქეს შეუძლია მტაცებელი ნებართვის გარეშე მოკლას, ოღონდ ეს უნდა აცნობოს გარემოს ზედამხედველობის ინსპექციას ან მუნიციპალიტეტს. ამ შემთხვევაში მისი ქმედება არ ჩაითვლება ბრაკონიერობად.

თუ მგლების გაუვნებლებას მოქალაქეები თავად ვერ ახერხებენ, მათ უნდა მიმართონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ადრე გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის მიხედვით, უწყებას ეძლეოდა დელეგირება დაეხოცა 5 მგელი და 10 ტურა. ოქტომბრიდან ეს წესი შეიცვალა და მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვის უწყებასთან შეთანხმების გარეშეც შეუძლია მტაცებლების ლიმიტირებული დახოცვა.