"ბეჭებში თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა" - რას ჰყვება ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კოვიდ-19 ოჯახთან ერთად დაამარცხა
29-10-2020
"ბეჭებში თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა" - რას ჰყვება ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კოვიდ-19 ოჯახთან ერთად დაამარცხა
ლინდა აფაქიძე, წლებია, ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. მას და მისი ოჯახის ყველა წევრს კოვიდის გადატანა­ მოუხდათ, ახლა გამოჯანმრთელებულია და სურდა სხვების დასახმარებლად სისხლი გაეღო, თუმცა უარი უთხრეს. რა რეგულაციებია ლონდონში, რა შემთხვევაში უღებენ სისხლს პლაზმისთვის ინფექციაგადატანილ პაციენტებს? ლინდა აფაქიძე ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება.

- ახლა რა სიტუაციაც საქართველოშია, ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო ლონდონში მარტში. კლინიკები გადატვირთული იყო. ვინც ვირუსი გადაიტანა, ყველას სთხოვდნენ პლაზმისთვის სისხლი ჩაებარებინა, თუმცა ამ სამ
თვეში ვითარება შეიცვალა. თუ მაშინ ყველასგან ითხოვდნენ სისხლს და ყველას უღებდნენ, ახლა ასე აღარ ხდება. მე ივნისში მთხოვეს ჩამებარებინა. დავთანხმდი, მაგრამ ამდენი ხანი რიგში ვიდექი. რამდენიმე დღის წინ სისხლის ასაღებად მივედი. გაირკვა, რომ ხანგრძლივი კვლევები და კალკულაცია სჭირდება, სანამ ანალიზს აგიღებენ...

თურმე ძალიან ცოტა ქალი
აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც პლაზმის ჩასაბარებლად არის საჭირო, ამიტომ ურჩევნიათ, მამაკაცები გამოიყენონ პლაზმის დონორებად.

- რა პროცედურა გაიარეთ პლაზმის ასაღებად?
- სანამ ანალიზს აგიღებენ, მანამდე 15-20 წუთი გრძელდება ინტერვიუ ტელეფონით.
იკვლევენ ყველაფერს - სიმსივნე ხომ არ გქონდა, იმპლანტი ხომ არ გაქვს ორგანიზმში, ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია, ქიმიოთერაპიის კურსი ხომ არ ჩაგიტარებია... ჯერ ანტისხეულებზე ამიღეს ანალიზი, მერე რაღაც სპეციალური აპარატით გააკეთეს კალკულაცია - წონას, სიმაღლეს, ორგანიზმში ცხიმის რაოდენობას კალკულატორი ითვლიდა. ყველაფერი რომ შეამოწმეს, მითხრეს, ვერ ავიღებთ სისხლს, ანტისხეულები არ გექნებათ საკმარისი რაოდენობითო.
მე გავჯიუტდი და მოვითხოვე, სისხლი აეღოთ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამდენი სისხლი რომ აგიღოთ, თქვენ დაგტოვებთ ანტისხეულების გარეშე და მომავალში ეს თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებსო.

- რა სიმპტომები გქონდათ და რამდენი ხანი იწექით კლინიკაში?
- ჩემს შვილს ჰქონდა კოვიდი. მას ასთმა აქვს და ეს რომ გაიგეს, "სასწრაფომ" კლინიკაში წაიყვანა. ერთ კვირაში მეც ძალიან ცუდად გავხდი - ძვლები მტეხდა, სახსრები მტკიოდა, ერთ დილით კი ვეღარ გავიარე. შემდეგ დღეებში უფრო გართულდა ყველაფერი. სიცხე მაღალი არ მქონდა - 37 გრადუსი, მაგრამ თავი და სახსრები აუტანლად მტკიოდა. კონცენტრაციაც დავკარგე. ორი კვირის განმავლობაში არაფერი მიჭამია.
ჩემი შვილი სამედიცინოზე სწავლობს და სტუდენტებიც კი გამოიძახეს დამხმარედ. როცა ჩემი შვილი კლინიკაში მივიყვანე, ვნახე, რა დღეში იყვნენ ადამიანები, როგორ უჭირდათ სუნთქვა. როგორ შემეძლო ასეთი პაციენტის ადგილი დამეკავებინა - მე ხომ სასუნთქი აპარატი არ მჭირდებოდა...

ხველა რომ დამეწყო, ოჯახის ექიმთან დავრეკე. ფილტვები მტკიოდა და ბეჭებში თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა. ხმამაღლა ვტიროდი. რომ დავრეკე, დამამშვიდეს, მითხრეს, მთავარია, სუნთქვა არ გაგიჭირდესო. ამის მერე ყოველ საათში მირეკავდნენ, მირჩევდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეშვიდე დღეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამიუმჯობესდა. რომ დამირეკეს, მითხრეს, გადამდები აღარ ხარ, მაგრამ ერთი კვირა ისევ ოთახში უნდა იყო, შენი ოჯახის წევრები კი ორი კვირა იზოლაციაში უნდა დარჩნენო. ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად მაღალი სიცხე ექნება, მაგრამ მე, პირიქით, სიცხე 33-34 გრადუსი­ მქონდა. ყველაფერმა რომ ჩაიარა, წელის ტკივილი დამეწყო. გამიკეთეს ანალიზი და თირკმლის ანთება აღმომაჩნდა. ეტყობა ეს ორგანო მქონდა სუსტი.

- შეიძლება კოვიდგადატანილი ადამიანი ხელმეორედ დაავადდეს?
- ამბობენ, ანტისხეულები ორგანიზმში ექვსი თვიდან წლამდე რჩებაო. ჩვენს ოჯახში ყველამ გადაიტანა ეს ვირუსი, ყველამ სხვადასხვა სიმძიმით. მეორე შვილი მორაგბეა, საათობით იკვებება, მაგრამ ვირუსის დროს ორი კვირა არაფერი უჭამია. კორონავირუსი გადაიტანა ჩემმა მამამთილმაც, რომელიც 85 წლისაა და სიმსივნით არის ავად. მთავარია, ძლიერი იმუნიტეტი გქონდეს და ამ დაავადების დამარცხებას შეძლებ.

- რომელ მედიკამენტებს იღებდით?
- მე არ მქონდა ფილტვების ანთება, ამიტომ ანტიბიოტიკები არ დამჭირვებია. მხოლოდ დიდი რაოდენობით სუფთა წყალი უნდა დამელია. სიცხის დამწევად ვიყენებდი "პარაცეტამოლს.
ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა მოხუცებულთა სახლებშია, მაგრამ ასე თუ ისე შევეგუეთ ამ ვითარებას. ხალხი ზედმიწევნით იცავს რეგულაციებს. უკვე აღარ ვუსმენთ ყოველდღიურ სტატისტიკას. უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ცხოვრება. ყველაფრის დეზინფიცირებას ვცდილობთ, ყველგან ნიღბებით დავდივართ, ერთმანეთს შორიდან ვესალმებით, ყველა ღამის კლუბი დაკეტილია, ბარები და რესტორნები კი 10 საათზე იკეტება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები