"მე მხიბლავდა შენი ქალური გრძნობები და თავშეკავებულობა... ჩემში იქმნებოდა რაღაც უდიდესი ძალა, რომელიც შენკენ მიტაცებდა"
"მე მხიბლავდა შენი ქალური გრძნობები და თავშეკავებულობა... ჩემში იქმნებოდა რაღაც უდიდესი ძალა, რომელიც შენკენ მიტაცებდა"
ფოტო:ლეო ცერცვაძე და მარგო გოგეშვილი
"ვინ იცის, რამდენი წვეთი სისხლი გამიშრა, შევწუხდი კიდეც, მაგრამ არ დავეძებდი, რადგან ჩემი გაფურჩქვნის პერიოდში სიყვარულის გრძნობები პირველად განვიცადე ასე ძლიერათ და თუ კეთილათ არ დაბოლოვდებოდა, ეგებ თვითმკვლელობამდის მივსულიყავ კიდეც"... (ნაწყვეტი ლეო ცერცვაძის წერილიდან)

ლეო ცერცვაძე და მისი მეუღლე მარგო გოგეშვილი გასული საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ. ლეო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსოფლიდან იყო, მარგო კი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითიდან. თანატოლები იყვნენ და ერთმანეთი 1920-30-იანი წლების გასაყარზე, თბილისში სწავლისას გაიცნეს. ლეოს უფროსი
ძმა - პეტრე ცერცვაძე თავის ოჯახთან ერთად თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობდა და ლეოც მასთან იყო. მარგო კი ცხოვრობდა დეიდა ნატაშასთან, რომელიც თბილისში იყო გათხოვილი, საკუთარი შვილი არ ჰყავდა და მარგოს, რომლის დედაც მარგოზე მშობიარობას გადაჰყვა, პატარაობიდან ზრუნავდა. ნატაშა ობოლი გოგონასთვის დედაც იყო და გულის მესაიდუმლე
მეგობარიც.

ლეოსა და მარგოს ამბავი მათი ოჯახის წევრისგან, ჩემი ახლობელი თინიკო კაპანაძისგან მოვისმინე. სწორედ მან მითხრა, ძალიან მინდა, ამ ტრაგიკული ბედის ახალგაზრდა ქალ-ვაჟის დიდ სიყვარულსა და თავგანწირვაზე სხვებმაც გაიგონ და ისიც იცოდნენ, რომ იმ სასტიკ ეპოქაშიც კი ადამიანები რამოდენა სიყვარულს დაატარებდნენო. მერე თინიკომ ლეოს მარგოსადმი მიძღვნილი ლექსები წამაკითხა და გადავწყვიტე, საფუძვლიანად გამერკვია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ შეხვდნენ, როგორ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან!
მათი ამბის "თანამედროვეები" რომ გავხდეთ, მოდი, ვცადოთ და თინიკო კაპანაძის მონათხრობით, ლეოსა და მარგოს წერილებით, ლექსებითა და ფოტოებით გავაცოცხლოთ ერთი დიდი სიყვარულის ისტორია. დარწმუნებული ვარ, მათი ამბავი გულგრილს არაფრით დაგტოვებთ...

თინიკო კაპანაძე:

- ლეო და მარგო ჩემი მეუღლის ბაბუა და ბებია იყვნენ ანუ - ჩემი მამამთილის, სულიკოს მშობლები. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს თავისი სიყვარულით სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, რადგან ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ და ჩემი მამამთილიც წლინახევრის დაობლდა. ლეომ პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა, მარგოც იმავე სასწავლებელში სწავლობდა და ერთმანეთსაც სწორედ იქ შეხვდნენ. მათი თაობის აღარავინ არის ცოცხალი, მხოლოდ ჩემი მეუღლის მამიდები დარჩნენ, რომელთაც წყვილის ცხოვრების დეტალები არ ახსოვთ. ლეოს ძმას - პეტრეს ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე - მარიამი, რომელიც ძალიან მოხუცი იყო, როდესაც მე ცერცვაძეების რძალი გავხდი. მან მიამბო, რომ ახალგაზრდა რძალთან - მარგოსთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. სამწუხაროდ, მარიამი ადრე დაქვრივდა და პატარა, დაობლებული მაზლიშვილი ანუ ჩემი მამამთილი საკუთარ ორ ქალიშვილთან ერთად ღვიძლი შვილივით გაზარდა. ლეოსა და მარგოს ხანმოკლე ცხოვრებიდან კი ოჯახს მხოლოდ რამდენიმე მოგონება, მათი შეყვარებულობის პერიოდის მიმოწერა და ლეოს მარგოსადმი მიძღვნილი ლექსები დაგვრჩა...

"მრავალმა დღეებმა განვლო შენი გაცნობის შემდეგ. რამდენად დრო მიდიოდა, იმდენად ჩემი გული გიახლოვდებოდა და ბოლოს დადგა წუთი, როცა ჩვენი გრძნობები ერთმანეთის თავშესაფარი შეიქნა. მე მხიბვლავდა შენი ქალური გრძნობები და თავშეკავებულობა, რამდენად ჭკვიანური მეჩვენებოდა შენი ნათელი თვალების გამოხედვა, იმდენად ჩემში იქმნებოდა რაღაც უდიდესი ძალა, რომელიც შენკენ მიტაცებდა. ბევრი დრო მქონდა, შემესწავლე, ცხოვრებისათვის ნამდვილი უნარი გექნებოდა თუ არა. მე ეს ყოველივე დავძლიე, ჩვენ ურთიერთს ისე ვხვდებოდით, არასდროს არ ვცდილვარ, რაიმე ცუდი დამეთესა შენში და არც რაიმე ასეთი შენგან მახსოვს", - წერდა ლეო მარგოს. ისინი ერთად სწავლობდნენ და ძალიან მეგობრობდნენ.

თავიდან არც უფიქრიათ სიყვარულზე, თუმცა... ერთ მშვენიერ დღეს მარგომ ვაჟისგან უჩვეულო მზერა იგრძნო, მზერას ასევე უჩვეულო, როგორც მარგო უწოდებს - "ირონიული ლაპარაკი" მოჰყვა და... დაიბნა. მიხვდა, მის თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა... "გულში ელვამ გამიარა და გადალახა ყოველი ძმური და ამხანაგური მოპყრობა. რა მექნა, არ ვიცოდი. ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში და მინდოდა, ყოველივე ეს გამექრო დროზე, როცა შეგნიშნე, მაგრამ ვერ შევიქენი ისეთი შემძლე. მე კიდევ არ ვფიქრობდი, აგრე თუ მოხვდებოდა"... წერდა მარგო ლეოს.

ლეოც გრძნობდა მარგოს საპასუხო სიყვარულს და გრძნობების გამომჟღავნებისას მისი თავშეკავების მიზეზსაც ხვდებოდა - ეს უკანასკნელი წესიერი ქალიშვილი იყო, ოჯახისა და უფროსის პატივისმცემელი, მას ჰყავდა უფროსი გასათხოვარი და, რომელსაც, იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით, წინ ვერ გადაუსწრებდა...
"ამ ხნის განმავლობაში თითქოს თავისით მომწიფდა ნიადაგი, რომ ჩვენ უერთმანეთოდ გაძლება არ შეგვძლებოდა. და აქ, როგორც ვაჟს, მე მეკუთვნოდა გამომემჟღავნებია შენდამი ეს გრძნობები. მე ამაში შედარებით სუსტი აღმოვჩნდი და ბევრჯერ ამ საკითხისთვის დასაწყისი სიტყვა ტუჩებზე შემაკვდა და ვცადე, რადგან გამბედაობა არ შემწევდა, ყოველივე გულში ჩამეკლა და შენ ჩემში არასდროს არ წაგეკითხა ასეთი რამ. მაგრამ ამაოდ, დავკარგე მოთმინება და გითხარი ყოველივე, შენ გულქვა არ აღმოჩნდი, მაგრამ არც თანხმობა გამომიცხადე, მიუხედავად იმისა, რომ შენც გაწუხებდა ასეთი რამ ჩემსადმი, აქ ყველაფერი გასაგები იყო" - (ნაწყვ. ლეოს მარგოსადმი მიწერილი წერილიდან).

"ამხანაგ ლეოს!
მართალია, ბევრი ტანჯვა-წვალება გამოგივლია, როგორც ჩანს, მაგრამ – არა მარტო შენ. რა ვუყოთ, ამას ყოველი ადამიანი შეხვდება ცხოვრებაში და არა პირველია ქვეყანაზე. მართალია, მე ყოველი ეს განვსაზღვრე და დროზედაც მქონდა განსაზღვრული, რა ხდებოდა ჩვენში. პირველათ შეგნიშნე, თუ რა გრძნობები გებადებოდა, მაგრამ მე კიდევ დარწმუნებული არ ვიყავი, ჩემსადმი თუ ასეთი რამ მოხვდებოდა. არ მინდოდა ყოველივე ეს შემექნა და არც შენი ბრალია, მაგრამ არ ვიცი, რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა. მაგრამ არ იცის კაცმა, სად შეხვდება ადამიანი ერთმანეთს"... პასუხობდა ლეოს მარგო...
ლეო ცერცვაძე
ლეო დარწმუნებული იყო საკუთარ სიყვარულში, მაგრამ ეჭვობდა, რომ მარგოს ისე ძლიერ არ უყვარდა, როგორც თავად. ხან მარგოს საყვედურობდა სიყვარულის სიმცირეს, ხან საკუთარ თავს კიცხავდა ქალის წინაშე სიმხდალისთვის, სიყვარულის ამოთქმის შიშისთვის... ყველაფერში იგრძნობა გრძნობების ჭიდილი, თავშეკავება და ეჭვიანობა კი...
"მე თუ ვფიქრობდი გაზაფხულისთვის/ ნორჩი გრძნობები ფრთებს შეისხავდა,/
მე ამას მხოლოდ შენით ველოდი,/ გრძნობები ჩემში ამას იძახდა./... მაგრამ ეს დარჩა ლიტონ სიტყვებათ,/ შენ ეზიარე სხვისი ფიქრებით,/ ჩასჩურჩულებდი: შენი ვარ შენი.../ და მომავალშიც შენი ვიქნები./ გავიგე, მაგრამ მე ეს მეგონა/ მხოლოდ სიზმარი და არა ცხადი,/ და თუ ასეა, ამაყად გეტყვი:/ თუ არ გიყვარვარ, მაშ წადი, წადი. (ლეო ცერცვაძე. 1934 წ. სექტემბერი)...

ბევრი ღამე გაათენა ლეომ წვალებასა და ფიქრებში. საბოლოოდ გადაწყვიტა, მარგოს ოჯახში მისულიყო. და სწორედ ამ დროს წყვილს მხსნელად ნატაშა მოევლინა - მარგოს დეიდა, დედის მაგიერი, რომელმაც ამოიცნო მათი სიყვარული და ლეოს თავად დაელაპარაკა, შეაგულიანა, ურჩია, თავისი სიყვარულისთვის ებრძოლა და... "მე არ ვიცი, ჩემს სიცოცხლეში ნატაშას რით უნდა გადავუხადო ჩვენი ასეთი მორცხვი უხერხულობიდან გამოყვანა. ჩემში უდიდესი ტრაგედია ხდებოდა რაღაცა, ამ საკითხისადმი ლაპარაკი გვქონდა მე და ნატაშას", - წერდა ლეო მარგოს. მათ 1934 წლის 24 სექტემბერს ნატაშას თანდასწრებით პირობა მისცეს ერთმანეთს, მკვდარიც და ცოცხალიც ერთმანეთის იქნებოდნენ.
"მე ვალდებულობას ვღებულობ, მოვიქცე ჩვენი დათქმული დროის მანძილზე ისე შენდამი დამოკიდებულებისათვის, როგორც შეფერის ახალგაზრდა სინდისიერ ვაჟს. უმალ ჩემს სიკვდილს გაიგონებ, ვიდრე ღალატს და თუ შენგან ასეთს გავიგებ, არ გაცოცხლებ ერთ წუთს და არც ვიცოცხლებ ჩემს თავს, რადგან შენს შემდეგ მე ცხოვრებაში აღარაფერი დამრჩება. ჩვენი უფროსი და დამრიგებელი არის პატივცემული ნატაშა, რომელსაც უნდა დავუჯეროთ ყოველივე, თუ გვინდა რომ საქმე კარგად წაგვივიდეს. აწ მარადიული შენი: ლეო ცერცვაძე"

ამ ამბავმა მარგოზე ძალიან იმოქმედა: "შენი და ნატაშას ლაპარაკი სიზმრათ მადგა თავზე... ეხლა შენ მოიქეცი მხოლოდ და მხოლოდ ისე, როგორც შეშვენის ყველა პატიოსან ადამიანს და ბოლოს კი გისურვებ იმ დასახული მიზნების სრული 100%-ით შესრულებას, რომელიც კეთილი და სასახარულო იქნეს როგორც შენთვის, ისე შენი მშობლებისთვის და ყველა კეთილებისათვის.
23/X-34 წ. ყოველი კარგის მსურველი შ..... მ. გოგეშვილი"...
მარგო გოგეშვილი
ლეო და მარგო სტალინის რეპრესიების პერიოდში - 1935 წელს დაოჯახდნენ და ლეოს სოფელში დასახლდნენ. იმხანად ლეო 27 წლის იყო და, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, სოფლის სკოლის დირექტორად დანიშნეს. როგორც ჩანს, ლეოს წარმატება და ბედნიერი ოჯახი ყველას არ გაუხარდა.

თინიკო კაპანაძის მონათხრობით, იმ პერიოდში სოფელში ერთი ინტრიგანი და მაბეზღარა კაცი ცხოვრობდა, რომელიც ლეოზე ათას ჭორს ავრცელებდა, მაგალითად, ამბობდა, ლეო ცერცვაძეს სახლში "ფულის სტანოკი" უდგასო. ლეო რამდენჯერმე მილიციის განყოფილებაშიც დაიბარეს. ის ინტრიგანი მაინც ვერ ისვენებდა. ერთ დღეს ლეოს მოთმინების ფიალა აევსო და ამ კაცს გზაზე დახვდა. უყვირა, თურმე, თავს რატომ არ მანებებ, შენი ენით უნდა მომკლა და ჩემს ოჯახს ცხოვრება დაუნგრიოო? ის კაცი მაინც ცეცხლზე ნავთს უსხამდა და მათი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა (ამის თვითმხილველი თანასოფლელი ქალი იყო). გამწარებულ ლეოს ჩხუბისას ინტრიგანი შემოაკვდა. რომ დაინახა, კაცი მოვკალიო, მაშინვე შინ დაბრუნდა, აკვანში ჩაწილილ შვილთან შევიდა, აკოცა, შემდეგ დედამისსა და მარგოს დაუბარა, კაცი შემომაკვდა და მილიციაში მივდივარ, სულიკო გამიზარდეთო. წესით, ლეო მაშინვე უნდა გაესამართლებინათ ან გადაესახლებინათ, ან იქვე დაეხვრიტათ, მაგრამ... ისეთი ნიჭიერი და განათლებული კაცი იყო, მილიციიდან არსად გაუშვეს - საბუთებისა და წერილების შედგენაში იხმარდნენ, მაგრამ ეს ამბავი გასაიდუმლოებული ჰქონდათ. მხოლოდ ლეოს დედამ იცოდა შვილის ადგილსამყოფელი და შუაღამეს საჭმელი ჩაჰქონდა ხოლმე მისთვის. ერთხელაც, ღამით, მილიციიდან შინისკენ რომ ბრუნდებოდა, იმ მოკლული კაცის ნათესავი შეხვედა და ჰკითხა, ასე გვიან საიდან მოდიხარო? ქალმაც გულუბრყვილოდ უპასუხა, ლეოს საჭმელი ჩავუტანეო... ასე გასკდა ლეოს სიცოცხლის ამბავი და მომდევნო ღამით, მილიციაში საჭმლით ჩასულ დედას შვილი იქ აღარ დახვდა... მას შემდეგ ლეოზე არავის არაფერი სმენია - არც მკვდარი უნახავს ვინმეს და არც ცოცხალი.

მარგოს თითქოს მეორედ მოუკლეს ქმარი. ახალგაზრდა ქალმა ამ ამბიდან მხოლოდ რამდენიმე თვეს იცოცხლა. მარგო დარდისგან გარდაიცვალა და მისი წლინახევრის სულიკო ბიცოლა მარიამმა გაზარდა.

პ.ს. რომანტიკოსი ლეოსა და სიყვარულისთვის თავგანწირული მარგოს ყველა წერილი მათ შეუღლებამდეა დაწერილი, შეყვარებულობის პერიოდში. თანაც, იცით, როგორ წერდნენ წერილებს? - რომელიც აგზავნიდა, ფურცლის თავში, მარცხენა კიდეზე, ადრესატის ფოტოს აკრავდა, ფურცლის ბოლოში, მარჯვენა კიდეზე - თავისას.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები