"თუ ერთმანეთის მეგობრები არ ხართ, რთულია სიყვარულის შენარჩუნებაც. სწორედ ეს გვაქვს მე და გიოს" - კვირის პალიტრა

"თუ ერთმანეთის მეგობრები არ ხართ, რთულია სიყვარულის შენარჩუნებაც. სწორედ ეს გვაქვს მე და გიოს"

"ყველაზე კარგი მზითვი, რაც შეიძლება შვილს გაატანო, განათლებაა"

გიორგი მოსიძის მეუღლე - ემილია ხალილოვა წარმოშობით აზერბაიჯანელია და მას მშობლიურ ტრადიციებსა და კულინარიაზე სასაუბროდ ვესტუმრე. ბოლო წლებში ახალი გატაცება გაიჩინა - თოჯინებს აკეთებს, მასტერკლასი პროფესიონალ მეთოჯინესთან გაიარა და ნამუშევრების სიმცირის მიუხედავად, არაერთ გამოფენა-გაყიდვაშიც მიიღო მონაწილეობა.

- გვიამბეთ თქვენი გატაცების - თოჯინების შესახებ. თოჯინა დაბადებიდან ყველა გოგონას განუყრელი სათამაშოა, მაგრამ როცა უკვე თავად იწყებ ლამაზი ფიგურებისა და მათთვის სამოსის შექმნას, ეს სხვა ნიჭი და სხვა ინტერესის სფეროა. თქვენ როდის მოჰკიდეთ ხელი ამ საქმეს? - თოჯინების კეთება 2016 წელს, შემთხვევით დავიწყე. ასაკი რომ გემატება და დამატებითი ინტერესი გინდა გაიჩინო, რაღაც ამის მსგავსი იყო. ამაზე მანამდე არც მიფიქრია, მაგრამ ხელნაკეთი თოჯინები რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, მოდი, მეც ვცდი-მეთქი, რატომაც არა?! გავიკითხე, სად შეიძლებოდა მესწავლა და ძალიან საინტერესო და ცნობილი მეთოჯინე - იულია სოროკინა აღმოვაჩინე, რომელსაც მასტერკლასები აქვს. მასტერკლასი გავიარე, თან დავმეგობრდით და ვისწავლე, ტექნიკურად როგორაა შესაძლებელი თოჯინის გაკეთება. დანარჩენი შენი გემოვნებისა და ფანტაზიის საკითხია, თუ როგორი ფორმები ექნება, ნაკვთები, მზერა, სული...

- როგორები არიან თქვენი გმირები? რა მასალას იყენებთ სამუშაოდ და რამდენ ხანს ანდომებთ თითოეული თოჯინის შექმნას?

- თოჯინის კეთება ჯადოსნური პროცესია. თავიდან თითქოს ვერ იწყებ, რადგან სულ რაღაც გაკლია ან იდეას ბოლომდე ვერ აყალიბებ, ისეთი არ არის, როგორიც გინდა იყოს, ან მასალა არ მოგწონს, მაგრამ როგორც კი იწყებ, ვეღარ ჩერდები, სანამ ბოლო წერტილს არ დასვამ. მერე შეიძლება დიდხანს აღარაფერი გავაკეთო. საერთო ჯამში, ათამდე თოჯინა მაქვს. მასალას, რომლითაც ვმუშაობ, ჰქვია ფიმო, ხელით იძერწება და ღუმელში ცხვება, მერე ხდება ფერების დადება და დამუშავება. თუ ახალი ნამუშევარი მაქვს, გამოფენაშიც ვმონაწილეობ, ძველით კი, ვცდილობ, არსად გამოვიდე. ასეთი პრინციპი მაქვს. რამდენიმე თოჯინა გაიყიდა კიდეც.

ერთი თოჯინის შექმნისას ბევრნაირი ტექნიკა შეიძლება გამოიყენო. მეთოჯინე არის მოქანდაკეც, მკერავიც; ტყავის დამუშავება უნდა იცოდე, რადგან ფეხსაცმელი უნდა შეუკერო; უამრავი ნიუანსია. ასევე, აუცილებლად უნდა ერკვეოდე მაკიაჟშიც, რომ სწორი ფერები დასვა.

- თქვენი წარმოშობიდან გამომდინარე, მინდა აზერბაიჯანულ ტრადიციებსა და სამზარეულოზეც ვისაუბროთ. რითაა თქვენთვის ის გამორჩეული?

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ბევრი ქვეყნის სამზარეულო გამისინჯავს. მართალია, ყველას თავისი კულინარია უყვარს, მაგრამ აზერბაიჯანული კერძები, ტკბილეული ჩემთვის მართლაც გამორჩეულია, რაც ალბათ დედისგან მოდის. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, დედა, ფაქტობრივად, შეფმზარეული იყო, რადგან ადრე, როცა ქორწილებსა და ქელეხებს რესტორნებში ნაკლებად იხდიდნენ და ტენტის ქვეშ, ე.წ. პალატკებში 300-400-კაციან სუფრებს შლიდნენ, დედას ყოველთვის ეძახდნენ და პროცესს ის ხელმძღვანელობდა, თუ როგორ უნდა მოემზადებინათ კერძები. გემრიელი ხელი ჰქონდა და მართლაც საოცრებებს ქმნიდა. ჩემი მომზადებული კერძებიც მოსწონთ, მაგრამ დღემდე არ გამომდის ისეთი, როგორსაც ის აკეთებდა. გუფთა ხომ უბრალო კერძია, მაგრამ იმ ფარშს ისეთნაირად აზავებდა, უგემრიელესი გამოდიოდა. მაგალითად, შავი ქლიავის ჩირით, კვერცხით და ა.შ. სამი თავი კერძი აუცილებლად გვქონდა, თავისი დესერტით. დედა ორი წელია გარდაცვლილია და მის სახლში იმდენი მურაბაა, ალბათ კიდევ ხუთ წელიწადს გვეყოფა. არ არსებობდა სეზონი, ყველანაირი ხილის თუ კენკრის მურაბა რომ არ გაეკეთებინა, ბადრიჯნის და პომიდვრისაც კი, თანაც - დიდი რაოდენობით.

მოკლედ, ჩემთვის აზერბაიჯანული კულინარია დედასთან ასოცირდება. დედმამიშვილებში მეექვსე გოგო ვიყავი და ოჯახისა და სამზარეულოს საქმეებში აუცილებლად ყველანი ვერთვებოდით. 5 წლის იყავი თუ 15-ის, შენი ასაკის შესაფერისი საქმე უნდა გეკეთებინა. მახსოვს, პირველი ნამცხვარი დამოუკიდებლად 6-7 წლის ასაკში გამოვაცხვე. რაღაცები გავაფუჭე კიდეც, მაგრამ ასე ნელ-ნელა ვისწავლე. რაც შეეხება ოჯახურ ტრადიციებს, დედა მორწმუნე იყო და მეჩეთში მაშინაც დავდიოდით, როცა კომუნიზმი მძვინვარებდა და ეს თემა ტაბუდადებული იყო.

- აზერბაიჯანულ სოფლებთან თუ გაქვთ კონტაქტი? - კი, რა თქმა უნდა. ჩვენ თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ მამაჩემი წარმოშობით ბოლნისის რაიონიდან იყო, სოფელ აკაურთიდან, იქ ჩემი ბიძები ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად. მამა რომ გარდაიცვალა, მისი თხოვნისამებრ, იქ დავასაფლავეთ. აქედან გამომდინარე, ხშირად გვიწევს ჩასვლა და სოფელში ყოველთვის ავდივართ, ბიძის ოჯახში. პირველი, რაც იქ შესვლისთანავე კეთდება, სუფრა იშლება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე მანქანით მიხვალთ თუ - ერთი ადამიანი. აუცილებლად იყრება ხენგალი - ჩვენი ნაციონალური კერძი, რომელსაც უდიდესი თეფშით მოგართმევენ და ვალდებული ხარ, მთლიანად შეჭამო, თორემ უპატივცემულობად ჩაგითვლიან და ეწყინებათ.

აზერბაიჯანული ჩაის სმის კულტურა კიდევ სხვა თემაა. ე.წ. სამოვარი გამოაქვთ და ისე გისხამენ. თბილისიდან სტუმრების ჩასვლა მათთვის მთელი რიტუალია და ჩვენთვისაც ძალზე სასიამოვნოა, დადებითი ემოციებით იმდენად გმუხტავს, დიდხანს გყოფნის.

- აზერბაიჯანულ ქორწილში ნამყოფი ხართ?

- კი. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დიდი განსხვავებაა. რაც შეეხება გოგონას მზითვს, ადრე ატანდნენ. დედაც აგროვებდა ჩვენთვის რაღაცებს, მაგრამ ყველაფერი მანამდე გამოვიყენეთ, რადგან ვფიქრობ, ყველაზე კარგი მზითვი მაინც განათლებაა, რაც შეიძლება შვილს გაატანო. დანარჩენს, განათლების მეშვეობით, თვითონვე შეიძენს და უფრო ბედნიერიც იქნება, ვიდრე აგროვო რაღაც ნივთები, რომლებიც წლების შემდეგ საჭირო აღარ იქნება. ნებისმიერი თანხა, რაც მშობელს გააჩნია, ჯობია, მისი შვილის აღზრდა-განათლებასა და განვითარებას მოახმაროს, - მეტი წიგნი წაიკითხოს და მეტი იმოგზაუროს.

- ცალკე თემაა აზერბაიჯანული ხალიჩები. თუ გაქვთ ოჯახში, მაგალითად, წინაპრების დანატოვარი? მუზეუმში ნანახი ხალიჩების შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეთ.

- მართლაც ძალიან ლამაზი ხალიჩებია, ჯადოსნური, საოცარი ფერებით. იმდენად მომწონს, რომ რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემი ქალიშვილი ბაქოში ყოფნისას ხალიჩების მუზეუმში საგანგებოდ მივედით. იქ სულ სხვა ფერთა პალიტრაა, მთელი სამყაროა. ერთი ქალბატონი იჯდა და იქვე ქსოვდა, ესეც ვნახეთ. ოჯახში, როგორც წესი, ძველებური ხალიჩა აუცილებლად უნდა ყოფილიყო და დედაჩემის სახლში ბევრია ასეთი.

- სოციალურ ქსელში, მოგზაურობების ამსახველი ბევრი ფოტო გაქვთ. რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ უფრო მძაფრი ემოციები? - ბევრგან ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს აზია, რადგან ჩემი აზრით, ბევრად ფერადი და ღიაა. ინდოეთიც მიყვარს. სრულიად სხვა შთაბეჭილებებით ჩამოვედი ტიბეტიდან და დიდი ხანი ვიყავი ემოციების ქვეშ. იქაური ადამიანების ცხოვრების სტილმა გამაოცა - არაფერი სჭირდებათ, სრულიად გასხვავებულები არიან, მათ შორის - ფიზიკურად. ტიბეტი მართლაც დედამიწის სახურავია, ისე ახლოს ხარ ცასთან. სახლი პირობითად ჰქვია იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ, - არც ზედმეტი საჭმელი აქვთ, არც ზედმეტი ჭურჭელი, არაამქვეყნიური ადგილია... იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია. ადამიანები ბედნიერები და მშვიდები არიან, დიდიან-პატარიანად. საოცარი მხარეა.

ასევე, გაოგნებული ჩამოვედი ჩინეთიდან. ვერ წარმომედგინა, თუ ტურისტული ჩინეთი ასეთი საინტერესო იქნებოდა. საოცარი რაღაცები ვნახე. მაგალითად, ტიან მენის მთებზე რომ ავედით, თავი ცაში მეგონა, ღრუბლებში დადიხარ. იმ მთებზე ვიყავით, სადაც "ავატარია" გადაღებული. იმდენად მძაფრად გრძნობ, რომ პატარა და უსუსური ხარ, ცხოვრებაში პირველად ვიტირე იმ ემოციებისგან. სრული შოკი მივიღე.

ზღვის პროდუქტების კუთხით, შრი-ლანკა სრულიად გამორჩეულია. რაც შეეხება ევროპას, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ჰოლანდიას გამოვარჩევ, ამსტერდამი მიყვარს; პრაღაში კი ვიცხოვრებდი.

საქართველოს მასშტაბით კი არ ვჩერდებით - ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და ბევრ საინტერესო ადგილას დავდივართ. უნდა გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს სიმდიდრეს და ტურიზმის კუთხით კიდევ უფრო განვვითარდეთ.

- ოჯახზეც ვისაუბროთ. - სამი შვილი გვყავს: უფროსი 17 წლისაა და წელს აბიტურიენტია, მაგრამ ვერაფრით დავადგინეთ, სად სურს ჩაბარება. თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ვცდილობთ, არ ჩავერიოთ, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ. ის უნდა აირჩიოს, რაც ნამდვილად მისია. გოგონა 16 წლისაა, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში სწავლობს. საფორტეპიანო განხრით იყო, მაგრამ სადირიჟოროზე გადავიდა. პატარა კი 9 წლისაა, მეოთხე კლასშია და უხარია, რომ სწავლა დაეწყო. სკოლა და მეგობრები ისე მოენატრა, დილაობით ბედნიერი დგება და მიდის.

- როგორი მეუღლეა გიორგი? - გარდა იმისა, რომ კარგი მეუღლეა, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. თავიდან სიყვარულია, როცა ოჯახი იქმნება, ბავშვები ჩნდებიან, ურთიერთობა ყოველწლიურად სხვა ფაზაში გადადის და ვითარდება. როცა ბევრი წელი გადის, ეს ყველაფერი გროვდება და უკვე სიყვარულიცაა, ურთიერთგაგებაც, ჰარმონიაც, მაგრამ თუ ერთმანეთის მეგობრები არ ხართ, რთულია სიყვარულის შენარჩუნებაც. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მეგობრობთ და ცხოვრებისეულ ძირითად საკითხებზე ერთი ხედვა გაქვთ. სწორედ ეს გვაქვს მე და გიოს. სხვა დანარჩენს ერთად ვუმკლავდებით.

- სადმე ერთად გამგზავრებას თუ ახერხებთ ხოლმე? - წყვილად - იშვიათად, რაც მესამე შვილი შეგვეძინა, სამნი უფრო დავდივართ ერთად. მას სულ ჩვენთან უნდა ყოფნა და ეს თავადაც გვიხარია. უფროსები ახლა უკვე მეგობრებთან ერთად დადიან, თავიანთი ინტერესები აქვთ. ჩვენი მოგზაურობების უახლოესი პერიოდის გეგმები პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებასთან. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება და სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ და ახლობლებს მოვუფრთხილდეთ.

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"