"ასეთი ჩაცმული რომ დამინახეს, რამდენიმე პროკურორმა და გამომძიებელმა მკითხა, მართლა გჯერათ, რომ კოვიდი არსებობსო?" - როგორ იცავს თავს ვირუსისგან ცნობილი ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ასეთი ჩაცმული რომ დამინახეს, რამდენიმე პროკურორმა და გამომძიებელმა მკითხა, მართლა გჯერათ, რომ კოვიდი არსებობსო?" - როგორ იცავს თავს ვირუსისგან ცნობილი ადვოკატი

"მარტის შემდეგ ჩემთან სახლში არავის ვუშვებ, მეც არავის ვსტუმრობ"

"ციხე, სასამართლო, დროებით დაკავების იზოლატორი, ტაქსი, სხვა ადგილებისთვის შედარებით თხელი ერთჯერადი სამედიცინო ხალათები მაქვს მომარაგებული. ჩემი ჰონორარების დიდ ნაწილს ახლა ამ ეკიპირების შეძენას ვახმარ და ასეთი ჩაცმული გადავაადგილდები ქალაქში", - მეუბნება ცნობილი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის ფოტოს, უამრავი გამოხმაურება მოჰყა. როგორც ჩანს, უახლოეს მეგობრებს არ უკვირთ ამ პანდემიის დროს ნანა ასეთი ჩაცმული რომ დადის. ეპიდემიოლოგების მოწოდებებზე მეტად იცავს ის ყველა წესს, რაც ამ ვირუსის ასაცილებლად საჭიროა. ნანა ფრიდონაშვილს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. არაერთი ხმაურიანი საქმის ადვოკატია. როგორ ხვდებიან ადვოკატის ამ ახალ ჩაცმულობას და იმიჯს მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და პატიმრები, ამ და ბევრ საინტერესო ამბავს თავად გვიამბობს.

- სოციალურ ქსელში ჩემმა ერთმა ახლობელმა შექმნა ჯგუფი კოვიდთან დაკავშირებით, სადაც ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმები რეკომენდაციებს დებენ და იმდენად საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციები იყო იქ, გადავწყვიტე უფრო მეტ ადამიანს ენახა და "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დავდე. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს, სადაც დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები: ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები სპორტული დარბაზები. მკვლევარები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია. ასევე დაბალია ღია სივრცეში ინფიცირების რისკი. იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა. სუნთქვით წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი. ლაპარაკით კი წუთში - 200 ვირუსული ნაწილაკი. ხველებით - 200 მილიონი და ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება. დაცემინებითაც 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი იფრქვევა. დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია. პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) - გადადების დაბალი რისკია, თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია. ასევე ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას. ასევე საზოგადოებრივი ტუალეტების ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკია.

ეს ინფორმაციები რომ დავდე, ჩემმა კლასელმა მომწერა, შენ იცავ ამ რეკომენდაციებსო? მეორე მეგობარმა, რომელიც ექიმია და თვითონაც ინფიცირებული იყო დააკომენტარა, ვიცი ნანა როგორ დაიცავსო. ამიტომ ჩემი მეგობრებისთვის დავდე ჩემი ეს ფოტოები, რომ ენახათ როგორ გადავაადგილდები ქალაქში. ამ ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი და გამოხმაურება მოყვა. მეც ვიხალისე.

- როდის გადაწყვიტეთ ასე შეფუთულს გევლოთ, როგორც ჩანს, ზედმიწევნით იცავთ წესებს?

- ჩემთვის ახალი არ არის ის, რაც წერია რეგულაციების დაცვაში. ერთადერთი ჩემს ყოველდღიურობას დაემატა პირბადე, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი, ბახილები, თავსაბური და დამცავი ფარი. როდესაც დაიწყო ანტობაქტერიული საშუალებების კრიზისი, ეს დეფიციტი არ მქონია, რადგან ისედაც ყოველთვის ვიმარაგებდი ამას და ყოველთვის სადარბაზოშივე ვიწყებდი დეზინფექციას. ფეხსაცმელს, ჩანთას ვასუფთავებდი მუდამ ანტიბაქტერიულით ხსნარით სა შემდეგ აივანზე გასანიავებლად გამქონდა ზედა ტანსაცმელიც. მართლა ასე ხდებოდა კოვიდამდეც, ამიტომ ბევრს არ უკვირს ახლა ასე რომ დავდივარ. ბევრს გონია შიში მაქვს, როცა ასე ჩაცმულს მხედავს, შიშიც არის ბუნებრივია, მაგრამ ყველაზე მეტად არის სიფრთხილე. 82 წლის დედასთან ერთად ვცხოვრობ, გავდივარ გარეთ და არ მინდა გავხდე მაპროვოცირებელი ამ დაავადების. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა დამემართოს ეს ვირუსი. სიფრთხილეს ვიჩენ, ამ პრინციპით მივდივარ, თორემ თუ მაინც უნდა დამემართოს რამე, ვიცი რომ დამემართება.

პანდემიამდეც კი ჩემი ჩემოდნები მოგზაურობის შემდეგ ყოველთვის ისპირტებოდა და მერე რამდენიმე დღე ნიავდებოდა ღია სივრცეში. ეს წესად მქონდა. ვინც კარგად მიცნობს, ციხის ის პერსონალიც კი, ვისთანაც დათვალიერებას სხვა დროსაც გავდივარ, ისინიც კი მეუბნებოდნენ, აუ, ნანა, შენ ახლა კოვიდი გინდოდაო, იმდენად ვიცავდი ჰიგიენის წესებს. ჩემს ჩანთაში ერთი ჩანთა ანტიბაქტერიული საშუალებები ყოველთვის დევს: ხელის, ტანის, სახის, თვალის ანტიბაქტერიულები, ხელსახოცები ერთჯერადი, ცალკე საპირფარეშოსთვის ანტიფაქტერიული ერთჯერადი და უნიტაზზე დასაფენები. ასე დავდივარ წლებია. ახლა კი დაემატა პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხალათები, ბახილები, ფარები, ხელთათმანებს ყუთებით ვყიდულობ. ეს ყველაფერი ჩემს ბიუჯეტს ძალიან ურტყამს, მაგრამ აუცილებელია და ამიტომ ვაკეთებ. სახლიდან რომ გავდივარ, დაახლოებით 12 პირბადე და 12 ხელთათმანი მიმაქვს. საათნახევარში ერთხელ ვიცვლი მთელი პროცედურების დაცვით ნიღაბს და ხელთათმანს.

- მაინც რა პროცედურებს გადიხართ?

- ხელები აუცილებლად უნდა დავიმუშავო, მერე ვიხსნი პირბადეს ფრთხილად, ურნაში რომ გადავაგდებ, ხელებს ისევ ვიმუშავებ და ახალ პირბადეს ისე ვიკეთებ. გავარჯიშებული ვარ ამ ყველაფერში. ერთჯერადი ხალათებით სიარული მას შემდეგ დავიწყე, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში და პროდუქტზე, აფთიაქში, ან ნაგვის გადასაყრელად მიწევდა სახლიდან გასვლა. მარტის შემდეგ ჩემთან სახლში არავის ვუშვებ, მეც არავის ვსტუმრობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული, ან პატიმრის ოჯახის წევრს რომელსაც შეხვედრა უნდა აუცილებლად ღია სივრცეში ვხვდები. სკვერში, ან ღია კაფეში, ოღონდ კაფეში აღარ ვიკვებები. ამას აქვს მინუსები, თუ ადრე ვასწრებდი 10 საქმის გაკეთებას, ახლა ვერ ვასწრებ. იმიტომ რომ გარეთ ვეღარ ვიკვებები.

- ჩაცმას ყოველთვის დიდი ყურადღებას აქცევთ, განსხავებულია თქვენი ჩაცმის სტილი. მხიარული ფერები გიყვართ, ასეთი შეფუთულს რომ გხედავენ არ უკვირთ?

-ვინც მიცნობს, ყველამ იის რომ ძალიან მიყვარს ფერების შეხამება. ჩანთა, ქუდი, წინდაც კი უნდა იყოს აუცილებლად ფერებში შეხამებული. მიყვარს ღია და კვასკვასა ფერები, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დროებით გვერდით გადავდე. ახლა სამედიცინო ხალათით და სათანადო აღჭურვილობით შეფუთული დავდივარ. მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ, თუმცა გული მწყდება იმაზე, როგორც მე მინდა, ისეთი ჩაცმული რომ ვერ დავდივარ. პირველად მწყდება გული იმაზეც, რომ მანქანანის საჭესთან არ ვზივარ, მხედველობის გამო არ შემიძლია მყავდეს ჩემი მანქანა. ამიტომ ერთი კომპანიის ტაქსით მიწევს მუდმივად გადაადგილება. რაც არ მომწონს ისაა, რომ მუდმივად მაქვს პირბადებთან დაკავშირებით საუბრები თუნდაც ტაქსის მძღოლებთან.

- ტაქსის მძღოლები ასეთ შეფუთულს რომ გხედავენ, რას გეუბნებიან?

- ასეთი ჩაცმული რომ ვჯდები მანქანაში, მერე იკეთებენ პირბადეს. სანამ ჩავჯდები მანამდე ცალკე პროცედურა მაქვს გასავლელი, ხელთათმნიანი ხელით ვაღებ ტაქსის უკანა კარს, ვამუშავებ სავარძელს ანტიბაქტერიულით და ისე ვჯდები უკანა სალონში, მძღოლის საპირისპირო მხარეს. მერე ვიცვლი ხელთათმანს, ვიმუშავებ ხელებს და ვიკეთებ ახალს. პირველი რასაც მეკითხებიან მძღოლები ეს ფრაზაა, ხომ მშვიდობაა. ვპასუხობ, - თუ მშვიდობა ჰქვია, არის მშვიდობა. რამე ხომ არ გჭირთ? არის მეორე კითხვა. ალბათ ამ დროს საკუთარი თავი ადარდებთ. ვპასუხობ, არაფერი მჭირს, უბრალოდ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მოგიწოდებთ თქვენც გეკეთოთ მუდმივად პირბადე. ახლა მე რომ დაგინახეთ, მაშინ გაიკეთეთ-თქო. მანქანის დეზინფექციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ზოგადად ისედაც არასოდეს ვჯდები ტაქსიში მძღოლის გვერდზე. ყოველთვის ვჯდები უკანა სავარძელში, მძღოლის საპირისპირო მხარეს. ზაფხულში რაც არ უნდა პაპანაქება სიცხე იყოს მძღოლს ვთხოვ გამორთოს კონდიციონერი და ვაწევინებ ყველა ფანჯარას. ზამთარში გათბობას ვართვევინებ და ფანჯარა ზამთარშიც ყოველთვის ჩაწეული მაქვს. მანამდეც ასე ვიყავი და ახლა რასაკვირველია ასე ვარ. მძღოლებთან, მაღაზიებში, აფთიაქებში მართლა ხშირად მიწევს შენიშვნების მიცემა. არ მაქვს დიდი შემოსავლები, არც მეხალისება ასე თანხების ხარჯვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმთავრესია ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ეს წესები.

- ასე ჩაცმული სასამართლო პროცესებზეც დადიხართ?

- ასე განსაკუთრებულად ჩაცმული დავდივარ სასამართლოში. 10 წუთი მჭირდება პროცესამდე მოსაწესრიგებლად. აუცილებლად უნდა დავამუშავო მაგიდა, სკამი, მიკროფონი. ერთჯერადი ცელოფანი უნდა დავაფინო და მერე დავალაგო ის საჭირო ნივთები, რაც დამჭირდება. ხელთათმანი და პირბადე დარბაზში აუცილებლად უნდა გამოვიცვალო. ჩემი ჩანთა უნდა ჩავდო ერთჯერად პარკში და ა.შ. მთელი პროცედურაა. ტელეფონს ისტერიულად ვასუფთავებ, რადგან ხშირად მიმაქვს სახესთან.

- რა რეაქცია აქვთ კოლეგებს, მოსამართლეებს, პროკურორებს?

- არაერთგვაროვანი რეაქციებია, ზოგი მაქებს, კარგია რომ ასე იცავო. ერთმა ძალიან საპატივცემულო მოსამართლემ მითხრა, - ნანა, ღმერთის ხომ გწამს, ხომ იცი ყველაფერი უფლის ნებააო. კი მაგრამ შიშზე მეტად სიფრთხილე მამოძრავებს-მეთქი. ასეთი ჩაცმული შევდივარ ციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, პროკურატურაში. თუ ვთქვათ არ მიწევს ტრანსპორტით გადაადგილება და დახურულ სივრცეში შესვლა და მივდივარ მოკლე მანძილზე, მაშინ არ მაცვია ერთჯერადი ხალათი. სანამ ასე გაიზრდებოდა დაინფიცირებულთა რიცხვი, ქუჩაში ნიღაბი არ მეკეთა, მაგრამ ახლა ყველგან მიკეთია პირბადეც და ფარიც. შეიძლება ეს ცოტა ზედმეტია, გადაჭარბებულია, მაგრამ მირჩევნია თავი არ ჩავიგდო საფრთხეში. მართლა ზოგი სერიოზულად არ აღიქვამს ამას, ზოგს მიაჩნია, რომ ახირებული ქალი ვარ. უკვე შეჩვეულები არიან ჩემი პატიმრები ასე რომ გამოვიყურები, კიდევ კარგი სხვანაირად ჩაცმულიც ვუნახივარ მათ და იციან როგორი ვარ ვიზუალურად, თორემ კი გაუჭირდებოდათ ამ ფორმაში, როცა სახე საერთოდ არ მიჩანს ჩემთან კომუნიკაცია. ციხის ადმინისტრაცია მართლა კარგად იცავს დადგენილ წესებს და დაიჭირეს სიტუაცია... როდესაც ციხის საავადმყოფოში მიწევს შესვლა, იმის მიუხედავად რომ ასეთი ჩაცმული ვარ მათი მოთხოვნაა, ის ჩემი სამედიცინო ხალათი და ყველაფერი რაც მიკეთია გავიხადო და ისინი გვაცმევენ თავიანთ ახალ ხალათს, სამედიცინო თავსაბურს, ბახილებს და ასე შევდივართ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დღეებში ბევრი ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ეს ფრაზა, აუ, შენ როგორ შეშინებულხარო. ყველა ყოჩაღობს და ამბობს, რომ არაფერი საშიში არ არის. მათ ვუთხარი, პატიმრების კი არა, თქვენი მეშინია-მეთქი. დაკონტრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ბევრს პირბადე აქსესუარად აქვს. ზოგს მკლავზე უკეთია, ზოგს მაჯაზე ან თუ უკეთია ნიკაპზე ისე, რომ ცხვირი უჩანს, ამას რა აზრი აქვს ის მითხარით. ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა იცით, ასეთი ჩაცმული რომ დამინახეს, რამდენიმე პროკურორმა და გამომძიებელმა მკითხა, თქვენ მართლა გჯერათ რომ კოვიდი არსებობსო? ამან ძალიან გამაკვირვა განათლებული ხალხისგან. დიახ, მართლა მჯერა, იმიტომ რომ გარშემო ბევრმა ახლობელმა გადაიტანა ეს ვირუსი, ზოგი ახლაცაა დაინფიცირებული. ვიღაცებმა საკმაოდ რთულად გადაიტანეს, ვიღაცებმა შედარებით მარტივად და როგორ არ მჯერა. აბა მთელი მსოფლიო აფერისტობს და თაღლითობს? პირველად ყველა ხალისობდა ამაზე. ახლა მიეჩვივნენ სასამართლოშიც, რადგან ხშირად მიწევს ასე ჩაცმულს პროცესებზე იქ სიარული. ბევრი იმასაც ამბობს, ასეთ ჩაცმულს რომ დავინახავ, ვხვდები რომ შენ იქნებიო. რამდენიმე დღის წინ ტაქსი სახლში მისვლამდე გავაჩერე, აფთიაქში მინდოდა შესვლა და გარკვეული მანძილის გავლა ამ აღჭურვილობით ფეხით მომიწია. ვიღაც კაცი მაჩერებს და მეკითხება, უკაცრავად, კოვიდს გამონაყარი ახასიათებს? სულ დამავიწყდა ასეთი ჩაცმული რომ ვიყავი და მიამიტურად ვუპასუხე, მე რა ვიცი-მეთქი. კაცმა ხელები გაასავსავა, მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო. ალბათ იფიქრა ჩვენმა ჯანდაცვამ როგორ არაფერი იცისო. მერე გავაანალიზე ეს რატომ მკითხა. ისე მივეჩვიე ამ ეკიპირებას, ზოგჯერ არც კი მახსოვს, რომ ასეთი ჩაცმული დავდივარ ქუჩაში.

ერთჯერადი სამედიცინო ქუდიც იმიტომ მახურავს თავზე, ითქვა თმა სახეს არ უნდა შეეხოსო. ისეთ ქუდს ვიხურავ, რომ თმა საერთოდ არ ჩანდეს. ზოგადად ქუდები ძალიან მიყვარს და ჩემი ქუდების კოლექციაც ცნობილია. ახლა ჩემმა მეგობარმაც ჩამომიტანა საინტერესო ქუდი, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან გამომადგება. ის ფოტოც ქუდების ფონზე იმიტომ გადავიღე, რომ მეგობრები დარწმუნებულიყვნენ ნამდვილად მე ვიყავი. ჩემი ცნობა ამ ფორმაში რთულია.

ეს ყველაფერი შეიძლება გადამეტებულია, მაგრამ ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. პირველ რიგში ვფიქრობ დედაჩემზე, მერე საკუთარ თავზე და დანარჩენ ადამიანებზე, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ ისინიც მინდა იყვნენ დაცულები. სამედიცინო ხალათები სხვადასხვა ფერის მაქვს. შავი, ცისფერი და თეთრი, რომელიც შედარებით თხელია. ჩემი ძმა გერმანიაში ცხოვრობს და ამბობს, სამსახურში რომ შევდივარ, იქ მაძლევენ პირბადეს და საკუთარი პირბადით შიგნით შესვლა არ შეიძლებაო. მთელი დღე ერთი პირბადე მიკეთიაო, ამაზე აღვშფოთდი და ჩავუგდე ჩემი სურათი. თავიდან ეგონა ეს ადვოკატების სპეციალური ფორმა ხო მარ არისო. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მერე ყველაფერი რომ მოვუყევი, მითხრა, ასე რომ ფრთხილობ შენ დაგემართება აუცილებლად, სადღაც შეცდომას დაუშვებო. ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, არც ამას გამოვრიცხავ, არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ მე ყველაფერი გავაკეთე თავის დასაცავად.

ყველაზე სასაცილო იყო რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავი. როცა ახალაშენებულ სახლში გადმოვედი საცხოვრებლად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი გამოვიძახე ტელევიზიის გასაყვანად. გავაღე კარი და დგას ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აცვია კომპანიის ქურთუკი, უკეთია პირბადე და ხელთათმანი. მანდ გაჩერდი, არ შემოხვიდე-მეთქი. დედაჩემი კი ცოტა ხნით სათანადოდ აღჭურვილი სასეირნოდ გავუშვი ეზოში. ყველა ფანჯარა ბინაში ღია მქონდა. მე თვითონ მეცვა ერთჯერადი ხალათი, მეხურა სამედიცინო ქუდი, მეკეთა პირბადეც, დამცავი ფარიც, ხელთათმანიც. მოკლედ ეკიპირებული ვარ, კართან თან მაქვს ორი დეზობარიერი. ამ ბიჭისთვის სპეციალურად ნივთები გამოვიტანე და ყველაფერი ჩავაცვი, ერთჯერადი სამედიცინო ხალათიდან დაწყებული, ვეუბნები, კი გიკეთიათ პირბადე, მაგრამ უნდა გამოიცვალოთ-მეთქი და ახალი მივეცი, აგერ ჩემი ახალი ხელთათმანი-თქო და ისიც გამოიცვალა, ბახილებიც მივაწოდე და ბოლოს სამედიცინო ქუდი ჩამოიცვი-მეთქი და გაოგნებულმა მითხრა, ქალბატონო მაშაყირებთ? რას გაშაყირებთ, შემომხედე, როგორი ჩაცმული ვარ, ახლა ეს შაყირს ჰგავს-მეთქი? ხელშეკრულება რომ ამოიღო, ვუთხარი მაგიდაზე არ დადო, ჰაერში მოგიწერ ხელს-მეთქი და ჩემი კალმით მოვაწერე ხელი, ჩემთვის დასატოვებელი ეგზემპლარი გარეთ აივანზე დავდე. ზუსტად 5 წუთის საქმე ჰქონდა ამ ბიჭს, რომ მორჩა ყველაფერს მეუბნება, ნეტა ის მაინც ვიცოდე ვისთან ვიყავი და როგორ გამოიყურებითო. ტელევიზორთან ოჯახის წევრები სურათები გვიკიდია და მათ შორის ჩემი ფოტოც და ვაჩვენე აი, ეს ვარ მე-მეთქი. შეიძლება სურათი გადავუღო ჩემს თავს ამ ფორმაშიო? კი გადაიღე და თუ სოცქსელში დადებ, იცოდე, 10 კაციდან 5 აუცილებლად მიხვდება, რომ ჩემთან სახლში ხართ ნამყოფი-მეთქი. მიდის და მეკითხება, ახლა რა ვქნა, ამას რა ვუყოო. რომ გახვალ იქვეა ბუნკერი, ყველაფერი მოიხსენი და იქ გადაყარე-მეთქი. მერე მაინც დავსპირტე ყველაფერი და დედაჩემს დავურეკე, შეგიძლია სახლში დაბრუნდე-თქო.

- ახალი საქმე არ აგიღიათ ამ ბოლო დროს? - კი, ასეთ დროს რამდენიმე წამით ვიხსნი პირბადეს, ფარს და ვენახები ჩემს დასაცავს, რომ მნახოს ვიზუალურად როგორ გამოვიყურები. არც სახე მიჩანს და როგორ უნდა ამოგიცნოს კაცმა, ნდობაც ხომ უნდა მოიპოვო. თავიდან ფარების გაჭირვება რომ იყო ჩემს სტომატოლოგ მეგობარს ვთხოვე თქვენი სამედიცინო ფარი მომეცი-მეთქი, იმან მომიტანა, სათვალის ჩარჩოზე იყო დამაგრებული, ამაზე მეკეთა ზემოდან კიდევ სათვალე, ქუდის ქვემოთ თავშალი მქონდა წამოხვეული რომ თმა არ გამომჩენოდა, ზემოდან კეპკა მეხურა. მარტის თვე იყო, საგულდაგულოდ შეფუთული მივედი პოლიციაში და ერთი გამომძიებელი მეუბნება, გიცანით, ქალბატონო ნანა, ეს თქვენ ხართ. მე ვერ ვცნობდი საკუთარ თავს და მან ამომიცნო. ამასწინათ პოლიციაში ძალიან გამაბრაზეს. განყოფილებში არც ერთ თანამშრომელს არ ეკეთა პირბადე. მარტო იმ ახალგაზრდა გამომძიებელს ეკეთა, რომელთანაც ვიყავით მე და ჩემი კლიენტი. იქვე ბევრი ადამიანი იყო ახლოს, ყველას ვთხოვე პირბადე გაეკეთებინა. სამწუხაროდ წამეუზრდელნენ, თქვენ ხომ გიკეთიათ და ჩვენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეს ვალდებულება არ გვაქვსო. სანამ ხელმძღვანელთან არ ავედი, არავინ გაიკეთა, მერე მთელმა განყოფილებამ გაიკეთა, მაგრამ ცუდი ის არის, იქიდან რომ გამოვიდოდი, პირბადეს ყველა მოიხსნიდა. მეტი სიფრთხილე მმართებთ ადამიანებს, რომ დავიცვათ წესები ამ პრობლემას მოვერევით და ამდენი დაავადებული არ გვეყოლება.

- არჩევნებზეც ალბათ ასე ჩაცმული მიხვალთ არა?

- რათქმაუნდა წავალ ასე, მერე იქ მოვიხსნი წამიერად პირბადეს, ავიწევ ფარს და მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში. არჩევნებზე მითუმეტეს არის დიდი რისკი, ამდენი ხალხი ირევა და სიფრთხილე აუცილებელია..

(სპეციალურად საიტისთვის)