"ჩვენს გზებზე ხდება მკვლელობები, რომელთა გამოძიება წესიერად არ ხდება... ამ მიმართულებით არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება"
"ჩვენს გზებზე ხდება მკვლელობები, რომელთა გამოძიება წესიერად არ ხდება... ამ მიმართულებით არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება"
29 ოქტომბერს გვიან ღამით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 10 კი დაშავდა. როგორც გაირკვა, გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა ტრაილერი, რომელსაც თურქი ეროვნების მძღოლი მართავდა. მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ და ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გასული წლის განმავლობაში საქართველოში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. 2020 წლის ექვსი თვის
მონაცემებით კი ავტოავარიაში 203 ადამიანი დაიღუპა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი kvirispalitra.ge-სთან საქართველოში კატასტროფულად გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და პრობლემის დაძლევის გზებზე საუბრობს.

- აღნიშნული პრობლემა, პირველ რიგში, იქიდან მოდის, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არც ერთი საერთაშორისო
რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ჯერ კიდევ 2014 წელს, მსოფლიო ბანკის ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას აძლევდნენ რეკომენდაციებს, რომ მას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა განესაზღვრა, მაგრამ დღემდე ასეთი რამ არ არსებობს. თუმცა ფორმალურად საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა პოლიტიკის ნაწილში არის ეკონომიკის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო კანონის აღსრულების ნაწილში – შსს. ჩვენ დღეს გვაქვს რეალობა, როცა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არავინ მუშაობს, ტრანსპორტის მიმართულებით არ ინერგება ევროდირექტივები. რაღაც დონეზე ხომ უნდა იყოს ეს პრიორიტეტული?

- და რატომ არ არის პრიორიტეტული, როცა ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში?
- ამ მიმართულებით არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ გამოიყენება ასეთი ტერმინები - დაიღუპა, გარდაიცვალა ან მოხდა უბედური შემთხვევა. სინამდვილეში, საერთაშორისო ტერმინოლოგიით ამას ჰქვია მკვლელობები, საერთაშორისო დონეზე გამოიყენებენ დეფინიციას – "მოკლულია" და იძიებენ, როგორც მკვლელობას. სახელმწიფო ავტოავარიებს უნდა იძიებდეს ზუსტად იმავე ძალებით და მიმართულებებით, როგორც იძიებს მკვლელობებს.  ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებით საშუალოდ 500 ადამიანი არის მოკლული, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ბავშვებიც. ჩვენს გზებზე ხდება მკვლელობები, რომელთა გამოძიება ბოლომდე, წესიერად არ ხდება ამ მიმართულებით და მეორეა ის, რომ არ იგეგმება პრევენციული ღონისძიებები - ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს ბოლო, რომ აღარასდროს განმეორდეს - ასე უნდა უყურებდნენ ამას. ჩვენ გადავამოწმეთ, მაგალითად, მუშაობს თუ არა კამერები ტექინსპექტირების მიმართულებით და შევამოწმეთ რამდენიმე რეგიონი. როგორც აღმოჩნდა, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რეაგირება. ანუ გზებზე კანონის აღსრულება პრაქტიკულად მოშლილია და არ არსებობს.

- ავტომაგისტრალზე  მომხდარ შემთხვევაზე რა ინფორმაცია გაქვთ, რა იყო ავარიის მიზეზი?
- დამატებით არაფერი ვიცი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხშირია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება. ბევრჯერ მითქვამს, რომ არ შეიძლება ავტობანზე ავტომანქანის გაჩერება, თუ ეს ავტომობილის გაუმართაობას ან ადამიანის ჯანმრთელობას არ უკავშირდება. დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, რომ ავტობანზე  სავაჭრო ობიექტების განთავსება არ შეიძლება. ესეც ავტოავარიის ხელშემწყობი ფაქტორია. ამას ვერსად, ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ.

- ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე, რასაც ყოველწლიურად ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება?
- როგორც ვთქვი, საერთაშორისო ტერმინოლოგიით, ეს არის მკვლელობები და როდესაც ამას მკვლელობების კუთხით კი არ იძიებ, არამედ - უბედურ შემთხვევას არქმევ, მხოლოდ მწუხარების გაზიარებით იფარგლები და არ მუშაობ იმაზე, რომ დაადგინო ავტოსაგზაო შემთხვევის კონკრეტული მიზეზი ან დაგეგმო პრევენციული ზომები, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, წლებია, არსებობს პრობლემა, რომ გვაქვს არასწორი მანევრირების შემთხვევა, დაახლოებით 40% და დაუდგენელი მიზეზი - 30%. როცა ამხელა პროცენტები გაქვს, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ვერ დაინერგება. როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, იქ შეიძლება იყოს სიჩქარის გადაჭარბება, მაგრამ კომბინირებული იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ეს არ ჩანს. მაგ. შეიძლება მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა, მაგრამ სამუხრუჭე სისტემა გამართული რომ ყოფილიყო, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა. ამ დონეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შესწავლა, სამწუხაროდ, არ ხდება და ყველა შემთხვევა სახელმწიფოსთვის არის უბედური შემთხვევა, თვლის, რომ ეს ლოგიკურია. სამწუხაროდ, საზოგადოებაც, რომელსაც მძაფრი რეაქცია აქვს სამუშაო ადგილებზე დაღუპვის შემთხვევებზე ან ხანძართან მიმართებაში, რაც სწორია,  ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულებს უყურებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ოჯახი აღარ არის საქართველოში, ვისაც ასეთი ტრაგედია არ შეხებია.

- ბოლო წლების სტატისტიკა რას ამბობს, როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების, ასევე - დაღუპულთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი?
- ბოლო წლებია, რაც ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევებში მოკლულია, დაახლოებით, 500 კაცი, დასახიჩრებულ-დაშავებულთა რაოდენობაც სადღაც 10 000-ის ფარგლებშია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი სტატისტიკა, ვინაიდან არის ისეთი შემთხვევებიც (სადაც არ არის გარდაცვალების ფაქტი), როცა არ იძახებენ პოლიციას და დაშავებული მძღოლები გარიგების გზით ერთმანეთს მკურნალობენ. ასე რომ, ეს არ არის სრულყოფილი სტატისტიკა. სტატისტიკა გვაქვს სტაბილურად საშინელი და ის 6-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. 2014 წლის ევროდირექტივა, რომელიც სრულად უნდა დანერგილიყო და ეხებოდა საგზაო უსაფრთხოებას და ტექნიკურ ინსპექტირებას, საგზაო უსაფრთხოების ნაწილში პრაქტიკულად არ არის დანერგილი. მაგ. 2020 წლისთვის საქართველოს, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოს, უნდა გაენახევრებინა შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა და კი არ გაანახევრა, უკვე 6-ჯერ აღემატება.

-  სად არის გამოსავალი?
- წლების წინ, 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელსაც საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა ჰქონდა და ამის მიხედვით რაღაც უნდა შეცვლილიყო, თუმცა არც არაფერი შეცვლილა. გამოსავალი ის უნდა იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი სამინისტროსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს. არჩევნები მოდის და, პრაქტიკულად, პოლიტიკური პარტიებისთვისაც კი არ არის ეს მნიშვნელოვანი, ყურადღებას არავინ აქცევს. სახელმწიფომ და პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომ შენ ყოველწლიურად კარგავ 500 ადამიანს და ეს იმაზე მეტია, რაც მაგ. 30 წლის განმავლობაში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.


(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები