"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..."
31-10-2020
"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..."
"მიმაჩნია, რომ შვილი მაინც დედამ უნდა გაზარდოს"

მსახიობი და კასტინგის მენეჯერი - ეკა მჟავანაძე 2 ვაჟის დედა გახლავთ. უმცროსთან გადასაღებ მოედანზე ურთიერთობაც უხდება... როგორ აღზარდა შვილები რთულ წლებში და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდა, ამის შესახებ ქალბატონი ეკა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- 2 ბიჭის დედა ვარ. შვილი რომ გავაჩინე, არც ისე პატარა ასაკის - 24 წლის გახლდით. ასე თუ ისე, დედობისთვის მომზადებული ვიყავი. უბრალოდ, ძალიან ცუდი დრო - 1990 წელი გახლდათ.
შვილი გავაჩინე თუ არა, დენი გაითიშა, ქვეყანა დაიქცა, ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო... ამისთვის მოუმზადებელი ვიყავით: სხვანაირად გავიზარდეთ, უცებ კი ქაოსსა და გაჭირვებაში აღმოვჩნდით, თავის გატანა გვიწევდა...

- თქვენს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენია?
- 6 წელი. სხვათა შორის, დედობა მეორე შვილის გაზრდისას უფრო ვიგრძენი. დედა
ახალგაზრდა გახლდათ - პირველი შვილის გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა. თავად ჩემი უფროსი ვაჟი - სანდრო ამბობს, - ბებიამ გამზარდაო... თეატრში ვმუშაობდი. სახლში დაბრუნებული სანდროს ვეკითხებოდი: - ჩემთან დაიძინებ-მეთქი? ჯერ მიპასუხებდა, - კიო, მერე კი დაამატებდა, - იცი, რა? ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ბებიასთან უნდა დავწვეო (იცინის)... მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, როცა სანდრო დაიბადა. დედაჩემმა 3-4 თვის სანდრო ჩემი ოთახიდან გაიყვანა და ასე ვთქვათ, გვერდით დაიწვინა. 15 წელი ასე გაგრძელდა... სულ მიკვირდა, როცა ჩემი მეგობრები წუწუნებდნენ - ვაიმე, ბავშვის გამო, მთელი ღამე არ მეძინაო... მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია, რადგან უფროსი ვაჟი საოცრად კარგი გასაზრდელი იყო. მეგონა, ასეც უნდა ყოფილიყო (იღიმის). სამაგიეროდ, მეორე ბიჭი რომ გაჩნდა, ყველაფერი გადამავიწყდა - ძალიან ცელქი იყო (იცინის). 4 წელი ძუძუთი ვკვებავდი.

- ძუძუთი კვებას თავი როგორ დაანებებინეთ?
- ამას რომ ვყვები, ჰგონიათ, ვიგონებ: 4 წლის ხდებოდა. მის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ვკითხე: - არ გრცხვენია? ამხელა ბიჭი ხარ. ძუძუთი კვებას თავს როდის დაანებებ-მეთქი? შემომხედა და, - 16 იანვარს ხომ 4 წლის ვხდები? ჰოდა, 4-ის რომ გავხდები, თავს დავანებებო. მართლა ასე მოიქცა.

- დღესაც ასეთი პრინციპული ადამიანია?
- კი, საკმაოდ. სულ ვკამათობთ და ვჩხუბობთ.

- თქვენი კამათის საგანი რა არის ხოლმე?
- მაგალითად, ვითხოვ, რომ როგორც მინდა, ისე მოიქცეს. რაღაცებში არ მეთანხმება... დედა ყველას უყვარს, მაგრამ მას ჩემ მიმართ განსაკუთრებულად ძლიერი გრძნობა აქვს. ამას ვგრძნობ: უკვე დიდი ბიჭია, მაგრამ როცა ქუჩაში მივდივართ, შეუძლია გაჩერდეს, მაკოცოს და გზა გავაგრძელოთ...

- ძმებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ?
- უმცროსი - ბასტო რომ დაიბადა, სანდრო უკვე სკოლაში დადიოდა. მახსოვს, თავდაპირველად, სანდრო ეჭვიანობდა. ოთახში შემოვიდოდა და გაღიზიანებული ხმით მეტყოდა, - მშიაო. რომ ვეუბნებოდი, - ბავშვს დავბან ან გამოვუცვლი, მერე კი გამოვალ, გაჭმევ-მეთქი, მპასუხობდა, - არა, მინდა, რომ ახლა მაჭამოო (იცინის)... ძმებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ცოტათი უფროს-უმცროსობენ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ფეხბურთი, სპორტი ორივეს მოსწონს. თავიანთი სამეგობრო წრე ჰყავთ. სხვათა შორის, უმცროსი უფროსის მეგობრებთან მეგობრობს. ძმები ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სანდრო 30 წლის არის, ბასტო - 23-ის.

- "ბასტოს" რატომ ეძახით?
- მე დავარქვი. წინათ, "ბასტი და ბუბუ" მოდაში იყო. უმცროს შვილს ვაყურებინებდი ხოლმე, რომ გაჩერებულიყო. რომ ვაძინებდი ან ვეფერებოდი, ასე მივმართავდი - ბასტი, ბასტი-მეთქი... ეს სახელი შერჩა (იცინის). ისე, ვაჟა ჰქვია.

- მეტსახელის გამო, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, პროტესტის გრძნობა ხომ არ გასჩენია?
- კი, ასეთი პერიოდი იყო: თავის ნამდვილ სახელს ამბობდა - ვაჟა მქვიაო, მაგრამ ახლა ყველა "ბასტოთი" მიმართავს და მგონი, აღარც ახსოვს...

- როცა შვილები რამეს აშავებდნენ, როგორ მიანიშნებდით, რომ მათი საქციელი არასწორი იყო?
- ვესაუბრებოდი. როგორც მინდოდა, ისე ან იქცეოდნენ, ან - არა, მაგრამ მაინც ორივეს ყოველთვის თავისუფლებას ვაძლევდი. უფროსი ვაჟი ბავშვობიდანვე საოცრად დამოუკიდებელი იყო. წარმოიდგინე, საბავშვო ბაღში მარტო მიდიოდა... უმცროსი ცოტათი ცელქი გახლდათ. ამიტომ ბოლომდე ვერ ვენდობოდი და ასე ვთქვათ, მაინც ჩემი ფრთის ქვეშ იყო. სულ მეშინოდა და ვამოწმებდი, საიდანმე არ ჩამოვარდნილიყო, არ დაშავებულიყო... მერე პარკური შეუყვარდა, რის გამოც გაწამებული ვიყავი. მეზობლებიც სულ მეუბნებოდნენ, - ეზოში მარტოს როგორ უშვებ? თავ-პირი არ დაიმტვრიოსო, მაგრამ მაინც თავისუფლებას ვაძლევდი. ორივე ასე თუ ისე, დამოუკიდებლად გაიზარდა. შვილებს ვენდობოდი, რა... მგონია, ეს ცუდი არ არის. მათ დღესაც ვენდობი. შეცდომები მოსდით, მაგრამ ისეთი სერიოზული - არა, რომ მტკივნეული იყოს. ცხოვრება ხომ სწავლაა?..

- თავად როგორი ბავშვი იყავით? ხასიათის თვისებებით რომელი შვილი უფრო მეტად გგავთ?

- ალბათ, ხასიათით სანდრო უფრო მეტად მგავს. მიუხედავად იმისა, რომ ნაბოლარა, მესამე შვილი ვიყავი, მეც ბებიამ გამზარდა. ჩემი დები უფროსები არიან - ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 10 და 12 წელია. ოჯახში მათამამებდნენ. 18 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და რაღაცნაირად, მეც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ჩემი დები უკვე გათხოვილები იყვნენ. ოჯახში მე და დედა ვიყავით... სხვათა შორის, ცხოვრებაში დამოუკიდებლობა გამომადგა - ბევრ რამეს თავად ვწყვეტ.

- გქონიათ განცდა, რომ შვილებს სათანადო დროს ვერ უთმობდით?
- რა თქმა უნდა, ვერ ვუთმობდი. ბევრჯერ მითქვამს, რომ შვილები ტელეფონით გავზარდე. ვურეკავდი და ვეკითხებოდი - სახლში მოხვედი? სკოლაში წახვედი? შეჭამე? გააკეთე-მეთქი?.. საერთოდ, სახლის საქმეც, წესრიგიც ძალიან მიყვარს. სადილს თავად ვამზადებ. ნახევარფაბრიკატებს იშვიათად ვყიდულობ. ამ მხრივ, უფრო გავთამამდი, რაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, თორემ ბავშვობაში ყოველთვის ნორმალურად იკვებებოდნენ და სახლშიც წესრიგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კაცების ოჯახია, მოუწესრიგებელი არც ერთი არაა. შეიძლება, ცოტათი მოუწესრიგებელი უმცროსი ვაჟი იყო - ეტყობა, ვათამამებდით (იცინის)... მათი ცხოვრება როგორი იქნება, თავად უნდა გადაწყვიტონ. როცა ცოლს მოიყვანენ, რა თქმა უნდა, არ ჩავერევი.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში, შვილები თქვენთან გულახდილები არიან?
- კი. ისინი არასოდეს შემიზღუდავს. მაგალითად, ვიღაც რომ მოსწონებიათ, არასოდეს ჩავრეულვარ - რატომ მოგწონთ-მეთქი? თავად მომწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია. რაც მთავარია, მას მოსწონს. ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიმაჩნია, როდესაც იმ ადამიანის შესახებ ცუდს ეტყვი, რომელიც მოსწონს. შვილებს ამ საკითხშიც თავისუფლებას ვაძლევ. შეიძლება, დელიკატურად რაღაც ვურჩიო, მაგრამ ამ მხრივ, აქტიური ვერ ვიქნები.

- შვილების აღზრდისას არ დაბნეულხართ, განსაკუთრებით - მათი გარდატეხის ასაკში?
- კი, როგორ არა! გარდატეხის ასაკში თავისი "გაფრენა" ყველას აქვს. სერიოზულ პრობლემებს ნამდვილად არ წავწყდომივარ, მაგრამ შინ მოსვლა დაუგვიანებიათ, არ მოსულან. მერე დამირეკავს, რომ გამერკვია, სად იყვნენ და ა.შ. მათ მიმართ ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, ტელეფონი არ გამორთონ. დედა ხარ და გეშინია, ათას უბედურებას ისმენ ადამიანი. ამ შემთხვევაში, გარდატეხის ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? დედაშვილობას ასაკი არ აქვს. შვილებს ვეუბნები: არ მაინტერესებს. თუ გინდა, ნუ მოხვალ, ოღონდ ტელეფონზე მიპასუხე, რომ ვიცოდე, სად ხარ და დავწყნარდე-მეთქი. თუ ტელეფონი გამორთული აქვთ, არ ვამჟღავნებ, მაგრამ "ჩემი" მემართება (იცინის)...

- თქვენი საქმიანობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?
- პატარა ასაკის რომ იყვნენ, სპექტაკლებზე უფრო ხშირად დადიოდნენ, განსაკუთრებით - უფროს ვაჟს უხაროდა. თითქმის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ყველა ზეპირად იცოდა. ბასტო თეატრში უფრო იშვიათად მოდიოდა. სხვათა შორის, შვილებს ჩემს საქმეებში არც ვრევ, მაგრამ ბასტო უფრო ჩარეულია იმ მხრივ, რომ ასე თუ ისე, ფილმებში იღებენ, ჩემთან ურთიერთობა უხდება... სანდრომ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრის ხარისხი აქვს. პანდემიის დროს უმუშევარი დაგვრჩა - უცხოელებთან დაკავშირებით, რაღაცები აირია... ბასტო კავკასიის ბიზნესსკოლაში სწავლას ასრულებს.

- კასტინგის მენეჯერი ხართ. შვილისთვის, ასე ვთქვათ, ხელი ხომ არ წაგიშველებიათ?
- არასდროს. უბრალოდ, ფოტოგენურია. კასტინგზე ჩვეულებრივად გადის. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემს პროექტში არ მოსწონებიათ და არ გადაუღიათ, მაგრამ რაღაცებში გადაუღიათ... სხვათა შორის, ახლახან ბასტომ ვიდეოსინჯი ჩაწერა და გაგზავნა. ვიღაცები აარჩიეს, მათ შორის ჩემი შვილი არ ყოფილა. კასტინგზე მისულს მითხრეს, - რომელი ვიდეოებიც გამოგვიგზავნე, რამდენიმე მოგვეწონა, მაგრამ ერთი ბიჭი გვჭირდება. ის ჯერ არ შემოვაო. - რომელი-მეთქი? - ვიკითხე. ტანსაცმლით მიმახვედრეს, რომ ბასტოზე იყო საუბარი. სიცილი ამიტყდა. - ეგ ჩემი შვილია-მეთქი. გაეცინათ... ბედნიერი ვიყავი, რომ თავად არ მითქვამს, - ჩემი შვილის ვიდეოს ვგზავნი და ყურადღება მიაქციეთ-მეთქი, ბასტო როლზე ჩემ გარეშე დაამტკიცეს...

- უამრავ ადამიანთან ურთიერთობა გიწევთ. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე დედები რა გამოწვევების წინაშე დგანან და თქვენი გამოცდილების საფუძველზე, მათ რას ურჩევთ?
- შეიძლება, ვცდები. ჩემს აზრს თავს ვერავის მოვახვევ. რა უფლება მაქვს, სხვის ცხოვრებაში ჩავიხედო?.. მიმაჩნია, რომ შვილი მაინც დედამ უნდა გაზარდოს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ძიძა არ მყოლია არც 90-იან წლებში და არც - მერე. მეორე შვილი რომ გავაჩინე, მიჭირდა: ბავშვს ხან ვის ვუტოვებდი, ხან - ვის. სულ პრობლემა მქონდა, მაგრამ ძიძა არ მყოლია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ძიძის ინსტიტუტი ცუდია. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იმუშაოს, თავისი საქმე აკეთოს. შეიძლება, ძიძა გყავდეს, მაგრამ შვილი უფრო მეტად დედასთან უნდა იზრდებოდეს. ვინ როგორ ცხოვრობს, ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?