"ახლობლის ორმოცი იყო, დიდი სუფრა გააკეთეს და იქ დაინფიცირდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ახლობელი - კვირის პალიტრა

"ახლობლის ორმოცი იყო, დიდი სუფრა გააკეთეს და იქ დაინფიცირდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ახლობელი

საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა, 15 წლის მოზარდი დღეს გარდაიცვალა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში 20 სექტემბრიდან მკურნალობდა. ამ დროის განმავლობაში მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუთქვაზე იმყოფებოდა.

მასთან ერთად ინფიცირებული იყვნენ მისი ბებია და ბაბუა, რომლებმაც საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი უყვება, მათი ინფიცირება ნათესავის ორმოცზე მოხდა.

"როგორც ვიცი, ახლობლის ორმოცი იყო, დიდი სუფრა გააკეთეს და იქ დაინფიცირდნენ. ბავშვი მოულოდნელად გახდა ცუდად, წაიყვანეს კლინიკაში და ანალიზებმა კოვიდი აჩვენა. ამის შემდეგ მალევე დამძიმდა... სამწუხაროდ, დღეს გავიგეთ, რომ გარდაიცვალა", - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ჰქონდა თუ არა მოზარდს, რაიმე თანმხლები დაავადება, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არც კლინიკაში გაკეთებულა და არც მისი ახლობლები ამბობენ რამეს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი.