სუფრები საარჩევნო უბნებთან, ხმის მიცემა ჯგუფურად და ბაბუ ჩოხით - 2020 წლის არჩევნების კურიოზები - კვირის პალიტრა

სუფრები საარჩევნო უბნებთან, ხმის მიცემა ჯგუფურად და ბაბუ ჩოხით - 2020 წლის არჩევნების კურიოზები

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნებზე პატარ-პატარა ექსცესების გარდა, არჩევნების მიმდინარეობას თან სახალისო ელემენტებიც ახლდა.

არჩევნების დილას საარჩევნო უბანზე მისულ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობის წაღება დაავიწყდა.

საბურთალოს მე-19 უბანზე კი აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ყუთს ძირი არ ჰქონდა. ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა და როგორც თქვეს, ამ შემთხვევას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე ჩოხით 85 წლის მამაკაცი. "თქვენი მომავალი მინდა ავირჩიო, ბაბუ, თქვენ რომ კარგად იცხოვროთ და მომავალი გქონდეთ, იმიტომ მოვედი, 85 წლის კაცი ვარ, ბაბუ, ბევრი რაღაცები გავიარე. კარგი და ღირსეული არჩევნები ჩატარდება მგონი დღეს", _ იმედოვნებს მოხუცი, რომელიც პანდემიას არ შეუშინდა და ღირსშესანიშნავი დღისთვის საგანგებოდაც გამოეწყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრებს სარეგისტრაციო მაგიდებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი და კენჭისყრის მიმდინარეობისას სადილობდნენ. კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე, სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს. დამკვირვებელმა კომისიის წევრებს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რომ დაიცვან ეთიკა და რაც მთავარია - საკვებით არ დააზიანონ საარჩევნო დოკუმენტაცია. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში, ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის 25-ე უბანზე.

როგორც აღმოჩნდა, მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე, ერთი და იგივე ადამიანები შედიან და ხმას რამდენჯერმე, მეტიც – ჯგუფურად აძლევენ.

დღეს საარჩევნო უბნის ეზოებში სუფრის გადაფენებიც მრავლად იყო. მაგალითად, გორის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ეზოში გამგებელმა დიდი სუფრა გაშალა. სოციალურ ქსელში თენგო თევზაძემ გაავრცელა ფოტო მინაწერით: პარტიამ იკისრა, ძმაო. ასეთივე სუფრა გაიშალა გორში, კომბინატის დასახლებაში და ბოლნისშიც.

დედოფლისწყაროში დაფიქსირდა კურიოზული შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი გარდაცვლილად იყო მითითებული, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა და ხმის მისაცემად მივიდა.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაახალისა ბიძინა ივანიშვილის ფოტომ, რომელიც საარჩევნო უბანზეა გადაღებული. დამკვირვებელი თავის ფუნქციას ასრულებს და მის იდენტიფიცირებას ახდენს.

ჭიათურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს სასმელი "გამოუჩნდა". როგორც ჩანს, კომისიის წევრები დაძაბულ დღეს და კორონას შიშს გრადუსით იქარვებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა: 2020 წლის საარჩევნო კურიოზები

(სპეციალურად საიტისთვის)