"საქართველოში დედა, მამა და ბებო მელოდება და მე იტალიაში სხვის მოხუცს ვუვლი, ამის გადატანა რთულია"(+VIDEO) - კვირის პალიტრა

"საქართველოში დედა, მამა და ბებო მელოდება და მე იტალიაში სხვის მოხუცს ვუვლი, ამის გადატანა რთულია"(+VIDEO)

"ზოგჯერ ოჯახებში გაუგებრობაც ხდება, ახლა მეუღლესთან ერთად აღარ ვცხოვრობ, მე და ჩემი შვილები იტალიელ ბებოსთან გადმოვედით"

იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტია და მათ შორის არის 37 წლის ქეთევან ხმალაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში თავისი შესრულებული სიმღერის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ემიგრანტის თბილი ნამღერი ბევრისთვის მართლაც რომ ემოციური აღმოჩნდა. ქეთევანს იტალიაში დავუკავშირდით და მის ცხოვრებასა და ემიგრაციაზე ვესაუბრეთ:

- მე ერთი დედისერთა გოგო ვარ, მშობლებს მოწყვეტილი. დღესდღეობით ორ შვილთან ერთად იტალიაში ვცხოვრობ - ერთი გოგო და ერთი ბიჭი მყავს, ლიზი და ბადრი, ისინი მილამაზებენ ცხოვრებას. 2011 წლის 25 ნოემბერს მე და ჩემმა მეუღლემ იტალიაში წამოსვლა გადავწყვიტეთ, არა იმიტომ, რომ მატერიალურად გვიჭირდა, არამედ - გვსურდა, რომ ბავშვებისთვის კარგი განათლება მიგვეცა და უკეთესი პირობები შეგვექმნა. ვხვდებოდით, რომ იტალიაში სამომავლოდ მეტი პერსპექტივა ექნებოდათ. ვიფიქრეთ, რომ 2 წლით დავრჩებოდით, მათთვის სასურველ გარემოს შევქმნიდით და შემდეგ ბავშვებსაც ჩამოვიყვანდით. თავიდან მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე წამოვედით.

ჩემი და მეუღლის ჩამოსვლიდან 2 წელიწადი რომ გავიდა, იტალიაში დარჩენა კიდევ ერთი წლით გადავავადეთ, წელს კიდევ წელი მიემატა და მივხვდით, ბავშვების გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდით, მაშინ კომუნიკაციაც რთული იყო და გადავწყვიტეთ, ბავშვებიც ჩამოგვეყვანა. მას შემდეგ აქ ვართ, უკვე 9 წელიწადია, იტალიაში ვცხოვრობთ. ბადრი და ლიზი აქ სწავლობენ და პარალელურად - მუშაობენ. გული მტკივა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში სწავლის გაგრძელება არ უნდათ, თუმცა სამშობლოში დაბრუნებაზე მუდმივად ფიქრობენ. საქართველოზე ხშირად ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ ენატრებათ და მომავალში, როდესაც ფეხზე დადგებიან, აუცილებლად დაბრუნდებიან. მეუბნებიან ხოლმე, დედი აქ ვისწავლი და მერე იქ გავაკეთებ რამეს, იქ მექნება მომავალიო.

- 3 წელიწადს იტალიაში ბავშვების გარეშე ცხოვრობდით, მოგვიყევით იმ პერიოდზე...

- 2011 წელს, როდესაც საქართველო დავტოვეთ, ბავშვები 8-9 წლისანი იყვნენ. ჩემებს შინ კომპიუტერი არ ჰქონდათ და ვიდრე შევძლებდი და საყიდლად თანხას გამოვუგზავნიდი, ჩემს მეგობართან მიდიოდნენ და იქიდან გვირეკავდნენ ხოლმე. ყოველთვის, 3 წლის განმავლობაში, ორივე ბავშვის ცხრილი ზეპირად ვიცოდი, იმის მიუხედავად, რომ ასე შორს იყვნენ, მე ვახსენებდი როდის, რომელ საათზე რა ჰქონდათ. შეიძლება ყოველდღე ვერ გველაპარაკა, მაგრამ სულ ვიცოდი, სად იყვნენ. ჩვენი წასვლიდან რაღაც დროის შემდეგ, როდესაც ფოტოებსა და ვიდეოებს მიგზავნიდნენ, ვიგრძენი რომ დედაშვილური სიყვარული იკარგებოდა და ცივდებოდა, ამ მანძილმა ეს სიყვარული შეცვალა.

ემიგრაციაში მყოფმა არც ერთმა დედამ არ თქვას, რომ ეს პრობლემა არ ჰქონია, გაუცხოება 99%-ს უგრძნია. გვინდა თუ არა ამის აღიარება, ნელ-ნელა ცივდება გული, მითუმეტეს, როდესაც პატარებს ტოვებ. ამ გრძნობამ დამაფიქრა, ვხვდებოდი, ელოდებობდნენ საჩუქრებს და ჩემთან ლაპარაკი ისე აღარ უნდოდათ, როგორც ადრე, ამიტომ მათი ჩამოყვანა გადავწყვიტეთ და - არც შევმცდარვართ.

- როგორია თქვენი იტალიური ცხოვრება?

- მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჩანს. იტალიაში ადვილი მოსაპოვებელი არ აღმოჩნდა ის, რაც ჩვენ გვინდოდა. საქართველოში ჰგონიათ, რომ აქ ხიდან ცვივა ფული, ჰგონიათ, რომ მარტივად, ფეხის გადადგმით შოულობ მას. ვაღიარებ, თუ შრომისმოყვარე ხარ, მარტივად იპოვი სამსახურს, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც მუდმივად გაკონტროლებენ, სულ გიყურებენ, სულ გაკვირდებიან და რთულია ისიც, რომ უცხო გარემოში ხარ.

უკვე 10 წელიწადია, მოხუცის მომვლელად ვმუშაობ, მყოლია მოსავლელი ცოლ-ქმარი ან - მხოლოდ ბებო. ამ წლების განმავლობაში ყველგან მიმუშავია - პურის საცხობში, ერთი პერიოდი სახლებსაც ვალაგებდი, ერთი სიტყვით არასდროს არაფერი დამზარებია. ჩამოსვლის პირველი წელი ჩვენთვის ურთულესი აღმოჩნდა, 6 თვის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვიყავით. იმ პერიოდში გაგვიმართლა - ბინაში, სადაც ვცხოვრობდით, ღვთისნიერი ხალხი ცხოვრობდა. არასდროს დამავიწყდება ლიასა და ამირანის ამაგი, იმ ხნის განმავლობაში მათ შეგვიფარეს და ბოლო წუთამდე, ვიდრე ბინას ვიშოვიდით და სამსახურს დავიწყებდით, გვერდში გვედგნენ.

ერთი წლის შემდეგ უკვე ბინა ვიქირავეთ. 2 წლის შემდეგ, სადაც ვმუშაობდი, იმ ოჯახმა საბუთები გამიკეთა, იმ საბუთით ჩემს მეუღლესა და შვილებსაც გავუკეთე საბუთები და კანონიერად ვარ, ბინაც ჩემ სახელზე დავიქირავე. ზოგჯერ ოჯახებში გაუგებრობაც ხდება, ახლა მეუღლესთან ერთად აღარ ვცხოვრობ, მე და ჩემი შვილები იტალიელ ბებოსთან გადმოვედით. ამ ბებოს მე ვუვლი და თან მასთან ვცხოვრობთ, ძალიან კარგი ოჯახია და მგონია, რომ მეორე დედა მყავს გვერდით.

- სიმღერის ვიდეოზე ვისაუბროთ, თქვენს ნამღერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დიდი ხანია მღერით?

- მთელი ბავშვობა ვმღეროდი, ყოველთვის კარგი მონაცემები მქონდა. ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთის პირველ საშუალო სკოლა დავამთავრე და ჯერ კიდევ მე-7 კლასში მესამე-მეოთხე კლასელებისთვის სპექტაკლებსა და ჩანახატებს ვდგამდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი. ყოველთვის მინდოდა, ამ პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ მამას არ სურდა და, ალბათ, დღესდღეობით ნანობს კიდეც, მომღერალი ან მსახიობი რომ არ გამოვედი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ახლა ვარ.

ვიდეოზე ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი, მეგონა, ვინმე მაინც დაწერდა ცუდ კომენტარს, თუმცა - არა, ყველა შეფასება დადებითი და ემოციით სავსე იყო. როდესაც ვიდეოს ვიღებდი, რაღაც ქართული ატრიბუტი დამაკლდა და გადავწყვიტე, ჩოხა ჩამეცვა. მართალია, ჩოხა ვაჟკაცურია, მაგრამ - ქართული არის.

- უკვე წლებია, იტალიაში ხართ, ხშირად სტუმრობთ საქართველოს?

- პირველ 3 წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, თუმცა საბუთების მოწესრიგების შემდეგ, ყოველ წელს, 3-ჯერ ან 2-ჯერ აუცილებლად ჩამოვდივარ. ახლა, კორონავირუსის გამო, იანვარში 1 წელიწადი გახდება, რაც არ ჩამოვსულვარ და სულ საქართველოზე ვფიქრობ, მენატრება ჩემი ქვეყანა, ახლობლები და მშობლები.

ყველა ახლობელი დამეთანხმება, რომ ჩემგან სითბო და ყურადღება არავის აკლია, მაგრამ მშობლები გამორჩეულად მენატრებიან. ალბათ გამკიცხავენ, მაგრამ იმედია, არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ მამა ყველაზე მეტად მენატრება, ყოველთვის, ყოველ წამს მაკლია. ცოცხალია მამა, თბილისშია და სულ მასზე ვფიქრობ, ხანდახან ძვლების ტკივილამდეც კი მენატრება ხოლმე.

პაპას, მამაჩემის მამას, ყველაზე მეტად მე ვუყვარდი. ორი წელიწადია, რაც დაიღუპა და ძალიან განვიცდი. პაპა სულ იმას ამბობდა, ჯანმრთელად რომ ვყოფილიყავი, შვილიშვილს იტალიაში არ დავტოვებდიო. მარტო პაპა ამობდა ამას და ყოველთვის ცრემლებით ვიხსენებ მას, საოცარი ადამიანი იყო. ორი წლის წინ, ისე დაემთხვა, რომ წელის პრობლემები შემექმნა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ჩამოსვლიდან მალევე პაპამ ფეხი მოიტეხა და ვეღარ გამოკეთდა. გამზრდელმა პაპამ ჩემს ხელში დალია სული. მთელი ბავშვობა, გულზე დაწვენილი ვყავდი და ასე ჩახუტებული გავაცილე ამ ქვეყნიდან. ცუდად რომ იყო, მაშინ ბებიაჩემისთვის უთქვამს, ნეტავ, ვიდრე ქეთო აქ არის, მაშინ წავიდე ამ ქვეყნიდან, ქეთოს ცრემლები მინდა გავიყოლოო და - ასეც მოხდა.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, დაბრუნდებით საქართველოში?

- მთელი სულითა და გულით მინდა, დავბრუნდე. ახლა ვიცი, რომ ცოტა ხნით აქ უნდა ვიყო, ვიდრე ჩემი შვილები დაფუძნდებიან. როდესაც დავინახავ, რომ კარგად არიან, მაშინ წამოვალ აქედან. არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, მინიმუმ 5 წელი მაქვს იმისთვის, რომ ბავშვები ფეხზე დავაყენო.

საქართველოში დედა, მამა და ბებო მელოდება, სამივე მოსავლელია და მე იტალიაში სხვის მოხუცს ვუვლი, ამის გადატანა რთულია. საქართველოში კარგი ანაზღაურება რომ მეგულებოდეს, ალბათ, წავიდოდი, აქ არ გავჩერდებოდი. იტალიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, რომ შრომის ფასი გავიგე და რასაც დღეს აქ ვაკეთებ, საქართველოში ამის გაკეთების შემრცხვებოდა, როგორც ყველა ჩვენგანს რცხვენია. ახლა ვფიქრობ, რომ თუ წლების შემდეგ საქართველოში ჩემი მშობლები აღარ დამხვდებიან, ალბათ, არც ჩამოვალ, მათ გარეშე მე რა დამრჩენია, ვიქნები იქ, სადაც ჩემი შვილები იქნებიან.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო