"დიახ, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ გაცილებით რთული მდგომარეობაა ევროპაში" - კვირის პალიტრა

"დიახ, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ გაცილებით რთული მდგომარეობაა ევროპაში"

"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არა არჩევნებთან, არამედ არჩევნების შემდგომ მიტინგებთან"

მიუხედავად პოლიტიკური პერიპეტიებისა, "კოვიდ 19"-ის თემა მაინც არ კარგავს აქტუალობას. როგორია დღევანდელი კოვიდსიტუაცია? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან, თენგიზ ცერცვაძესთან.

- დღევანდელი კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში - ეს უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ, რადგან ზოგიერთი ხედავს ან ცდილობს დაინახოს, რომ შემთხვევები იმატებს ჩვენს ქვეყანაში და არ ამჩნევენ, რა ხდება მსოფლიოში, არადა, შემთხვევები იმატებს ყველგან, განსაკუთრებით - ევროპასა და ამერიკაში, თუმცა აზიაშიც, მაგალითად, ინდოეთში მატების ტემპი გაიზარდა. 30 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფექციის დაახლოებით 546 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდია. მეორე ტალღა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ, დადგა ყველგან და, სამწუხაროდ, საქართველოშიც.

- როგორ უნდა შევაფასოთ ეს სიტუაცია? - შემთხვევების მატება მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო. შეიძლება ასეთი მასშტაბით არა, მაგრამ ამას ყველა ელოდა, რადგან ჩვენთან 21 მარტიდან 22 მაისამდე იყო ე.წ. ლოკდაუნი, კარანტინი, ამის შემდეგ კი, ფაქტობრივად, შეზღუდვები აღარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წერტილოვან ღონისძიებას ბოლნისში, მარნეულში, ზემო სვანეთში, სამეგრელოში, ლენტეხში, ქობულეთში. იყო ზაფხული, შიდა ტურიზმის პერიოდი, გაიზარდა მობილობა, რასაც ასეთი მატება მოჰყვა.

ნეგატიური როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ რადგან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგებმა ეპიდემიის შეკავება მოახერხეს, მოსახლეობამ ნაადრევად დაიჯერა, რომ შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო და ჩვენ ოაზისად დავრჩენილიყავით. ასე არ მოხდა.

ბოლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობამ ცოტა იკლო, მაგრამ ეპიდემიოლოგების განცხადებით, ნოემბრის განმავლობაში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. თუ მაინც შევადარებთ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისა თუ ევროპა-ამერიკის მდგომარეობას, დავინახავთ, რომ სურათი იქ გაცილებით უარესია. ფაქტობრივად, საქართველო მაინც იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით უკეთესია. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ მთავარი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას, არის არა შემთხვევების, რაც, ცხადია, საყურადღებოა, არამედ გარდაცვლილთა რაოდენობა. პანდემია იმიტომ არის საშიში, რომ დაკავშირებულია გარდაცვალების რისკთან. ამ მხრივ საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის ულაპარაკოდ ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა აქვს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 0,76%-ია.

- ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, რომ მას უკვე უჭირს სიტუაციასთან გამკლავება, აღარ ჰყოფნით პერსონალი, არც ზაფხული გამოიყენეს, რადგან პირველი ტალღის დროს მიღწეული შედეგების შედეგად ხიბლში ჩაცვივდნენ... - გაზაფხული-ზაფხული, რა თქმა უნდა, ქვეყანამ გამოიყენა. სხვა საქმეა, რომ შეიძლებოდა უკეთ გამოეყენებინა. შესაძლოა, 100%-ით ვერ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ქვეყანამ, და მათ შორის ჯანდაცვის სისტემამ ეს პერიოდი გამოიყენა კლინიკური სექტორის გაუმჯობესებისთვის, რაც გულისხმობს საწოლების მატებას, ოჯახის ექიმების ფართო ქსელის ჩართვას კოვიდთან ბრძოლაში, კოვიდკლინიკების გაფართოებას, სასწრაფო დახმარების სამსახურის გაძლიერებას, ექიმებისა და საშუალო სამედიცინო ქსელის მომზადებას. რომ არაფერი გაკეთებულიყო, ავადმყოფთა ასეთ გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუმკლავდებოდა. და რით გამოიხატება, რომ უმკლავდება? იმით, რომ "სასწრაფოს""დაგვიანების მიუხედავად, არც ერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმის მეთვალყურეობისა და სამედიცინო სერვისის გარეშე. ის, ვისაც აქვს დაავადების მძიმე ფორმა, ან კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მას, ვინც ექიმის გადაწყვეტილებით, რჩება სახლში ან კოვიდსასტუმროში, პროფესიონალები უწევენ კონსულტაციებს. კოვიდსასტუმროები ახალი მიდგომაა. როდესაც პაციენტისთვის არ არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ არც სახლში დარჩენის საშუალებაა, რადგან მას არ აქვს თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები, სახელმწიფო მათ ათავსებს ე.წ. კოვიდსასტუმროებში.

სიმართლეა, რომ სამედიცინო მომსახურებაში გვაქვს ხარვეზები - ზოგჯერ მართლაც იგვიანებს "სასწრაფოც" და ტესტის პასუხიც, ჭირს ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ხანდახან დროულად ვერ ხერხდება ჰოსპიტალიზაცია და პაციენტს უწევს მოცდა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ - ერთი დღე-ღამე და ეს ყველაფერი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. დიახ, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - გაცილებით რთული მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. კოვიდთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ გერმანიაშიც კი მილიონ მოსახლეზე გარდაცვალება 3%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. ინგლისში 44 ათასი გარდაცვლილია, ჩვენთან - 285. კი ბატონო, ინგლისი ჩვენზე დიდია, მაგრამ მილიონ მოსახლეზე ჰყავს 676 გარდაცვლილი, ჩვენ მილიონზე გვყავს 71 გარდაცვლილი ანუ 9-ჯერ ნაკლები. ინგლისში 4 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა საკუთარ სახლებსა და საერთო საცხოვრებლებში. წარმოიდგინეთ, 4 ათასი კაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოახერხა ასეთმა ქვეყანამ! შვეიცარიაში მოხუცთა თავშესაფრებს ოფიციალურად ჰქონდათ ინსტრუქცია, 65 წელზე უფროსი ავადმყოფები არ წაეყვანათ საავადმყოფოში, რადგან იქ მათთვის ადგილი არ იყო. ასე რომ, ის ხარვეზები, რომლებიც თავს იჩენს კოვიდავადმყოფების მოვლაში, ჩასაფრებული ადამიანებისთვის კრიტიკის მასალაა და მეტი არაფერი.

- პიკი ნოემბერში იქნებაო. როდის გადაივლის და რა კვალს დატოვებს? - არავინ უწყის, როგორი იქნება დინამიკა, რადგან ეს არაპროგნოზირებადი დაავადებაა და უკვე რამდენჯერმე სპეციალისტების, მათ შორის ჩვენი პროგნოზი სრულად არ გამართლდა.

- რა გზით ვაპირებთ სიარულს?

- არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული გზა. პირველი - დავუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს და ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო იოლად და სწრაფად მოხერხდება სტაბილიზაცია, ავადმყოფობის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირება, მაგრამ ეკონომიკა შეჩერდება და ადამიანებს უფრო გაუჭირდებათ ცხოვრება. მეორე გზა არის ის, რომელსაც ახლა ვადგავართ - არ ჩავკეტოთ ქვეყანა და დაავადებულთა გაზრდილი რაოდენობის პირობებში მოვახერხოთ ვირუსთან თანაცხოვრება.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გვიკიჟინებენ, ხელისუფლება აპირებს, განმეორებითი ლოკდაუნი გამოაცხადოსო. მე არ ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ექიმი ვარ. საკოორდინაციო საბჭოს წევრიც კი არ ვარ, კლინიცისტი ვარ, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და პასუხს ვაგებ ავადმყოფების მკურნალობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ლოკდაუნის გამოცხადების საკითხში საუკეთესო ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ როგორც ვიცი, ქვეყანა ჯერჯერობით არ აპირებს ლოკდაუნის გამოცხადებას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. თუ დღევანდელი მდგომარეობა შევინარჩუნეთ, ლოკდაუნი არ იქნება, მაგრამ თუ რაოდენობამ მოიმატა, მაშინ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ვერ ვიქნებით რომის პაპზე კათოლიკეები და ქვეყანა იძულებული გახდება, ლოკდაუნი გამოაცხადოს.

- პრეპარატებზე საუბრისას "რემდესივირი" გაცრუებულ იმედებს შორის უნდა მოვიხსენიოთ?

- ასე ვერ მოვიხსენიებთ, რადგან გამოქვეყნდა ერთი კვლევის პასუხი, არა - საბოლოო, სადაც "რემდესივირმა" ვერ გაამართლა იმედი, რასაც მასზე ამყარებდნენ, მაგრამ არსად ეწერა, რომ ეფექტი საერთოდ არ ჰქონია. ამის გარდა სხვა უამრავი კვლევა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ, რომელიც არის მთავარი კანონმდებელი, თუ რომელი წამალია იმედის მომცემი და რომელი - გამაცრუებელი, 22 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, თითქოს "რემდესივირი""საიმედო არ იყო, ის ოფიციალურად დაამტკიცა კოვიდის სამკურნალო პრეპარატად ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფისთვის. ამერიკამ შეისყიდა მთელი წლის მარაგი, ევროკავშირის 37-მა ქვეყანამ ეს მედიკამენტი 500 ათასი პაციენტისთვის შეიძინა და რა უფლება გვაქვს ჩვენ, მას დავარქვათ იმედგაცრუების მედიკამენტი?! მართალია, ჩვენ მისი ხმარების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ

უნდა დავუჯეროთ მსოფლიოს, რომელმაც "რემდესივირი", მიუხედავად იმისა, რომ ის არ გამოდგა, რასაც ელოდნენ, მაინც სხვებზე უკეთესად აღიარა.

- როგორც ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივანმა ალექს აზარმა განაცხადა, შეერთებული შტატები "ფრთხილი ოპტიმიზმით" აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიების - "ფაიზერის" ან "მოდერნას" ერთი ან ორი ვაქცინა, სავარაუდოდ, მზად იქნება ამერიკის მოსახლეობაში ფართო გავრცელებისთვის. იანვარში ვაქცინას ხანდაზმულებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და პირველადი რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს მიაწოდებენ, ამერიკის მთელ მოსახლეობას კი ვაქცინაზე ხელი აპრილისთვის მიუწვდება. შეიძლება ეს ფრთხილი ოპტიმიზმი ჩვენთვის გადამდები გახდეს? - "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინას აწარმოებს აშშ, გარდა ამისა, კვლევის მესამე ეტაპზეა ინგლისში, ოქსფორდში მიღებული ვაქცინა, რომლის წარმოებას აპირებს შვედური წარმატებული კომპანია "ასტრაზენეკა". ევროპის ცნობილი სპეციალისტებისგან ვიცი, რომ წლის ბოლოს მზად იქნება, მომავალი წლიდან კი ხელმისაწვდომი გახდება.

- უკვე ყველამ იცის, რომ ეს დაავადება სასუნთქი გზების შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემასაც აზიანებს. - კოვიდინფექცია საერთოდ არ ჰგავს გრიპს, თუნდაც იმით, რომ მისი ორგანიზმში შეჭრის გზები აბსოლუტურად განსხვავებულია. მისი შეჭრის რეცეპტორები განთავსებულია, ძირითადად, სისხლძარღვების ენდოთელიუმში და არა - სხვა ქსოვილებში, სისხლძარღვების ენდოთელიუმი კი მთელ ორგანიზმშია - ფილტვებში, გულში, კუჭში, ტვინში, ამიტომ კოვიდი"პოტენციურად აზიანებს მთელ ორგანიზმს, თუმცა მას აქვს საყვარელი სამიზნეები - სისხლის შემადედებელი სისტემა და, შესაბამისად, თრომბოემბოლიური მიმართულება. ეს არის სისხლძარღვები და გული. ის ასევე აზიანებს თავის ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს... ჩვენი კლინიცისტების წარმატება იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა ავუღეთ ამას ალღო და პაციენტი ჩვენთან რომ მოხვდება, მას მკურნალობს ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი: კარდიოლოგი, ნეფროლოგი, პულმონოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვები...

- ინფიცირებიდან რამდენ დღეში ვლინდება სიმპტომები?

- დღეისთვის ოფიციალურად ცნობილია, რომ ინკუბაციის პერიოდი შეიძლება იყოს 14 დღემდე, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება მეოთხე და მეშვიდე დღეს, უფრო იშვიათად - მეათე და ძალიან იშვიათად - მეთოთხმეტე დღეს.

- შეიძლება თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 14 დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს? - თეორიულად დიახ, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ, რომ საარჩევნო უბნები კარგად იყო მომზადებული. თუ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არა არჩევნებთან, არამედ არჩევნების შემდგომ მიტინგებთან.

- 2022-შიც მოგვიწევს კოვიდზე ინტერვიუსთვის შეხვედრა? - ვფიქრობ, რომ არა. მე მგონია, რომ 2022 წლისთვის პანდემია დასრულდება ან ვაქცინით დავასრულებთ.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ამ ვირუსს, თვითონ ვირუსი დასუსტდება?.. - ვირუსი არ დასუსტდება, მაგრამ ნაკლები ადამიანი დაავადდება, რადგან მას, ვინც კოვიდს გადაიტანს, აღარ დაემართება.

- მაგრამ ხომ არის მსოფლიოში განმეორებითი კოვიდინფიცირების შემთხვევები? - ეს ერთეული შემთხვევებია! უმეტესობას არ დაემართება.