"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა იმ ავბედით 3 აგვისტოს, მაინც წავიდოდი მისიაში" - კვირის პალიტრა

"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა იმ ავბედით 3 აგვისტოს, მაინც წავიდოდი მისიაში"

"ყურები დამიგუბდა, აფეთქებამ ჰაერში ამისროლა და შემდგომ აღარაფერი მახსოვს. რომ გამოვფხიზლდი, უკვე გერმანიაში, ჰოსპიტალში ვიწექი"

ფარიკაობაში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მკლავჭიდში სამგზის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გინესის ორგზის რეკორდსმენი აზიდვებში - ეს თემურ დადიანის მიღწევების ჩამონათვალია. ყველა გამარჯვებას 29 წლის კაპრალმა 2011 წელს ნაღმზე აფეთქების შემდეგ მიაღწია. ავღანეთში თემური თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

- 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია, პატარა ბიჭი ვიყავი, სისხლი მიდუღდა და მსურდა მეც მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ყოველთვის მომწონდა სამხედრო ცხოვრება, მაგრამ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და კრწანისის საკონტრაქტო სამსახურში შევიტანე საბუთები. იქ მივხვდი, რომ ოჯახში ვიყავი, თავს კომფორტულად ვგრძნობდი. გავაფორმე კონტრაქტი და ჩვენი დანაყოფი "ჩარლის ასეული" 2011 წელს ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში გადაისროლეს. ბაზა ბოლომდე აშენებული არ იყო, თან ვიბრძოდით, თან ბაზას ვაშენებდით. ის მისია ჩემთვის გამოწვევა იყო, ჩვენი ქვეყანა იმ დროს რთულ ოპერაციებს ასრულებდა ავღანეთში.

ჩვენი დანაყოფი ერთ-ერთ სახლში წმენდას ატარებდა. მეთაურმა მიიღო ინფორმაცია სოფელში უცხო პირების ყოფნის შესახებ. სახლს გალავანი ჰქონდა. მე პერიმეტრს ვზვერავდი, ეზოში პირველი მეთაური უნდა შესულიყო, მაგრამ რაციაზე ბრძანება გადმოსცეს და ფეხი პირველმა მე შევდგი. შევედი თუ არა, რაღაცამ დაიწრიპინა და წამში სიჩუმემ და ნისლმა დაისადგურა. ყურები დამიგუბდა, აფეთქებამ ჰაერში ამისროლა და შემდგომ აღარაფერი მახსოვს. რომ გამოვფხიზლდი, უკვე გერმანიაში, ლანშტუნის ჰოსპიტალში ვიწექი. ჩემი მეცხრამეტე დაბადების დღე ჰოსპიტალში აღვნიშნე.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ ინვალიდის ეტლში ჩავმჯდარიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ძველებურად ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი, ვეღარ მივაღწევდი იმას, რისი მიღწევაც სამხედრო საქმეში მინდოდა. გერმანიაში თვე-ნახევრის განმავლობაში 26 ოპერაცია გამიკეთდა, ყველაზე ხანმოკლე რვა საათს გაგრძელდა.

ძალიან ძნელი ასატანი იყო ფანტომური ტკივილი, ღამით მეღვიძებოდა და ტერფები მექავებოდა, რომლებიც აღარ მქონდა.

ინტენსიური ვარჯიში ჰოსპიტალშივე დავიწყე. თავიდანვე ვცდილობდი მძიმე რეალობისთვის თვალის გასწორებას, რათა დეპრესია არ მომრეოდა. იმ დროს დაშავებულ ჯარისკაცებს ამერიკაში სარეაბილიტაციო კურსი უტარდებოდათ და 2012 წელს მეც გამგზავნეს. როდესაც დავინახე ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც ჩემსავით დაკარგული ჰქონდათ კიდურები, მაგრამ მაინც ვარჯიშობდნენ, მეც მომეცა სტიმული და ვიფიქრე, რატომაც არა, თუ მათ შეუძლიათ, მეც შევძლებ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასუსტებული ვიყავი, კვირაში ხუთ დღეს ვვარჯიშობდი. უკვე ექვსი თვის შემდეგ ველორბოლაში, ფარიკაობაში, ცურვასა და სერფინგში ვმონაწილეობდი. რეაბილიტაციას წელიწადი და ორი თვე დასჭირდა და ეს დრო ტყუილად არ გამომიყენებია, საქართველოში ფიზიკურად უფრო მომზადებული ჩამოვედი...

ის დღეს ცნობილი სპორტსმენია, თუმცა პროფესიით მაინც სამხედროა და ფორმას დღესაც ისეთივე სიხარულით იცვამს, როგორც ცხრა წლის წინ.

- საქართველოში ვარჯიში აზიდვებით დავიწყე და მალე ამპუტირებული აზიდვების შესრულებით (ტანვარჯიშის ერთ-ერთი ცნობილი ელემენტის, ფლენჩის სახესხვაობა) 2014 წელს მსოფლიო რეკორდი დავამყარე - 38.25 წამში 36 ამპუტირებული აზიდვა შევასრულე. სპორტსმენი ამ დროს მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენი ნაწილით კი დამხმარე საშუალებების გარეშე ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. 2015 წელს, მაშინ 23 წლის ვიყავი, რეკორდი გავაუმჯობესე და 38.25 წამში 37 აზიდვა შევასრულე. დღემდე ჩემი რეკორდი არავის მოუხსნია. მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, რაც იმაში მეხმარება, რომ ჩემს მეგობრებსა და სხვა ტრავმირებულ ადამიანებს დავანახო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ცხოვრება გრძელდება.

გადავწყვიტე პარაოლიმპიელების ზამთრის ოლიმპიადაზეც მეცადა ბედი. მქონდა წარმატება თხილამურებით სრიალში სამხრეთ კორეაში, ზამთრის პარაოლიმპიურ შეჯიბრებაზე, და კარგი შედეგიც ვაჩვენე. 2016 წელს ვიასპარეზე რუმინეთში გამართულ მკლავჭიდის შეჯიბრებაში, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვე. მოყვარულის დონეზე ცურვაშიც ვვარჯიშობდი. ასე რომ, ბევრი რამეა, რაშიც შეიძლება თავი გამოცადო, იბრძოლო და შენს თავს დაუმტკიცო, ყველაფერი შეგიძლია.

შეიძლება ითქვას, მე სპორტმა გადამარჩინა. მან ცხოვრების გასაგრძელებლად ძალა მომცა. იცოდეთ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ხორცი არ არის მთავარი, მერე რა, რომ კიდური გაკლია? მთავარი სულიერი სიმტკიცე და მონდომებაა. მიხარია, რომ ის ბიჭები, რომლებიც ომში დაშავდნენ, ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმაც ფეხი, უკან არ იხევენ. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ვცდილობთ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ოთხი ბორბლით სიარული სულაც არ ნიშნავს კატასტროფას. ამის დამტკიცება იმიტომ გვიწევს, რომ წინა თაობამ სოციუმს ვერ დაანახა, რომ ეტლით სიარული არ არის სირცხვილი! ჩემთვის მაგალითია ისეთი ადამიანი, ვისაც რაღაცის მისაღწევად უფრო მეტი გარჯა და წვალება უწევს, ვიდრე სხვას, და მეც ვცდილობ სხვებისთვის სამაგალითო ვიყო.

მე ვთვლი, რომ ვარ კარგი ქართველი, კარგი ოჯახის შვილი და კარგი მეუღლე. რომ არა ავბედითი 3 აგვისტო, თემურ დადიანი გააგრძელებდა სამხედრო ცხოვრებას. ყოველთვის ვოცნებობდი გენერლობაზე და, ალბათ, გავხდებოდი კიდეც. კიდურების დაკარგვამ მომცა სტიმული, რომ უფრო მეტი გავაკეთო და სიკვდილის შემდეგ კარგი სახელი დავტოვო.

ჩვენთვის ბევრი რამ კეთდება - პანდუსები, ტროტუარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ადაპტირებულია ეტლით მოსიარულეთათვის... იმედია, მეტი გაკეთდება, რათა ჩვენი ცხოვრება ბევრად გამარტივდეს.

რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა იმ ავბედით 3 აგვისტოს, მაინც წავიდოდი მისიაში, რადგან მან მომცა გამოცდილება, შემძინა ვაჟკაცობა და სიმტკიცე, რომლითაც ჩემს ქვეყანას გასაჭირში ყოველთვის დავეხმარები.

გეგმებს რაც შეეხება, მინდა დავეუფლო სპორტის სხვადასხვა სახეობას და თუ უფლის ნება იქნება, შვილები ვიყოლიო...

ზურა სოლომნიშვილი