"საქართველოს დანის პირზე სიარული უწევს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს დანის პირზე სიარული უწევს"

"როცა "ნაცები" და მისი განაყარი სატელიტები ამბობენ, რომ თუ მათთვის სასარგებლო პროცენტები არ დაიდება, ყველა ხერხს მიმართავენ და რევოლუციას აანონსებენ, ეს უბედურებაა"

"აქამდე ბევრ მაჟორიტარ დეპუტატს ტრიბუნასთან ერთი ფრაზა არ უთქვამს, ისინი არც სოფელს არგია, არც ქალაქს და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყვნენ მოსული წარმომადგენლობით ორგანოში. უნდა მოხდეს ყველა პარლამენტარის ლუსტრაცია - ვინ რითი შედის პარლამენტში და რითი გამოდის. და თუ დეპუტატს დაგროვილი ან წართმეულ-მითვისებული ქონება აღმოაჩნდა, რაღაც ფორმით უნდა ჩამოერთვას. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პარლამენტში შედიხარ არა იმისთვის, ქონება დააგროვო, არამედ შვება მისცე და გაუადვილო ცხოვრება მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგიცხადა და აგირჩია", - ამბობს პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული, რომელთან საუბარიც არჩევნებამდე პერიოდის საქართველოში განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ.

- ძალიან რთული პერიოდების გავლა უწევს საქართველოს - კორონავირუსისა და პოლიტიკური დაძაბულობის. საზოგადოებას ამ აჟიოტაჟის ფონზე უწევს ცხოვრება - ეკონომიკური სირთულეები, სამსახურის დაკარგვა, ლარის გაუფასურება... ეს ყველაფერი საზოგადოების დიდ ნაწილზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. არჩევნებამდე პერიოდი ძალიან დაძაბული იყო - პოლიტიკური სუბიექტების გააქტიურება, აგრესიული ფონი... ფაქტობრივად, პანდემიასა და ნაცვირუსთან ერთდროულად გვიწევს გამკლავება. ვფიქრობ, პოლიტიკური კატაკლიზმები არ იქნება, მაგრამ ნაცვირუსი ძალიან ცუდად მოქმედებს დღევანდელ გარემოზე, ყველანაირი ხერხით ცდილობენ თავიანთი ამბიციების გამოხატვა-დაკმაყოფილებას. როცა "ნაცები" და მისი განაყარი სატელიტები ამბობენ, რომ თუ მათთვის სასარგებლო პროცენტები არ დაიდება, ყველა ხერხს მიმართავენ და რევოლუციას აანონსებენ, ეს უბედურებაა.

- მალე ახალი პარლამენტი გვეყოლება. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში და რა მართებს ხელისუფლებას, რომ ამომრჩევლის ნდობა გაამართლოს? - ვფიქრობ, იქნება მრავალფეროვანი პარლამენტი, მაგრამ არ იქნება კოალიციური მთავრობა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანებით შეცდომა დაუშვეს, ფაქტობრივად, ხელი მოაწერეს "ნაცმოძრაობის" ყველა შეცდომასა და დანაშაულზე. ასპარეზზე დარჩა "ნაცმო", რომელმაც ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა, ამით თავისი გავლენა და პროცენტები გამოაჩინა.

დანარჩენ პატარა პარტიებს დამოუკიდებლად უფრო მეტი პროცენტის მიღება შეეძლოთ, ვიდრე "ნაციონალებთან" გაერთიანებით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს მესამე ძალის შექმნა, ყველა ამბიციამ დაღუპა. არის პარტიები, რომელთაც საერთო ხედვა აქვთ, მაგრამ მათ კონსოლიდაციასა და მესამე ძალის გაერთიანების შექმნას, ამჯობინეს თითო კაცითა და პარტიით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში. ოპოზიციური პარტიები დაწვრილმანდნენ, რამაც შექმნა იმის წინა პირობა, რომ "ნაცმო" თანდათან აღიდგენს თავს.

500 000 ამომრჩეველი ნიშნავს, რომ ის ამომრჩეველი "ნაცმოსთან" ერთად მის ჩადენილ ყველა საშინელებაზე - ტერიტორიების დაკარგვაზე, დანაშაულებზე, მკვლელობებსა და სხვა უბედურებებზე აწერს ხელს.

მომავალ პარლამენტს და რეგიონის მაჟორიტარებს ვუსურვებდი თავიანთი ამომრჩევლებისა და რეგიონებისთვის გაეკეთებინოთ ის, რასაც გვპირდებიან. წინა პარლამენტში მაჟორიტარების ფუნქციები ბევრ რაიონში არ იყო მისაღები, ამომრჩეველი არც იცნობდა თავის დეპუტატს. კარგი იქნება, კანონში ცვლილება შეიტანონ, რომლის მიხედვითაც, გაიწვევენ დეპუტატს, რომელიც თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. ბევრ მათგანს ტრიბუნასთან ერთი ფრაზა არა აქვს ნათქვამი, არც სოფელს არგია, არც ქალაქს, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვისაა პარლამენტში.

ასეთებს უნდა აეკრძალოთ საქმიანობა, უნდა მოხდეს ყველა პარლამენტარის ლუსტრაცია, ვინ რითი შევიდა პარლამენტში და რითი გამოდის. თუ დეპუტატს დაგროვილი ან წართმეულ-მითვისებული ქონება აღმოაჩნდა, რაღაც ფორმით უნდა ჩამოერთვას. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პარლამენტში შედიხარ არა იმისთვის, რომ ქონება დააგროვო, არამედ შვება მისცე და გაუადვილო ცხოვრება მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგიცხადა და აგირჩია.

- თითქოს პანდემიამ სოფელზე გული მოგვიბრუნა, მაგრამ კვლავ კატასტროფული მდგომარეობაა ხევსურეთში, სოფლები დაცლილია. თქვენს მშობლიურ მაწმაოში რა ხდება? - ხევსურეთში მარიამობაზე, ბიძაშვილებთან ერთად ვიყავი ჩასული. დასტური ვიყავი (ხევისბერის მოადგილე) და ჩემი სახელით მოადუღეს ლუდი. სამწუხაროდ, მაწმაოში ერთადერთი ოჯახია დარჩენილი, ძმების - ბადრი და თამაზ არაბულების. ადრე თუ სოფელი დახუნძლული იყო თივის ზვინებით, ძნებით, ახლა ის გავერანებულია, შამბითა და ჭინჭრით იყო გადავლილი, არც ერთი ნაკვეთი მოვლილი, არც ყანები მოთიბული. მაწმაო აღარ არსებობს, რადგან მოსახლეობას ხელისუფლებამ ვერ შეუქმნა ის პირობები, რაც მათ იქ დაამკვიდრებდა.

თითქოს შეიქმნა მთის დახმარების ფონდი, მაგრამ არც ერთი კაპიკი ხევსურეთში არ შესულა. მთიან რეგიონებს უნდა მისცენ გრძელვადიანი სესხები დაბალ პროცენტში. ახალგაზრდობას უნდა მიეცეს საშუალება, იქ დაბრუნდეს, სახლები ააშენოს და მეურნეობა დაიწყოს, თორემ მარტო მთის კანონი, პენსია თუ ხელფასზე 20-20 ლარის დამატება დიდი ვერაფერი შვებაა.

ევროპის ქვეყნებში მოსახლეობას გრძელვადიანი უპროცენტო სესხი ეძლევა, რითაც მათ უჩენენ ინტერესს, რომ მთას დაუბრუნდნენ. ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ შინამეურნეობა ააღორძინონ. თუ ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში, ფშავში, ხევსა თუ თუშეთში ასე არ გაკეთდა, მთას დავკარგავთ.

- თქვენი სტრიქონები - "და შველას გვთხოვს სამშობლო, ბნელ უფსკრულთან მისული", მიესადაგება თუ არა დღევანდელ ყოფას და რით უნდა ვუშველოთ სამშობლოს? - ეს სიმბოლური გამოთქმაა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა შენ აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგართვეს და არ იცი, როდის დაიბრუნებ, როცა ყოველი მხრიდან გიტევენ, გაჩაღებულია სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, საქართველოს დანის პირზე სიარული უწევს. ამ დროს ყველა ჩვენი ქმედება ასაწონ-დასაწონია, დიდი შეცდომა რომ არ დავუშვათ - ეთნიკური ნიშნით დასახლებული კუთხეები გვაქვს, რომლებიც გარე ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ, მათი გააქტიურება სახიფათო მომავალს გვიწინასწარმეტყველებს, ჭკუა თუ არ ვიხმარეთ და ყველა მიმართულებით არ ვიმუშავეთ. როცა თავზე გადგას რუსეთის იმპერია, მასთან საერთო ენა უნდა გამონახო, ყველას უნდა ელაპარაკო, ვინაიდან დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ამერიკა, ვერც ბრიუსელი და ვერც ჟენევა ვერ დაგიბრუნებს.

- არჩევნების წინა პერიოდში ბევრი შემზარავი ფაქტის მომსწრენი გავხდით... როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყანაზე... - აისახება ყველა ადამიანის გულზე, გონებასა და აზროვნებაზე. ბოლო პერიოდის მოვლენები, კრიმინოგენული ვითარების გამწვავება პოლიტიკური ბრძოლების ერთგვარ მეთოდად მიმაჩნია, რომელსაც ადრე "ნაციონალები" იყენებდნენ. იმავე მეთოდებს ვხედავ ახლაც და ბუნებრივად არ მეჩვენება მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ საზღვრისპირა ქალაქში ბანკის დაყაჩაღება. ბევრი ვერსია და ეჭვია. მეჩვენება, რომ ეს დადგმული იყო - დღისით, მზისით შეიარაღებული კაცი დემონსტრაციულად შედის სუს-ის შენობის წინ ბანკში, აჰყავს მძევლები... მერე გამოდის უგულავა, მე დავჯდები მძევლადო. შესაძლოა გათამაშებული იყო და, ალბათ, უგულავა გმირი გახდებოდა. მეორე ვარიანტია, იქ შესულიყო სპეცრაზმი მძარცველის გასანეიტრალებლად, მას კი აეფეთქებინა მძევლები და სისხლი დაღვრილიყო, რაც "ოცნებისთვის" სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა. კარგია, რომ მძევლები დაიხსნეს, მაგრამ მეორე მომენტია, როცა კაცმა ფული წაიღო, მდინარეში შევიდა და გაქრა. ეს არის საოცარი სპექტაკლი, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გათამაშდა. ამით კრიმინალებსაც მიეცათ ფორა, რომ თურმე შეიძლება შევიდეს ბანკში, მეტი მოითხოვოს და გაუჩინარდეს... ეს "ბნელი დადგმა" რამდენად იყო ბუნებრივი წინასაარჩევნოდ, თან ზუგდიდში, ესაა საეჭვო.

- არის თუ არა ქვეყნისთვის დიდი პრობლემა განათლების ნაკლებობა?

- სოციალური ქსელების გაჩენამ განათლების პრობლემაც დააყენა. ინტერნეტი წიგნს ვერ შეცვლის. დღეს განათლების ჩამოყალიბებული სტრატეგია და პრინციპები არ არსებობს. ახლა მთავარია, ბავშვმა იცოდეს ინგლისური, კომპიუტერი და ეს ნიშნავს განათლებას. მხოლოდ ღრმა და საფუძვლიანი განათლებით მიიღწევა დიდი სიმაღლეების დაპყრობა. საქართველოში წამყვანი უნდა იყოს განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ჩვენი კულტურით უნდა წარმოვაჩინოთ თავი. "ოცნების" სიის პირველი ოცეულის დასახელებას ვესწრებოდი და გული დამწყდა, როცა მათ შორის ერთი კულტურის სფეროს წარმომადგენელიც არ იყო, ამ დროს კი 2 სპორტსმენი დასახელდა. დიდ პატივს ვცემ სპორტსმენებს, თვითონაც მოჭიდავე ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სპორტსმენს მეტი საქმის გაკეთება შეუძლია პარლამენტში, ვიდრე მწერალს, მეცნიერს, კულტურის სფეროს წარმომადგენელს. ვფიქრობ, ამით ხელისუფლებამ წარმოაჩინა თავისი დამოკიდებულება კულტურის მიმართ, რაც "ოცნების" დიდ შეცდომად მიმაჩნია.

- ჟამიანობას მოჰყვება თუ არა ჟამი სინათლისა, რას გვიქადის მომავალი? - ყველა ჟამიანობა ჩაივლის. ბევრჯერ გვქონია საქართველოში ჟამიანობა - შავი ჭირი ხევსურეთში, პოლიტიკური ჟამიანობაც... კორონაჟამიანობასა და ნაცვირუსის ჟამიანობასაც გავივლით. ღმერთმა ქნას, მშვიდ, ბედნიერ და წელგამართულ საქართველოში გვეცხოვროს. ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი უნდა იყოს და იქნება კიდეც.