"უხანში მაისის შემდეგ "კოვიდ-19"-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - კვირის პალიტრა

"უხანში მაისის შემდეგ "კოვიდ-19"-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა"

"თავდაპირველად, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ Sputnik V "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში ეფექტურია, თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რისკები არ არსებობს. ამ მედიკამენტის ან თუნდაც ისევ რუსული "ტრიაზავირინის", რომელიც თურმე ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და ასუსტებს ვირუსს, კვლევა არ დასრულებულა და შესაბამისად, არც დადებითი დასკვნების გაკეთებას ვემხრობი. მით უფრო, რომ ავტორიტეტული სამედიცინო ექსპერტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ეს სერიოზულ რისკებს შეიცავს..."

ჩინეთში, საიდანაც "კოვიდ-19" მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ოქტომბრის მიწურულს დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ირწმუნებიან, რომ ყველა მათგანი იმპორტირებულია.

ცნობისთვის: ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღრიცხავს. ქვეყანაში უკვე იზეიმეს ვირუსის დამარცხება და ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის პეკინის დიდ სახალხო დარბაზში რამდენიმე კაცი დააჯილდოვეს. მათი ძალისხმევით ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდა პანდემიას. "კვირის პალიტრა" ჩინეთში მცხოვრებ არაბ ექიმს, ამალ ალ-ბადანს დაუკავშირდა. ის ქვეყნის ყველაზე ცხელ წერტილში, უხანის პროვინციაში მუშაობს.

- ჩინეთს კარგი სამედიცინო რესურსი ჰქონდა, თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან პირველ დღეებში ხალხს არ სჯეროდა მისი არსებობის და უსაფრთხოების ზომებს არ იცავდა. შემდეგ სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა და ახლა იმპორტული შემთხვევების გარდა, ვირუსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ უხანში გამართულ დიდ "აუზის წვეულებას", რომელიც დისტანცირების წესების გარეშე გაიმართა, ექიმების გულისწყრომა მოჰყვა, რადგან არავინ იცის, როგორ შეიძლება ვირუსი გავრცელდეს, დაინფიცირებულ ნივთზე შეხებით თუ სხვა ფორმით, მით უფრო, რომ ვირუსი ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. საბედნიეროდ, იმ წვეულებაზე და საერთოდ, უხანშიც მაისის შემდეგ "კოვიდ-19"-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- როგორ ჩააქრო ჩინეთმა ვირუსის გავრცელების კერები? - ჩვენ მხოლოდ კრიზისული ეტაპი გადავლახეთ. ვირუსის გავრცელების კერები ჩამქრალია და ამას გზების ჩაკეტვით მივაღწიეთ. მიკვირს ევროპის ქვეყნებისა და იქაური მედიკოსების, რომლებიც ირწმუნებიან, ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, მთავარია, ვაქცინა გამოიგონონო. სწორედაც ვაქცინის გამოგონებამდეა ჩაკეტვა ერთადერთი გამოსავალი. სავალდებულოა ცხოვრების დისტანციურ წესზე გადასვლა მკაცრი რეგულაციებით, თუნდაც ლოკალური ჩაკეტვა, ქალაქის, უბნის, დასახლების, როგორც საჭირო იქნება. სხვა შემთხვევაში, კრიზისი გახანგრძლივდება.

უხანი, საერთოდ, მთელი ხუბეის პროვინცია, 23 იანვრიდან 8 აპრილამდე ჩაკეტილი იყო. 77 დღის განმავლობაში ხალხს გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მაისში ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. პროვინციების ხელმძღვანელობამ ტესტი ჩაუტარა 11 მილიონ კაცს და ეს დღემდე გრძელდება.

წარმოიდგინეთ, უდიდესი მსხვერპლის, ადამიანური დანაკარგისა და ეკონომიკური ზარალის მიუხედავად, ჩინეთშიც არიან ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ვირუსის არსებობის. მათ შორის ზოგს მოხდილიც აქვს, თანაც მძიმე ფორმით, მაგრამ მაინც არ სჯერათ. ერთ პაციენტს თავზე ჟანგბადისბალონიანი ექიმები ადგნენ, ის კი მაინც ჯიუტად გაიძახოდა, რესპირატორული ვირუსი გამირთულდაო. ასეთი ჯიუტებისთვის ლოქდაუნი ერთადერთი გამოსავალია...

საჭიროა პროფილაქტიკური კვლევებიც, დატოვა თუ არა რამე "კოვიდ-19"-მა ორგანიზმში, ხომ არ დააზიანა ან ხომ არ შეცვალა რომელიმე ორგანოს ფუნქციონირება. გვაქვს ასეთი შემთხვევებიც, თუმცა მეცნიერულად ჯერ შესწავლილი არ არის. "კოვიდ-19" ყოველდღიურად არასასიამოვნოდ გვაოცებს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩინეთს. ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი სიმპტომითა და თავისებურებით მიმდინარეობს.

სავსებით შესაძლებელია ეპიდემია დაბრუნდეს, მით უფრო, რომ შემოდგომა და ზამთარი წინ არის, ეს კი რესპირატორული სეზონის საფრთხეებს შეგვახსენებს. ამიტომ ჩინელი ექიმები წუთითაც არ მოდუნებულან. ბოლო რამდენიმე დღეში 8 მილიონზე მეტმა კაცმა გაიკეთა პისიარ-ტესტი. აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ სიანტაოში 4 მილიონზე მეტს უარყოფითი პასუხი აქვს, ჯერჯერობით 12 პასუხია დადებითი, პროვინციის მეორე ქალაქში 9 მილიონ კაცს ჩაუტარდა ტესტირება, სადაც 14 კოვიდდადებითი გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ საფრთხე ისევ არსებობს.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვერ დაუბრუნდება.

- რას ფიქრობთ რუსეთში გამოგონებულ ვაქცინაზე? - თავდაპირველად, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ Sputnik V "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში ეფექტურია, თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რისკები არ არსებობს. ამ მედიკამენტის ან თუნდაც ისევ რუსული "ტრიაზავირინის", რომელიც თურმე ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და ასუსტებს ვირუსს, კვლევა არ დასრულებულა და შესაბამისად, არც დადებითი დასკვნების გაკეთებას ვემხრობი. მით უფრო, რომ ავტორიტეტული სამედიცინო ექსპერტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ეს სერიოზულ რისკებს შეიცავს.

საერთოდ, ახალი დაავადების სამკურნალო ვაქცინამ რამდენიმეწლიანი კვლევა უნდა გაიაროს, რამდენიმე კლინიკური ეტაპი უნდა გადალახოს და იმ ადამიანების ჯანმრთელობა სრულყოფილად შეფასდეს, ვისაც ვაქცინა გაუკეთეს.

როცა მეკითხებიან, როდის უნდა ველოდოთ დამოუკიდებელი კომპანიების შემუშავებულ ვაქცინას, ვპასუხობ: 2021 წლის დასაწყისში, როცა მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის მეორე ტალღა იქნება.

- როგორ შეიძლება ვირუსის თავიდან აცილება? არსებობს ამის შანსი?

- ყველა საშუალებით მოერიდეთ დაინფიცირებულ პირებს, მუდმივად გეკეთოთ პირბადე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შინ ან ახლო გარემოცვაში გყავთ უსიმპტომო პაციენტი. სვით თბილი სითხეები, ჭამეთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტები; აუცილებელია მზის სხივები, ფიზიკური აქტივობა; ეცადეთ, გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი; დაიცავით სისუფთავე, ნივთები სველი წესით დაამუშავეთ. არავის ვურჩევ რამდენიმეეტაპიანი კლასიკური სამედიცინო გამოკვლევის გარეშე მოკლე დროში შემუშავებული ვაქცინის გაკეთებას. ჩინეთში სამხედროებისთვის დაამტკიცეს CanSino Biologics-ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ადენოვირუს ტიპ-5-ზეა (Ad5) დაფუძნებული. ეს კომპანია უკვე მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის შეტანაზე, თუმცა მისი აქტიური ტესტირების ეტაპი ჯერ დამთავრებული არ არის. შესაძლოა არც იყოს საშიში, თუმცა მოკლე დროში შემუშავებული პრეპარატები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს. ეს ჩემი მოსაზრებაა.