"სკანდალური განცხადებაა, მაგრამ ცდას წინ რა უდგას?!" - კორონავირუსის დამარცხების რა საშუალებაზე საუბრობს ექიმი? - კვირის პალიტრა

"სკანდალური განცხადებაა, მაგრამ ცდას წინ რა უდგას?!" - კორონავირუსის დამარცხების რა საშუალებაზე საუბრობს ექიმი?

"ვფიქრობ, ნიანგის სისხლის ანალოგის შექმნით კორონას დამარცხებაც შესაძლებელია!"

როგორ ებრძოდნენ საქართველოში ეპიდემიურ და სხვა დაავადებებს და რა საშუალებები არსებობს "კოვიდთან" გასამკლავებლად? - ამ საინტერესო თემებზე "კვირის პალიტრას" ექიმი-ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი ესაუბრა.

- ვფიქრობ, "კოვიდი" და "ისპანკა" ერთმანეთს ჰგავს, თუმცა "კოვიდი" ნაკლებად სახიფათოა. ამას სიკვდილიანობის სტატისტიკაც მოწმობს. "ისპანკის" დროს გარდაცვალების შემთხვევებს 100 000 კაცთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, 30%-ს აღწევს, მაშინ როცა "კოვიდისა" 5-დან 10%-მდე მერყეობს. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად (მეტწილად) ფილტვის დაზიანება გვევლინება გართულებული პნევმონიის გამო, რაც სუნთქვის უკმარისობას იწვევს. ესპანური გრიპის შემთხვევაში ეს პროცესი ელვისებურად მიმდინარეობდა, ვირუსის შტამი ფილტვის ანთებითი ქსოვილის სწრაფ დაშლას იწვევდა, რაც აზიანებდა სისხლძარღვებს, იწყებოდა ფილტვებიდან სისხლდენა და პაციენტი საკუთარ სისხლში იხრჩობოდა.

- გაცილებით ვერაგი ყოფილა "ისპანკა". - კი, შედარებაც არ შეიძლება. სხვათა შორის, ნიკო ფიროსმანიც "ისპანკამ" იმსხვერპლა. ვფიქრობ, მისი საფლავი დღემდე რომ არ ვიცით, იმით არის განპირობებული, რომ მოშორებით დაკრძალეს, მის პროცესიას ორიოდე კაცი ესწრებოდა.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, "ისპანკა" საქართველოში ლეტალობით ნაკლებად ხასიათდებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ მალარიასთან ბრძოლაში ქართველებმა მდგრადი იმუნიტეტი გამოიმუშავეს. "ისპანკამდეც" და შემდეგაც საქართველოში ჰომეოპათიური წამლებით მკურნალობას ცნობილი ადამიანები მისდევდნენ. ხელთ ჩამივარდა 1913 წელს გამოცემული უნიკალური წიგნი, რომლის ავტორია ქაშუეთის ეკლესიის მაშინდელი მოძღვარი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი. წიგნის სახელწოდებაა "ახალი უვნებელი, უოპერაციო, უებარი მკურნალობა - ელექტროჰომეოპათია". თურმე ჩვენი სასიქადულო ქართველებიც ჰომეოპათიური წამლებით მკურნალობდნენ და ხშირად სხვებსაც წამლობდნენ. მაგალითად, დიმიტრი ყიფიანს ყველა ვიცნობთ როგორც პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, თუმცა ნაკლებად ვიცით, რომ ის ჰომეოპათიას სწავლობდა და მისდევდა. დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ყიფიანის ვაჟს, კოტეს თავად მიუტანია ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილისთვის მამის დღიური, სადაც 270 პაციენტის ისეთი დაავადებებისგან განკურნების შედეგები იყო აღწერილი, როგორიცაა სახადი, მალარია, დამბლა და ა.შ.

მკურნალობის ჰომეოპათიურ მეთოდს იყენებდნენ ვაჟა-ფშაველაც და იაკობ გოგებაშვილიც, რომელსაც ახალგაზრდობაში ტუბერკულოზი ჰქონდა გადატანილი. მას თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიც ჰქონია და ჰომეოპათიით უმკლავდებოდა. დავით სარაჯიშვილი სწორი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა, მაგრამ მისთვის ამ საშუალებებს გაუხანგრძლივებია სიცოცხლე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგი იქნება, თუ კლასიკური მედიცინის მიმდევრები პაციენტებს ჰომეოპათიური წამლების მიღებასაც ურჩევენ. რატომ არ უნდა იყოს თუნდაც "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში ჰომეოპათიის მიღწევები გამოყენებული? ჰომეოპათია ქმნის ანალოგებს, რისთვისაც გამოიყენება, მაგალითად, მცენარე აკონიტი, რომელიც ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. ის ბლოკავს ორგანიზმში შეღწეული ბაქტერიის გამრავლებას... კიდევ ბევრი ანალოგი არსებობს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

სულ გვესმის, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებაო. თუ ასეა, დავაკვირდეთ იმ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც უძველესი დროიდან არსებობენ და მათ არ ეკარებათ არაფერი. ერთ-ერთი ასეთია ნიანგი, რომლის სისხლის სტრუქტურაც უნიკალურია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვმუშაობდი გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში, სადაც პრეპარატი "კატრექსი" შეიქმნა. მაშინ უკრაინის სპეცლაბორატორიაში მიმავლინეს და იქ ერთ საინტერესო ცდას დავესწარი. პეტრის ფინჯანში მოათავსეს ცხოველის ღვიძლი C ჰეპატიტის, სარკომის, კარცინომის, მელანომის (და ა.შ) ვირუსული უჯრედებით და რამდენიმე წვეთი ნიანგის სისხლი დააწვეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ ყველა მავნე მიკრობი და ვირუსი განადგურდა ისე, რომ ღვიძლი არ დაზიანებულა. ეს ცდა მაშინაც გამახსენდა, როცა აფრიკაში "ებოლა" მძვინვარებდა, რეგიონში, სადაც უამრავი ნიანგია და მათ დაავადება არ ემართებათ. დაახლოებით მივხვდი, რა არის მიზეზი, რის გამოც ნიანგს ვირუსი არ ეკარება. სავარაუდოდ, ის, რომ მის სისხლს ერევა კუჭის წვენი, რომელიც მჟავიანობით გამოირჩევა და ანადგურებს ბაქტერიებს. ვფიქრობ, ნიანგის სისხლის ანალოგის შექმნით კორონას დამარცხებაც შესაძლებელია! შესაძლოა ვინმემ ეს სკანდალურ განცხადებად ჩათვალოს, მაგრამ ცდას წინ რა უდგას?!